"ღვარცოფმა ლარსიჰესი, ფაქტობრივად, დამარხა"
25-08-2014
"ღვარცოფმა ლარსიჰესი, ფაქტობრივად, დამარხა"
ხეობა დევდარაკის სასაფლაოდ იქცა

სამი თვის განმავლობაში ორი მომაკვდინებელი ღვარცოფი - ასეთია დარიალის ხეობაში მყინვარ დევდარაკის დნობის შედეგი, რასაც დიდი ეკონომიკური ზარალი და მსხვერპლი მოჰყვა.

მიმდინარე წელს მყინვარი პირველად 17 მაისს ჩამოიშალა, მოწყვეტილი მასის ნაწილი თერგის ხეობაში ჩამოვიდა, ნაწილი კალთებზე ჩამოწვა და მყინვარიდან გამომავალი მდინარე ამალის კალაპოტში გაჩერდა. გეოლოგები ვარაუდობდნენ, რომ ნაშალი მასა ერთ დღეს ისევ დაიძვრებოდა. 20 აგვისტოს ხეობაში მოსული ჭარბი ნალექის შედეგად მდინარის კალაპოტში შეჩერებული მასა გათხიერდა და
კვლავ თერგის ხეობისკენ ქნა პირი.  კვლავ დაიღუპნენ ადამიანები. ერთ-ერთი მათგანის, თურქეთის მოქალაქის ცხედარი რუსეთის ტერიტორიაზე გამორიყა მდინარემ. ღვარცოფის მოვარდნისას გვირაბში ორნი იმყოფებოდნენ. მეორე, საქართველოს მოქალაქე, კვლავ დაკარგულია. სპეციალისტების ვარაუდით, მსხვერპლი უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა ხეობაში დამონტაჟებული განგაშის მაუწყებელი ხელსაწყო. ბიძგების დაწყებისთანავე სენსორული დანადგარი სიგნალს
იძლევა, რაც ხეობაში მყოფთ სახიფათო ზონიდან გასვლის საშუალებას აძლევს.

განადგურებულია საავტომობილო გზის დიდი მონაკვეთი, დატბორილია საბაჟო-გამშვები პუნქტი, მწყობრიდან გამოსულია ყველა ელექტროდანადგარი და გზის გასწვრივ ინფრასტრუქტურული ნაგებობები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, ვაჟა ფანჩულიძის განმარტებით, ამჯერად ხეობაში 500 000 კუბური მეტრი მასა ჩამოვიდა, გადაკეტა თერგის ბუნებრივი კალაპოტი და მიმართულებაშეცვლილმა ღვარცოფმა გაანადგურა საავტომობილო გზის დაახლოებით ორკილომეტრიანი მონაკვეთი, მათ შორის, 17 მაისის შემდეგ გაკეთებული გზა. 

მცხეთა-მთიანეთის მხარის ვიცე-გუბერნატორი კობა არაბული: - არ არსებობს გარანტია, რომ დევდარაკი ხვალაც არ შეგვახსენებს თავს. ზემოთ კიდევ არის დარჩენილი მასა, რომელიც ინტენსიური ნალექების პერიოდში ალბათ, მძიმედ შეგვახსენებს თავს. ამას ემატება ისიც, რომ მყინვარის გული გახსნილია და რღვევაა დაწყებული. ეს მასა რომ ჩამოიცლება, შესაძლოა, სხვაც ჩამოწვეს. მყინვარი კვდება. ბუნება მარტივად ვერ იშუშებს ასეთ იარებს, ამიტომ თერგის ხეობა დევდარაკის სასაფლაოდ იქცა. ამ ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობაც სარისკოა. იმაში, რაც აქ ხდება, ჰესს ბრალი არ მიუძღვის, მაგრამ თვითონ ხომ მუდმივად საფრთხის წინაშე დგას? მსგავს ღვარცოფს ვერაფერი შეაჩერებს. მაისში ნაშალი მასა მძიმე იყო და გავაკებულზე თავი მალე დაიჭირა, ამჯერად კი თხიერმა დაუბრკოლებლად და დაუნდობლად განაგრძო სვლა. ეს ტერიტორია ძალზე სახიფათოა! კიდევ კარგი, სასიგნალო საშუალებამ გაამართლა, თორემ უფრო მძიმე შედეგი გვექნებოდა.

