"ტრასის მიმდებარე ტერიტორია - მკვდარი ზონა"
06-10-2014
"ტრასის მიმდებარე ტერიტორია - მკვდარი ზონა"
"არასწორია, ბავშვის სეირნობა გამზირზე, თუნდაც გზის მახლობელ სკვერში!"

"მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის, რა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანზე გამხმარი ფოთლების დაწვა..."


გარემოს დაბინძურებაზე არაერთხელ გვისაუბრია. ამ მხრივ  სანუგეშოს ვერაფერს იტყვი... დამაფიქრებელია, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის რა მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანზე არა მხოლოდ ნაგვის, არამედ გამხმარი  ფოთლების დაწვაც კი.


მარინა გიორგობიანი,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი-ჰიგიენისტი, ეკოტოქსიკოლოგი: -  ნებისმიერ თქვენგანს გინახავთ დაუდევრობის გამო აალებული ნაგვის ბუნკერი ან ხმელი
ტოტები და ფოთლები რომ იწვის. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამით ჯანმრთელობას არ აზიანებენ.

ხე, ფოთოლი თუ სხვა რამ დაწვისას გარემოს დიდ ზიანს აყენებს. წვის შედეგად გარემოში გამოიყოფა დიოქსინი, უჯერი ნახშირწყალბადები და განსაკუთრებით - ტყვია, რომელიც ფოთლებში ხვდება დაბინძურებული ჰაერიდან.

გახსოვდეთ! ფოთოლი აბსოლუტურად სუფთა გარემოშიც კი
წვისას გამოყოფს მავნე ნივთიერებებს. მით უმეტეს ქალაქებში და დღევანდელ ეკოლოგიურად მძიმე პირობებში...

- გარდა ნამწვით ჰაერის დაბინძურებისა, კიდევ რა პრობლემას ხედავთ დღეს?
- საცხოვრებელ სახლებში ბუნკერების აკრძალვა მართლაც ძალიან კარგია, მაგრამ ქუჩაში მდგარი კონტეინერები უნდა იწმინდებოდეს, მუშავდებოდეს სპეციალური ხსნარებით და იხურებოდეს ჰერმეტულად. დეზინფექცია სამ დღეში ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს.
მეორე პრობლემაა ბუნკერების სიახლოვეს მდგარი სუნი. ისიც მომწამვლელია. ძალიან ხშირად ბუნკერი ბოლავს, რადგან ვიღაც დაუდევარი ჩაუქრობელ სიგარეტს აგდებს შიგ. ამ პრობლემებს ემატება სხვადასხვა წარმომავლობის ნივთიერებების წვის შედეგად მიღებული გამონაბოლქვი. ნაგავი რომც არ იწვოდეს, ლპობის შედეგად გამოყოფილი ბაქტერიები, ვირუსები სხვადასხვა დაავადების გავრცელების საშიშროებას ქმნიან. ამას ემატება ისიც, რომ სავარაუდოა, ახლომახლო ობის სოკო გავრცელდეს, რომელიც კარგა ხანს რჩება დაუმუშავებელ ტერიტორიაზე. არადა, ბუნკერების მიმდებარედ არავინ ამუშავებს ასფალტს. იქ პატარები მოძრაობენ... ხშირად მიწას ხელით ეხებიან. უფროსები გარეთ ნასიარულები ფეხსაცმლით შედიან შინ, მიჰყვებათ ვირუსები, ბაქტერიები, ობის სოკო... ობის სოკოს კი შეუძლია ალერგიული დაავადების, ასთმის, ზოგ შემთხვევაში კი ავთვისებიანი სიმსივნის მიზეზიც გახდეს. 

- რას იწვევს ზემოთ ჩამოთვლილი ტოქსინები ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ?
- ყველა ტოქსინი მოქმედებს ნეგატიურად, თუმცა, ცხადია, ზოგი განსაკუთრებულად რეაგირებს ამაზე, ზოგი - ნაკლებად. რისკის ჯგუფია პატარები და ხანდაზმულები. ტოქსინები აზიანებს სასუნთქ ორგანოებს, სისხლძარღვთა სისტემას, ცენტრალურ ნერვულ სისტემას, დიოქსინმა ბავშვს შეიძლება ღვიძლიც კი დაუზიანოს... შეიძლება პედიატრმა ვერც დაუსვას შესაბამისი დიაგნოზი. მინდა გაგაფრთხილოთ: არასწორია, პატარას სეირნობა გამზირზე, თუნდაც გზის მახლობელ სკვერში! 20-25 მეტრის პერიმეტრზე ტრასის მიმდებარე ტერიტორია საშიში მკვდარი ზონაა, სადაც პატარებს არ უნდა ასეირნებდეთ.

სამანქანო გზასთან ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსების გასასუფთავებლად ერთადერთი გამოსავალი ხშირი განიავებაა. აქ მეორე პრობლემა იჩენს თავს: ახლა კორპუსებს ერთმანეთთან ისე ახლოს აშენებენ, რომ ვერ ხდება ვენტილაცია, აერაცია, ინსოლაცია. ნამწვი გაზები სახლებში ვეღარ ნეიტრალდება.

ტოქსიკოლოგიაში მნიშვნელოვანია ორი ფაქტორი: ტოქსინების დოზა და მათი ზემოქმედების ხანგრძლივობა. ეს ორივე მაჩვენებელი ჩვენთან იზრდება და საშველი კი არ ჩანს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით