ჭაობი, რომელიც ნელ-ნელა გითრევს
01-09-2014
ჭაობი, რომელიც  ნელ-ნელა გითრევს
"კლიენტი ფულით კი არა, ფიშკებით თამაშობს, რომელსაც  ფულად ვერც აღიქვამს"

"არ არსებობს, რომ რაიმე კანონზომიერებას ექვემდებარებოდეს ბანქოს მოსვლა ან "რულეტკის" ციფრის გამოცნობა"

როგორც ერთ-ერთი კაზინოს დილერმა მითხრა, ბევრი ადამიანისთვის კაზინოში სიარული სამსახურივითაა - ყოველდღე მიდის და თამაშობს.
საინტერესოა, რას განიცდის ადამიანი, რომელიც აგებს ან იგებს. დარწმუნებული ვარ, "პატარა" და "დიდ" ფულზე მოთამაშე ადამიანებს სხვადასხვანაირი განცდა აქვთ, მაგრამ ფულის ოდენობაც პირობითი ცნებაა. ზოგისთვის 10 ლარია დიდი ფული, ზოგისთვის კი 10 ათასიც
არაფერია. ჩემი სათამაშოდ განსაზღვრული თანხა 100 დოლარი გახლდათ. ქალაქსა და კაზინოს სახელს არ ვამხელ.


დარბაზში შესვლისთანავე იქაურობას თვალი მოვავლე. საკმაოდ გრილოდა, მაგრამ მოთამაშეებს რომ გადავხედე, უმეტესობას შუბლზე ოფლი ჰქონდა მომსკდარი. თუ არ ჩავთვლით სიგარეტის სუნსა და კვამლს, კომფორტულად ვიგრძენი თავი - არავინ გაქცევს ყურადღებას, არავის
აინტერესებს, რისთვის ხარ მისული - სათამაშოდ, მათზე დასაკვირვებლად თუ ზაფხულის სიცხისგან თავშესაფარად. 

ბანქოს თამაში ვიცი, მაგრამ იქაურ წესებში გარკვევა მჭირდებოდა, ამიტომ დაზვერვამ კარგა ხანს გასტანა. ირგვლივ ყველა იგინება - მოიგებს თუ წააგებს,   ზოგი ბანქოს აგინებს, ზოგი - დილერს და ზოგიც - იღბალს.
მაგიდასთან ორი მოხუცი ქალი შევნიშნე. ისრაელიდან ჩამოსულან. ბანქოს ისე ელოდნენ, როგორც ბავშვი - ნუგბარს. მერე ან სიხარულის ყიჟინას დასცხებდნენ, ან გინების კორიანტელს აყენებდნენ. მაგიდიდან მოგებული ადგნენ და აპარატებთან გადაინაცვლეს. იქ მოვახერხე მათთან გასაუბრება. რუსულად გამესაუბრნენ - დები ვართ, ოჯახი არც ერთს არა გვაქვს. აქ ნათესავებთან ჩამოვედით, რა უნდა ვაკეთოთ, ჰოდა, კაზინოში ვერთობითო.
ერთ თავისუფალ დილერს ბლექჯეკის სათამაშოდ დავუჯექი. ფსონი სპეციალურ ბოქსებში განვათავსე. დაიწყო ბანქოს დარიგება - პირველად ათიანი მომივიდა... ხუთდოლარიან, მინიმალურ ფსონს ვიყავი ჩასული და ვინანე... ახლა რომ ტუზი ამოვიდეს და ბლექჯეკი გათამაშდეს, ცოტას მოვიგებ-მეთქი. სიხარბემ მძლია... როცა მეორე ხუთიანი ამოვიდა, ფსონი გავაორმაგე, რადგან  დილერსაც ჩემნაირი ქულა ჰქონდა - 15 და იმედი მქონდა, მე უფრო მაღალი ბანქო ამომივიდოდა, ვიდრე მას და არ "დავიწვებოდი". გამიმართლა... "ოთხიანი" - მე და "ორიანი" - დილერს. ჩემი 10 დოლარი 20 დოლარად გადაიქცა და აი, ამის მერე ნამდვილი აზარტი შემეყარა...

