უნიკალური აღმოჩენა! - კვირის პალიტრა

უნიკალური აღმოჩენა!

ქვაზე ამოკვეთილი წარწერა და ტაძარი, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იყო ცნობილი...

"იქაურებს რატომღაც ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ყველა წარწერისა და ორნამენტის ქვეშ ოქრო იმალება"

ცოტა ხნის წინ ქართველმა მკვლევრებმა ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე რამდენიმე უნიკალური ძეგლი აღმოაჩინეს. ამჯერად მკითხველის ყურადღებას მხოლოდ ორზე გავამახვილებთ. "კვირის პალიტრა" ექსპედიციის ერთ-ერთ წევრს ესაუბრა.

რამდენიმე წელია, ლევან წიქარიშვილი იმ ჯგუფის წევრია, რომელიც საკუთარი ხარჯითა და ენთუზიაზმით საქართველოს ისტორიულ ტერიტორიებს იკვლევს. ჯგუფს პროფესორი თემურ ხუციშვილი ხელმძღვანელობს. მის სახელთან არის დაკავშირებული ტაო-კლარჯეთში სამონასტრო კომპლექს შატბერდის აღმოჩენა (შატბერდის მონასტრად წლების განმავლობაში ენი-რაბათს მოიხსენიებენ. 2003 წელს თემურ ხუციშვილის ექსპედიციამ შAეძლო შატბერდის მონასტრის იდენტიფიცირება. ასე დაიბადა შატბერდის სამონასტრო კომპლექსი საუკუნეების შემდეგ თავიდან).

ლევან წიქარიშვილი: - პროექტის ფარგლებში, წელიწადში დაახლოებით ორი თვე თურქეთის ტერიტორიაზე გვიწევს მუშაობა - იქ საკმაოდ დიდი საექსპედიციო სამუშაოებია ჩასატარებელი.

- 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყეთ პროექტის განხორციელება. ამ ხნის განმავლობაში რა შედეგები გაქვთ?

- ამ ექსპედიციის ფარგლებში მოვინახულეთ 200-მდე სოფელი. იმ ტერიტორიაზე, სადაც კვლევებს ვაწარმოებთ, აღმოვაჩინეთ დაახლოებით 50-მდე სრულიად უცნობი ძეგლი. კონკრეტული ადგილების შესახებ ვფლობთ საკმაოდ ბევრ ინფორმაციას, თუკი რამე დაწერილა ამ ადგილებზე, ბოტანიკოსების ჩანაწერებიც კი გვაქვს.  დამუშავებული გვაქვს აბსოლუტურად ყველა ძველი რუკა, რომელიც ხშირ შემთხვევაში რაღაც მინიშნებებს იძლევა. გარდა ამისა, წესად გვექცა ყველა სოფელში შესვლა და ადგილობრივებისგან ინფორმაციების მოპოვება. ამან დიდი შედეგი გამოიღო და თითოეულ სოფელში, არათუ ერთ, არამედ ორ და სამ აქამდე უცნობ ეკლესიას ვნახულობთ. რა თქმა უნდა, იმ ტაძრების უმრავლესობა ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ ზოგადად მნიშვნელოვან სურათს ქმნის ამა თუ იმ კონკრეტულ რეგიონში ქართული ძეგლების რაოდენობაზე.

- ერთი წლის განმავლობაში 50-მდე აღმოჩენა საკმაოდ კარგი შედეგია...

- დიახ. ამ 50-მდე ძეგლში შედის როგორც ტაძრები, ციხეები, ასევე მეგალითური ნაგებობები. კვლევისას აღმოჩენილია 9 უცნობი წარწერა, მათ შორის ერთ-ერთი დავით კურაპალატის სააღმშენებლო მინაწერია. წარწერა ზოგადად ძალზე მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით იმის გამო, რომ დავით კურაპალატის მოხსენიება არტაანის რეგიონში სხვაგან არ შეგვხვედრია.

- ეს წარწერა კერძოდ რომელ სოფელში იპოვეთ?

- არტაანიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოფელ კუნძულუტში. ამ სოფლის მკვიდრს ეს ქვა სახლის წინ უდევს. ამავე სოფელში დავაფიქსირეთ რამდენიმე ეკლესია და ორი მეგალითური ციხე. იქაურებს რატომღაც ისეთი წარმოდგენა აქვთ, რომ ყველა წარწერისა და ორნამენტის ქვეშ ოქრო იმალება. ყველა ასეთ ქვასა თუ ნივთს საგულდაგულოდ ინახავენ.

- ქვაზე რა იკითხება?

- ეს არის ორსტრიქონიანი წარწერა, სადაც არის მოხსენიებული დავით  კურაპალატი. ქვა, სავარაუდოდ, იმავე სოფლის ეკლესიის კედლიდან არის. ამჯერად მისი კვლევა მიმდინარეობს. ზუსტად რა წერია მასზე, ცოტა ხანში გახდება ცნობილი.

სინდისგომის ტაძარი

კიდევ ერთი უნიკალური აღმოჩენა, რომელიც ამ კვლევის ფარგლებში გაკეთდა, სოფელ სინდისგომში აღმოჩენილი ტაძარია.

ლევან წიქარიშვილი: - ახალაღმოჩენილი ტაძარი არტაანის რაიონშია. სოფლის ისტორიული სახელწოდება გახლავთ სინდისგომი. ამ სოფლიდან დაახლოებით სამ კილომეტრში მდებარეობს ეკლესიის ნანგრევები. ტაძარი საკმაოდ მასშტაბურია. შემორჩენილი კედლების სიმაღლე 3-4 მეტრია. მისი არქიტექტურული სტილიც განსხვავებულია და ასეთი დაგეგმარების ტაძრებიც იშვიათია. ნანგრევების ქვემოთ, სავარაუდოდ, სამარხები უნდა იყოს, რასაც შემდგომი კვლევა გვაჩვენებს.

- ნამდვილად ტაძარია? რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?

- კარგად ჩანს საკურთხეველი, ასევე სადიაკვნოს ადგილი. აქვს გვერდითა მინაშენები, მთლიანად ჩანს ტაძრის გეგმა. აქამდე ამ ძეგლის შესახებ არაფერი იყო ცნობილი ქართველებისთვის. ჯერჯერობით უცნობია ტაძრის მშენებლობის თარიღი. ამასაც კვლევები დაადგენს.

- ამ ტაძარს როგორ მიაგენით?

- სოფელ სინდისგორის ერთ-ერთი მკვიდრის დახმარებით მივედით მასთან.  ადგილობრივები ამ ადგილს ციხედ მოიხსენიებდნენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ ექსკლუზიური ვიდეომასალა ტაო-კლარჯეთიდან palitratv.ge-ზე