"თუ მასწავლებლის პროფესია არ გახდება პრესტიჟული კატასტროფას მივიღებთ!"
01-09-2014
"თუ მასწავლებლის პროფესია არ გახდება პრესტიჟული კატასტროფას მივიღებთ!"
"პატრიოტს აღზრდა სჭირდება, აღმზრდელი კი ცოტაა..."

"პედაგოგის ხელფასი უნდა იყოს გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის ტოლი!"


ისტორიკოს ნუგზარ მოლაშვილს საგანმანათლებლო წრეში ბევრი იცნობს და პატივს სცემს. წლების განმავლობაში ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის ისტორიის პედაგოგი იყო, ყველასთვის საყვარელი და ავტორიტეტული. დღეს 210-ე საჯარო სკოლის დირექტორია. მისი რეგალიებისა და ტიტულების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ”ღირსების ორდენის” კავალერი, ”ისტორიის მასწავლებელთა თბილისის კავშირის თავმჯდომარე, საბავშვო წიგნებისა და ტესტების ავტორი,… უაღრესად განათლებული და
კარგი ორატორია. სწორედ მისი დიდი გამოცდილება და დამსახურებები გახდა მიზეზი, რომ ინტერვიუ გვეთხოვა, რაზეც მოკრძალებულად დაგვთანხმდა და თავისი აზრები გაგვიზიარა დღევანდელ სკოლასთან დაკავშირებით:


- ბატონო ნუგზარ, წლებია, სკოლაში მუშაობთ. თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში, რა შეიცვალა სკოლაში დადებითისკენ და რა უარესობისკენ?

- ყველაზე კარგი, რაც ბოლო
ხანებში სკოლებში ხდება, სკოლების კომპიუტერიზაციაა, თუმცა, ზოგის აზრით, ამან მოსწავლეებზე უარყოფითად იმოქმედა: იგი ჩამოშორდა წიგნს.
რაც შეეხება უარყოფითს, სკოლის ძირითადი პრობლემა სააღმზრდელო პროცესის არარსებობაა, აღარ მეგობრობენ კლასელები, მათი მშობლები (თუ არ ჩავთვლით "პრესტიჟულ" სკოლებს).

- თუ წიგნების თემას გავაგრძელებთ, როგორ უნდა მოვაცილოთ ბავშვი კომპიუტერსა და ტელევიზორს, როგორ უნდა დავაინტერესოთ სწავლით?
- ბავშვი კომპიუტერსა და ტელევიზორს კი არ უნდა მოვაცილოთ, არამედ უაზრო გადაცემებს.
გასულ საუკუნეებში წიგნიც ეგონათ ჯანმრთელობისთვის საზიანო, თუმცა, ინტერნეტშიც და ტელევიზიაშიც უამრავი შემეცნებითი და სასწავლო პროგრამაა და თუ მათ სწორად გამოვიყენებთ, ამაში ცუდი არაფერია...

- თვითონ ბავშვებში რა ცვლილებებს ხედავთ? როგორი თაობა მოდის?
- ადრე ამბობდნენ, რა ნაკითხი, რა ზრდილობიანი ბავშვიაო. ახლა "ყბადაღებული" სიტყვა - "წარმატებული" აგვეკვიატა: ეკრანზე ვხედავთ თანამდებობის პირს, რომელიც "გვმოძღვრავს" და თან გვიყვება, როგორ იპარებოდა სკოლიდან, როგორ აბრაზებდა მასწავლებლებს... ეს "წარმატებულობის" პირობაა? არა მგონია, ასე იყოს.

- ხშირად საუბრობენ პედაგოგების კომპეტენციაზე, მოტივაციაზე, მომზადების დონეზე. ამაზე რას იტყვით? თუ არის პრობლემის მოგვარება მასწავლებლების სერტიფიცირება ან სხვა რა გზა არსებობს ამისთვის?
- ასეთი კითხვა მიჩნდება: საქართველოს აქვს რესურსები, რათა დააკომპლექტოს 2000-ზე მეტი საჯარო და თითქმის ამდენივე კერძო სკოლა? ხომ არ ხვდებიან სკოლებში შემთხვევითი პირები? არის მასწავლებლობა პრესტიჟული? ბოლო 20-25 წლის განმავლობაში სასწავლო ოლიმპიადებსა და კონკურსებზე გამარჯვებულ მოსწავლეთა რამდენი პროცენტი მოინდომებდა მასწავლებლობას? ნული! რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება უცხოეთში ამ პროფესიას? ნული! ნული! ნული!

მოტივაცია? პედაგოგის ხელფასი უნდა იყოს გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის, სკოლის დირექტორისა კი - გუბერნატორის ან მერის ხელფასის ტოლი.
კვლავ ვიმეორებ, თუ მასწავლებლის პროფესია არ გახდება პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი, რათა სკოლაში მოიზიდოს საუკეთესო კადრები, ნახევარი საუკუნის შემდეგ კატასტროფას მივიღებთ!
არის საზოგადოების მიდგომის პრობლემაც: ანაზღაურებით მასწავლებელი არასდროს ყოფილა გამორჩეული, მაგრამ საზოგადოების პატივისცემა არასდროს აკლდა.

- რამდენიმე სიტყვით ჩამოაყალიბეთ, რა არის სკოლა და რა დატვირთვა აქვს მას დღევანდელ საზოგადოებაში?
- არ მოგვწონს საზოგადოება? - არ ვარგა სკოლა! არ მოგვწონს ხელისუფლება? - არ ვარგა სკოლა! არ მოგვწონს საკუთარი თავი? - მიზეზს სხვაში ვეძებთ!..

- ხშირად გვესმის, რომ დღეს საჯარო სკოლებში მაქსიმალურად დაჩრდილულია პატრიოტული, რელიგიური საკითხები. ამაზეც ვისაუბროთ.

- იცით, სიტყვა "პატრიოტის" დატვირთვაც შეცვლილია, მას რატომღაც "ტოლერანტი" ჩაენაცვლა, რაც სულაც არ უშლის ხელს ერთმანეთს... პატრიოტს აღზრდა სჭირდება, აღმზრდელი კი ცოტაა...

- თქვენ ისტორიკოსი ხართ. არაერთხელ უთქვამთ, რომ ბოლო დროს, ეს საგანიც ძალიან შეავიწროეს.
- სახელმძღვანელოები დგება სტანდარტის მიხედვით. ისტორიის სახელმძღვანელოთა ავტორები არავის უმტკიცებენ, რომ მათი დაწერილი კარგია. ისინი ამბობენ, რომ სხვისას სჯობს(!!!). რა არის ამის მიზეზი? რომელიღაც ქვეყნიდან გადმოღებული სტანდარტი... ასეთი სახელმძღვანელოთი პატრიოტს ვერ გავზრდით!
განათლების ერთმა მინისტრმა, იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს ისტორიის სწავლება საქართველოში ერთ-ერთი პროგრამით ზედმეტი იყო, მკითხა, თუ ვიცოდი, როგორ ასწავლიდნენ ნორვეგიაში ისტორიას. მე კითხვა შევუბრუნე, თუ იცოდა, სად იყო ნორვეგია? ამით ჩვენი ურთიერთობა დასრულდა... ისტორიის სწავლება არასოდეს ყოფილა ისეთ ცუდ დღეში, როგორშიც ახლაა!

- აქედან და ბევრი სხვა ფაქტორიდან გამომდინარე, ალბათ, ძნელია დღეს სკოლაში მუშაობა, მით უმეტეს, დირექტორობა?

- დირექტორის სხვადასხვა კატეგორია არსებობს: სტანდარტული დირექტორობა ძნელი არ არის - მიიღე დირექტივა და გადაეცი... თუ მეტის გაკეთება გინდა - ძალზე ძნელია.

