"ეს ყორღანი სწორედ იმ დროს შენდებოდა, როცა ეგვიპტელები პირამიდებს აგებდნენ" - ანანაურის ყორღანის 4400-წლიანი საიდუმლო
29-09-2014
"ეს ყორღანი სწორედ იმ დროს შენდებოდა, როცა ეგვიპტელები პირამიდებს აგებდნენ" - ანანაურის ყორღანის 4400-წლიანი  საიდუმლო
"4400 წლის არის, ანანაურის ყორღანში სამარხი რომ გავთხარეთ, მიწაზე გაბნეული დაგვიხვდა. როგორც ჩანს, როცა სამარხი ჩაინგრა, კენკრა ჭურჭლიდან გადმოცვივდა."

"ანანაურის ყორღანშიც 7 ადამიანის ჩონჩხია, მაგრამ ეს ყორღანი სხვა მხრივ არის საინტერესო - ცოცხალი ხილითა და ორი უზარმაზარი ეტლით"


როგორ ფიქრობ, ეს ონტკოფა რა ხნის იქნება? - მკითხა ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრის უფროსმა ზურაბ მახარაძემ და კომპიუტერის ეკრანი ჩემკენ შემოატრიალა, სადაც მიწაზე გაბნეული შემჭკნარი ნარინჯისფერი ონტკოფა ეყარა.

- ალბათ რამდენიმე დღის, - ვუთხარი მე, - ძალიან სასარგებლო ნაყოფია და საქართველოში ყველგან არის გავრცელებული.

- ზუსტად 4400 წლის არის, ანანაურის ყორღანში სამარხი რომ გავთხარეთ, მიწაზე გაბნეული დაგვიხვდა. როგორც ჩანს, როცა სამარხი ჩაინგრა, კენკრა ჭურჭლიდან გადმოცვივდა. დარბილებული იყო, თორემ ისე გამოიყურებოდა, ექსპედიციის წევრმა გემოს გასინჯვაც სცადა, - მომიგო
ბატონმა ზურაბმა.

- ვისი იყო ყორღანი, ვისგან დაგვრჩა ეს საოცრება?
- ყორღანები ტომის ბელადების, წარჩინებულებისაა. როცა მათ მარხავდნენ, ზემოდან ისეთ მიწაყრილს ადგამდნენ, უზარმაზარი გორები იქმნებოდა. ამით ცდილობდნენ, თავიანთი ბელადი დაეცვათ. თუმცა ყორღანები, ეგვიპტის პირამიდებისა არ იყოს, თითქმის ყველგან გაძარცულია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ დაკრძალვის ცერემონიალის მონაწილენი ძარცვავდნენ, თორემ საუკუნეების შემდეგ ვინ იცოდა, გორების სიღრმეში რა იყო?  
ანანაურის ყორღანზე ორი გვირაბია. ესე იგი, ყორღანი ორჯერ გაძარცვეს. ეტყობა, იმდენი ოქროულობა იყო, რომ გატანისას სამი უძვირფასესი ნივთი დაუვარდათ. სხვათა შორის, ალაზნის ველის ყორღანებში ნაპოვნი ოქროს ლომი და პექტორალი სწორედ ქურდობის შემდეგ დარჩენილი "ნამცვრიელაა"... ბრინჯაოს ხანაში ადგილობრივ მოსახლეობას დიდძალი სიმდიდრე ჰქონდა დაგროვებული და ტომის ბელადებს საფლავში აურაცხელ განძსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ატანდნენ მსახურებთან ერთად. ცნობილი არ არის, ამ საბრალოებს ხოცავდნენ თუ ცოცხლად მარხავდნენ. ზოგ ქვეყანაში ბელადებს ათეულობით მეომარს აყოლებდნენ, რომლებიც სამარხებში გაშეშებული "სხედან". ვარაუდობენ, რომ დამარხვის წინ ადამიანებს რაღაც ნივთიერებით აბრუებდნენ... ანანაურის ყორღანშიც 7 ადამიანის ჩონჩხია, მაგრამ ეს ყორღანი სხვა მხრივ არის საინტერესო - ცოცხალი ხილითა და ორი უზარმაზარი ეტლით, რაც სხვაგან არსად გვხვდება. ქსოვილი და ხილი თითქმის პირვანდელი სახით არის შემონახული.