მომდევნო ნახევარ საათში
თავბრუდამხვევი სიჩქარით განვითარდა მოვლენები. ჩემი მოგება უკვე 150 დოლარს ასცდა, ანუ სულ 250 დოლარი მქონდა და თამაშს ვაგრძელებდი. გავზარდე ფსონი, ყიჟინით ვხვდებოდი იმ კარტს, რომელიც მაწყობდა... ცოტა ხანში მოვუხშირე "უხ, შენის" შეძახილს და მივხვდი, რომ ვაგებდი... ბოლოს, 180 დოლარი დამრჩა და გონს მოვედი...

დრო იყო, საქმისთვის მიმეხედა.
დილერთან გასაუბრება პრობლემას არ წარმოადგენს. ამიტომ ფსონებს მოვუკელი და ლაპარაკზე გადავედი.

- ადრე სხვა კაზინოში ვმუშაობდი. ყოველ დილით, 6 საათზე შემოდიოდა ტაქსის მძღოლი და დოლარს დებდა. ერთ დილასაც ასე ითამაშა, ბონუსები დააგროვა და გაუმართლა, 80 ათასი დოლარი მოიგო. თვალებს არ უჯერებდა, რომ ამდენი ფული მოიგო. დაცვამ მოგებული გადაუხურდავა  და შინაც მიიყვანა. კარზე რომ დაუკაკუნებიათ, ცოლს გამოუხედავს, ქმარი მოგიყვანეთ, ბევრი ფული აქვს თან და იცოდეთო. კი მაგრამ, რა იტაქსავა ასეთი, რომ დაცვით მოვიდაო? - გაჰკვირვებია ცოლს.

- ყველა მოგებულს დაცვა აცილებს?
- ყველას არა, ზოგი საკუთარი დაცვით მოდის, ზოგი ისეთია, არ სჭირდება დაცვა. ეს ერთი საწყალი ტაქსის მძღოლი იყო, თან მაშინ ხშირი იყო შემთხვევა, როცა მოგებულს კაზინოდანვე აეკიდებოდნენ  და აყაჩაღებდნენ.

- ის ტაქსის მძღოლი კიდევ მოვიდა ამის შემდეგ?
- მეორე დღესვე მოვიდა. თუ მანამდე დოლარს დებდა, უკვე 25-დოლარიანი ფსონების დადება დაიწყო... 1 თვეში უკან მოიტანა მოგებული ფული. ძველი "მოსკვიჩით" ტაქსაობდა და ერთადერთი, რაც შერჩა, ის იყო, რომ "ოპელი" იყიდა. დანარჩენი გაანიავა.
საუბარი ხმაურმა შეგვაწყვეტინა.  35 წლამდე მამაკაცს ქალისთვის მკლავში ჩაევლო ხელი და გასასვლელისკენ მიათრევდა, თან აგინებდა, - ვიცოდი, აქ იქნებოდი, ტელეფონი გამორთული იმიტომაც გაქვსო...  ქალი ეურჩებოდა, 12 ათასისთვის ამხელა ამბის ატეხა არ გამიგონიაო.

- ვინაა ეს ქალი? - ვკითხე დილერს.
- ხშირად დადის  და ბევრ ფულსაც აგებს, ეგ კაცი მისი ქმარია, მოუვარდება ხოლმე და ასე  გინებით მიჰყავს, მაგრამ რად გინდა? ხვალ მაინც მოვა.
ამასობაში კიდევ 10 დოლარი წავაგე და მაგიდიდან ავდექი. სხვა მოთამაშეებს ჩამოვუარე. შემდეგ სათამაშოდ სხვა მაგიდასთან დავჯექი. იქ საუბარს შევყევი. დილერი გოგონა ენაწყლიანი გამოდგა.

