"ოსკარზე" გამარჯვებას ბევრი ფული განსაზღვრავს" - კვირის პალიტრა

"ოსკარზე" გამარჯვებას ბევრი ფული განსაზღვრავს"

"ოსკარამდე" გზა არანაკლებ რთულია, ვიდრე დღეს ქართველისთვის აფხაზეთამდე"

წარმატების რა შანსი აქვს "მანდარინებს?"

ჯერჯერობით უცნობია, რომელ ფილმებს წარადგენენ 2015 წლის„"ოსკარის" დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც მომავალი წლის 22 თებერვალს გაიმართება. უცხოენოვანი საუკეთესო ფილმის ნომინაციაში მოხვედრის შანსი აქვს ქართულ-ესტონურ კინოპროდუქციას, რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმს "მანდარინები", რომელმაც დღემდე გამართულ 18 საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო პრიზები მოიპოვა, მათ შორის - სან-ფრანცისკოს ფესტივალზე საუკეთესო ფილმების სამეულშიც დასახელდა. სულ ახლახან კი ყაზახეთში გამართულ კინოფესტივალზე საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში "მანდარინების" ოთხივე მთავარი გმირის შემსრულებლებმა: ლემბიტ ულფსაკიმ, ელმო ნიუგანენმა, გიორგი ნაკაშიძემ და მიხეილ მესხმა გაინაწილეს ჯილდო. ფილმი უკვე ნახა ევროპისა და ამერიკის კინოკრიტიკოსების დიდმა ნაწილმა და მაღალი შეფასებაც მისცეს, თუმცა, როგორც ზაზა ურუშაძე ამბობს, იმისათვის, რომ "მანდარინები" "ოსკარის" თუნდაც მხოლოდ 9 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდეს, ბევრი შრომა და ფულია საჭირო. ფილმის დაფინანსებაში, ძირითადად, ესტონური კაპიტალი იყო ჩადებული, შესაბამისად,„"მანდარინების" "ოსკარზე" წარდგენის პრიორიტეტიც ამ ქვეყანას ჰქონდა.

ზაზა ურუშაძე "ოსკარის" თავისებურებებსა და გამარჯვების შანსზე გვესაუბრა:

- ფილმი უნდა ნახოს "ოსკარის" 200 კინოაკადემიკოსით დაკომპლექტებულმა კომიტეტმა. ამისათვის ნებისმიერი ფილმის ჩვენება ერთადერთხელ იმართება ლოს-ანჯელესში. თანაც კომიტეტის წევრებიდან ყველა როდი მიდის. შესაძლოა, მთელი კომისიიდან მხოლოდ ათი კაცი მივიდეს იმ ერთადერთ ჩვენებაზე. ათივემ რომ ხმა მისცეს, ცხადია, არ გვეყოფა. ამიტომაც წარმატების იოტისოდენა შანსიც კი არა გაქვს, თუ ძალიან კარგი აგენტი არა გყავს, რომელიც მოაწყობს დამატებით ჩვენებებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კინოაკადემიკოსები მისვლაზე დაიყოლიოს. სხვა შემთხვევაში, შედევრიც ვერ გავა ნომინაციებში.

კომიტეტის ყველა წევრის მისვლაც არ ნიშნავს ყველაფერს, მთავარია, ფილმის ნახვის შემდეგ, დაგიჭერენ თუ არა მხარს.

- "მანდარინები" ბევრ ფესტივალზეა წარდგენილი და გახმაურებული ფილმია უცხოეთში. მეტიც, ცნობილმა იშტვან საბომ საუკეთესო ფილმადაც კი დაასახელა. ეს არ მოქმედებს "ოსკარზე"?

- მოქმედებს, მაგრამ საკმარისი არ არის. ფილმი ნაჩვენებია ამერიკის სამ პოპულარულ ფესტივალზე - სიეტლის, ფალმ სტრინგისა და ამერიკაში უძველეს და  საუკეთესოდ აღიარებულ სან-ფრანცისკოს  ფესტივალებზე. "ოსკარის" კინოაკადემიკოსთა კომიტეტის წევრთაგან  ზოგიერთს სწორედ ამ ფესტივალებზე აქვს ნანახი "მანდარინები", რაც "ოსკარის" აღმართში სერიოზულ ზურგის ქარს ნიშნავს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს კიდევ არაფერია.

- როგორც ცნობილია, სან-ფრანცისკოში ფილმის სამივე სეანსის ყველა ბილეთი გაიყიდა, ესეც არაფერს ნიშნავს?

- ნიშნავს, მაგრამ უაგენტოდ და ურეკლამოდ არაფერი გამოვა.  პრომოუშენში რაც უფრო დიდი  ფული იხარჯება, გამარჯვების მით მეტი შანსი გაქვს. ამიტომაც ყოფილა შემთხვევა, სწორედ ძალიან დიდი რეკლამის გამო საშუალო ხარისხის ფილმი გასულა ნომინაციაში.

- "მანდარინების" აგენტი ვინ არის?

- ჯერჯერობით ვერ დაგისახელებთ. ბევრი დაგვიკავშირდა, მაგრამ არჩევანი შევაჩერეთ დიდი გამოცდილების მქონე ადამიანზე. ახლა მნიშვნელოვანია რეკლამის საკითხის მოგვარება, ამას კი ძალიან დიდი ფული სჭირდება. ესტონეთიც გაიღებს თანხას, მაგრამ საკმარისი არ იქნება. რაც უფრო დიდი თანხა ჩაიდება, მით დიდი შანსი გვაქვს.

- "ოსკარზე" გამარჯვება პირობითად სამ ეტაპად იყოფა, მოხვედრა შორთ-ლისტში, ანუ ცხრა ფილმში, ნომინაციაზე წარდგენილ ხუთ ფილმში და "ოსკარის" მიღება. რას მოგიტანთ თუნდაც შორთ-ლისტი?

- შორთ-ლისტში“მოხვედრა მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ფილმის გასაყიდად და შემდგომში ახალი პროექტების განსახორციელებლად.  ხუთეულში მოხვედრა კიდევ უფრო ზრდის წარმატების შანსს, თუმცა, აქედან "ოსკარამდე" სულაც არ არის დარჩენილი ერთი ნაბიჯი. ხუთეულში წარდგენილს კიდევ 6000-მა კაცმა უნდა მისცეს ხმა, რომ პრიზი აიღო. თუ ამ ხალხს არა აქვს ფილმი ნანახი, ეს უკვე  შენი და აგენტის პრობლემაა.

2015 წლის 15 იანვარს გაირკვევა, მოვხვდებით თუ არა 9 ფილმს შორის.

- "მანდარინებს" ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს რუსულ ფორუმებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ვინმეს მიმართ ბოროტი განზრახვის მატარებელი ფილმი, რუსის როლი მაინც დადებითი არ არის...

- ესტონეთს ფილმი მოჰპარეს და რუსულ საიტებზე გაუშვეს, რის შემდეგაც მისი რეიტინგი რუსეთში მუდმივად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში რუსული მხარე უარყოფითად არის წარმოდგენილი.

- აფხაზების გამოხმაურება თუ არის?

- ინტერესი იგრძნობა, გამოხმაურების, რა გითხრათ. "ოსკარზე" მოხვედრა, ალბათ, აფხაზების აქტივობის ხარისხსაც განაპირობებს.  თუმცა, "ოსკარამდე" გზა არანაკლებ რთულია, ვიდრე დღეს ქართველისთვის აფხაზეთამდე.