გუდრონში ჩავარდნილი ლეკვი სასწაულებრივად გადარჩა
15-09-2014
გუდრონში ჩავარდნილი ლეკვი სასწაულებრივად გადარჩა
ფათერაკიანმა მეტისმა  31-ე ქარხნის გუდრონის ავზში "ბანაობა" მოინდომა

ლეკვი, რომელიც  გუდრონში ამოვლებული იპოვეს, სასწაულებრივად გადარჩა.
ფათერაკიან 3 თვის მეტისს პატრონი ჯერჯერობით არა, მაგრამ გულშემატკივარი ბევრი ჰყავს.
გავრცელებული ინფორმაციით, 10 სექტემბერს შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტს მოქალაქე მიხეილ პეტრიაშვილი დაუკავშირდა.

მისი შეტყობინების მიხედვით, ლეკვი 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე გუდრონის ავზში  იყო ჩავარდნილი. სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულად იმოქმედეს და ლეკვი თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში დროულად გადაიყვანეს, სადაც  მორიგე ექიმ-ვეტერინარმა, იოსებ ბოჭორიშვილმა, ლეკვის
გადარჩენა მოახერხა. "კვირის პალიტრა" იოსებ ბოჭორიშვილს ესაუბრა:


- ლეკვი დილით მოიყვანეს თავშესაფარში. მისი მდგომარეობა  საკმაოდ  მძიმე იყო - გუდრონით იყო სულ დასვრილი, მოძრაობა უჭირდა, ფაქტობრივად,  გაქვავებული იყო. დაახლოებით 2 საათის განმავლობაში  ვწმენდდი. მიხარია, რომ მისი გადარჩენა მოხერხდა.

- ნამდვილად სასწაულია, რომ  ლეკვი გადარჩა...

- საბედნიეროდ,
გუდრონი ცხელი არ იყო, თორემ მთლიანად დაწვავდა. მხოლოდ მზისგან იყო გამთბარი. როგორც ჩანს, ლეკვმა გაიარა და ჩაეფლო. როცა ამოსვლა სცადა, უფრო და უფრო მეტი გუდრონი მიეკრა, რომელიც შემდეგ გახმა და ლეკვიც "გაქვავდა". საბედნიეროდ, ის მალე შენიშნა 31-ე ქარხნის თანამშრომელმა. ინფორმაციის მიღებისთანავე,  შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ოპერატიულად იმოქმედეს და  საერთო ძალისხმევით ეს ფათერაკიანი მეტისი გადავარჩინეთ. გუდრონი უფრო ცხელი რომ ყოფილიყო, ერთიანად გატყავდებოდა.

- გამორიცხულია, რომ ის ავზში ვინმეს ჩაეგდო?
- ეს მეც ვიკითხე. 31-ე ქარხნის თანამშრომლებმა თქვეს, რომ გუდრონის ავზები დახურული ბაზის ტერიტორიაზეა, სადაც უცხო პირებს შესვლა ეკრძალებათ.  როგორც ჩანს, ლეკვმა მოინდომა იქ გასეირნება.

- მას თავშესაფარში მოხვედრის შემდეგ ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს. პატრონმა არ მოაკითხა?

- როგორც ვიცი, ლეკვს პატრონი არ ჰყოლია. მოქალაქე პეტრიაშვილი (რომელმაც ის გუდრონის ავზში აღმოაჩინა) დაგვპირდა, რომ ლეკვს აუცილებლად მოინახულებს.

- ახლა როგორია მისი მდგომარეობა?
- ახლა ნორმალურად  არის, საჭმელს ჭამს, მაგრამ დაშინებულია, სტრესი აქვს, იმედია ცოტა ხანში უკეთ იქნება.


lia...
20 სექტემბერი 2014 07:19
ღმერთმა დაგილოცოს მარჯვენა და გაბედნიეროს, ექიმო!
liza
19 სექტემბერი 2014 17:32
ეს იმხელა მადლია ვინც ამ ლეკვის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა მხოლოდ ის კი არა მისი შთამომავლობა იქნება დალოცვილი
elen
16 სექტემბერი 2014 15:43
ძალიან კეთილი საქმეა საწყალი ცუგას გადარჩენა ღმერთმა ამრავლოს ასეთი ადამიანები

რედაქტორის რჩევით