კამიკაძე ქვეითები - კვირის პალიტრა

კამიკაძე ქვეითები

"ბავშვი პატარაობიდანვე ეჩვევა, რომ ქუჩაზე გადარბენა ჩვეულებრივი ამბავია"

"თუ განათლების სისტემაში არ ჩავდეთ საგზაო მოძრაობის წესები, ყოველ წელს მოგვიწევს სამწუხარო შედეგების დაფიქსირება"

"ბევრ ქვეყანაში ვიმოგზაურე, მაგრამ ასეთი რამ მარტო საქართველოში ხდება. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც ყოველთვის გადატვირთულია მოძრაობა, ქვეითები მანქანის სავალ ნაწილზე აუღელვებლად გადადიან, ქმნიან საავარიო სიტუაციას, საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და მძღოლებს, რომლებიც ხშირად უდანაშაულოები არიან, მაგრამ მაინც მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა... ყოველი ასეთი რისკი შესაძლოა სიცოცხლის უკანასკნელი წამები აღმოჩნდეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე არავინ ფიქრობს..." - ეს გახლავთ ბრიტანელი მაიკლის დღიურის ამონარიდი. სამი თვეა, ის ჩვენი სტუმარია და უკვე მოასწრო ქართული "დაუწერელი" წეს-კანონების შესწავლა. მაიკლმა უკვე ისიც კარგად იცის, რომ მიწისქვეშა გადასასვლელებს, ხიდებსა და "ზებრებს" ჩვენთან სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამბობს, ქართველი ქვეითები კამიკაძეები არიანო...

სამწუხაროა, მაგრამ ბრიტანელ სტუმარს უნდა დავეთანხმო... რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა ქალბატონმა, გულში ჩახუტებულ ჩვილთან ერთად რუსთაველზე ისე გადაირბინა, რომ იქვე მდგარი პატრულიც კი სახტად დატოვა. საავარიო სიტუაციის შექმნისთვის მძღოლების სიგნალით გაღიზიანებულმა ქალბატონმა კი იქით დაუწყო მათ ლანძღვა... სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები წარამარა ხდება ქალაქის თითქმის ყველა უბანში. ხიდი იქვეა, მაგრამ ქართველებს მაინც ქუჩის გადაკვეთა ურჩევნიათ, ალბათ, დროის მოსაგებად (თუმცა, ეს გამამართლებელი არგუმენტი ნამდვილად არ არის).

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე ამბობს, თუ საგზაო მოძრაობის წესები სასკოლო პროგრამაში არ ჩაიდება, ტრაგედიების რაოდენობა არ შემცირდება.

შალვა ოგბაიძე: - შსს-ს სტატისტიკური მონაცემები გვაძლევს იმ სურათს, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ავარიების მატებაში მხოლოდ მძღოლის ან ქვეითის დადანაშაულება ძნელია. ეს არის აღზრდისა და უხარისხო განათლების ბრალი. ხშირად დედებს ისე გადაჰყავთ ბავშვები ქუჩაზე, რომ ტელეფონს არ იცილებენ ყურიდან და არც გზას უყურებენ. აი, სწორედ აქედან იწყება პრობლემა. ის ბავშვი პატარაობიდანვე ეჩვევა, რომ ქუჩაზე გადარბენა ჩვეულებრივი ამბავია. წინა მთავრობა, მოსახლეობის გულის მოსაგებად, გარკვეულ რეგულაციებს აუქმებდა. მაგალითად, არ შეიძლება მართვის მოწმობის ზედმეტად გამარტივებული ფორმით აღება, მათ შორის 17 წლის ბავშვებისთვის. ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთ მიზანს - ლოიალურად განეწყო ამომრჩეველი უახლოესი არჩევნებისთვის. ასევე ერიდებოდა ქვეითების დაჯარიმებას, რათა არ გაენაწყენებინა ისინი... ჩვენი საზოგადოება რატომღაც არ სწყალობს მიწისქვეშა გადასასვლელებს. ზოგიერთ შემთხვევაში ვერც გავამტყუნებთ. მაგალითად, კოსტავას ქუჩაზე, ზოოპარკთან არსებული მიწისქვეშა გადასასვლელი უფრო ასოციალური ადამიანების თავშეყრის ადგილია და იქ ნორმალური ადამიანი ვერ ჩავა. გარდა ამისა, მიწისქვეშა გადასასვლელების ნახევარი, გადაქცეულია საშაურმეებად და საცხობებად, სადაც ხშირად ანტისანიტარიაა.

ერთი სიტყვით, თუ არ მოწესრიგდა მიწისქვეშა გადასასვლელები თუ ხიდები (ამ უკანასკნელით სარგებლობაც გარკვეულ პრობლემას ქმნის), ამასთან, თუ განათლების სისტემაში არ ჩავდეთ საგზაო მოძრაობის წესები, ყოველ წელს მოგვიწევს სამწუხარო შედეგების დაფიქსირება...

ჩვენ მიერ გამოკითხული რამდენიმე რესპონდენტისგან ზოგი ფიქრობს, რომ მთავარი პრობლემა მძღოლია და არა ფეხით მოსიარულე, ზოგი კი - პირიქით. ხშირ შემთხვევაში მძღოლსაც და ქვეითსაც თავისი სიმართლე აქვთ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები კი არცთუ იშვიათად ფატალურად მთავრდება. და მაინც, ვინ არის დამნაშავე?! ამ კითხვაზე პასუხი მძღოლმაც და ქვეითმაც საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ...

სავალალო სტატისტიკა

შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2013-2014 წლებში 1090 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა ("პრობლემურ მონაკვეთებზე"). დაიღუპა 157, დაშავდა 1953 პირი... 2014 წლის 6 თვეში 567 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას დაიღუპა - 70 და დაშავდა 1006.

2014 წ. (იანვარი-ივნისი) საქართველოში გამოვლენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეობების პროცენტული მაჩვენებელი ("პრობლემურ მონაკვეთებზე")

თორნიკე ყაჯრიშვილი