მთელი მსოფლიო პატარა კახზე წერდა! - კვირის პალიტრა

მთელი მსოფლიო პატარა კახზე წერდა!

"გასაოცარია, რომ ევროპელები, რომლებსაც ჰყავდათ ნაპოლეონი, გაზეთების პირველ გვერდებზე წერენ: ,,მეფე ერეკლე აწყობს უდიდეს ხმაურს მსოფლიოში"

კინოსა და თეატრის მუზეუმში ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიღებულ მასალას ამუშავებენ. 500-მდე უნიკალური დოკუმენტი, რომლებიც XVIII-XIX საუკუნეების საქართველოს, მეფე ერეკლეს ცხოვრებისა და მისი სამხედრო კარიერის ამსახველ ინფორმაციას შეიცავს, ქართულად ითარგმნება და მომავალ წელს ორენოვან კრებულად გამოიცემა... დოკუმენტების ნაწილი პირველად "კვირის პალიტრაში" იბეჭდება.

1720 წლის 7 ნოემბერს, როდესაც კახთა სამეფო ოჯახში უფლისწული ერეკლე დაიბადა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რამდენიმე წელში მასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის (მათ შორის გმირული ბრძოლები) ამსახველი მასალები ევროპის ყველაზე ცნობილი გამოცემების პირველ გვერდებზე დაიბეჭდებოდა.

პატარა კახზე პირველი ინფორმაცია ბრიტანულ გამოცემებში 1750-იან წლებში გვხვდება და საზოგადოებას მის მიერ სპარსეთის ტახტის ორი პრეტენდენტის დამარცხების შესახებ მოუთხრობს. მეფე ერეკლეს იმ დროს უკვე დიდ პოლიტიკურ მოღვაწედ მიიჩნევდნენ.…

გიორგი კალანდია, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი:

- ირლანდიის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით, გია ზურაბიშვილისა და ნათია კალანდიას დახმარებით მოვხვდით ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და დავიწყეთ საქართველოს შესახებ მასალების მოძიება. სამწუხაროდ, ძალიან მცირე ინფორმაცია აღმოჩნდა. ერთგან შევხვდით ცნობას, სადაც საუბარი იყო ქართველ პრინც ჰერაკლიუსზე. როდესაც საძიებო სისტემაში ამ სახელზე ინფორმაციის ძებნა დავიწყეთ, 500-ზე მეტი დოკუმენტი ამოვარდა. ეს არის მასალა, რომელიც 1642 წლიდან 1798 წლამდე პერიოდს ეხება. გაოგნებული დავრჩით. არ მავიწყდება ირლანდიელი სპეციალისტების თვალები, როდესაც კითხულობდნენ ასეთ სათაურებს: "მეფე ერეკლე აწყობს უდიდეს ხმაურს მსოფლიოში". ნამდვილად გასაოცარია, რომ ევროპელები, რომლებსაც ჰყავდათ ნაპოლეონი, გაზეთების პირველ გვერდებზე წერენ: "მეფე ერეკლე აწყობს უდიდეს ხმაურს მსოფლიოში". ერეკლე მეფის შესახებ წერდა გერმანული პრესაც, მას აღმოსავლეთის ლომს უწოდებდნენ, მაგრამ 500-მდე ნაბეჭდი გვერდი არსად შეგვხვედრია. მივიღეთ უფლება და ყველა ეს ინფორმაცია ირლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ნაბეჭდი გვერდების სახით წამოვიღეთ.

- ევროპულ გამოცემებში პირველი ინფორმაცია ერეკლე მეფის შესახებ 1750-იან წლებში გვხვდება. საინტერესოა, როდის წყვეტს უცხოური პრესა ქართველ მეფეზე წერას?

- ბოლო ინფორმაცია, რომელიც ბრიტანულ გამოცემებში აღმოვაჩინეთ, 1795 წლით თარიღდება. ამ დროს ერეკლე უკვე ასაკოვანია და მასზე დაბეჭდილი ინფორმაცია ასეთი ზეაღმატებული აღარ არის. საუბარია იმაზე, რომ ის ამყარებს კავშირს რუსეთთან, რათა ორი დიდი იმპერია - სპარსეთი და ოსმალეთი დაასუსტოს. ამჟამად ყველაფერი ითარგმნება და ყოველი თარგმნილი წერილიდან სულ უფრო მეტ ახალ ინფორმაციას ვიგებთ.

