ქალაქში მოხეტიალე ბედნიერება გამოჩნდა - კვირის პალიტრა

ქალაქში მოხეტიალე ბედნიერება გამოჩნდა

თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

თბილისში დიდი კულტურული მოვლენის მოწმენი ვართ - 20 სექტემბერს გაიხსნა თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და 1-ლი ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს ყველაზე გემოვნებიან, დახვეწილ და ინტელექტუალურ მაყურებელს.

ფესტივალის ორგანიზატორების მისასალმებელ სიტყვაში ბევრი საგულისხმო რამ არის ნათქვამი: "წელს ფესტივალი უკვე მეექვსე გამოწვევას გვთავაზობს, მეექვსე გზას გადის, მეექვსე გამოცდას. ფესტივალის დასრულების მერე მის ისტორიას თქვენ გააგრძელებთ უკვე შემდეგ ფესტივალამდე, მეხსიერებას შემორჩება ტექსტები, მიზანსცენები ხმაური, მუსიკა, მსახიობების სახეები, ფერები - თეატრის მაგიური ძალა. და აი, რა - გვსურდა, მეხსიერებას აუცილებლად გაჰყოლოდა განსაკუთრებული გრძნობა, რომელიც ადამიანებს გვაერთიანებს - ბედნიერებისკენ ლტოლვის მძაფრი სურვილი, რომლის განახლება მუდმივი პროცესია და თეატრს, ხელოვნებას ყველაზე მეტად შეუძლია...

დღეს, ნეგატიური მოვლენების სამყაროში, განახლებული იმედი და ლტოლვა ბედნიერებისკენ არის სწორედ ის რეალობა, რომელსაც უნდა გავყვეთ"...

ფესტივალის გუნდი, დირექტორის, ეკატერინე მაზმიშვილის ხელმძღვანელობით, ცდილობდა ნეგატიურით სავსე სამყაროში თეატრს ჩვენი ცხოვრების რუკაზე ბედნიერების მაჩვენებელი აღენიშნა.

ფესტივალის სტუმარია "უხილავი ჯგუფი" და კომპანია "იმედი და ერთად ყოფნა" - დიდი ბრიტანეთიდან, რომელმაც სპექტაკლის წარდგენამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო მუშაობა მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ფოიეში, სადაც თბილისური ბედნიერების ამბებს ისმენს და რუკაზეც აღნიშნავს, ჩვენი ქალაქის რომელ ნაწილში ვინ და რითი იყო ბედნიერი.

რუკისკენ თვალი გამექცა, დავინახე მტკვარი და მის მარცხენა სანაპიროზე ერთად თავმოყრილი ძალიან ბევრი გამჭვირვალე ღერძი: ეს ნიშნები ჩვენი თანამოქალაქეების მონაყოლი ამბების შემდეგ გაჩნდა რუკაზე. მსახიობთა გუნდი სწორედ მათზე დაყრდნობით შექმნის ახალ ამბავს - ქალაქ თბილისში მოხეტიალე ბედნიერების ახალ თავგადასავალს. ამ სპექტაკლს "მოიტანე ბედნიერება!" ჰქვია და აუცილებლად გაამართლებს თავის სახელს 23, 24 და 25 სექტემბერს კახა ბაკურაძის "მოძრაობის თეატრში"...

წინ არის ზეიმი... თუ შევთანხმდებით, რომ თეატრი ერთგვარი საურთიერთობო ენაა, ის, რასაც ამ ენით გვეუბნებიან, შეიძლება სამი სიტყვითაც გადმოვცეთ - "რეალობის ნატიფი გრძნობა"...

ასეთი განაცხადი 20-21სექტემბერს უკვე გააკეთა ტაივანის ცეკვის თეატრმა "ღრუბლების კარიბჭემ" - საქართველოს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "რუსთავთან" ერთად სასწაულებრივი წუთები აჩუქა მაყურებელს. მისი წარმოდგენა, "მოხეტიალეთა სიმღერები", ანშლაგით წარიმართა და გაამართლა ის შეფასება, რომელიც აქამდე გვსმენოდა: "ღრუბლების კარიბჭის" დამაარსებელს და სამხატვრო ხელმძღვანელ ლინ ჰვაი-მინს უილიამ ფორსაიტს, ჯორჯ ბალანჩინსა და ბირგიტ კულბერგს ადარებენ.

"ღრუბლების კარიბჭე" უძველესი ჩინური ცეკვის სახელია. 1973 წელს ლინ ჰვაი-მინმა ეს სახელი ჩინურად მოლაპარაკე საზოგადოებაში პირველ თანამედროვე ცეკვის კომპანიას მიანიჭა. თუმცა ეროვნული კუთვნილება არ შეიძლება ბარიერი იყოს, თუკი ადამიანის სულის გაშიშვლება გინდა. არსებობს სული, რომელიც ტაივანელისთვისაც და ქართველისთვისაც ერთია... ამისი დასტური ჩვენი სულიერი საგანძურის - ანსამბლ "რუსთავის" სიმღერებისა და მათი ქორეოგრაფიის შერწყმა გახლდათ.

ამ კულტურათა ერთიანობის გაცხადებით დაიწყო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და, იმედია, თითოეულ ჩვენგანს განაცდევინებს ბედნიერებას.

ფესტივალი წარმოგიდგენთ:

23, 24 და 25 სექტემბერს კახა ბაკურაძის "მოძრაობის თეატრში" გაიმართება სპექტაკლი "მოიტანე ბედნიერება!".

26 სექტემბერს ფილიპ ჰოხმაირის (გერმანია) სპექტაკლი "ამერიკა" კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში იქნება წარმოდგენილი.

27 სექტემბერს სამეფო უბნის თეატრში თეატრი "თხის სიმღერა" (პოლონეთი) წარმოადგენს სპექტაკლს "ლირის სიმღერები".

28 სექტემბერს ოსკარის კორშენოვასის ვილნიუსის საქალაქო თეატრი (ლიტვა) წარმოადგენს სპექტაკლს "კრეპის უკანასკნელი ფირი" - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

29 სექტემბერს მაყურებელი ნახავს ხალხთა სახელმწიფო თეატრის (რუსეთი) სპექტაკლს "შუკშინის მოთხრობები" - კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში.

30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს "სლავას თოვლის შოუ" (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი) ალ. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში წარმოადგენს სპექტაკლს "სლავას თოვლის შოუ".

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პროგრამა NEW-საც წარუდგენს მაყურებელს: კომპანია Satellit production-ის (გერმანია) სპექტაკლი "თანამებრძოლები", ქუჩის წარმოდგენა, შოუ დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ივან ფრანკოს ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრის (უკრაინა) სპექტაკლი "კვიტკა ბედიაკი", კლაიპედის თეატრი-სასახლის (ლიტვა) - "სათამაშო პისტოლეტი", ქალაქ ლაპერნრანტას თეატრის (ფინეთი) - "სევდიანი სიმღერები ევროპის გულიდან"...