დევდარაკი კვდომაშეპარული მყინვარია, რომელიც ისევე, როგორც ყველა სხვა მყინვარი დედამიწაზე, გლობალური დათბობის გამო უმძიმეს მდგომარეობაშია. როდესაც ტელეეკრანზე ვხედავთ აისბერგების დაშლას, დნობას ანტარქტიდაზე, ვერ ვგრძნობთ მოსალოდნელ საფრთხეს, რადგან პროცესი უშუალოდ არ გვეხება. დევდარაკიც ჩუმად მოკვდებოდა, შორეულ მთათა მასივებში რომ იყოს და იქ იხერგებოდეს ჩამონაშალი. ჩვენი თვალით ვხედავთ, როგორ ანადგურებს მისი სიკვდილი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ავტომაგისტრალს.  
მერაბ გაფრინდაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - არის ღვარცოფული ხევები, სადაც გათვლების შედეგად, ფაქტობრივად, 100%-იანი გარანტიით შეგვიძლია საფრთხის აცილება, მაგრამ არის ხეობები, მათ შორის დევდარაკი, სადაც უსაფრთხოების გარანტია ვერ იარსებებს. ამის საშუალებას არ იძლევა გეოლოგიური გარემო, სეისმური ბიძგები, უხვი ნალექები... ამიტომაც ვერ შევძლებთ სტიქიის აცილებას, მაგრამ ადრეული შეტყობინების სისტემით შევამცირებთ რისკს. ქვეყნის ყველა მსხვილ მეწყრულ სხეულზე დამონტაჟდება ეს ძვირად ღირებული სენსორები. არათუ საქართველოში, პოსტსაბჭოთა და ევროპის ბევრ ქვეყანაშიც კი არ აქვთ ასეთი საშუალებები, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რამდენად შევამცირებთ ზარალს წინასწარი სიგნალის შედეგად, დანადგარის სიძვირეზე ლაპარაკიც არ ღირს.

- როგორ ფიქრობთ, ლარსიჰესის ამ ადგილზე არსებობა გამართლებულია?
- მგონი, მისმა მფლობელებმაც იცოდნენ, რომ ლარსიჰესი ძალიან ცუდ ადგილზე იყო აგებული...
არ შეიძლება უსისტემოდ, დეტალური პროექტების გარეშე ვაშენოთ რაღაცები და ზიანი მივაყენოთ ინფრასტრუქტურას და უმთავრესს - ადამიანის სიცოცხლეს.

"უჭკუოდ მოფიქრებულს ცუდი შედეგები მოაქვს"


გეოლოგი იაგო კაზალიკაშვილი აცხადებდა, რომ დარიალის ხეობაში არა მხოლოდ ლარსიჰესი, ასევე 13 მდინარეზე დაგეგმილი ჰესი არ უნდა აშენდეს. 20 აგვისტოს ღვარცოფმა ლარსიჰესი, ფაქტობრივად, დამარხა. "ჰესის გაწმენდას ათჯერ მეტი ფული დასჭირდება, ვიდრე ობიექტი გამოიმუშავებს. უაზრობაა ამ ტერიტორიაზე ჰესის ფუნქციონირება. აქ ყოველთვის იქნება მსგავსი მოვლენები. რაიონში 13 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, თან ასეთ ღვარცოფულ მდინარეებზე. შეხედავ, პატარა ნაკადულია, მაგრამ უცბად ისეთი ხდება, მიაქვს ყველაფერი. ეს არის ფულის წყალში გადაყრა. უჭკუოდ მოფიქრებულს ცუდი შედეგები მოაქვს".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით