ხმალ-ხანჯალ ტრიალი ხევსურეთში
29-09-2014
ხმალ-ხანჯალ ტრიალი ხევსურეთში
სიყვარულის, დანდობის, ვაჟკაცობის მაგალითები

ამ წერილის დაწერა იმ ზნეობრივმა სურათმა გადამაწყვეტინა, რასაც ძალიან ხშირად ვხედავთ მასმედიის საშუალებით თუ ცხოვრებაში - გახშირებული მკვლელობები, დაუნდობლობა, სიდუხჭირე, გაუტანლობა...
წერილის გმირები ცნობილი მაესტრო ნოდარ ანდღულაძე და მწერალი და მეცნიერი გიგი ხორნაული არიან. ბატონი გიგი არ დამზარდა და გაიხსენა ძველი ამბები - სავსე ზნეობით, სიყვარულით, დანდობისა და ვაჟკაცობის მაგალითებით...


მფარველი

1954 წელს, ბარისახოს სკოლის დამთავრების შემდეგ, მამაჩემმა თბილისში ჩამომიყვანა და დედინაცვლის დის ოჯახში დამტოვა. მეორე
დღეს უნივერსიტეტში მიმიყვანეს. ისიც კი არ ვიცოდი, რომელ ფაკულტეტზე შემეტანა განაცხადი. იქვე  საოცრად კეთილშობილი ბიჭი, ანზორ ჯუღელი იდგა. მითხრა, - მოდი, შენც ჟურნალისტიკა დაწერეო. კი ჩავირიცხე, მაგრამ არაფერი გამაჩნდა: არც ფეხსაცმელი, არც სამოსი. თბილისში თითო-ოროლა კაცს თუ ვიცნობდი (ნოდარ ანდღულაძე შუაფხოში მყავდა ნანახი, სადაც ხშირად
ამოდიოდნენ სტუმრად ის, ლანა ღოღობერიძე, გურამ თიკანაძე, ანა კალანდაძე...).

გვიან შემოდგომაზე ზაფხულში რაც მეცვა, იმითი დავრჩი. წვიმაში უნივერსიტეტში გაწუწული მივდიოდი. სტუდენტები დამცინოდნენ, რატომ თბილად არ იცვამო, რა იცოდნენ, რომ ჩასაცმელი არ მქონდა.
ძალიან რომ შევწუხდი, გადავწყვიტე სწავლისთვის თავი დამენებებინა და ცხვარში წავსულიყავი. ქუჩაში გულდამძიმებული მოვდიოდი და ნოდარ ანდღულაძის დეიდაშვილი არ შემხვდა? სად მიდიხარო. ვუთხარი. წამოდი, ნოდარს ვუთხრათ ეს ამბავიო. ძალით წამათრია.

არ მინდოდა, მეთქვა ჩემი ბეჩაობა, ისე მეტირებოდა, ვერ ვლაპარაკობდი. ნოდარმა წამიყვანა, ჩამომატარა მაღაზიები, მიყიდა ტანსაცმელი. ჟურნალისტიკიდან გადამიყვანა კავკასიურზე - ნამდვილი საქმე ვაკეთოთო. მაშინ მართლაც რა ფასი ჰქონდა ჟურნალისტიკას, უნდა გეწერა მოწინავე მწველავებზე...
დამითქვა, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს უნდა მივსულიყავი მასთან. ჯერ მასადილებდა, მერე ჯიბეში აუცილებლად ჩამიტენიდა თუმნიანს. უმცროს ძმასავით დავყავდი.
ოჯახი რომ შევქმენი, მისვლა თუ დამიგვიანდებოდა, დამირეკავდა, - შენ კიდევ ვერ გაიგე, რა მნიშვნელობა გაქვს ჩემთვის. შენ ხარ მთის ძალა, რომელიც დროდადრო ჟანგბადივით მჭირდებაო.

მაჰკვდებ, ნოდარო, მაჰკვდებ!


