"რაიზა არ მიშვებ, შვილო, ვაგონში?" - იმერული "ბიზნესი"
08-09-2014
"რაიზა არ მიშვებ, შვილო, ვაგონში?" - იმერული "ბიზნესი"
"ქალები მატარებლებში ხაჭაპურის და "პონჩიკის" გაყიდვით ვარჩენდით ოჯახებს, მარა ახლა ხელი მოგვიჭირეს. მატარებელში სავაჭროდ ვერ ახვალ, თუ ბილეთი არ ეიღე. ბილეთი ქე ღირს სადგურიდან სადგურამდე ლარი"

ჩვენს მატარებლებში ზოგს ქუდი რომ შეუგდო, არ შევა. მართალიც იქნება, - ევროპაში "მფრინავი მატარებლები" დაქრიან, ჩვენ ზესტაფონის "მასტერავოის" ვერ გავცდით! მაგრამ ყვავს ხომ თავისი ბახალა უყვარს და, მეც ეს ჩემი გახრიგინებული "ელექტრიჩკები" მიყვარს  - წელმოწყვეტილი რომ მიბობღავს ხარაგაულის მთებში.

თვალს ვხუჭავ და თბილისიდან ოზურგეთამდე
9-საათიანი მატარებლის ბორბლების ხმაურს გულმოსული ვყვები: "როცა ჩავალ, ხომ ჩავალ, როცა ჩავალ, ხომ ჩავალ!" ამასობაში ქშენით ვტოვებთ ხარაგაულის სადგურს და ვაგონში ენერგიული შეძახილი იჭრება: "აბა, ხაჭაპური, ცხელი ხაჭაპური! გემრიელი  ხაჭაპური!" ამას ხაჭაპურის ისეთი სურნელი მოსდევს, მინდა-არ მინდა, თვალი უნდა გავახილო და ხაჭაპურის გამყიდველს შევხედო -
ისეთი ქალია, ოჯახზე თავგადამკვდარს რომ ეძახიან და ღონიერი მკლავებით მთელი დღე საქმეზეა გამოკიდებული.

- რამდენი ხაჭაპური გნებავთ, ქალბატონო? - მეკითხება სხარტად და სიტყვა არ მაქვს ნათქვამი, ხაჭაპურს ქათქათა ქაღალდში მიხვევს.
- თქვენ აცხობთ ამ ხაჭაპურებს?! - ვეკითხები, თან ფოტოს ვუღებ. ის გარს შემოხვეული მგზავრებიდან თავს ყოფს, - რაზე მეტყობა, რომ ხაჭაპურის გამოცხობა არ ვიცი? თანაც, შენ რად გინდა ჩემი სურათი, როცა მე აღარ მომწონს ჩემი თავი, გულმოსული მეუბნება, მერე ხელებს იფერთხავს, კალათს იღებს, მეზობელ ვაგონში გადის. ცოტა ხანში ბრუნდება, - ალმაცერად მიყურებს და ჩემ გვერდით ჯდება: - რატომ გადამიღე სურათი?
- არ ვიცი, მომეწონე. თუ არ დამიშლი, გაზეთში დავბეჭდავ, - აღარ მეგონა, თუ "ელექტრიჩკებში" ხაჭაპურს ისევ ყიდდნენ.
- ვყიდით, მაგრამ ვაი, ამ გაყიდვას. ზესტაფონიდან სამტრედიამდე ქალები მატარებლებში ხაჭაპურის და "პონჩიკის" გაყიდვით ვარჩენდით ოჯახებს, მარა ახლა ხელი მოგვიჭირეს..
- ეგ რას ნიშნავს?
- იმას, რომ მატარებელში სავაჭროდ ვერ ახვალ, თუ ბილეთი არ ეიღე. ბილეთი ქე ღირს სადგურიდან სადგურამდე ლარი. ჩვენ კი ასე სადგურ-სადგურ სიარულში ვართ მთელი დღე!