- ცნობილი ადამიანები დადიან თქვენს კაზინოში?

- აქ იშვიათად, რადგან მაინც რეგიონია. ადრე თბილისში ვმუშაობდი, იქ კი დადიოდნენ. ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, მოდიოდა. დიაბეტი ჰქონდა და  ჩანთით სულ ტკბილეული დაჰქონდა.  წაგებას საშინლად განიცდიდა და დილერს უშვერი სიტყვებით აგინებდა.

- დიდ ფულზე თამაშობდა?

- დიდ ფულს რას ეძახით?

- დაახლოებით 2-3 ათასით რომ შემოდის კაზინოში.
- კაზინოში ფულს ძალა არა აქვს. 50 დოლარი კაზინოს გარეთ ფულია, კაზინოში კი არაფერი. თანაც, კლიენტი არ თამაშობს ფულით, თამაშობს ფიშკებით და მას ფულად ვერც აღიქვამს.
იცით, მოგებული ადამიანების 99% როგორ იქცევა? წარმოიდგინეთ, რომ აგებს 5 ათას დოლარს. შემდეგ დაიწყებს მოგებას... 4.500 უკან დაიბრუნა... არ ჩერდება, თამაშობს, რომ ისევ მოიგოს... გვითქვამს ხოლმე, ჯობია, წახვიდეო. რას ამბობთ, 500 დოლარს ჯერ წაგებაში ვარო. ბოლოს აუცილებლად ისევ წააგებს; შესაძლოა, წავიდეს, ისესხოს და ისიც წააგოს...

- ანუ ვერ ჩერდება?
- ძნელია გაჩერება.

ამ დროს გვერდით მაგიდასთან სიხარულის ყიჟინა ატყდა. მამაკაცი ისე ხტოდა, გეგონებოდათ, ინდიელთა რომელიღაც ტომის სარიტუალო ცეკვას ასრულებსო.
კაზინოში 200 დოლარით შემოსულმა 4 ათასი მოიგო. მამაკაცმა ფიშკები მოაგროვა, გადაახურდავა და გასასვლელისკენ წავიდა.

- ხედავთ? მოიგო და მიდის...

- ჰმ, - ჩაეცინა გოგონას, - ახლა უყურეთ, რას იზამს...
მამაკაცი კართან მივიდა, შეჩერდა, რამდენიმე წამს დაფიქრდა, უკან დაბრუნდა და ისევ იმ მაგიდას მიუჯდა, სადაც ცოტა ხნის წინ თამაშობდა.

- როგორ მიხვდით, რას იზამდა? - ვკითხე გოგონას.
-  ამის გამოცნობა ძნელი სულაც არ არის. აქედან თავის დაღწევა ცოტას თუ შეუძლია. თქვენ წარმოიდგინეთ,
კაზინოში მომუშავე დამლაგებელიც კი, თუ სამსახურიდან გაუშვეს, ისევ კაზინოში ეძებს სამსახურს. მეც ასე ვარ, სხვა სამსახური ვიშოვე, მაგრამ ვერ წავედი. ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამაზე, მაგრამ პასუხი არა მაქვს.

- თქვენ თუ ხართ აზარტული?

- წარმოიდგინეთ, რამდენი გაუბედურებული ადამიანი მინახავს და ამის მიუხედავად მეც ვთამაშობდი. ახლა კაზინოს თანამშრომლებს აღარ გვაქვს თამაშის უფლება. ჩვენი სია ყველა კაზინოს აქვს და პირადობას რომ წარადგენ, გამოჩნდება, რომ თანამშრომელი ხარ. დილერების უმეტესობა მაინც თამაშობს ონლაინკაზინოში. მეც წამძლია სულმა, მაშინ არ გვქონდა აკრძალული თამაში და დავიწყე სიარული სხვა კაზინოში.  ფულს ვაგებდი და მაინც ვთამაშობდი, თან ვიცოდი, რომ ვერასოდეს მოვუგებდი კაზინოს. ერთხელ კაზინოდან დილით გამოვედი, სამგზავრო ფულიც არ მქონდა და შინ ფეხით წავედი. არადა, 2 ათას დოლარზე მეტი დავტოვე. იმ დღეს ბავშვი სოფელში უნდა წამეყვანა, დავიწყე ჩანთის ჩალაგება და ვნახე, ბავშვს ძირგახვრეტილი ბოტასი ჰქონდა.  მაშინ დავიფიცე, რომ არასოდეს ვითამაშებდი და დღემდე ვასრულებ სიტყვას. იცით, ჩემნაირად ჯიბეგამოფხეკილი მოთამაშე გარეთ რომ გადის, რას აკეთებს?

- რას?
- ფეხით მიაბიჯებს და ძირს იყურება, მიწას ათვალიერებს, იქნებ 5 ლარი იპოვოს სადმე, რომ შებრუნდეს და ითამაშოს.

- მაგრამ ხომ არიან ისეთი მოთამაშეები, ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს და წაგებული მათ ბიუჯეტს არც კი ეტყობა.
- ერთი ახალგაზრდა დადიოდა ჩვენთან, ცნობილი  ბიზნესმენის ახლო ნათესავის ქმარი იყო. მაპატიეთ და, მეტსახელად "ნახუის" ვეძახდით, რადგან როცა ადამიანი ბლექჯეკს თამაშობს და კარტი აღარ უნდა, უნდა თქვას, "სთეი". ის ამბობდა, "ნახუი". ჩვენც მეტსახელად შევარქვით. სულ იგინებოდა, გაფხორილი დადიოდა, გოგონებს შეურაცხყოფდა, პრივატმაგიდებზე თამაშობდა. ერთხელ ცოლი მოუვარდა და ყველას თვალწინ ისე სცემა, შენი მოწონებული. მას მერე აღარ გამოჩენილა. ერთი კი ძალიან ზრდილი და ყველასთვის საყვარელი კლიენტი გვყავდა.  ძალიან მაგარი კაცი მოვიდა და ღატაკი წავიდა ჩვენგან. ამის გამო თავი მოიკლა.

- კაზინოში ყველა ხანგრძლივად რამდენ ხანს შეიძლება გაჩერდეს ადამიანი?
- რეკორდი არის კვირაზე მეტი... თბილისის დიდ კაზინოში სამშაბათს დილით ერთი მამაკაცი მოვიდა. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის მეპატრონე იყო და მეორე სამშაბათს, საღამოს გავიდა კაზინოდან. დეზადორი გავუშვით, რომ მისი სუნი გადაგვეფარა. იქვე ტაქსი აუყვანია და ამა და ამ ქუჩაზე მიმიყვანეო, უთქვამს. სანამ მივიდოდნენ, ისე ჩასძინებია, მძღოლმა ვეღარ გააღვიძა და უკან მოიყვანა. ჩვენ გვეკითხებოდა, ამ კაცის სახლი ხომ არავინ იცითო? შემდეგ ტაქსი კაზინოსთან გააჩერა და წავიდა. 3 დღე-ღამე გადაბმულად ეძინა, ყოველდღე აკითხავდა ტაქსის მძღოლი და მის გაღვიძებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერი გააწყო, სანამ თავისით არ გაიღვიძა. ისეთ დროს გამოფხიზლდა,  მძღოლი რომ წასული იყო, მანქანაში ბლომად ფული დაუტოვა და შინ სხვა ტაქსით წავიდა.

- უცხოელებსაც ვხედავ, ხშირად დადიან თუ ახლა ტურისტული სეზონია და იმიტომაა მათი სიჭარბე?
- ყველაზე ხშირი სტუმრები თურქეთიდან არიან. ქართველი მოთამაშეები კაზინოში არ უყვართ,  რადგან ჭკვიანი მოთამაშეები არიან, წინასწარ შეუძლიათ რაღაცების გათვლა, უცხოელები კი ალალბედზე თამაშობენ.

- ზოგიერთ მოთამაშეს განსაკუთრებულად რატომ ეპყრობიან?
- თუ დიდ ფულზე თამაშობს, იმ კლიენტს მაგრად ვუვლით, ნომერს ვუღებთ სასტუმროში, გვერდით დამატებით მაგიდებს ვუდგამთ ხილითა და სასმლით, ყველანაირ კომფორტს ვუქმნით, რომ ითამაშოს.

- წაგების გამო გულის შეტევა არ ემართებათ ხოლმე?
- 4 წლის წინ ასეთი შემთხვევა იყო: ბლექჯეკს თამაშობდა ერთი შუახნის მამაკაცი. უეცრად სკამიდან გადავარდა და ადგილზე მოკვდა. ყველანი წამოვიშალეთ, მაგიდებს შორის დავაწვინეთ და სასწრაფო გამოვიძახეთ. მის მაგიდასთან მოთამაშეებმა კი თამაში ჩვეულებრივად გააგრძელეს. ის კი არა, დილერს ეჩხუბებოდნენ, სად წახვედი, ფულს ვაგებ, კარტი დაარიგე, "ტრუპის" დედაცო! თამაშის დროს არაფერი ახსოვთ, მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ.
მიწისძვრის დროს ერთხელ კომიკურ სიტუაციაში აღმოვჩნდით:
ახალგაზრდა მამაკაცი მეთამაშებოდა. მიწა რომ იძრა, მაგიდა აყირავდა, ფიშკები აქეთ-იქით დაცურავდა, ეს ფიშკებს დასდევდა, მე და სხვა დილერები კი კარს მივაწყდით... ყველაფერი რომ მიწყნარდა და უკან დავბრუნდით, ყველა მოთამაშე ადგილზე იჯდა, არავინ განძრეულა, თავის ფიშკებს პატრონობდნენ და დილერს ელოდებოდნენ, რომ თამაში გაეგრძელებინათ.

- თაღლითები მოდიან ხოლმე სათამაშოდ?
- ერთი კლიენტი გვყავდა, ხვიჩა ერქვა, "ჯეკს" თამაშობდა. ამ თამაშში 6-ჯერ 52 კარტი გამოიყენება. საოცარი ნიჭი ჰქონდა, კარტს ითვლიდა, ზუსტად იცოდა, რა კარტი იყო დარჩენილი. დიდ ფულს იგებდა. ამის გამო ყველა კაზინოში "გააშავეს". როგორც ვიცი, რუსეთის კაზინოებშიც კი "გაშავებული" იყო. საერთოდ, კლიენტები ცდილობენ, რაღაც სისტემა შეიმუშაონ, გათვლები გააკეთონ, ცხრილებს ხაზავენ, მაგრამ არ არსებობს, რომ რაიმე კანონზომიერებას ექვემდებარებოდეს ბანქოს მოსვლა ან "რულეტკის" ციფრის გამოცნობა. ეს ფორტუნაზეა დამოკიდებული. სიმართლე გითხრათ, ყველა მოთამაშეს აძლევს ფორტუნა შანსს, რომ კაზინოდან მოგებული წავიდეს, მაგრამ ამ შანსს არავინ იყენებს.

- დილერებს შეუძლიათ თაღლითობა?
- ადრე დილერები ახერხებდნენ ფულის გაკეთებას, ფიშკებს იპარავდნენ და ა.შ. ახლა ყველგან ვიდეოკამერაა დამონტაჟებული და დილერი ვალდებულია, ხელები ვიდეოკამერას აჩვენოს ყოველ წამს. კლიენტისგან ხელიდან ხელში არაფრის გამორთმევა არ შეიძლება, მაგიდაზე უნდა დაგიდოს. ისე ვარ მიჩვეული, რომ მაღაზიაში გამყიდველმა ხურდა რომ მომაწოდოს ხელში, დახლზე 4 გაშლილ თითს ვუტყაპუნებ, აქ დადე-მეთქი.

- არამწეველი მოთამაშე არსებობს?

- არ შემხვედრია. როგორც კი თამაშს იწყებს, ეგრევე უკიდებს. შესაძლოა, არ მოსწიოს, მაგრამ საფერფლეზე უნდა ხრჩოლავდეს. სასმელსაც ეტანებიან, ნასვამი ადამიანი გაცილებით თამამ ფსონებს დებს.
თუ კლიენტი დიდ ფულს იგებს, კაზინო სასმელს უგზავნის, ამით კეთილგანწყობას გამოხატავს, მაგრამ ამის შემდეგ კლიენტი იწყებს სმას და მოგებულ ფულს იქ ტოვებს და გვარიან თანხასაც აგებს.
თუ გინდა, კაზინოდან მოგებული გახვიდე, კაზინოს მეპატრონე უნდა იყო...

პირველი კაზინო


კაზინოს წარმოშობის ზუსტი დროის მითითება საკმაოდ რთულია.  პრაქტიკულად ყველა კულტურაში არსებობს ცნობა სათამაშო დაწესებულებების შესახებ: აზარტულ თამაშებს მისდევდნენ ძველ საბერძნეთსა და რომში, ინგლისის რესპუბლიკასა და ნაპოლეონის საფრანგეთში. ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე სათამაშო დაწესებულებები არსებობდა ჩინეთში.

პირველ კაზინოდ ევროპაში ითვლება "რიდოტო", რომელიც 1638 წელს ვენეციაში ქალაქის მთავრობის ბრძანებით მოსეს ტაძრის მარცხენა ფრთაში გაიხსნა. მისი მიზანი იყო აზარტული თამაშების გაკონტროლება, რომელიც გაზაფხულის დიდი კარნავალის დროს იმართებოდა. "რიდოტოში" შემოიღეს მკაცრი დრეს-კოდი და მაღალი ფსონები, რათა მოთამაშეთა წრე მხოლოდ არისტოკრატიის წარმომადგენლებით ყოფილიყო შეზღუდული. მორწმუნე კათოლიკეთა მოთხოვნით "რიდოტო" 1774 წელს დახურეს, თუმცა, 1946 წელს კვლავ გაიხსნა ვენდრამინების სასახლეში.

საფრანგეთში პირველი სათამაშო დაწესებულება ლუი  XIV-ის ხაზინის შესავსებად კარდინალ ჯულიო მაზარინის განკარგულებით გაიხსნა. სწორედ მაშინ გამოჩნდა საფრანგეთში რულეტის პირველი მაგიდები. მის გამოგონებას ხან ბლეზ პასკალს და ფრანსუა ბლანს მიაწერდნენ. რულეტმა ევროპა სწრაფად დაიპყრო - 1780 წლიდან ყველა სათამაშო დაწესებულებაში იყო.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში დიდი კაზინოები იყო დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში. ბევრი ოჯახი გაკოტრდა და ევროპის მთავრობებმა 1873 წელს დახურეს კაზინოები. მაშინ აზარტული თამაშების მონაკოს დედაქალაქი მონტე-კარლო გახდა, რადგან პრინცმა არ ჩათვალა საჭიროდ კაზინოების აკრძალვა.

მარი ჯაფარიძე
pepe
11 სექტემბერი 2015 14:29
დილერები საერთოდ ხმას არ გცემენ და ამან სად ნახა ისეთი რო დაწვრილებით ჩამოურაკრაკა ამდენი ისტორიები :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
Alex
13 სექტემბერი 2014 21:07
ერთმა ჩკვიანმა თქვა, კაზინოში მოგებული იგივე წაგებულიაო, ვინც წააგებს კი გაუბედურებული.
gialo
08 სექტემბერი 2014 11:30
აზარტი- ბრიყვების საქმეა... ზომიერებაა მთავარი.

რედაქტორის რჩევით