როგორ მოიქცევა პაატა ბურჭულაძე? - კვირის პალიტრა

როგორ მოიქცევა პაატა ბურჭულაძე?

წინა კვირას ტელეკომპანია "იმედმა" ერთი ამბავი ატეხა პაატა ბურჭულაძის  მოსკოვში მოსალოდნელი გამგზავრებისა და იქ კონცერტში მონაწილეობის გამო. ამ სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ უკვე ერთი ამბავი ტელეკომპანიის მისამართით ატყდა:

აქაოდა, პაატა ბურჭულაძეს ასეთი რამ როგორ გაუბედესო. შემდეგ უკვე გაზეთ "ყველა სიახლის" მეშვეობით ტელეკომპანიას პასუხი პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდის წარმომადგენელმა გასცა, რომელმაც განაცხადა: - განა ჭეშმარიტი ხელოვანი იკითხავს, რა ეროვნებისაა მიუსაფარი ბავშვიო? მისივე თქმით, მოსკოვში დაგეგმილი კონცერტიც საქველმოქმედოა და არანაირი კავშირი არა აქვს სამხედრო ფესტივალთან. პაატა ბურჭულაძის მოსკოვში გამგზავრებაზე აღარ შევჩერდები, რადგან, ამ საკითხთან დაკავშირებით, თავად პაატა ბურჭულაძეს კომენტარი არ გაუკეთებია და ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გასარკვევია. თუმცა ზოგადად პრობლემა არსებობს და მინდა ამის შესახებ რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ:

ბურჭულაძემდე ანალოგიური სიტუაცია "იურმალასთან" დაკავშირებითაც შეიქმნა. გახსოვთ, საქართველომ ამ კონკურსს წელს ბოიკოტი გამოუცხადა და მონაწილე არ წარადგინა, თუმცა მოსკოვში მცხოვრებმა ქართველმა ლიკა ხანთაძემ კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობა მაინც მიიღო. მიუხედავად ამისა, ქართულ ტელეკომპანიებს კონკურსის პირდაპირ ეთერში ჩვენება არც უფიქრიათ. ამიტომ საქართველომ ქართველი კონკურსანტის გამოსვლა ვერ ნახა. ხანთაძე მშვენივრად გამოვიდა და მეოთხე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ მან ინტერვიუ ჩვენს გაზეთს მისცა და გულდაწყვეტით განაცხადა, რომ საკუთარი ქვეყნისგან მხარდაჭერა ვერ იგრძნო. ინტერნეტში მეც ვნახე მისი ნამღერი და ძალიან მომეწონა, თუმცა ყველას, ვინც ფიქრობს, ხანთაძეს სამშობლო გვერდით უნდა დასდგომოდა, მინდა ვუთხრა, რომ მანამდე თვით მომღერალს მართებდა სამშობლოს ინტერესების გათვალისწინება. როდესაც შენი ქვეყანა რაღაცას (ან ვიღაცას) ბოიკოტს უცხადებს (და აქ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სწორია თუ არა ეს ბოიკოტი), ვალდებული ხარ, შენი ქვეყნის გადაწყვეტილებას პატივი სცე. ახლა კი რა გამოვიდა: საქართველომ რუსულ კონკურსს ბოიკოტი გამოუცხადა, სინამდვილეში კი ბოიკოტი არ შედგა, იმიტომ, რომ მოსკოვში მცხოვრებ ქართველს კონკურსში გამოსვლა მოუნდა. ჯერ ერთი, არავინ იცის, საქართველოს რომ ამ კონკურსისთვის ბოიკოტი არ გამოეცხადებინა, მოხვდებოდა თუ არა ხანთაძე საერთოდ იურმალაში, რადგან შესარჩევ ტურში მას საქართველოდან საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ეყოლებოდა; მეორეც: თუ იურმალაში მონაწილეობა უნდოდა, შეეძლო იმ ქვეყნის სახელით გამოსულიყო, სადაც ცხოვრობს (გახსოვთ, ალბათ რამდენიმე წლის წინ სოფო ნიჟარაძე ამ კონკურსზე რუსეთის სახელით გამოვიდა. ახლა კი რუსეთი პროტესტის ნიშნად დატოვა).

მე არავის მოვუწოდებ, რუსეთის დატოვებისკენ. იქ მათ სამუშაო და თავის რჩენის საშუალება აქვთ. ეს თითოეულის ინდივიდუალური არჩევანია. მათ შორის ვერ მოვუწოდებ სოსო პავლიაშვილსაც, რომელიც ასევე მონაწილეობდა იურმალაში გამართულ კონცერტებში და კომპოზიტორ იური ანტონოვის სიმღერა მთიულურ მოტივებზე შეასრულა. ამან ბევრ ქართველს აუჩუყა გული. ინტერნეტსაიტებზე ასეთ კომენტარებსაც შეხვდებით: "საღოლ, სოსო, ნამდვილი ქართველი ხარ". ანაც: "ხომ აჩვენა რუსებს კლასი" და ა. შ. სიმღერის დასასრულს პავლიაშვილმა კომპოზიტორს მიმართა: "იურა, გრუზია ს ტაბოი!" არა, მე არ მოვუწოდებ პავლიაშვილს, მოსკოვში აწყობილი ცხოვრება დატოვოს და საქართველოში გადმოსახლდეს. მას ძალუძს, ქართულ ჰანგებზე ტაში მოსწყვიტოს იმ ხალხს, ვინც შეიძლება შარშან აგვისტოში ტაშს პუტინს უკრავდა, მაგრამ  ვერ მოვუწონებ, როდესაც ვინმე იურა ანტონოვს (მაპატიოს ანტონოვის ყველა თაყვანისმცემელმა) მთელი საქართველოს სახელით ერთგულებას უდასტურებს. როდესაც ის იურმალაში "სამშობლოს" მღეროდა, ჰქონდა უფლება, საქართველოს სახელით ელაპარაკა, რადგან მისი გულისთქმა მთლიანად საქართველოს განწყობას ემთხვეოდა. დღეს მისი და საქართველოს გზები გაიყარა. დღეს, როდესაც პავლიაშვილი არსად აკრიტიკებს ხმამაღლა რუსეთის პოლიტიკას და აგვისტოს მოვლენების გამო პროტესტს არ გამოთქვამს, როდესაც მისი შვილი სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელში სწავლობს და რუსული არმიის ოფიცრობისთვის ემზადება, არა მგონია, საქართველოს სახელით განცხადებებით გამოსვლის უფლება ჰქონდეს. კი, ბატონო, იმღეროს რუსეთში, აჩვენოს რუსებს, რომ ქართველებს სიმღერა კარგად შეგვიძლია (თუმცა ჩვენმა კარგმა სიმღერამ რუსი საზოგადოების უდიდეს ნაწილს ვერ უბიძგა იმისკენ, რომ საქართველოსთან ომის გამო პროტესტი გამოეთქვათ), მაგრამ ჩვენი სახელით ნუ ილაპარაკებს! ესაა და ეს.