"ჩემი თავი ინგლისურად საუბრობს, გული რუსულად, ხოლო ყური ფრანგულად" - კვირის პალიტრა

"ჩემი თავი ინგლისურად საუბრობს, გული რუსულად, ხოლო ყური ფრანგულად"

ამერიკელი რუსის რუსული რომანი

"მე ამერიკელი მწერალი ვარ, რომელიც რუსეთში დაიბადა, განათლება ინგლისში მიიღო, სადაც ფრანგულ ლიტერატურას სწავლობდა მანამ, სანამ თხუთმეტი წლით გერმანიაში გადასახლდებოდა", -– ეს ნაბოკოვის იმ „მარადიული კითხვის“ პასუხია, რომელიც, ალბათ, ყოველთვის დაისმება: სადაური მწერალია ვლადიმირ ნაბოკოვი?

ეს კამათი არასდროს დასრულდება, მით უმეტეს, რომ რუსებს არასოდეს უყვარდათ ადვილად დათმობა, თუკი რამეს "ამოიჩემებდნენ". მაგრამ, ვფიქრობ, ამ კამათიდან მარტივი გამოსავალი არსებობს, იმდენად მარტივი, რომ არა მგონია, პირველი ვიყო, ვინც ეს პრობლემა გადაჭრა: გააჩნია, ნაბოკოვის რომელი ნაწარმოების ავტორზე ვმსჯელობთ, მისი სადაურობა ამის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ. მაგალითად, თუკი "ლოლიტაზეა"“საუბარი, მისი ავტორი უდავოდ ამერიკელი მწერალია, მაგრამ როდესაც „"ლუჟინის დაცვას" ვკითხულობთ, ნაბოკოვის რუსობას ვერაფრით უარვყოფთ. თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ "ლოლიტა" ინგლისურად დაწერა, ხოლო "ლუჟინის დაცვა" რუსულად (ჩემი პრინციპით, ინგლისურენოვანი „"მკრთალი ალი" მის ყველაზე რუსულ რომანად მიმაჩნია).

მწერლის ოჯახის თავგადასავალი სტანდარტული“ ამბავია რუს დიდგვაროვანთა ოჯახებისა, რომლებმაც 1917 წლის ბოლშევიკურ გადატრიალებას ევროპაში გაასწრეს ქონების ნარჩენებით, თუმცა, ეს ვერ იქნება ნაბოკოვის მრავალენოვნებისა და მრავალეროვნების ერთადერთი ახსნა. მთავარი მიზეზი, ალბათ, ბავშვობაში, რუსეთშივე მიღებულ განათლებასა და ოჯახურ ტრადიციაში უნდა ვეძებოთ: ბავშვობიდან ერთნაირად ფლობდა რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. თვითონ ასე "ინაწილებს" ამ სამ "მშობლიურ" ენას: "ჩემი თავი ინგლისურად საუბრობს, ჩემი გული - რუსულად, ხოლო ჩემი ყური - ფრანგულად". მაშ ასე, შევთანხმდით: თქვენ ხელში რუსი მწერლის ნაწარმოები გიჭირავთ და მერწმუნეთ, მართლაც ლიტერატურული შედევრის გაცნობა გელით. დიდ უსამართლობად მიმაჩნია (და მარტო მე არა), რომ ვლადიმირ ნაბოკოვი მხოლოდ 1955 წელს გამოქვეყნებული "ლოლიტათი" გახდა დასავლეთში ზეპოპულარული. არადა, მასზე გაცილებით მაღალი დონის (მაპატიონ ეს თამამი აზრი "ლოლიტას" თაყვანისმცემლებმა) "ლუჟინის დაცვა" მეოთხედი საუკუნით ადრე იყო გამოქვეყნებული. აქაც ორიგინალის ენამ ითამაშა გარკვეული როლი.