- თქვენ გაქვთ ბილეთი?
- აბა, არ მაქვს? ხარაგაულიდან ზესტაფონამდე. ახლა იქიდან რომ წამოვალ, კიდევ ერთი ლარი უნდა გადავიხადო. და ასე - ხუთი ელექტრიჩკა ჩამოივლის და - ყველაში!
მე კი ვიღებ ამ ბილეთებს, მარა ადამიანი მარტო ფუნთუშებს და "პონჩიკებს" რომ ყიდის, იმან ის ბილეთის ფასი რანაირად უნდა ამეიღოს?! - მკითხა ხაჭაპურის გამყიდველმა და ამასობაში ზესტაფონსაც მივუახლოვდით, E- ე, უყურე ახლა, ქალები რავა მოაცვივდნენ მატარებლის კარებს და არც ერთს არ შემოუშვებენ! - დამემშვიდობა და ცუხცუხით სადგურში ჩავიდა.

კარზე მომდგარ ქალბატონებს კი ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდათ, - ხან რის ყიდვას მეხვეწებოდნენ, ხან - რისას. ან რამდენი უნდა მეყიდა და სევდიანად შევბრუნდი ვაგონში, - განა რა უნდა მოიგოს რკინიგზამ ამათი აღებული ბილეთებით-მეთქი, რაზეც ვაგონში შემოსწრებულმა მატარებლის უფროსმა მიპასუხა, - სხვის საქმეში ნუ ერევიო.
მატარებელი კი სამტრედიისაკენ გაუყვა გზას. იქ ერთი საათი დაერჭო სადგურზე, სადაც გამცილებლები ხელზე მოვაჭრეებს იგერიებდნენ.

- რაიზა არ მიშვებ, შვილო, ვაგონში?
- დეიდა, მაგი ბრძანება მე არ დამიწერია! - პასუხობდნენ ისინი და  კიბეებს მთელი სხეულით ფარავდნენ. რადგან მატარებლიდან ჩასვლა მაინც არ იყო აკრძალული, სადგურზე ჩავედი და მოვაჭრეების ფოტოების გადაღება დავიწყე.
- როზა, მაგ ქალმა რომ სურათი გადაგიღო, გული მიგრძნობს, გაზეთში იქნები გამოშტიმული! - გააფრთხილა ერთმა მოვაჭრემ მეორე. დაძრულ მატარებელს შევახტი და გამცილებლებთან მებრძოლ მოვაჭრეებს ხელი დავუქნიე.…
როზამ კი უეცრად ჭილის ქუდიდან ამომხედა და დამადევნა, - კაის იზამ, შვილო, იქებ მთავრობას შევეცოდო და ვაგონში ამიშვას!

ამის შემდეგ ოზურგეთამდე ერთის ნაცვლად კიდევ 4 საათი ვიჩაქჩაქე და მარტო იმას ვნატრობდი, ნეტავ, როზა ბებოს მთავრობამ მიხედოს-მეთქი...
irma
13 ოქტომბერი 2014 18:37
ძალიან მიხარია ეს ფაქტი, რადგან მე ძალიან შევრცხვი ჩემს უცხოელ მეგობართან. სამტრედიაში ვიყიდეთ ხაჭაპური, და მსგავსი არაფერი გეჭამოთ, ლუკმა მოვკმინჩე თუ არა, მაშინვე გამოვართვი ჩემს მეგობარს ეს ხაჭაპური და ნაგავში გადავუძახე... მერე გავიგე რომ მოიწამლა ერთი გვერდით ვაგონში.
an
14 სექტემბერი 2014 11:54
სწორია, უნდა აიკრძალოს ეს ზუნტლიანი გამყიდველები და ანტისანიტარიაში დამზადებული, უამარავი ინფექციის გამავრცელებლი საკვებად უვარგისი "რამეების" გაყიდვა!
აკაკი
12 სექტემბერი 2014 13:10
ნანუცა,

თუ არ გინდა, არც იყიდი. სხვანაირადაც შეხედე სიტუაციას.

ჟურნალისტის საქმეს რაც შეეხება, თუ სტატია არ მოგწონს, ამჯერადაც, ნუ წაიკითხავ :)

რედაქტორის რჩევით