Whitehall Evering Post or London Intelligercr (London)

1754 წლის 2-5 ნოემბერი

,,სპარსეთიდან შევიტყვეთ, რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა, რომლის გმირობამ მსოფლიოში უდიდესი ხმაური გამოიწვია, თავი მოუყარა თავის ძალებს კასპიის ზღვის საზღვარზე, იმ იმედით, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან და უფრო ზუსტად რუსეთიდან მიიღებს დახმარებას ზღვით, ამით კი დაიცავს იმპერიის ნაწილს. მისი პრინციპია ყველა რელიგიისადმი შემწყნარებლობა, თვითონ კი ბერძნული მართლმადიდებლობის აღმსარებელია.

Public Advertiser (London) Friday1753 წელი, ლონდონი, 27 ივლისი

"ამსტერდამიდან მიღებული ბოლო წერილის თანახმად, პრინცი ჰერაკლიუსი სპარსეთის ახალი დამპყრობელია. ის ჭეშმარიტად ფლობს ხელოვნებას, ახლად დაპყრობილთა გული მოიგოს. ეს უკანასკნელნი კი ერთგულებით გამორჩეულნი არიან და ყველა წინამორბედზე მეტად მას ემორჩილებიან".

General Evening Post (London)

1750  წლის  13 ნოემბერი

"ასტრახანიდან ბოლო შეტყობინებით დადასტურებულია, რომ მოეწყო სპარსელთა შეტევა საქართველოს პრინცის წინააღმდეგ. ის არის 80-ათასკაციანი არმიის მეთაური და ტიფლისისა და ერევნის მფლობელი. მან გამარჯვების შემდეგ ხელმეორედ შემოსეულ ხუთ პრინცს შეუტია და ისინი დაამარცხა. ამ ბრძოლის შემდეგ სპარსელები ძალების მოკრებას ცდილობენ და თავიანთ დარბეულ ბრბოებს თავს უყრიან".

London Gazette (London)

1752 წლის 18 თებერვალი

"ბოლო შეტყობინებით სპარსეთიდან, ჩვენ ინფორმირებული ვართ, რომ ქართველი პრინცი ჰერაკლიუსი თავის სამეფოში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს აღწევს. ამ მხარიდან ის ლაშქრობს უშუალოდ ისპაჰანისკენ და შაჰ დუბს, ვინც არის არმიის მეთაური, გადაწყვეტილი აქვს, მოწინააღმდეგის მოახლოების შემთხვევაში დედაქალაქი ცეცხლს მისცეს და თავად მთებში მიიმალოს. ასე რომ, სეფიანთა ეს სახელოვანი რეზიდენცია, ქალაქი, რომელიც აბას დიდმა ჩინებულად მორთო, ახლა უკვე ნგრევისა და აოხრების ზმანების წინაშე დგას. ის იქნება მრავალგზის გაძარცული და ვაი, რომ საშინელებისა და ანარქიის ნადავლად იქცევა".

Whitehall Evening Post or London Intelligencer (London)

1754 წლის 12 იანვარი

"სულ ახლახან მოსკოვში გამოქვეყნდა დიდი ანგარიში, ცნობილი პრინცის, ჰერაკლიუსის ოჯახის საგამგებლო ტერიტორიის და წარმატებების შესახებ. ის არის პატარა ქართველი ხანის შვილი, ამასთანავე, ბერძნული მართლმადიდებლობის მიმდევართა მეთაური. მისი გმირობები კვლავ ვერ გასცდა საკუთარი საქართველოსა და მეზობლების საზღვრებს, ის ყოველთვის მოქმედებს უდიდესი სიფრთხილითა და გულადობით, მაგრამ უკუღმართი ბედის გამოისობით ორი წლის წინ ტოტალური მარცხი განიცადა. მას შემდეგ ის ცდილობდა ძალების მოკრებას და საქართველოს საქმეების აწყობას, მაგრამ ჯერ ვერ მიაღწია იმდროინდელ ძლიერებას, როდესაც 15 ათასი მეომარი ჰყავდა. ამიტომ  მისი ცდა - გახდეს სპარსეთის ტახტის მფლობელი, ნამდვილი ჭორია, რომელსაც მტრები ავრცელებენ და ამით სურთ მის წინააღმდეგ მთელი კონფედერაცია აამხედრონ".

დოკუმენტების თარგმნა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტს საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს და მასში საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენის ფაკულტეტის სტუდენტებიც არიან ჩართული.

თორნიკე ყაჯრიშვილი