მანქანის "უკანალზე" მიმაგრებული ამბიციები
15-09-2017
მანქანის "უკანალზე" მიმაგრებული ამბიციები
ოთხი ასოთი და სამი ციფრით "დაშიფრულ-გაშიფრული" რებუსით საცობში მდგარი კარგად გაერთობით

ქართველების კრეატიულ აზროვნებასა და ფანტაზიას საზღვარი არა აქვს...

ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის  დროს "ბლატნოი" ნომერი რომ აგეღო, ნაცნობი უნდა მოგეძებნა, ვიღაცისთვის ქრთამი უნდა ჩაგეჯიბა... და საკუთარ "ამბიციას" მანქანის "უკანალზე" მიამაგრებდი. წინა ხელისუფლებამ ეს ამბიცია "გააპრავა" და ქართველებს მისცა შესაძლებლობა, ოფიციალური გადასახადის საფასურად "ბლატნოი" ნომრები აეღოთ. ხელისუფლებამ სწორად გათვალა, რადგან კარგად იცნობდა ქართველი კაცის ხასიათს და ბიუჯეტის შევსების სავსებით ლეგალური
გზა გამოძებნა. ასე გაჩნდა ქვეყანაში 10. 000-ლარიანი ნომრებით მოსიარულე ავტოები - 5, 7, 69, მამიდა, ლომაია,  ალიბი, გიორგი, მაია... შედარებით ხელმოკლე ადამიანებისთვის - 250, 500, თუ 1.000-ლარიანი ნომრებიც არსებობდა - GIO-100, ANA-100 IKA-777 და სხვ.

2014 წლის პირველი სექტემბრიდან შემოსული ახალი სანომრე ნიშნები კრეატივისთვის გაცილებით
მეტ შესაძლებლობას იძლევა. აქვს ამას ერთი პლუსი - ვისაც ბავშვობაში რებუსების ამოხსნა გიყვარდათ, მოგეცათ ლხენა! დადგა დრო, გაიხსენოთ ძველი ჩვევა და ახალ სანომრე ნიშნებზე ოთხი ასოთი და სამი ციფრით "დაშიფრული" რებუსი ამოხსნათ და საცობში მდგარი გაერთოთ. თუმცა, რაღა დაშიფრული! უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით - "გაშიფრული", რადგან ქართული პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, ახალი სანომრე ნიშნის მფლობელები თავის ამბიციებს თვალნათლივ აფიქსირებენ.

სანომრე ნიშანი - LO-777-MI,  BO-777-SI  ან ME-777-FE რას გეუბნებათ? ფრთხილად! მანქანის მფლობელი არის მბრძანებელი და მასთან ჭიდილი ფუჭია...

ახალი სანომრე ნიშანი ავტომფლობელის პროფესიის, სამოღვაწეო სფეროს, წარმომავლობისა თუ ცხოვრებისეული პრიორიტეტების შესახებაც იძლევა ინფორმაციას.

ასე, მაგალითად:  BE-777-RI; IL-020-ET სავარაუდოდ, საეკლესიო პირების ავტოებია,  AM-111-IN - ტერმინი საეკლესიოა, მაგრამ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, ტაქსია და მას შუახნის მამაკაცი მართავს.
LO-001-TI - კაი მსმელი, პურისმჭამელი ქართველი ვაჟკაცის ნომერია;  JI-111-MA - საჭესთან მეგრელია! SE-001-XI და SE-001-XY - საჭესთან თვით სექსსიმბოლოა!

მაგრამ ვიდრე ასეთი კრეატიული ნომრის მფლობელი გახდებით, მანამდე იცით, რა უნდა გამოიაროთ? რა და - დილით ადრე უნდა ადგეთ, რიგი დაიკავოთ, ოფლი იდინოთ, გვერდები დაგილურჯონ, ნერვები დაგაწყვიტონ, რამდენიმე საათი დაკარგოთ, ფეხზე დაგაბიჯონ, "გუჩის" ფეხსაცმელი გაგიფუჭონ, უნდა იყვიროთ, საკუთარი რიგი და უფლებები დაიცვათ...

ეს ყველაფერი შსს-ს მომსახურების სააგენტოში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ძველ ნომრებს 2020 წლამდე აქვს ვადა, ახალი ნომრის ასაღებად მაინც უზარმაზარი რიგია. ჰო, მართლა, სანამ ამბიციური ქართველების გრძელ რიგს შეუერთდებით, მანამდე სააგენტოს საიტზე ნომერი თუ არ დაჯავშნეთ, საუკეთესო გაყიდული დაგხვდებათ!
რუსთავში, მომსახურების სააგენტოში, სამუშაო საათების დაწყებამდე მივედი. მანქანის ნომრისთვის არ მივსულვარ, სიტუაციის დაზვერვა მინდოდა.

დაკეტილ კართან უკვე გრძელი რიგი დამხვდა, რომელიც თურმე, დილის 6 საათიდან დგება.
- მანქანას განბაჟება უწევდა, თორემ ამხელა რიგში ჩავდგებოდი? - ოხვრით იწმენდს ოფლს ხნიერი მამაკაცი.
- უკაცრავად, ფასიან ნომრებზე ცალკე რიგია? - იკითხა გამხდარმა გოგონამ.
- კი, რამდენლარიანი ნომერი გინდათ? - ჰკითხა "მხვნეშარემ".
- 500-ლარიანი.
- ჰო, 500-ლარიანებში პირველი იქნებით...
ყველას გაეცინა...
როგორც იქნა, გოგონა გაერკვა სიტუაციაში და გაბუტული ჩადგა საერთო რიგში. კართან ახლოს მდგომნი შედარებით მშვიდად იყვნენ, კარს ჩაბღაუჭებულნი - უფრო მშვიდად.

"წინ ნუ მიდიხართ"; "ყველის რიგში კი არ ვდგავართ, ჩვენც ნომერი გვინდა"; "ნომერი არ დამიჯავშნავს და ნეტა შემხვდება?"; "გაიწიე, ქალბატონო, ნუ მეხუტები"; "ნომრები ყველას გვეყოფა?" - გაისმოდა.
როგორც იქნა, გაიღო "აღთქმული სამოთხის" მბრუნავი კარი. იხუვლა ხალხმა... კარი იჭედებოდა, რადგან მბრუნავი კარის 4 განყოფილებაში ერთბაშად 10-12 კაცი შეეკვეხა. ძლივს გამოაცალკევა დაცვის თანამშრომელმა, - სათითაოდ შემოდით, ერთმანეთს არაფერი მოსწიოთო.

მიუხედავად იმისა, რომ სანომრე ნიშნების გაცემაზე უამრავი ოპერატორი მუშაობს, თითოეულ მათგანთან ზედახორა შეიქნა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, დილის 6 საათზე მისულები 12 საათისთვის "ნადავლით" ხელდამშვენებული გამოდიოდნენ, კმაყოფილებსა და ბედნიერებს უკვე დავიწყებული ჰქონდათ, რა ჯოჯოხეთი გამოიარეს...

სააგენტოდან წამოსულმა, გზაზე "რებუსების" ამოხსნა გავაგრძელე. გარდა იმისა, რომ ავტომფლობელთა უმეტესობას საკუთარი სახელი აქვს ნომერზე გამოსახული (BE-777-QA; DA-001-TO; MA-555-KA), ისეთ უცნაურ ნომერსაც შეხვდებით, რომლის პატრონის ჩანაფიქრსაც ძნელად თუ ჩასწვდებით. მაგალითად:  MG-777-EL და იმავე ცხოველის სახელი ინგლისურად - WO-777-LF. კარგი, ბატონო, მგელი - მგლად, მაგრამ ME-001-LA რატომ აიღო ამ "მერსედესის" პატრონმა, გაუგებარია...

მიდიან ერთმანეთის მიყოლებით - GK-020-NI; GI-007-JI; BR-777-AT; DO-888-NE; FU-111-CK...
ქართველებს არც პოლიტიკური ამბიცია გვავიწყდება და მანქანაზე მიკრული სანომრე ნიშნით - NA-555-CI და QO-041-CI, საკუთარ ორიენტაციას (პოლიტიკურს, რა თქმა უნდა) შეგვიძლია გავუსვათ ხაზი. გადავამოწმე, ორივე ნომერი თავისუფალია და თითოეულის ღირებულება 250 ლარია. 





