SOS! - ორხევის მოსახლეობა შველას ითხოვს
15-09-2014
SOS! - ორხევის მოსახლეობა შველას ითხოვს
"იმათ, რომ ფული გააკეთონ, ჩვენ, მოსახლეობა, უნდა დავიხოცოთ?!"

ქარხნიდან ამომავალი უზარმაზარი კვამლის მასა თითქმის მთელ დასახლებაში ვრცელდება და აქ მცხოვრებთ წამლავს...


ამბავი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ირღვევა ქვეყანაში როგორც შიდა კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კონვენცია. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ეს ხდება ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე. 

ორხევის დასახლებაში ფეროშენადნობი ქარხნიდან ამომავალი უზარმაზარი კვამლის მასა თითქმის მთელ დასახლებას ედება. ქარხანა სამეწარმეო რეესტრში ჯერ კიდევ 2011 წელს დარეგისტრირდა,
თუმცა, აქტიური მუშაობა დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო.

ამ ხნის განმავლობაში კვამლმა აქ მცხოვრებთ ჯანმრთელობა შეურყია. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კანზე გამონაყარი, თავის ტკივილი იქ ჩვეულებრივი ამბავია.

22 წლის თორნიკე დარბაისელსაც შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა - რამდენიმე დღის წინ კანზე გამონაყარი გაუჩნდა. მის მსგავსად კანის დაავადებას კიდევ არაერთი
ორხევის მცხოვრები უჩივის.

თორნიკე დარბაისელი: - ამ კვამლისა და საშინელი სუნის გამო შეუძლებელია აქ გაჩერება, სუნთქვაც კი გვიჭირს. მოსახლეობაში გავრცელდა კანის დაავადებები, გახშირდა თავის ტკივილი, გულის დაავადებები. ამ ქარხნის მესვეურების ცინიკური დამოკიდებულება კიდევ სხვა საკითხია. არაერთხელ მოვითხოვეთ მფლობელებთან შეხვედრა, მაგრამ ვერაფერს გავხდით და რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვეს, რამდენჯერმე ქარხანაში შეჭრაც ვცადეთ. პასუხისმგებელი პირი ირონიულად გვპასუხობს: ვიცით, რომ გწამლავთ, მაგრამ როცა ქარხანას ვაწყობდით, წარმოდგენა არ გვქონდა, რომ აქ ამის აშენება არ შეიძლებოდა, ახლა ერთი დღე რომ გავაჩეროთ, 10 ათას ლარზე მეტს ვიზარალებთო. გამოდის, რომ არ იზარალონ და ფული გააკეთონ, ჩვენ, მოსახლეობა, უნდა დავიხოცოთ. ისინი მდიდრდებიან, ჩვენ კი მომწამვლელ გამონაბოლქვს ვსუნთქავთ და საშინელ სუნს ვიტანთ.

- თუ იცით, ქარხანას სპეციალური ფილტრები არ აქვს?

- დანამდვილებით ვიცი, არა აქვთ. როგორც ვიცი, ასეთი ფილტრები საქართველოში არ იშოვება, ძვირად ღირებულია, დაახლოებით მილიონი ჯდება მისი ჩამოტანა და დამონტაჟება. დაგვპირდნენ, ფილტრებს დავაყენებთო, მაგრამ პირობა დღემდე არ შეუსრულებიათ. მხოლოდ ორი ჩვეულებრივი გამწოვი მილი აქვთ დაყენებული. საშინელი გოგირდის სუნი ტრიალებს ირგვლივ. ნედლეულს რომ დაამუშავებენ, ნარჩენები პირდაპირ მინდორში მიედინება და იქ ორთქლდება.

ზოგს იქ საქონელი ჰყავს და წარმოიდგინეთ, გოგირდმჟავით გაჟღენთილ ბალახს რომ შეჭამს საქონელი, რა დაემართება. ხალხს ხეხილი გადაუხმა, იმდენად მავნე ზემოქმედება აქვს ამ ნივთიერებებს და ადამიანების ჯანმრთელობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

აგერ, მკლავზე ახლაც მაქვს გამონაყარი, ასეთივე გამონაყარი აქვს არაერთ აქაურ მოსახლეს... თხოვნით მივმართავთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ამ ქარხნის საქმიანობა ჩვენს დასახლებაში ან გამოუყონ ალტერნატიული ფართი, სადაც დაცული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.

ქარხნის ტერიტორიიდან 150-200 მეტრში საჯარო სკოლაა, აქვეა დევნილთა დასახლებაც, სადაც დაახლოებით 60 ოჯახი ცხოვრობს... თქვენი თვალით შეგიძლიათ ნახოთ მიმდებარე ტერიტორიაზე გადამხმარი ხეები. როგორ შეიძლება ასეთი ქარხანა იყოს სკოლასთან ახლოს, სადაც უამრავი ბავშვი სწავლობს?! აქ არის ეკლესია, საბავშვო ბაღი, მუსიკალური სკოლა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც, დაუშვებელია ასეთი საწარმოს ფუნქციონირება დასახლებული პუნქტიდან 2 კილომეტრის რადიუსში, არათუ რამდენიმე მეტრში".
ქეთევან ხახუბია, #156-ე საჯარო სკოლის დირექტორი: "ქარხანამ მუშაობა უნდა შეწყვიტოს. ის ძალიან ახლოს არის სკოლასთან, სადაც 670 ბავშვი სწავლობს. რა თქმა უნდა, მივესალმებით მრეწველობის განვითარებას, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ახალგაზრდა თაობის ან თუნდაც ასაკოვანი ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე.  მომწამვლელი გამონაბოლქვი საკმაოდ შორს ვრცელდება. ამის გამო რამდენიმე მოსახლეს უკვე ძლიერ შეერყა ჯანმრთელობა".
ქარხანა სამეწარმეო რეესტრში შპს GEORGIAN METAL-ის სახელით 2011 წლის 10 თებერვალს დარეგისტრირდა. რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ კომპანიას სამი მეწილე ჰყავს: ანა ჭულუხაძე (10%), მაია კერესელიძე (60%) და გიორგი ქველაძე (30%). ჩვენ დავუკავშირდით კომპანიის წარმომადგენლებს, რომელთაც განმარტეს, რომ გარემოსდაცვით მოთხოვნებს ქარხანა აკმაყოფილებს, თუმცა, უახლოეს მომავალში გამწმენდი ფილტრების დაყენებას მაინც გეგმავს.  

"გარემოსდაცვითი "ყველა ნორმა  დაცულია, დგას სპეციალური ფილტრები, თუმცა, კიდევ დავამატებთ გამწმენდ ფილტრებს და კვამლი მოსახლეობას აღარ შეაწუხებს. სხვათა შორის, ამ უბანში ტყავის ქარხანა და სხვა საწარმოებიც მუშაობენ. მოსახლეობა თუ მიიჩნევს, რომ ბიზნესმა არ უნდა იმუშაოს, ეს სხვა საკითხია... 60 კაცია ჩვენთან დასაქმებული. გარემოს დაცვის ინსპექციამ შეადგინა აქტი და რაც გამოსასწორებელი იყო, გამოვასწორეთ. ჩვენ არაფერს ვაბინძურებთ, მომწამვლელი ნივთიერებები ჩვენი ქარხნიდან არ ვრცელდება და უკანონოსაც არაფერს ვაკეთებთ, ყველა შესაბამისი უწყების" ნებართვა გვაქვს".

როგორც დავადგინეთ, შპს GEORGIAN METAL-ი გამწმენდი მოწყობილობების უქონლობის გამო გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ორჯერ დააჯარიმა. უწყების ცნობით, საწარმოზე დაკვირვება ამჟამადაც მიმდინარეობს.

ვახო ბერიძე
ana
23 სექტემბერი 2014 04:45
ექსპრეზიდენტის დროს აშენდა ეს ქარხანა.და რატქმაუნდა ნებარტვებიც ისე როგორც ბერ სხვა რამეზე ფულიტ გაკეტდა. საქარტველოს ქონდა ერტი ფეროშენადნობი ქარხანა საკმაოდ დიდი ზესტაფონში,რომელიც გააპარტახეს.იმისატვის მიეხედატ წესიერად და უკეტესი იქნებოდა. ისე გასარკვევია მფლობელები ტუ ერკვევიან საერტოდ ფეროშენადნობ ქარხნის მნიშვნელობაში?? მატ ალბატ დიდი ფულის მოპოვება აინტერესებს,მოსახლეობა და ბუნებრივი რესურსები ტუ განადგურდება მერე რა მატტვის მტავრია ფული,ყველა უწყობს ხელს..მატ ხომ არ ექმნებატ ამიტ პრობლემები,სხვა ჯანდაბაში წასულა..ასე ფიქრობენ და შედეგიც ესაა.. ხალხმა კიარ უნდა დაუცადოს როდის იყიდიან მილიონიან ფილტრებს,არამედ უნდა მიმარტონ სტრასბურგის სასამარტლოს,ადამიანის უფლებების დარღვევისატვის..აქ სამარტლის ძებნას აზრი არ აქვს ,რადგან ერტი ჯაჭვიტ არიან გადაბმულნი,და ხომ ვერ გაწყვეტენ ერტ ერტ რგოლს?
სანჩო ინდიკოს-ძე როდრიგესი
21 სექტემბერი 2014 22:11
მართლაც არის ორხევში ეს რაღაცნაირი სუნი.ის კიარა აეროპორტის დასახლებამდეც ჩამოდის ეს სუნი დილის საათებში.ავტობუსით როცა გაივლი ორხევს,ეს სუნი სალონში შემოდის.ადრე ხალხი ერთმანეთს უყურებდა(ვინ გააფუჭა ჰაერიო?):)ახლა არ უყურებენ(ერთმანეთს)თუ არ ვცდები,კონსტიტუციით ადამიანებს აქვთ სიცოცხლის უფლება.მაინცდამაინც ურემი უნდა გადაბრუნდეს, გზა რომ გამოჩნდეს?სამწუხაროდ,ველოდები ურმის გადაბრუნებას.სხვანაირად ამას არაფერი ეშველება..
ზესტაფონზე რაღა ვთქვა.ფერო-ეს ბედია.. :)
ბოლო დროს ორხევის გზაზე ვიღაც პატიოსანი კაცი ქვებს ალაგებს ხეებთან ჯვარის სახედ.პირველი რომ შემხვდა,პირჯვარი გადავიწერე.ვიფიქრე-ალბათ ავარიის სამწუხარო ადგილია-თქვა.მერე მეორე,მესამე,მეათე და ა.შ. ..ეეე ამდენი ავარია შეუძლებელია-თქვა და დავანებე თავი. :)
---
20 სექტემბერი 2014 23:27
კი არ უნდა დაეჯარიმებინათ,ექს-პრეზიდენტის ქონებას რომ აყადაღებენ, მაგას ეს ქარხანა გაეჩერებინათ,და მერე ნახავდით დააყენებდნენ პილტრებს თუ არა.

რედაქტორის რჩევით