- რას ურჩევთ მშობლებს, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რაში ცდებიან, რას აკლებენ შვილებს?
- მშობლები შვილებს ყურადღებას აკლებენ (ვაკლებთ)! მთავარია, არ შესცივდეს, არ დასცხეს და არ მოშივდეს... ეს პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი. გასაგებია, მაგრამ იკარგება ძირითადი ინსტინქტები: სითბო, ურთიერთობა, ნდობა...

იხ. სტატია mshoblebi.ge-ზე

ესაუბრა ლელა ზურებიანი
ia
09 სექტემბერი 2014 20:07
პატრიოტს მხოლოდ სკოლა ვერ აღზრდის, ვერც მხოლოდ ოჯახი,ვერც მხოლოდ სურვილი... პატრიოტიზმი ფართო ცნებაა და, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი აღზრდის პროცესში მაგალითია,და არა მხოლოდ წარსულის.დღეს გმირებს სადღაც ეძებენ,"იმედის გმორებს" ვგულისხმობ.დასანანია, რომ სიკეთე, ქველმოქმედება.. დღეს გმირობის ტოლფასია. ამ სიტყვას ,სამწუხაროდ, მნიშვნელობა "დაუვიწროვდა".სწორად გამიგეთ, განა "იმედის გმირები" სულის შემძვრელად არ მოქმედებს ჩვენზე, თუმცა იცით ვინმემ, ვინ მიაჩნიათ გმირებად ბავშვებს?!
ლიტერატურული გმირები მათთვის "ილუზიური სამყაროს" ნაწილია. ვერ წარმოიდგენთ, როგორი დამოკიდებულება აქვთ "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟებისადმი. ერთი სიტყვით - ინდიფერენტული!ასევე უემოციოდ ეცნობიან ვაჟას გმირებს. რაღა გავაგრძელო, დღეს, ე. წ.ელიტა, რომელიც ყოველწამიერად უზნეობის მორევში ეფლობა, ვისთვის შეიძლება პატრიოტიზმის მაგალითი იყოს?!მაპატიეთ,პატრიოტიზმის კი არა, მოქალაქეობის... აქედან იწყება ხომ ყველაფერი.
ვეთანხმები ბატონ ნუგზარს,უმთავრეს პრობლემას ვერ უმკლავდება სკოლა, მაგრამ განა ვინმეს სჭირდება საქართველოში პატრიოტები?!
guja
08 სექტემბერი 2014 23:14
აბა კომპიუტერებით რომ ადებილებენ ეგ მოგწონს?იმიტომ არის ამდენი ფსიქოლოგიური გადახრები!მოგვეცა ათი წლის წინ ცხოვრებაში შანსი რომ საქართველო სწორი გზით წასულიყო და შენნაირმა ტვინებმა გადააყირავეს ეს ქვეყანა , რაღაც ახალ მსოფლიოს შექმნა გინდათ თქვე ავადმოყოფებო..უჯიშო ათეისტებო განიცადეთ ემანსიპაცია და სხვებიც გინდათ თქვენ დაგემსგავსოთ..ის რომ ამ ქვეყანაში განათლება მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა ესეც მართალია მაგრამ ადამიანური მხარე მაინც იყო ეხლა რომ რობოტებად ქცევას რომ ცდილობთ
liza
05 სექტემბერი 2014 21:15
მე თავად პედაგოგი ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვიძახი სკოლაში პედაგოგების სულ მცირე 80% არ უნდა მიუშვა ბავშვებთან და საერთოდაც ფსიქოლოგთან გასაუბრების შემდეგ უნდა მიიღონ სკოლაში. რა პედაგოგიკაზეა საუბარი, რა აღზრდაზე, რა პატრიოტიზმზე სულს უმახინჯებენ ბავშვებს.

რედაქტორის რჩევით