აქაურებს არც უცხოეთში მყოფი ქართველები ჩამოუვარდებიან... ამბიცია ამბიციაა, სამშობლოშიც და საზღვრებს გარეთაც...


უცხოეთში ცხოვრება ხომ ადამიანის ხასიათს ვერ ცვლის? ჰოდა, დადის ამერიკაში გრუზინ და ტამადა და თავის პატივმოყვარეობას იქ იკმაყოფილებს...



C2-H5-OH (სპირტის ფორმულა) კი უკრაინაში მცხოვრებ ქართველს ეკუთვნის, თურმე...
მკითხველი ნუ იფიქრებს, რომ ეს ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მაღიზიანებს ან მაბრაზებს, რადგან ცოდვა გამხელილი ჯობს და თავის დროზე მეც გადავიხადე ზედმეტი თანხა, ჩემს საყვარელ ავტომობილზე ჩემი გვარის აფიშირებისთვის...

ასეთ კრეატივს თავისი კარგი მხარეც აქვს... მაგალითად, ზოგიერთი სიტუაცია სითბოთი და სიყვარულით გავსებს: როცა გვერდიგვერდ მდგარ შავ და ვერცხლისფერ ავტომობილებს შეხედავ -  BE-700-BO  და  BA-700-BU ნომრებით, შეუძლებელია, გული არ აგიჩუყდეს...
თანაც რამხელა ინფორმაციას იტევს?! სულ ცოტა შერლოკ ჰოლმსის დედუქციური მეთოდი და... ავტომობილების მფლობელების შესახებ ბევრი რამ იცი - ისინი ცოლ-ქმარია (ალბათ, არც ისე ახალგაზრდა), რომელთა უპირველესი საზრუნავი პატარა შვილიშვილია და თავის მთავარ ფუნქციად ბებია-ბაბუობა აქვთ მიჩნეული... 

რამდენიმე კრეატიული იდეა მათთვის, ვისაც ახალი ნომრის აღება უნდა: NI-008-NA (ნირვანა); ME-110-AN (მე ასათიანი ვარ); KE-008-DI (კერვადი - იოლად რომ "იკერება"); GA-020-DI (გაოცდი); GM-001-ME (ღმერთი - მე)... მოკლედ, "რვიანს" და "ოციანს" მიაწექით, კომბინაციისთვის გაცილებით მეტ საშუალებას იძლევა.
დაბოლოს, მინდა, ეს სტატია მუხრან მაჭავარიანის ცნობილი ლექსით დავასრულო (გადაკეთებულით):

გამოიარა დრეზდენის გული,
გამოიარა ბრისტოლის გული,
გამოიარა ტოკიოს გული
და დღეს კამიძუს ნაქონი "მაზდით",
და დღეს ადოლფის ნაქონი "ფორდით",
და დღეს ჯოშუას ნაქონი "ბენტლით"
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:
GI-007-GA, LE-888-LA, MA-555-RI,
LO-001-TI, DO-888-NE, VA-007-JA,
GI-777-VI...
და იარონ! იარონ!
იარონ!  AM-111-IN!!


ჰოი, რა უსაზღვროა შენი ფანტაზია, ქართველო! პირდაპირ  MA-020-EB!

მარი ჯაფარიძე

მიშკა
27 აპრილი 2018 10:57
უკვე ძველი ანეგდოტია, მარა მაინც... რა კარგია ეს ახალი ნომრები, ნახევარი ქალაქი გავიცანიო))
temo
26 აპრილი 2018 21:50
ეს ნომრები დასუფთავების მანქანებს დაურიგეთ ან თუნდაც სასწრაფოებს, რა აზრისა ხართ?
ხოხ.
26 აპრილი 2018 12:37
დონე მაშინ იქნებოდა,ახალთახალი მანქანა რომ ყოფილიყო, დონე კი არა ბანძი უნდა მიგეწერა.

რედაქტორის რჩევით