კაცია-ადამიანი?! - მალე ისევ "პალიტრაTV"-ზე - კვირის პალიტრა

კაცია-ადამიანი?! - მალე ისევ "პალიტრაTV"-ზე

"მაყურებელს ახალი სეზონიდან ძალიან ბევრი საინტერესო გადაცემა ელოდება"

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონზე სულ ცხრა გადაცემა გავიდა ეთერში, პოპულარობა მალევე მოიპოვა. სხვადასხვა სოციალურ თემაზე მომზადებულ თითოეულ გადაცემაზე, რომლის მთავარი თემა "პალიტრა თV"-ს ფარული კამერით გადაღებული ექსპერიმენტები იყო (მაგალითად, როგორ იქცევიან თბილისელები, როდესაც მათ თვალწინ ვინმეს ძარცვავენ და ა.შ.), საზოგადოება დიდხანს საუბრობდა.

"კაცია-ადამიანი?!" "პალიტრა TV"-სა და "რადიო პალიტრის" ეთერში, სექტემბერში დაბრუნდება. მეორე სეზონის დაწყებამდე "კვირის პალიტრა" გადაცემის წამყვანს ექიმ ლადო კახაძეს ესაუბრა.

პროექტი რომ წარმატებული აღმოჩნდა, ამას ჩანაწერების რეკორდული ნახვების რაოდენობაც ადასტურებს. როგორც ლადო კახაძე ამბობს, პროექტმა იმდენად გაამართლა, რომ სხვა ტელეკომპანიებმაც აიტაცეს "პალიტრა TV"-ს იდეა და მსგავსი გადაცემის გაკეთება გადაწყვიტეს.

ლადო კახაძე, გადაცემა "კაცია-ადამიანი?!"-ს წამყვანი:

- ბატონო ლადო, გასულ სეზონს როგორ შეაფასებთ?

- პირველ სეზონში 9 გადაცემა გავიდა ეთერში, ყველა მათგანი სხვადასხვა სოციალურ თემას დავუთმეთ. ძალიან ბევრ მტკივნეულ თემაზე ვილაპარაკეთ და იმედი გვაქვს, საზოგადოება რაღაცით გამოვაფხიზლეთ. თუ ვერაფერი ვასწავლეთ, იმედია, არ ვავნეთ მაინც.

ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანი იმ სუსტი ადგილების პრევენციაა, რომელიც საზოგადოებაში მრავლად არის. ვიმედოვნებთ, რომ უშედეგო არ აღმოჩნდება ჩვენი გარჯა. ახლა ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ პროექტი ნამდვილად შედგა.

ეს გადაცემა გათვლილია სხვადასხვა ასაკის მაყურებელზე. ის სოციალური თემები, რომელსაც ჩვენ ვაშუქებთ, ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. გადაცემის ფორმატი თავიდანვე განვსაზღვრეთ, მთავარ თემაზე ფარული კამერით გადაღებულ სხვადასხვა ვიდეოფირს, რომლითაც საზოგადოებაში ერთგვარ ექსპერიმენტს ვატარებთ, სტუდიაში მოწვეულ სტუმრებთან ერთად განვიხილავ. ჩვენც ისევე გვაწუხებს ეს პრობლემები, როგორც დანარჩენებს, ამიტომ გამოსავლის ძიებაში ვართ და თუ რაიმე რჩევის მიცემა შეგვიძლია ერთმანეთისთვის, არ ვზარდებით. მოდით, გავუზიაროთ ერთმანეთს გულისტკივილი, ერთად ვიზრუნოთ ამ პრობლემების მოგვარებაზე, შევეცადოთ მაინც.

ძალიან მსიამოვნებს, რომ ბოლო პერიოდში მასობრივად დაიწყო ინტერნეტში იმ ავტომობილების ფოტოების განთავსება, რომელთა მძღოლები ან მგზავრები ნაგავს პირდაპირ ქუჩაში ყრიან.

ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი გადაცემის თემა. დიდი იმედი მაქვს, რომ მათ თავიანთი საქციელის შერცხვებათ და მეორედ ქუჩაში ნაგავს აღარ გადაყრიან. ჩვენ სადამსჯელო ღონისძიებას არ ვატარებთ, უბრალოდ ვეხმარებით ადამიანებს, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ის ცუდი თვისებები, რისი გამოსწორებაც შესაძლებელია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ყველა ისე უნდა მოვექცეთ ჩვენს ქვეყანას, როგორც საკუთარ სახლს.

- სექტემბერში ახალ სეზონს იწყებთ, რაიმე სიახლე ხომ არ იგეგმება?

- ფორმატი  იგივე დარჩება. გადაცემის სტუმრად ისევ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები მეყოლება, მაყურებელი ისევ აქტიურად იქნება ჩართული გადაცემაში.

ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ:

თითოეული მაყურებელი ჩემი თანაწამყვანია, მათთან ერთად ვგეგმავთ ყოველ მომდევნო გადაცემას, უამრავ თემას გვთავაზობენ. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ საზოგადოება აქტიურად ჩართულიყო ამ ყოველივეში. მგონი, შევძელით.

ქებაში არ ჩამითვალოთ, მაგრამ გადაცემა

"კაცია ადამიანი?!" მოკლე დროში ისეთი პოპულარული გახდა, რომ ცოტა ხნის წინ გავიგე, ზოგიერთ ტელევიზიასაც გადაუწყვეტია მსგავსი გადაცემების გაკეთება, რასაც მივესალმები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ "კაცია ადამიანი?!" "პალიტრა TV"-ს ექსკლუზიური პროდუქტია და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელ შემოქმედებით გუნდს.

- ყველაზე ემოციური გადაცემა რომელი იყო?

- ბავშვისა და ძიძის თემა. როგორ ძალადობდა ძიძა ბავშვზე ერთ-ერთ პარკში უამრავი ადამიანის თვალწინ.

იცით, რაზე მწყდება გული? თითქმის ყველა ჩვენს ექსპერიმენტში საზოგადოების ზერელე დამოკიდებულება და გულგრილობა ჩანს სხვა ადამიანების მიმართ.

- სტუმრებს რის მიხედვით არჩევთ?

- როცა გადაცემას ვგეგმავთ და ვიცით, რა თემა უნდა გავაშუქოთ, სტუმრებს ამ თემის მიხედვით ვარჩევთ, ვცდილობთ, ყველა ასაკის ადამიანები იყვნენ ჩართულნი და მათ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან.

- ეთერში ისევ სოციალური თემებით დაბრუნდებით?

- რა თქმა უნდა. ისევ გავაგრძელებთ ექსპერიმენტების ჩატარებას. ძალიან ბევრი თემაა გასაშუქებელი და მაყურებელს ახალი სეზონიდან ძალიან ბევრი საინტერესო გადაცემა ელოდება.

ცოტაც და "კაცია-ადამიანი?!" ისევ ეთერში დაბრუნდება. ახალი თემებითა და სიახლეებით ყოველ ოთხშაბათს სტუმრებთან ერთად ლადო კახაძე ახალ თემებს გაარჩევს. "პალიტრა TV" განახლებულ სეზონს იწყებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი