"ჩვენი სამშობლო... ღმერთო, როგორ მომნატრებია ეს სიტყვა!.." - კვირის პალიტრა

"ჩვენი სამშობლო... ღმერთო, როგორ მომნატრებია ეს სიტყვა!.."

"ღირსება, თუ ჯერ ბოლომდე არ დაგვიკარგავს, აშკარად დაგვიქვეითდა, რის მაგალითებიც, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია ჩვენს ყოფაში"

"გამოსავალს ადრეც და დღესაც ჩემზე უფრო გონიერი ადამიანები ეძებდნენ და ეძებენ, მაგრამ ამაოდ"

დიდი პატივია, უსმენდე მწერალს, რომელიც ბურჯად უდგას ქართულ მწერლობას, საგულისხმოა, რას ფიქრობს თამაზ ჭილაძე დღევანდელ საქართველოზე თავისი რვა ათეულზე მეტი წლის გადმოსახედიდან..

- ადამიანის ბედი ცვლილებების ეპოქაში არაერთხელ ყოფილა ამა თუ იმ შემოქმედის ყურადღების ცენტრში. თქვენ, როგორც მწერალი, რომელიც მუდმივად ადამიანის ბედის გამო განიცდით, რას ფიქრობთ დღევანდელობაზე?

- ცვლილებების ეპოქა ახსენეთ! ჩვენთვის ეს ეპოქა საკმაოდ აჩქარებული ტემპით ხასიათდება, თანდათანობით ერთგვარად კალეიდოსკოპსაც კი ემსგავსება. უცებ, მოკლე ხანში, უმნიშვნელოვანესი მოვლენების მოწმენი და მონაწილენიც კი გავხდით. აი, თუნდაც ბოლო არჩევნები, რომელმაც პირველად, ძალდაუტანებლად, გამოხატა ხალხის ნება, ოღონდ, თითქმის მაშინვე  ცხადი გახდა თითქოს უცნაური და მოულოდნელი რამ - გამარჯვებულმა, ალბათ გამარჯვების ეიფორიის ზეგავლენით, თითქოს დაივიწყა, რომ გამარჯვების ნადავლივით გაყოფა არ შეიძლება, რადგან, თუკი რაიმეს არ ჰგავს ის, უპირველეს ყოვლისა, ნადავლს. ამასთანავე, ვისაც უყოფ, ის უსათუოდ შენი წილის წართმევასაც მოინდომებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მასმედიის მიხედვით, სწორედ  ასეთი შთაბეჭდილება რჩება.

დღეს ჩვენი ცხოვრება უაღრესად პოლიტიზებულია, შეიძლება ითქვას, პოლიტიკის მეტი აღარაფერი გვაინტერესებს, რაც თავისთავად ავიწროებს და ამცირებს ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს, არადა, ეს სივრცე მოიცავს (უნდა მოიცავდეს) ყველაფერს, რაც კაცობრიობას შეუქმნია და ქმნის კიდეც და თითოეული ჩვენგანი, თუნდაც უნებურად, საერთაშორისო სულიერი ცხოვრების მონაწილე ხდება. პოლიტიკა, კერძოდ, პარტიული ინტერესები კი, ხშირ შემთხვევაში, უპირისპირდება (ზოგჯერ არც შეუძლია, არ დაუპირისპირდეს!) საზოგადოებრივი ცხოვრების ლოგიკას.

ჩვენს საარსებო სივრცეში პოლიტიკის ჰეგემონიამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენმა, ერთ-ერთმა მაღალკულტურულმა ხალხმა,  რომელმაც, თუნდაც რუსეთის ორასწლოვანი ოკუპაციის პირობებში, შეინარჩუნა თავისი არალეგალური თავისუფლება და შექმნა  XIX  და  XX  საუკუნეების დიდებული მწერლობა და ხელოვნება, დღევანდელ დღეს ზურგი შეაქცია წიგნსა და თეატრს.

არადა, თუ ხალხი ირწმუნებს, რომ წიგნი და თეატრი აღარ სჭირდება, ხალხად აღარ შეიძლება იწოდებოდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, აქამდე მივიდეს საქმე.

უცნაურია, სულ რაღაც ცხრა წლის განმავლობაში ბევრი რამ დაგვავიწყდა, თუ შეგნებულად დაგვავიწყეს. განა ჩვენი წარსულის გადაკეთება-შელამაზების ჩვენთვის სავალალოდ დამთავრებული ცდა  (ბაგრატი!) ამაზე არ მეტყველებს? როგორ შეიძლებოდა, დაგვევიწყებინა, რომ გეგუთში დაბადებულმა ყველაზე დიდმა ქუთაისელმა დიდგორის ბრძოლა გადაიხადა, თბილისის დედაქალაქობა რომ აღედგინა!

ბევრი პრობლემა, რა თქმა უნდა, დღეს გაჩენილი არ არის, მემკვიდრეობით გვერგო, რომელიც, თუნდაც ინერციით, აქტიურად მკვიდრდება დღევანდელობაში. ხშირად გაიგონებთ - ყველაფერი ცუდი დამთავრდა, წარსულს ჩაჰბარდა, უმჯობესია აწმყოსა და მომავალზე ვიფიქროთო. საქმე ის არის, რომ არც აწმყო და არც მომავალი უწარსულოდ არ არსებობს. წარსული უცებ არ თავდება (თუ თავდება საერთოდ), ჩვენთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას, ზემოქმედებს კიდეც საზოგადოებრივ ინტერესებზე და განსაზღვრავს კიდეც მათ (საერთოდ, მგონია, დროის წარსულად, აწმყოდ და მომავლად დაყოფა  მეტად პირობითი რამ გახლავთ)...

ადამიანი დღეს მარტო, თავისთავის ამარა აღმოჩნდა წარმატებული და ამ წარმატებით გალაღებული ცივილიზაციის (გლობალიზაციის) წინაშე. ამდენად, მის ცხოვრებასა თუ ბედს ბევრი ისეთი რამ წარმართავს, რაც ადამიანზე არ არის დამოკიდებული, რაც ერთგვარად დრამატულ იერს ანიჭებს ჩვენს ყოფას და  განსაკუთრებით შესამჩნევი და საგრძნობია პოლიტიკური გარდატეხების, ცვლილებების დროს.

სწორედ ამ დროს ჩნდება საერთო სიმარტოვის შეგრძნება, რაც, ზოგ შემთხვევაში, გაცილებით საშინელია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პირადი სიმარტოვე. თითქოს გამოგვეცალა მთავარი რამ, რაც აქამდე წონასწორობას გვინარჩუნებდა ამ მოსიპულ პლანეტაზე. ამიტომაცაა, დღევანდელ დღეს ასეთ მწვავე კრიზისს რომ განიცდის პიროვნება, თითქოს გაურკვევლობის ეკალ-ბარდებშია გახვეული და მის ეკლებზე ტოვებს თავისი რაობის, ღირსების ნაფლეთებს.

პირდაპირ ვიტყვი - დიახ, ღირსება, თუ ჯერ ბოლომდე არ დაგვიკარგავს, აშკარად დაგვიქვეითდა, რის მაგალითებიც, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია ჩვენს ყოფაში. სწორედ ახალმა ცვლილებებმა გამოააშკარავა ეს არა მარტო უსიამოვნო, არამედ სერიოზულად დამაფიქრებელი მოვლენა.

წინასწარმეტყველის გამოცხადებას ჰგავდა თურქ მწერალ ფამუქთან შეხვედრა რუსთაველის თეატრში, მასპინძელთა უსაზღვრო თაყვანისცემისა და აღტაცების ფონზე. ადრეც ბევრი ჩამოსულა ჩვენში ნობელის პრემიის ლაურეატი თითქმის ლეგენდარული მწერალი - სტეინბეკი, გოლდინგი, პასტერნაკი, და საკადრისი პატივითაც დავხვედრივართ მათ, ანუ როგორც ეკადრებოდა  სწორედ თავისი ღირსებით გამორჩეულ ხალხს.

ფამუქთან შეხვედრას ტელევიზორში ვუყურებდი, სულო ცოდვილო და, წამით ისიც კი გავიფიქრე - ეს თავისთავად შესანიშნავი მწერალი ტელესერიალის მსახიობი ხომ არ ჰგონიათ-მეთქი. ეს შეიძლება ხუმრობად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ფაქტია, რომ  ტელევიზიამ ჩვენში (შეიძლება მარტო ჩვენში არა), დარწმუნებული ვარ, ფამუქიც დამეთანხმებოდა,  წიგნის აქტიური მკითხველი ასევე აქტიურ მაყურებლად გადააქცია...

- პოლიტიკოსებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს დისკუსია - დამძიმდა თუ არა კრიმინოგენული მდგომარეობა. ამაზე რას ფიქრობთ?

- არა მგონია, ამჟამად ჩვენში ამ მხრივ ისეთი მდგომარეობა იყოს, რომ ამის საგანგებოდ აღნიშვნა გახდეს საჭირო. გარნიზონულ წესდებასავით მკვეთრად ჩამოყალიბებული ტრადიციული დამოკიდებულება ადამიანისადმი, კულტურისა და რელიგიის გავლენა ჯერ კიდევ, საბედნიეროდ, ძლიერია და სასიკეთოდ მოქმედებს კიდეც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ადამიანი ურთულესი არსებაა, ბევრი ისეთი რამ ახასიათებს, რაც სხვადასხვა ვითარებაში მოულოდნელი სახით იჩენს ხოლმე თავს. ქვეყანაზე ვერავინ მოგვცემს გარანტიას, რაც უნდა დიდი მონდომებით, უმაღლესი პროფესიონალური მეთოდებით მივიღოთ სათანადო ზომები, ადამიანი აღარ მოკლავს, აღარ იქურდებს, აღარ იყაჩაღებს, აღარ გააუპატიურებს ქალს... ეს, დამეთანხმებით, გულუბრყვილობაა. წესრიგის დაცვა, რასაკვირველია, აუცილებელია, ასევე აუცილებელია დამნაშავის სათანადო სიმკაცრით დასჯაც, პოლიციამ ყველაფერი უნდა იღონოს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად, მაგრამ, არა მგონია, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ბოროტმოქმედების შესამცირებლად, რომელიც, სხვათა შორის, არც სახელმწიფოს კულტურულ თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. გავიხსენოთ ამერიკელი მწერლის ტრუმენ კაპოტეს რომანი "ჩვეულებრივი მკვლელობა", სადაც შემზარავი სიცხადითაა აღწერილი მთელი ოჯახის ამოწყვეტა სრულიად უმიზეზოდ. ჩვენს შემთხვევაში საგულისხმოა, რომ ამ საშინელებას მწერალი "ჩვეულებრივს" უწოდებს. ისე, კაცმა რომ თქვას, რომელი მხეცი შეედრება ადამიანს სისასტიკეში, თუ მას არაადამიანურ პირობებში ჩააყენებ! იმასაც ვიტყვი, რომ ადამიანს ვერ გადააკეთებ.

ამაოდ ცდილობდნენ წინა რეჟიმის დროს "ახალი ადამიანის" შექმნას (ტყუილად როდი ახსენებდნენ წამდაუწუმ სინგაპურს!). ეს ადრეც ბევრს, შეუდარებლად დიდ პოლიტიკოსსაც უცდია და მათი მცდელობა, საბედნიეროდ, ყოველთვის კრახით დამთავრებულა. სტერილიზებული ადამიანი, დამერწმუნეთ, ბოროტმოქმედზე უარესია.

ახლა, რაც შეეხება შიშს - შიში საშინელებაა. შიშით დამყარებულ, დარეგულირებულ მშვიდობას არავითარი ფასი აღარა აქვს. არადა, კაცობრიობის  დღევანდელი, თუნდაც პირობითი მშვიდობა წყალბადის ბომბის შიშით არის გარანტირებული. ასეთი აბსურდული ვითარების მოწმენი ვართ - კაცობრიობის მომსპობი იარაღი მშვიდობას გვინარჩუნებს! ბევრი ჩვენი ქმედება, სწორედ ამის გამო, გაუაზრებლადაც, უკიდურესი, მოულოდნელი ფორმით ვლინდება...

- ეკონომიკური პრობლემები ახრჩობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს. რა შეიძლება განსაზღვროს და გამოიწვიოს ეკონომიკურმა შიმშილმა?

- ეკონომიკური შიმშილი - ძალიან მძაფრი ფრაზაა, შემაძრწუნებელი. ეს არის ის საშინელება, რომელიც ადამიანს უსპობს ადამიანური ცხოვრების შესაძლებლობას.

"სიღატაკე სულის კატორღაო", ჩაუწერია გალაკტიონს უბის წიგნაკში.

- გამოსავალს სად ხედავთ?

- ნეტავი, შემეძლოს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ეს ალბათ პოლიტიკოსს ან ეკონომისტს უნდა ჰკითხოთ. პოლიტიკოსების მეტი ვინ გვყავს, ჩვენს ქვეყანას შეიძლება პოლიტიკოსების ქვეყანა ვუწოდოთ. გამოსავალს ადრეც და დღესაც ჩემზე უფრო გონიერი ადამიანები ეძებდნენ და ეძებენ, მაგრამ ამაოდ. ამიტომ თავს შევიკავებ, რადგან ჩემი პასუხი აშკარად დილეტანტური იქნება, დილეტანტიზმმა კი ჩვენს თითქმის ყველა საქმიანობაში ლამის წაგვლეკოს. ეს კია - ვგრძნობ, რომ გამოსავალი არსებობს, შეიძლება ამას თავდაცვის ინსტინქტი მკარნახობდეს - ამ წუთისოფელში გასაძლებლად განუწყვეტლივ რაღაცას უნდა ელოდე, ვიდრე ელოდები - არსებობ!..

- თქვენი წიგნი, "ოთართან ერთად", უაღრესად საინტერესო იყო მკითხველისთვის. ცხოვრების უდიდესი ნაწილი მართლაც ერთად გაატარეთ. დღეს როგორ ცხოვრობთ, ბატონო თამაზ, ოთარ ჭილაძის არყოფნა ყველამ დიდი სიმძაფრით ვიგრძენით, მაგრამ თქვენ დამატებითი პასუხისმგებლობაც დაგეკისრათ. ბევრი მოგონება კიდევ გექნებათ დასაწერი მასზე...

- სასიამოვნოა, ჩემი წიგნი რომ მოგწონებიათ. ვფიქრობ, გაცილებით მეტის და გაცილებით უკეთესად დაწერა შეიძლებოდა. ეს წიგნი მოულოდნელად დაიბადა, თითქოს ვიღაცის კარნახით ვწერდი. უცნაურია, ასეთი რამ არასოდეს დამმართნია. ძალიან მინდა ჩვენმა ნიჰილისტმა ლიტერატორებმა, რომელთა აზრითაც,  თანამედროვე ქართული წიგნი ვერ იქნა და ევროპაში ვერ გავიდა, ევროპელი მწერლებისა თუ კრიტიკოსების გამონათქვამები წაიკითხონ, თუნდაც დანიელი მწერლის ასეთი ფრაზა: ოთარ ჭილაძემ საქართველო  მსოფლიოს რუკაზე დააბრუნა!  დღეს აშკარაა, რომ არა მარტო ოთარის შემოქმედება, არამედ საერთოდ ახალი ქართული მწერლობა უფრო მეტ ყურადღებას უნდა იმსახურებდეს თავისივე თანამემამულეებისგან.

ნიჰილისტები როგორმე უნდა შეურიგდნენ იმ ჭეშმარიტებას, რომ დიდი, ევროპული მასშტაბის მწერლობის პატრონები ვართ და გავუფრთხილდეთ კიდეც მას.

- თქვენს შემოქმედებაში რა ხდება? ხომ არ მუშაობთ ახალ ნაწარმოებზე?

- ყოველთვის მეშინოდა ამ კითხვის. ჩემი ბედნიერება თუ უბედურება (ძნელი გასარჩევია!) ის არის, რომ სულ ვმუშაობ, ჩემი ბედი თუ ცხოვრება არაფრით გამოირჩევა სხვა უამრავი ადამიანის ბედისგან თუ ცხოვრებისგან. მეც მიგრძნია, ზოგჯერ ძალიან მტკივნეულადაც, ხელოვნური მარწუხების ზემოქმედება ჩემს საქმიანობაზე, თუნდაც ჩემს სურვილებსა თუ ოცნებაზე, თუმცა სწორედ ამის გამო ვგრძნობდი ცხოვრების ჭეშმარიტ  რაობას.

მყავდა მეგობრებიც და, რა თქმა უნდა, მტრებიც. ძვირფასი მეგობრები დავკარგე, ერთი-ორიღა შემრჩა, ტელეფონით ვსაუბრობთ ხოლმე, ეს ჩემთვის სულის მოთქმასავითაა. მტრები კი უკვდავნი ყოფილან. ერთადერთი, რასაც მინდა მოვესწრო - ერთიანი,  ნამდვილად თავისუფალი, ნამდვილად ბედნიერი საქართველოა, ჩვენი სამშობლო... ღმერთო, როგორ მომნატრებია ეს სიტყვა!..