პრემია "საბა" - ოთხი ლაურეატი, რომელიც "პალიტრამედიას" განსაკუთრებით ახარებს
29-09-2014
პრემია "საბა" - ოთხი ლაურეატი, რომელიც "პალიტრამედიას" განსაკუთრებით ახარებს
ლიტერატურული პრემია "საბათი" დაჯილდოების შემდეგ მკითხველთა დიდი ნაწილი კმაყოფილი დარჩა, რადგან ნომინანტებიც და პრემიის ლაურეატებიც ძალიან ლოგიკურად იყვნენ შერჩეულნი. მიუხედავად იმისა, რომ ლიტერატურის ნებისმიერი შეფასება სუბიექტური განცდის და გააზრების შედეგია, წლევანდელი "საბა" მკაცრ კრიტიკოსებსაც ლოიალურად განაწყობს - ნომინანტებს კარგად იცნობენ ლიტერატურულ სივრცეში და აღიარებენ კიდეც.

გამოცემლობა "პალიტრა L" და ჟურნალი "ლიტერატურული პალიტრა" განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა წლევანდელი პრემია "საბას" ლაურეატებს. ამის მიზეზების შესახებ გვესაუბრება "ლიტერატურული პალიტრის" რედაქტორი, ლიტერატორი ზაალ ჩხეიძე:

-
ჩვენი გამომცემლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პირველად გახდა  "პალიტრა LL" -ის გამოცემული წიგნი პრემია "საბას" ლაურეატი. მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ დებიუტის ნომინაციაში, მაგრამ მაინც! მით უმეტეს, რომ ტორესა მოსი, ასე ვთქვათ, "ციდან ჩამოვარდნილი" ავტორია, ვიდრე "პალიტრა LL" მის წიგნს, "სიბრძნე სიცრუისას", არ დაბეჭდავდა, მანამდე მას არავინ იცნობდა.

ჩვენთვის კიდევ ერთი რამ იყო სასიხარულო: ძალიან იშვიათად ხდება, რაც უნდა ლოკალური იყოს პრემია, იშვიათია რომელიმე ლიტერატურულ გამოცემას ისეთი წარმატებისთვის მიეღწიოს, რომელიც ამჯერად გვერგო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს "ლიტერატურული პალიტრის" ხარისხს. შეიძლება ითქვას, ჩვენ "საბას" სამი პრემია ავიღეთ: საუკეთესო რომანის ნომინაციაში გამარჯვებულ ზვიად კვარაცხელიას რომანი "ფორმა N100" პირველად "ლიტერატურული პალიტრის" გვერდებზე იბეჭდებოდა და მხოლოდ შემდეგ გამოიცა წიგნად. ისევე, როგორც პოეზიის ნომინაციაში გამარჯვებული ლია ლიქოკელი ჩვენი ტრადიციული ავტორია და  პრემირებულ წიგნში შესული ლექსებიც ჩვენთან იბეჭდებოდა კარგა ხნის მანძილზე. არჩილ ქიქოძემ მცირე პროზაში მიიღო "საბას" პრემია.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ჩვენ პირველებმა დავბეჭდეთ რეცენზია და ვთქვით, რომ ეს ნამდვილად გამორჩეული წიგნი იყო. ამ წიგნში შესულია  ორი მოზრდილი მოთხრობა. პირველი მოთხრობა დაიბეჭდა ჩვენთან და შეიძლება ვთქვათ, არა მხოლოდ ლიტერატურულ სივრცეში ვიყავით პირველები მისი წარდგენისას, არამედ მაშინაც, როცა პირველი შეფასება გამოვაქვეყნეთ ამ წიგნისა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, როცა ერთ ლიტერატურულ გამოცემას პრეტენზია აქვს სამ პრემია "საბაზე", მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნები სხვადასხვა გამომცემლობის გამოცემულია. ჩვენ თავს ვიწონებთ, რომ პირველად ეს ნაწარმოებები მკითხველისთვის ხელმისაწვდომი ჩვენგან გახდა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ნომინანტების უმრავლესობა ჩვენი ჟურნალის ხშირი და აქტიური ავტორები არიან.
P.S. დრომ აჩვენა, რომ "ლიტერატურული პალიტრა" და გამომცემლობა "პალიტრა L" თავისი მკითხველის გვერდით რჩება და იმ უმთავრესი ღირებულებების თანაზიარს ხდის მას, რაც შემდგომ საყოველთაო აღიარების ობიექტიც ხდება. ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ "საბას" ლაურეატებს და მათ გვერდით მდგომ ლიტერატურულ გამოცემასა და გამომცემლობას.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით