"ნამდვილი ადამიანების" მხატვარი - კვირის პალიტრა

"ნამდვილი ადამიანების" მხატვარი

ჩარლზ დიკენსის "ოლივერ ტვისტს" მშობლიურ ენაზე პირველად ეცნობა ქართველი მკითხველი. ამის მიუხედავად, უდავოა, რომ ეს რომანი არცთუ უცხოა მისთვის - მის რამდენიმე ბრწყინვალე ეკრანიზაციაზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენი უმეტესობა ხომ ათწლეულების განმავლობაში რუსულად ვკითხულობდით ქართულად ჯერართარგმნილ შედევრებს.

ვინც ჩვენი გამომცემლობის ამ ორ სერიას ("50 წიგნი"და "კიდევ 49 წიგნი") ადევნებს თვალს, დამერწმუნება, რომ ინგლისური ლიტერატურა, მათ შორის - XIX საუკუნისა, ფართოდ გვქონდა წარმოდგენილი (უაილდი, თეკერეი, თვით დიკენსის "დევიდ კოპერფილდი"...). ამიტომაც მკითხველს, ჩემი შთაბეჭდილება მინდა გავუზიარო: პირველი, რაც პირადად ჩემთვის ყველაზე მეტად თვალში საცემია ინგლისური ლიტერატურის ამ ეპოქაზე ფიქრისას, მისი მრავალფეროვნებაა. მაგალითად, უაილდი და დიკენსი: თითქმის ერთი და იგივე ეპოქა, ერთი და იგივე საზოგადოება და ამ საზოგადოების წევრთა ცხოვრების წესები და მისწრაფებები, პერსონაჟთა გალერეის მსგავსება და მაინც, უდიდესი სხვაობა ამ ორი, მართლაც გენიალური მწერლის რომანებს შორის. ისე კი, როდესაც პერსონაჟთა მსგავსებაზე ვსაუბრობთ, იქნებ არც ვიყოთ მთლად ზუსტნი - დიკენსს პერსონაჟთა რაოდენობასა და მათთან "პირად ნაცნობობაში", ალბათ, მხოლოდ დიუმა თუ შეედრება.

"პირადი ნაცნობობა" შემთხვევით არ მიხსენებია: ცნობილი მწერალი ქალის, ჯორჯ ელიოტის ერთი მეგობარი წერდა, რომ დიკენსმა თავად უამბო, თუ როგორ ესაუბრებოდა გამოგონილ პერსონაჟებს, როგორ იწერდა მათ დიალოგებს... შემდეგ ისინი დიდხანს რჩებოდნენ მასთან და ხანდახან ხელსაც უშლიდნენ! "სიძველეთა დუქნის" წერისას პატარა ნელი (ამ რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი) მუდმივად ფეხებში მებლანდებოდა და შინ აღარ მიდიოდა; სხვებიც თავს მაბეზრებენ, ამიტომ იძულებული ვარ, ხალხმრავალ ქუჩაში გამოვიდე და სეირნობისას ვიფიქრო წიგნზე, მაგრამ საღამოს ხომ უნდა მივიდე შინ? ისევ იქ მხვდებიან!" - ამბობდა დიკენსი. ამას ამბობდა კაცი, რომლისთვისაც არასოდეს შეუნიშნავთ სულ მცირე ფსიქიკური გადახრაც კი.

მართლაც, მანამდე ასეთი "ნამდვილი ადამიანები", ალბათ, არავის დაუხატავს. აი, რას იხსენებდა დიდი დოსტოევსკის ქალიშვილი: "როდესაც მამას არ ეცალა, დედას სთხოვდა, ჩვენთვის დიკენსის - ამ "უდიდესი ქრისტიანის" თხზულებები წაეკითხა... სიცოცხლის ბოლოს მამას, რომელიც ცოლის გვარსა და საყვარელი ქალის სახესაც კი ვერ იხსენებდა, დიკენსის ყველა გმირის ინგლისური სახელი ახსოვდა; მათზე ისე ლაპარაკობდა, როგორც თავის მეგობრებზე", - ვფიქრობთ, ამაზე მეტი "რეკომენდაცია" არც ერთ მწერალს არ დასჭირდება.

თუმცა, მე და, ალბათ, ბევრ თქვენგანსაც, დიკენსისა და "დევიდ კოპერფილდის" ხსენებისას ყოველთვის გურამ დოჩანაშვილის ბრწყინვალე მოთხრობის ის ეპიზოდი გვახსენდება, როდესაც "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" და მისი ასისტენტი დაუფარავი ირონიით ესაუბრებიან თავიანთ უწიგნურ სტუმარს:

" - ოო, დიკენსი კარგია, კარგი, დევიდ კოპერფილდი, ჩრდილში, ხანდახან, დიკენსი... - ამბობს სტუმარი.

- ხანდახან დიკენსი და აქა-იქ ტოლსტოი, არა?"

ამ ირონიის მიუხედავად, მე იმ უწიგნური კაცისაც კარგად მესმის, რადგან "დევიდ კოპერფილდი" და, საზოგადოდ, დიკენსის პროზა, მათ შორის, ცხადია, "ოლივერ ტვისტიც", რამდენადაც საყვარელია "სერიოზული მკითხველისათვის", იმდენად მართლაც კარგია "ხანდახან, ჩრდილში" (ვრისკავ - შეიძლება აღშფოთებულ კოლეგათა რისხვა დავიტეხო) და ამის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ისიც არის, რომ

დიკენსი პირველი იყო, ვინც ყველა თავისი რომანი "ჰეფი ენდით", ანუ ბედნიერი დასასრულით დააგვირგვინა. ასეთი ფინალი კი ყოველთვის მოსწონს მკითხველს.

ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიკენსის რამდენიმე რომანში აღწერილი პერსონაჟების დუხჭირი ბავშვობა საკუთარ ტყავზე გამოცადა - მამამისი ინგლისის პატარა ქალაქ ლენდპორტის ნავსადგურში ჩინოვნიკი იყო და გვარიანი შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ მოულოდნელად აერია საქმეები, ციხეში აღმოჩნდა და ოჯახს ისე გაუჭირდა, რომ 10 წლის ჩარლი იძულებული შეიქნა, ფეხსაცმლის საცხის ფაბრიკაში ემუშავა.

ვისაც "დევიდ კოპერფილდი" წაუკითხავს, ამ რომანის მთავარი გმირის ამბავში ამოიკითხავდა დიკენსის ავტობიოგრაფიულ ეპიზოდებს: ისიც ავტორივით გახდა ჯერ ჟურნალისტი და მერე მწერალი, მასავით დაკარგა პირველი სიყვარული და დიდი ხნის შემდეგ შეხვდა მას, თუმცა, ცხოვრებაში კიდევ უფრო "მეტი" მოხდა - 40 წელს მიღწეულმა დიკენსმა ჩათვალა, რომ "ცოლი ვერ უგებდა" (ისე, როდის უნდა "გაეგო" - 15 წელიწადში ათი შვილი გაუჩინა) და კოლეგა-ჟურნალისტის 18 წლის ქალიშვილთან წავიდა, თუმცა, მასაც მალე დაშორდა; შემდეგ ახალგაზრდობის პირველმა სიყვარულმა შეახსენა თავი წერილით, დიდი სასიყვარულო მიმოწერაც გამართეს, მაგრამ პირველივე შეხვედრა უკანასკნელი აღმოჩნდა - იმდენად დიდი იყო იმედგაცრუება...

სამაგიეროდ, პირველი ნაწარმოების შექმნისთანავე (დიკენსი მაშინ მხოლოდ 24 წლის იყო) ინგლისელთა უსაყვარლესი მწერალი გახდა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამას მხოლოდ "ჰეფი ენდებით" ანდა "ძველი, კეთილი ინგლისის" ხოტბით მიაღწია - ის კრიტიკულიც იყო და არც ენამწარობას ერიდებოდა.

დიკენსი 1870 წელს, 58 წლისა გარდაიცვალა ინფარქტით - მდიდარი და საყოველთაო სიყვარულით გარემოცული.

სწორედ ხსენებული კრიტიკის ერთი ციტატით დავასრულოთ დღევანდელი წერილი, გამონათქვამით, რომელშიც ინგლისი რომ არ იყოს ნახსენები, კაცს დღევანდელ საქართველოზე თქმული ეგონებოდა:

"დღითი დღე მიძლიერდება უკვე არსებული რწმენა, რომ ჩვენი პოლიტიკური არისტოკრატია, ჩვენს პარაზიტ ელემენტებთან ერთად, კლავს ინგლისს. იმედის მცირე ნაპერწკალსაც ვერ ვხედავ. რაც შეეხება ხალხს, მან ისე მკვეთრად შეაქცია ზურგი პარლამენტსაც, მთავრობასაც და ორივეს მიმართ ისეთი გულგრილია, რომ ეს მდგომარეობა ძალიან მაშფოთებს".

საბედნიეროდ, დიკენსი შეცდა - ინგლისი ვერ "მოკლეს", ამიტომ ჩვენც იმედი ვიქონიოთ.