ვინ ამოუქოლა სკოლის ეზოს კარი უნარშეზღუდულ ბავშვებს - კვირის პალიტრა

ვინ ამოუქოლა სკოლის ეზოს კარი უნარშეზღუდულ ბავშვებს

თბილისის უნარშეზღუდულ ბავშვთა სკოლას, რომელიც მურმან ლებანიძის (ყოფილი ბორჯომის) ქუჩაზე  მდებარეობს, ეზოს კარი ამოუქოლეს. სკოლის წარმომადგენლები და ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ ეს ადგილობრივებმა გააკეთეს.

მარინა შოსტაკი (სკოლის დირექტორი): - მოსახლეობამ თვითნებურად შეადუღა კარი და ბავშვებს სკოლაში მისასვლელი ალტერნატიული გზა მოუსპო. ისინი ერთადერთ მიზეზს ასახელებდნენ - მათ არ სურდათ უნარშეზღუდული ბავშვების დანახვა. ერთმა ისიც კი თქვა, ჩვენი ფანჯრები ეზოს გადაჰყურებს და არ გვინდა, მათ ვხედავდეთო.

- ასე პირდაპირ თქვეს?

- დიახ. ამის გამო ძალიან ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც.  პოლიციის გამოძახებაც კი გახდა საჭირო, მაგრამ არაფერი შეცვლილა. პოლიციამ რამდენჯერმე გახსნა ეს კარი, მოსახლეობამ კი ისევ შეადუღა. ბევრი ბავშვია აქ, ვისაც გადაადგილება უჭირს. ამ კარის ამოქოლვით მათ ძალიან დიდი პრობლემა შეუქმნეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩვენი სკოლის აღსაზრდელებთან ურთიერთობა არ სურთ, რომ ქალაქში საერთოდ არ უნდა იყოს ეს სკოლა, სადმე ქალაქგარეთ, ტყეში განთავსება ჯობია, რადგან თვალისგან უფრო მოფარებული იქნებაო... ეს კარი არ არის მთავარი შესასვლელი, დამატებითი კარია, თუმცა ეს აუცილებელია, რადგან შესაძლოა, ექსტრემალურ სიტუაციაში გახდეს საჭირო, თანაც კანონში წერია, რომ ორი კარი აუცილებელია...

ადგილობრივები კამათის დროს უშვერი სიტყვებით გვლანძღავდნენ, ჩვენც დაპირისპირებას ვერიდებოდით, რათა კონფლიქტი კიდევ უფრო არ გამწვავებულიყო. სხვათა შორის, ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობს გამგეობის თანამშრომელი, რომელიც საქმის კურსშია, თუმცა არაფერს აკეთებს, ვითომ არ იცის, რა ხდება. ცოტა ხნის წინ ჩვენთან დიდუბის გამგებელი იყო და პრობლემების მოგვარებას დაგვპირდა.

თამარ ქალდანი (მშობელი): - ამ ბავშვების უმეტესობა ვერ დადის. მშობლები ცდილობენ, ბავშვებმა გაკვეთილზე არ დააგვიანონ და ხშირად ბავშვების ხელში აყვანაც კი ხდება საჭირო. თუ მამები მოიყვანენ მანქანით, გასაჩერებელ ადგილს იმდენ ხანს ეძებენ, ბავშვებს გაკვეთილზე აგვიანდებათ. კარის შედუღება იყო მოსახლეობის თვითნებური გადაწყვეტილება. თურმე წუხდებოდნენ უნარშეზღუდული ბავშვების ყურებით, არ მოსწონდათ, რომ სკოლის თანამშრომლები კორპუსის ეზოში აჩერებდნენ მანქანებს (არადა, უზარმაზარი ეზო აქვთ). ახლა სპეციალურად აჩერებენ მანქანებს ეზოს შესასვლელში, რომ სხვამ იქ მანქანა ვერ შეიყვანოს.

- ვიცი, რომ აპირებთ, ყველა შესაბამისი სტრუქტურა ჩააყენოთ საქმის კურსში და დაიცვათ თქვენი უფლებები...

- დიახ, გადავწყვიტეთ, ყველა შესაბამისი სამსახური ჩავაყენოთ საქმის კურსში, რათა ჩვენი უფლებები დავიცვათ. სხვათა შორის, როდესაც ამ კარს ადუღებდნენ, პატრულიც ჰყოლიათ გამოძახებული, მაგრამ როგორც ხედავთ, ამას შედეგი არ მოჰყოლია. ჩვენ ერთადერთ რამეს ვითხოვთ: შესასვლელი გაგვიხსნან! სხვა პრეტენზია მოსახლეობასთან არ გვაქვს. ეს ბავშვები საშიში არ არიან, ამ პატარებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. მოსახლეობის ასეთი საქციელი განვითარების დაბალი დონის მაჩვენებელია. როდესაც თანაგრძნობის გამოჩენა არ შეგიძლია, მით უფრო - უნარშეზღუდული ბავშვების მიმართ, ეს დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია.

კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- ეს კარი დიდი ხანია, ასეა დალუქული. ახლა ამბობენ, ვითომ იმიტომ შეადუღეს, რომ ბორჯომის ქუჩიდან ამ კარით ბევრი უცხო შემოდიოდა კორპუსის ეზოში და ხშირად იყო ჩხუბი და დაპირისპირება, მაგრამ ასე არ არის. ვიღაცები მართლაც შემოდიოდნენ, მაგრამ მთავარი მიზეზი ეს არ იყო. აქ მცხოვრებთ არ მოსწონდათ, მათი ეზოს გავლით უნარშეზღუდული ბავშვები რომ დადიოდნენ. მართლაც ყველას გული გვიკვდებოდა, მათ რომ ვხედავდით. ჩვენ კი მოვარიდებდით თვალს, მაგრამ ჩვენი შვილები და შვილიშვილები ხომ ვერ აარიდებენ თვალს და ისინიც ცოდონი არიან. ვთხოვეთ სკოლის დირექციას, რომ ეს კარი გაგვეუქმებინა, მაგრამ უარი გვითხრეს, ამიტომ იძულებული გავხდით, ასე მოვქცეულიყავით. გიმეორებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ საცოდაობაა ამ პატარების ყურება და მეტის ატანა აღარ შეგვეძლო - ჩვენც ხომ ადამიანები ვართ(?!).

ეზოდან წამოსულს ერთი მშობელი დამემგზავრა - ცერებრული დამბლით დაავადებული ულამაზესი გოგონა მოჰყავდა. ულამაზესი სახე მხოლოდ სიკეთეს ასხივებდა. მეთამაშა და რაღაცები მიამბო კიდეც. დედამ მითხრა, რომ ძალიან უყვარს უცხოებთან ურთიერთობა.  ვუყურებდი მას და ვფიქრობდი: რატომ გავხდით ადამიანები ასეთი უგულოები?!

ლადო გოგოლაძე