"დედები ვენებს იხსნიდნენ და შვილებს საკუთარი სისხლით უკლავდნენ წყურვილს..." - სისხლიანი კალოდან გამოქცეულნი - კვირის პალიტრა

"დედები ვენებს იხსნიდნენ და შვილებს საკუთარი სისხლით უკლავდნენ წყურვილს..." - სისხლიანი კალოდან გამოქცეულნი

რას ჰყვებიან ერაყიდან საქართველოში გამოხიზნული ეზიდები

"ისლამისტები ბავშვებს შუაზე ჩეხდნენ, მშობლების თვალწინ თავებს აჭრიდნენ, გატაცებულ ქალებს და გოგონებს 5-10 დოლარად ყიდდნენ მოსულსა და ტელაფარში. ვინც სოფლებიდან გასვლა ვერ მოასწრო, ცოცხლად დამარხეს - ტრაქტორებით  მიწას თხრიდნენ და შიგ ცოცხლად ყრიდნენ."

აგვისტოს დასაწყისში რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა ერაყის ეზიდურ სოფლებში სისხლიანი კალო დაატრიალეს. ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს"“ მებრძოლები სიკვდილს გადარჩენილ ეზიდებს დევნიან, ქალებს და ბავშვებს აუპატიურებენ და ქალაქ მოსულის ბაზარში გროშებად ყიდიან. ექსტრემისტები ეზიდებს სარწმუნოების შეცვლას - ისლამის რჯულზე გადასვლას აიძულებენ, უარის შემთხვევაში, როგორც საქართველოში ჩამოსული ეზიდი ლტოლვილები  ამბობენ, "ცხვრებივით კლავენ".

ერაყიდან  საქართველოში გამოქცეული ეზიდები თბილისის გარეუბნებში დროებით თავშესაფარში ცხოვრობენ და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსგან დევნილის სტატუსის მინიჭებას ელოდებიან.

- ეზიდთა უმრავლესობა თურქეთში გაიხიზნა, 50-მა კაცმა კი საქართველოში არჩია ჩამოსვლა, რადგან ქრისტიანებს ისინი ძმებად თვლიან, - მიხსნის საქართველოს ეზიდთა სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს ხელმძღვანელი დიმიტრი ფირბარი, -  იმედი გვაქვს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო  მათ საქმეს დადებითად გადაწყვეტს. დევნილთა შორის არიან ბავშვები, ორსულები, ახალგაზრდები, რომელთაც კანონმდებლობით ეკუთვნით დახმარება და სანამ დევნილის სტატუსს მიანიჭებენ, მათ ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება - ქალაქის გარეუბნებში ვიქირავეთ რამდენიმე ბინა. ეს ადამიანები ერაყში რომ დაბრუნდნენ, მათ ფიზიკური განადგურება ემუქრებათ. მათ არა მარტო ტერორისტები, ქურთი და არაბი მოსახლეობაც დევნის. ჩვენი, აქაური ეზიდების წინაპრებიც 1914 წელს რელიგიური მოტივით გამოიქცნენ ერაყიდან და საქართველოსა და სომხეთს შეაფარეს თავი. ასი წლის შემდეგ ისტორია განმეორდა.  ბოლო მონაცემებით, საქართველოში 20 000-მდე ეთნიკური ეზიდი ცხოვრობს, - ამბობს დიმიტრი ფირბარი და ერაყელ ხიზნებს მაცნობს.

ქარზანი, 21 წლის: - ჩვენი ოჯახი ქალაქ დოჰუკის ახლოს, შარიაში ცხოვრობდა. წელს სტუდენტი გავხდი, მათემატიკოსობა მინდოდა, თუმცა... მოლები ქადაგებენ, - ყველა არამუსლიმი ურჯულო და ჩვენი მტერიაო. ხუთსულიანი ოჯახიდან მე, დედა და ერთი ძმა ჩამოვედით, მამა და უმცროსი ძმა მთებში გაიხიზნენ.  ტერორისტებმა ქალაქი მოსული  ივნისში აიღეს, სინჯარის მთების ეზიდურ სოფლებს 3 აგვისტოს შეუტიეს. მათ, ვინც უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე, დააჩოქეს და თავები დააჭრეს. მათ შორის იყვნენ სასულიერო პირებიც.

ისლამისტები ბავშვებს შუაზე ჩეხდნენ, მშობლების თვალწინ თავებს აჭრიდნენ, გატაცებულ ქალებს და გოგონებს 5-10 დოლარად ყიდდნენ მოსულსა და ტელაფარში. ვინც სოფლებიდან გასვლა ვერ მოასწრო, ცოცხლად დამარხეს - ტრაქტორებით  მიწას თხრიდნენ და შიგ ცოცხლად ყრიდნენ.

ბევრიც მდინარეში ჩაცხრილეს. სულ 10 000-მდე ეზიდია მოკლული, ათასობითაა გატაცებული. გამუსლიმანებულ ეზიდებს ტერორისტები აიძულებდნენ, მათთან ერთად დაეხოცათ თანამემამულეები. ვინც ამაზე უარი თქვა, ისინიც ჩახოცეს. ვინც გამოასწრო, 9 საათი იარა უდაბნოში,  ბევრი შიმშილით დაიხოცა, დედები ვენებს იხსნიდნენ და შვილებს საკუთარი სისხლით უკლავდნენ წყურვილს.

სირვანი, 21 წლის: - ქურთული ავტონომიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეზიდებს ქურთული შეიარაღებული ძალები დაიცავდნენ, მაგრამ როცა ტერორისტებმა შეტევა დაიწყეს, ხელისუფლებამ მათ უბრძოლველად ჩააბარა ჩვენი სოფლები. ისლამისტებმა წაბილწეს ჩვენი წმინდა ადგილები, სალოცავები. სინჯარში 120 ეზიდური სოფელი დაიცალა.  მუსლიმებს  ყველაფრის უფლება აქვთ, ჩვენ კი სიცოცხლის უფლებაც კი არ გვაქვს. სხვათა შორის, სადამ ჰუსეინის დროს გაცილებით უკეთ ვცხოვრობდით და ვგრძნობდით თავს.

- რატომ აირჩიეთ საქართველო?

- თავდაპირველად თურქეთში გვინდოდა წასვლა, მაგრამ საზღვარზე გადასვლა ვერ შევძელით.  ვინაიდან ერაყსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი იყო, აქ ჩამოსვლა გადავწყვიტეთ (ჩვენი სოფლიდან 15 კაცი ჩამოვედით). მეორეც, ვიცოდით, საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და საშიშროება არ გვემუქრება.

ქარზანი: - გული მწყდება, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეზიდების გენოციდზე ადეკვატური რეაგირება არ მოახდინა. ჩვენ არავინ დაგვიცვა, ყველამ მიგვატოვა - მთავრობამ, ევროკავშირმა, ნატომ, გაერომ... არადა, ამერიკის არეულია ერაყში სიტუაცია.

რამდენი დაიხოცა და მშიერ-მწყურვალი ხალხი დღესაც ქუჩაში ყრია, დაცლილი ეზიდური სოფლები რადიკალებმა დაიკავეს, ქალაქებში რეიდებია, მაგრამ ქურთული ჯარები მარტო ქურთებს იცავენ, ეზიდებს - არავინ.

ძნელია ყველაფრის თავიდან დაწყება, თანაც უცხო ქვეყანაში. ახლახან ჩამოვედი საქართველოში და რასაც ვხედავ, საქართველო მართლაც საოცრად თბილი ქვეყანაა.

შეურაცხყოფილები კლდიდან გადახტნენ

ერაყელი ეზიდი ქალები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს ჩაუცვივდნენ ხელში, მასობრივად იკლავენ თავს. ქურთულმა გამოცემამ, ღუდაწ -მა  გამოაქვეყნა სამი გოგონას ამბავი, რომლებიც ექსტრემისტებმა გაიტაცეს და გააუპატიურეს. მთაში, ქურთულ ბანაკში დაბრუნების შემდეგ თანამოძმეებს სთხოვეს, მოეკლათ, რაც ვერავინ შეძლო და ბოლოს სამივე კლდიდან გადახტა. ბრიტანული გამოცემის, Dაილყ Mაილ -ის ცნობით, ამ ეტაპზე "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებს ტყვედ ათასზე მეტი ქალი ჰყავთ. ერაყის მოვლენების თვითმხილველები აცხადებენ, რომ ექსტრემისტები ხოცავენ მამაკაცებს, ხოლო ახალგაზრდა ქალები თან მიჰყავთ. ორი კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ ერაყში ისლამისტებმა გაიტაცეს სამი ათასი გოგონა, ასობით ადამიანი კი, ვინც უარი თქვა ისლამის მიღებაზე, დახვრიტეს.

ერაყისა და სირიის დაპყრობილ ტერიტორიაზე ""ისლამურმა სახელმწიფომ"" "ისლამური ხალიფატი" ივნისის ბოლოს გამოაცხადა.

ხოდე - ღმერთი

ეზიდებს სწამთ ღმერთი "ხოდე". იგია სამყაროს კოსმოსური გონი და ყოველივეს შემოქმედი. სიტყვა ,,ხოდე" ქურთულად ღმერთს ნიშნავს. იგი წარმოდგენილია ზებუნებრივი სუბსტანციის სახით, რომლისგანაც მომდინარეობს ყოველივე - სიკეთეცა და ბოროტებაც. რელიგიის უმთავრესი კულტები - მზე, მთვარე და ცეცხლი შუმერის, ბაბილონისა და ასურეთის დროიდან იღებს სათავეს.

ეზიდიზმი არ აღიარებს მისიონერულ საქმიანობას და აღმსარებლებს რელიგიის გავრცელებას არ ავალდებულებს, რაც თავისთავად გამორიცხავს აგრესიას რელიგიურ ნიადაგზე და ეზიდთა კომპაქტურად ჩასახლება სხვა რომელიმე რელიგიისთვის სახიფათო არ არის.

ეზიდიზმს გარკვეული კავშირი აქვს სხვა კონფესიებთანაც: მაგალითად, იგი აღიარებს ადამს, როგორც პირველ ადამიანს, მაგრამ არ ცნობს ევას და თვლის, რომ ქურთი ერი ადამისა და ზეციური ანგელოზისგან წარმოდგა, ხოლო ევასაგან - მთელი დანარჩენი კაცობრიობა.

აგრეთვე საინტერესოა ლეგენდა იესო ქრისტეს შობის შესახებ, რომლის მიხედვითაც, აღმოსავლეთიდან იესოს სანახავად წამოსულ მოგვთა შორის ერთ-ერთი ვარსკვლავთმრიცხველი - ბალთაზარი, ქურთი იყო.

საინტერესოა ქურთული გადმოცემა ბაბილონის შესახებ. როგორც ვიცით, ისტორიული ბაბილონი, სავარაუდოდ, დღევანდელი ქურთისტანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ქურთებს სწამთ, რომ ეს ქალაქი მიწის ქვეშაა ჩამარხული. ამბობენ, რომ ქურთი შეიხებისთვის ცნობილია ეს ადგილი.

ნანა ფიცხელაური