ეს ყორღანი სწორედ იმ დროს შენდებოდა, როცა ეგვიპტელები პირამიდებს აგებდნენ. ჩვენი ყორღანები პირამიდებივით დიდებული არ არის, რადგან ეგვიპტე ამ დროს ძლიერი სახელმწიფო იყო, მაგრამ არც სხვაზე ნაკლებია, შუამდინარეთის ცივილიზაციის დონეზე დგას. თანაც ამ ყორღანების მაშენებლები ან თავად დადიოდნენ მთელ მსოფლიოში, ანდა აქ სხვები ჩამოდიოდნენ - ჩვენთან ქარვა არ მოიპოვება, ანანაურის ყორღანში კი ქარვის მძივი ინდოეთიდან ან ბალტიისპირეთიდან თუ მოხვდებოდა. სამარხში შალი და სელიც აღმოჩნდა. აკლდამა გადახურულია ორმაგი მუხის მორებით, რომელთა შორის სელის ფარდაგი იყო ჩატანებული. ხის კალათებში კი თხილი და წაბლი ეყარა, გულიც კი აქვთ შემორჩენილი. ონტკოფასა და კვრინჩხის ნახვა მრავლისმნახველი არქეოლოგებისთვისაც საოცრება იყო: ლამის 5 ათასწლეულის წინანდელი ონტკოფა ისეთია, თითქოს გუშინ მოწყვიტესო. ამ სასწაულის ჩვენამდე მოტანა, გარდა თიხისა, თაფლმაც შეძლო. როცა ონტკოფას ჩვენს ლაბორატორიაში სინჯავდნენ, ისეთი თაფლის სუნი დატრიალდა, ხალხი გააბრუა...

- ყორღანში ჩაყოლებულ ორ ეტლზეც ბრძანეთ...
- ეს ძალიან დიდი ეტლებია, ბორბლები მეტრ-ნახევარი დიამეტრისაა. წესისამებრ, ყორღანში თითო  მიცვალებულია. ანანაურის ყორღანში კი ერთი ეტლი მამაკაცისაა, მეორე - ქალის. მათთან ერთად 14 წლის ყმაწვილი ესვენა. იქნებ ოჯახი რაიმე უბედურებამ ამოწყვიტა და ამიტომ დაკრძალეს ერთად.

ჩვენ მსოფლიოს თანამედროვე ლაბორატორიებში ვგზავნით საკვლევ მასალას. ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი გარემოდან იღებს და ატარებს რადიაციას, რომელიც ორგანიზმში მის სიკვდილამდე რჩება. ის ორგანიზმიდან სიკვდილის დადგომისთანავე იწყებს გასვლას. ამის მიხედვით დგინდება არქეოლოგიური ორგანიზმების ასაკი. ასე დადგინდა იმ ბიჭის ასაკიც...

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველაფერი წარმავალია, სინამდვილეში კი არაფერი ქრება და მარადიულობაშივე რჩება.
ალექს
26 თებერვალი 2018 07:27
აი ის წითელი ფერის,სურათზე რა არის, ყველგან რომაა ,ნაფშხვენი აგური,პემზა,რკინის წიდა,ბუნებრივია თუ ტექნიკურ ტექნოლოგიური საქმიანობის ნაშთია ?!
ვაჟა ზაზაევიჩი
26 იანვარი 2018 09:59
ონტკოფა რა არი?
lasha DE
01 თებერვალი 2017 23:26
Nu inerviulebt axla mag ojaxze bevrs

რედაქტორის რჩევით