ვინ კითხულობს მგლის თავზე სახარებას?.. - კვირის პალიტრა

ვინ კითხულობს მგლის თავზე სახარებას?..

რამდენიმე დღის წინ  მგლებმა  საქართველოს მოსახლეობას კვლავ შეახსენეს თავი. ამჯერად კოჯორში დილის 11 სთ-ზე ცხენი და კვიცი დაგლიჯეს. კოჯრელები დაშინდნენ. ამბობენ,  მგლები ისე გათამამდნენ, სოფელში არხეინად დასეირნობენ და საღამოობით გარეთ გასვლა შეუძლებელი გახდაო. დამსვენებლებმაც  კოჯორი უკანმოუხედავად დატოვეს.

მგლების პრობლემა საქართველოს კარგა ხანია დაუდგა. 15 წელია საქართველოში მგლების მოშენებაზე საგანგებოდ ზრუნავენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ათასობით ლარს ხარჯავენ მათი ვაქცინაციისთვის. ამ მტაცებლებზე ზრუნვა არც მთავრობას "ავიწყდება", - მგლისთვის უბატონოდ ხმის გაცემა კანონით ისჯება და 400-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. თუ მგელი მოკალი და მერე სათანადო ორგანოში ვერ დაამტკიცე, რომ მოკვლა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს არ იყო გადაცილებული,  ჯარიმა გარანტირებული გაქვს. ეს კანონი პარლამენტმა რამდენიმე წლის წინ საგანგებოდ მიიღო. მართალია, მას შემდეგ  მგლებმა მოსახლეობა არაერთხელ ააწიოკეს, მაგრამ,  ეტყობა, სანამ მგლები პარლამენტს ყმუილით არ მიადგებიან, ამ საქმეს არავინ მიხედავს. მართალია, მოსახლეობა დაჟინებით ამტკიცებს, კოჯორში მოსეირნე მგლები არაერთხელ ვნახეთო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში  სხვა ინფორმაცია აქვთ:

სოსო ქარცივაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალისტი: - არაორგანიზებულმა ნაგავსაყრელებმა ასეთ ადგილებში მგლების კონცენტრირებას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, საქართველოში ჩლიქოსნების ნაკლებობაა. ბრაკონიერობაც  დიდხანს დაუსჯელი იყო და ამან ახლა იჩინა თავი. მგელი საკვების მოსაძებნად ტყიდან გამოვიდა.

- კანონი მგლის მოკვლისთვის 400-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მოქალაქეს მისი მოკვლის უფლება მანამდე არა აქვს, სანამ მგელი შინ არ შეუვარდება. ეს ნორმალურად გეჩვენებათ?

- თუ მგელი ნათესებსა და შინაურ ცხოველებს ანადგურებს, მის მოსაკლავად ნებართვა არ არის საჭირო. მგლის მოკვლის ამბავი მოქალაქემ შესაბამის სამსახურს უნდა შეატყობინოს. თუ მგელი შემაწუხებელი გახდა, მაშინ მოსახლეობამ ადგილობრივ გამგეობას უნდა მიმართოს. შედგება ექსპერტთა ჯგუფი და თუ ექსპერტები დაადასტურებენ, რომ ამ ტერიტორიაზე მგელი მართლაც არის,  სამინისტრო გასცემს ნებართვას განსაზღვრული რაოდენობის განადგურებაზე.

- რამდენად ხანგრძლივია ექსპერტიზის პროცედურა?

- განსაკუთრებულ პროცედურებს არ მოითხოვს. ორი ექსპერტი იპოვის და შეაფასებს ნაკვალევს. ჩვენ  ხელშეკრულება რამდენიმე რაიონის გამგეობასთან გვაქვს გაფორმებული. ბევრი თვითონ ანადგურებს  მგლებს.

- მგლები ლამის თბილისამდე ჩამოვიდნენ. რამდენიმე დღის წინ კოჯორში კვიცი და ცხენი დაგლიჯეს.

- ჩვენ სხვა  ინფორმაცია გვაქვს. ის კვიცი და ცხენი მგელმა ტყეში შეჭამა და არა თვითონ კოჯორში(!). ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კოჯორში საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის.

- რატომ ვიცავთ ასე გამალებით მგლებს, ადამიანების სიცოცხლე  განა უფრო ძვირფასი არ არის?

- ჩვენ ადამიანის სიკვდილიანობასთან დაკავშირებულ ფაქტებს არ ვიცნობთ(?!).

- მაშინ გეტყვით, რომ 2005 წელს სოფელ გუგუთიანთკარში მგელმა ორი - 10 და 12 წლის ბავშვი დაგლიჯა, ერთ-ერთი გარდაიცვალა...

- გადავამოწმებ... მგლების მასობრივად ხოცვას, როგორც მონადირეების ერთი ნაწილი ითხოვს, ვერ დავეთანხმები. ბევრიც მათ კრემირებას ითხოვს. მგლების ამოწყვეტა არ შეიძლება, რადგან მისი ადგილი შეიძლება გაველურებულმა ძაღლმა  დაიკავოს და მერწმუნეთ, ეს უფრო სახიფათოა. ალბათ, გახსოვთ ცოტა ხნის წინ გლდანში ატეხილი პანიკა, - ქალაქში მგელი გამოჩნდაო. არადა ექსპერტიზით დადგინდა, რომ ის მგელი კი არა, გაველურებული ძაღლი იყო...

...ვისაც მგლებისგან დაგლეჯილ-გარდაცვლილი მოქალაქეების ამბავი არ ახსოვს ან არ იცის (არადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ეს უნდა იცოდნენ), შევახსენებთ ბადაგაძეების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას:

2005 წლის ზაფხულში 12 წლის გიორგი ბადაგაძემ უსაფრთხოების მიზნით, მასზე უმცროსი ბიჭები ხეზე შესვა და ის-ის იყო, თვითონაც უნდა ასულიყო, რომ დაინახა, საზიდარში შებმულ ვირს როგორ ჩაურბინა მოწითალო მგელმა. შეეცოდა ბიჭს ვირი და ხეზე ასვლა გადაიფიქრა, ჯერ ვირს ავხსნი და მერე მეც ავალო. ის იყო, უნდა გამოეხსნა საზიდრიდან, რომ ამ დროს ეძგერა მგელი და სახე დაუკბინა. გიორგი ხელებით იგერიებდა გაავებულ მხეცს. ათი წლის ბაჩომ მეგობარი რომ განსაცდელში დაინახა, დასახმარებლად ხიდან ჩამოხტა(!) და მგელს კუდში ხელი წაავლო. ახლა მას მიუბრუნდა მტაცებელი და ერთიანად დაკბინა. ბავშვებმა ძლივს მოახერხეს მისი უკუგდება. მერე უმოწყალოდ დაგლეჯილებმა კილომეტრ-ნახევარი ფეხით გაიარეს და  სოფელს რის ვაი-ვაგლახით მიაღწიეს. ორივეს ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ გიორგის ისე ჰქონდა თავ-პირი დაფლეთილი, რომ ექიმები სახის ნაწილებს ეძებდნენ და აკოწიწებდნენ.  გიორგის  გადარჩენა ვერ შეძლეს(!).

ოთარ ლომთაძე, მონადირე, მონკავშირის  ფაუნის დაცვის სექციის ყოფილი ხელმძღვანელი: - მგლის არც ხორცი იჭმება და არც ტყავი უქნია ღმერთს. საქართველოში მგლის მოკვლისთვის ოდესღაც ჯილდოც ჰქონდათ დაწესებული. ინგლისმა ეს ნადირი მე-16 საუკუნეში მოსპო, შოტლანდიაში უკანასკნელი მგელი 1743 წელს მოკლეს, გერმანიამ კი 1940 წელს გაწყვიტა. მგლის რიცხოვნობის მინიმუმამდე დაყვანამ ევროპას საშუალება მისცა, შეემცირებინა ზარალი მეცხოველეობაში. რომ გაიძახიან, მგელი სანიტარიაო, 1974 წელს ზოოლოგმა ალექსი არაბულმა ბორჯომის ნაკრძალში კვლევა ჩაატარა. ერთ უბანზე აღრიცხული 27 ფურირმიდან ოცდაორს ნუკრი არ ჰყავდა. ამას ჰქვია სანიტრობა?

- მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მგლის განადგურება დაუშვებელია, "ბუნების სანიტარია" და მისი გაწყვეტა დიდ პრობლემებს შექმნისო.

- ვინც მას ბუნების სანიტარს უწოდებს, მგონი, კარგად ვერ არის ან საერთოდ ვერ ერკვევა ამ საკითხში. მგელს საქართველოში (სპეციფიკური რელიეფის გამო) ერთიანად ვერასოდეს გაანადგურებ. მგლებზე რომ ზრუნავენ, თუ აღნუსხა ვინმემ, რამდენი პირუტყვი შეჭამა მგელმა და რა ზარალი მიაყენა ქვეყანას? მგელი იმითაც არის ვერაგი, რომ მარტო იმდენს კი არ კლავს, რამდენიც შესაჭმელად უნდა, რასაც წასწვდება, ყველას ანადგურებს. ამ საკითხზე აუცილებლად უნდა იზრუნოს მთავრობამ. კომპეტენტურ ხალხს უნდა მოუსმინოს და არა ისეთებს, მგელი ზოოპარკის გარდა რომ არსად უნახავთ.

P.S. საქართველოში ეს ბოლო 5-6 წელია მგლები ძალიან მომრავლდნენ. ბევრი ამას ჩრდილო კავკასიაში მუდმივ ომს უკავშირებს, ზოგი დაბეჯითებით  ამტკიცებს, მგლის ბარად ჩამოსვლა ტყის გაკაფვისა და გამეჩხრების ბრალიაო. ასეა თუ ისე, ფაქტია, -  "ტყის სანიტარმა" აშკარად გადაამეტა თავის "უფლებამოსილებას"!