ნოდარს ძალიან უყვარდა ძველი ამბების გახსენება. იგონებდა მთას, ამბობდა კაფიებს. ხშირად მეტყოდა, - შენთან გავყინტრავდები ხოლმეო...
- გიგი, შენ რო დაიგვიანებ და მერე მოხვალ, როგორც გაზაფხულზე გომურიდან გამოსული საქონელი გაყინტრავდება (შეიკუნტრუშებს), მეც ისე მემართებაო, - მეუბნებოდა.
შუაფხოში რომ იყო, სათიბში წამყვებოდა, 4-5 კაცის საქმეს მარტო აკეთებდა. მოგროვილ თივას რომ მიაწვებოდა, აღმართზე აჰქონდა. გადასდიოდა ოფლი. "მაჰკვდებ, ნოდარო, მაჰკვდებ" - ჩემი დეიდები - დაიაურები, ნათელა ოჩიაური, თეთრქალი დასძახოდნენ. ის კი იცინოდა და შრომობდა...

შუღლობა და საქმე...

ერთხელ ხევსურეთში ხმალ-ხანჯალი დატრიალდა. დაჰკრეს ხანჯალი გაბურს. შუბლი და თვალი გაეჭრა. ბარისახომდე სასწრაფომ ჩაიყვანა, მაგრამ იქ უთხრეს, ამას ჩვენ ვერ ვუშველითო. ნოდარმა ჩასვა სატვირთო მანქანის კაბინაში, თვითონ მაღლა, ძარაზე დადგა.
დუშეთში შუაღამისას ჩამოვიდა. საავადმყოფოში ექიმი მარტო დახვდა, ექთანიც არ ჰყავდა. ნოდარი თვითონ ეხმარებოდა... ექიმმა - ცოტაც რომ დაგვიანებულიყო, ვერ ვუშველიდიო.
ხევსურები დიდ პატივს სცემენ და აფასებენ, თუ კაცს შეუძლია იჩხუბოს, მაგრამ არ ჩხუბობს. მთვრალი ხევსური თუ წამოეტეოდა და დაუქნევდა ხმალს, კარგი ვაჟკაცი ყუით უფარებდა. კარგი ვაჟკაცი არ იკადრებს თავში სასმელავარდნილის მოკვლას. თავად მინახავს, გამოფხიზლებულს მოუბოდიშებია და მადლობა უთქვამს დამნდობისთვის: მოსაკლავი არ მამკალიო.
ნოდარს უყვარდა ერთი ამბის გახსენება: გარსია წიკლაური ცნობილი ვაჟკაცი იყო. მის თანასოფლელს, ცოტა თავაშვებულს, აუტეხია ჩხუბი. გარსიას დაუყვირია: - რა დღეში ხარ, მოშორდი აქედანო. მას სწყენია: არ გაპატიებ, შავხვდებითო და გასცლია...
ერთხელაც მთაზე გარსია ტვირთავს თივას, ზურგით გადააქვს. ეს ახალგაზრდა შეხვედრია და შეუძახია, - დადე ეგ თივა, უნდა გიჩვენო, როგორ უნდა ყვირილიო. გარსიას უთქვამს: მგელაო, შენ იცი, რომ მე არც ხანჯლისა მეშინია, არც სიკვდილისა, მაგრამ ახლა მაგის დრო არა მაქვს, ან შენ რაში გაწყობს, რომ მიგჭრა. მოდი, მოვამთავროთ საქმეები და მერე ვიშუღლოთო. გასცინებია მგელას: ასე მითხრა და შამარცხვინა, აბა, მაგ კაცს როგორ ვეჩხუბოო.
ნოდარი ადარებდა ქალაქურ გაბოროტებულ ქიშპობას ამ შუღლობას. ხევსურეთში გავიცანი დღევანდელი კი არა, შუასაუკუნეებრივი ხალხი, გმირები აქ ხორცით ვიხილეო...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით