"თურქული ვნება" - ყველაზე რეიტინგული ბრაზილიური სერიალი მალე პალიტრა TV-ზე
15-09-2014
"თურქული ვნება" - ყველაზე რეიტინგული ბრაზილიური სერიალი მალე პალიტრა TV-ზე
"სერიალის მთავარი გმირების თავგადასავალი რეალურია"

კადრები - ფერადი, მოქმედების ადგილი თურქეთი და ბრაზილია... ვნება, სიყვარული, ღალატი, ტრეფიკინგი, მაფია და რეალური გმირების ამბები... ეს ყველაფერი 140 საათშია ჩატეული... 2014 წლის ყველაზე რეიტინგული და მაღალბიუჯეტიანი ბრაზილიური სერიალი, "თურქული ვნება", "პალიტრა TV"-ს მაყურებელს ოქტომბრიდან აუშლის ქართულ ვნებას.

"თურქული ვნება" მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებულად იმიტომ ითვლება, რომ სცენარის ავტორია გლორია პერესი. საქართველოში იცნობენ მისი სცენარებით გადაღებულ ლეგენდარულ სერიალებს - "კლონი" და "გზა ინდოეთისკენ". ორივე
მათგანმა ქართულ ტელეარხებზე თავის დროზე ყველანაირი რეიტინგი მოხსნა. ამასთან, "თურქულ ვნებაში" თამაშობენ მსახიობები, რომელთა უმეტესობას ქართველი მაყურებელი უკვე იცნობს...   
მოქმედება ბრაზილიასა და ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში ვითარდება. სასიყვარულო ინტრიგებისა და დრამის პარალელურად წარმოჩენილია მძაფრი სოციალური პრობლემა, ტრეფიკინგი - ადამიანებით ვაჭრობა.

ინგა დადიანი, "პალიტრა TV"-ის
დირექტორი:
"სერიალის მთავარი გმირების თავგადასავალი რეალურია. სცენარის ავტორი გლორია პერესი ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროში ეცნობოდა რეალურ ამბებს. ცხადია, რეალურ ფაქტებთან გლორია პერესს დამატებული აქვს გამოგონილი ამბებიც".    

მოქმედება ჩვენს დროში ხდება. ოჯახის სარჩენად ბრაზილიელი გოგონა კონტრაქტით თურქეთში მიემგზავრება სამოდელო სააგენტოში სამუშაოდ. თუმცა იქ სხვა რეალობა დახვდება - ულამაზესი ბრაზილიელი აუქციონზე აღმოჩნდება, სადაც ადამიანებით ვაჭრობენ - გოგონა ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება. აქედან იწყება ამბავი, რომელიც იმდენად დინამიკურია, რომ შეუძლებელია მაყურებელი გულგრილი დარჩეს...
სერიალის მთავარ გმირებს განასახიერებენ ნანდა კოსტა და როდრიგო ლომბარდი. ნანდა კოსტა ქართველი მაყურებლისთვის ახალი სახეა, როდრიგო ლომბარდი კი ცნობილი. ეს მსახიობი კარგა ხანია ყველაზე სექსუალურ ბრაზილიელ მამაკაცად ითვლება. გამოკითხულ გათხოვილ ბრაზილიელ ქალბატონთა 70% მზად არის, მეუღლეს როდრიგო ლომბარდთან უღალატოს. 

ასე რომ, ოქტომბრიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ქართველი ტელე-სერიალების მოყვარულებს "პალიტრა TV"-ის ეთერში 140 დაუვიწყარი სერია ელოდება.

თორნიკე ყაჯრიშვილი
giga
19 სექტემბერი 2014 23:29
დიდი მადლობა, როგორც იქნა დადგა ნანატრი ლათინური სერილი ამდენი "თურქობის" შემდეგ თანაც ბრაზილიური მაგარია

რედაქტორის რჩევით