ვლადიმირ ნაბოკოვი 1899 წელს დაიბადა პეტერბურგში. მამამისი ცნობილი იურისტი და პოლიტიკოსი იყო, რუსეთის კადეტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დედა - საარაკოდ მდიდარი ოქროს მომპოვებლის შვილი. ცხადია, განათლება ოჯახის სიმდიდრის შესაფერისი მიიღო. 16 წლისამ ბიძისაგან (დედის ძმისაგან) მემკვიდრეობად დიდი მამული და სასახლე მიიღო როჟდესტვენოში, პეტერბურგის ახლოს და მილიონი მანეთი, მაგრამ რამდენიმე თვეში რუსეთში "ძალიან მშივრები" აუჯანყდნენ "ძალიან მაძღრებს" და ნაბოკოვები არეულობას ყირიმში დაემალნენ. 1919 წელს კი, როდესაც ბოლშევიკებმა ყირიმიც დაიპყრეს, ოჯახმა სამუდამოდ დატოვა რუსეთი. ყირიმში ცხოვრების ორი წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ვლადიმირ ნაბოკოვისთვის - სწორედ იქ ეწვია მას პირველი ლიტერატურული წარმატება და, ალბათ, მაშინ გადაწყვიტა მწერლობა. ოჯახს გადარჩენილი საგვარეულო ძვირფასეულობის გაყიდვით აღებული ფული ბერლინში საცხოვრებლადაც ეყოთ და ნიჭიერი ჭაბუკის კემბრიჯში სასწავლებლადაც. კემბრიჯი და ენტომოლოგობა "მეორად" საქმედ ექცა ნაბოკოვს, თუმცა, "პეპლების ჭერა" სამუდამო გატაცებად დარჩა. 1922 წელს ინგლისიდან ბერლინში დაბრუნდა, რადგან ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს - მწერლის მამა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა ემიგრანტთა ერთ-ერთ შეკრებაზე მოკლეს. ამას ფინანსური პრობლემებიც დაერთო და ვლადიმირ ნაბოკოვი იძულებული გახდა, ინგლისურის კერძო გაკვეთილებით ერჩინა თავი. უეცრად თავს დამტყდარი სიღარიბე და მუდმივი სამსახურის უქონლობა გახდა იმის მიზეზიც, რომ საცოლის ოჯახმა ქორწინება ჩაშალა. ამ სირთულეების მიუხედავად, ნაბოკოვმა აღარ გადაუხვია დასახულ მიზანს: ის მეტ-ნაკლები წარმატებით მუდმივად აქვეყნებდა მოთხრობებს ბერლინის რუსულენოვან პერიოდიკაში, რომელიც მაშინ უხვად გამოდიოდა. 1925 წელს ახალი სიყვარული ეწვია, პეტერბურგელი ებრაელის ქალიშვილზე დაქორწინდა, ხოლო 1926 წელს კი პირველი ნამდვილი მწერლური წარმატება ხვდა - მისმა რომანმა "მაშენკამ" ევროპის რუსულენოვანი მკითხველის საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. აღიარებამ სტიმული მისცა და 1937 წლამდე კიდევ რვა რომანი გამოაქვეყნა რუსულ ენაზე.

30-იანი წლების ბოლოს გერმანიაში დარჩენა უკვე სახიფათო იყო, მით უმეტეს, ებრაელი ცოლით, და ნაბოკოვებმა საფრანგეთში გადასახლება გადაწყვიტეს. სამ წელიწადში იქაც მიაკითხათ "მიხაკისფერმა ჭირმა" და მდიდარი ებრაელების მიერ ნაქირავები გემით ოკეანის გაღმა გაექცნენ სასიკვდილო საფრთხეს. ამერიკაში კი სულ სხვა ცხოვრება ელოდა - იქ დაიწყო "ნამდვილი ნაბოკოვი". მის პირველ რომანებს კომერციული წარმატება არ მოჰყოლია და ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტში რუსული ლიტერატურის შესახებ ლექციების კითხვით იღებდა შემოსავალს. "ფულიანი წარმატება" გვიან, 1955 წელს მოვიდა, "ლოლიტასთან" ერთად და ამის შემდეგ "გაახსენდათ", რომ ნაბოკოვს სხვა რომანებიც დაუწერია...

ისევ მის ამერიკელობაზე უნდა ვთქვა: ალბათ, იქ მაინც ვერ იყო, როგორც საკუთარ სახლში, რადგან ფული იშოვა თუ არა, ისევ ევროპაში გადმოვიდა საცხოვრებლად, ამჯერად შვეიცარიაში, მონტრეში. სამუდამოდ იქირავა ნომერი სასტუმროში, თითქმის ოცი წელი იქ ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა.

"ლუჟინის დაცვაზე" არაფერი გვითქვამს ფორმატის სიმცირის გამო. მხოლოდ ერთს აღვნიშნავთ: ნაბოკოვი პროფესიონალის დონეზე თამაშობდა ჭადრაკს, მრავალი ეტიუდისა და საჭადრაკო ამოცანის ავტორიც არის და როდესაც უჭირდა, ჭადრაკის გაკვეთილებითაც შოულობდა ფულს. მოჭადრაკეებსაც კარგად იცნობდა და რომანის ამბავსაც და მთავარ პერსონაჟსაც რამდენიმე პროტოტიპი ჰყავს: თვით ავტორი (ლუჟინის ბავშვობა, გიმნაზია, ემიგრაცია), მისი მეგობარი, გერმანელი დიდოსტატი კურტ ფონ ბარდელებენი, რომელმაც თავი მოიკლა, და მე-4 მსოფლიო ჩემპიონი ალიოხინი, რომლის ცნობილი პარტია იტალიელ მოჭადრაკესთან ზუსტად აქვს აღწერილი რომანში ნაბოკოვს და ლუჟინის მეტოქედაც იტალიელი ტურატი ჰყავს დახატული.

დღეს რუსები ძალიან ამაყობენ ნაბოკოვით, მისი სახლ-მუზეუმები გაიხსნა, წიგნებს გამოსცემენ და უნივერსიტეტებში სწავლობენ მის შემოქმედებას, თუმცა, ყოველთვის უხერხულად“ იქნებიან, როდესაც ნაბოკოვის ფრაზებს წაიკითხავენ ხოლმე მისი უარმყოფელი სამშობლოს შესახებ, მაგალითად, ისეთს, როგორსაც "ლუჟინის დაცვაში" ამოიკითხავთ ევროპაში სტუმრად ჩასული „საბჭოთა ქალის“შესახებ: "მას ულმობლად სულელური თვალები ჰქონდა!"

ამ "ულმობელმა სისულელემ" გადაკარგა ბევრი დიდი რუსი ცხრა მთას იქით...