დაინახე საქართველოს წარსული - კვირის პალიტრა

დაინახე საქართველოს წარსული

ფერადოვანი ილუსტრაციები ჩვენს ისტორიას უფრო შთამბეჭდავად წარმოგიდგენთ

საქართველოს ისტორია კარგა ხანია საჯილდაო ქვად არის ქცეული. ვინც ავტორიტეტის შექმნას ცდილობს, ყველა ამ დიდ საუნჯეს უტრიალებს, ამით წარადგენს თავსაც და საკუთარ საქმესაც... თუმცა, საქართველოს ისტორია არის ის, რითიც ყველაზე მეტად ვამაყობთ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ვიცით!

დრო კი, მოგეხსენებათ, რთულია! სხვა რომ არაფერი, სარჩო-საბადებლის მოპოვებას გამოდევნებული კაცი ვეღარ პოულობს ძალას, თავადაც წიგნი აიღოს ხელში და შვილებსაც შეაყვაროს ის. ჩვენი გათვითცნობიერებულობის მრუდი კი ნელ-ნელა თავდაღმა ეშვება, ვინ იცის, სადამდე...

სწორედ ამიტომ გაზეთი "კვირის პალიტრა" მალე ახალ სერიას შესთავაზებს მკითხველს - "საქართველოს ილუსტრირებულ ისტორიას", რომელიც არა მარტო ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას, მის წარმოსახვასაც გაააქტიურებს, წარსული დროის მნიშვნელოვან დეტალებს სიცოცხლეს მიანიჭებს და ისე წარადგენს, როგორც დაუვიწყარ მოგზაურობას ისტორიის წიაღში.

საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ სერიად აერთიანებს. ეს წიგნები ყველა თაობისთვის, ოჯახის ყველა წევრისთვის არის განკუთვნილი...

ვიწყებთ თამარის ეპოქით...

პროექტის ავტორი გახლავთ ჟურნალ "ისტორიანის" რედაქტორი ჯაბა სამუშია.

- დღევანდელი დროის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ადამიანები ცდილობენ, ინფორმაცია მიიღონ ლაკონურად, მცირე დროში... ამავდროულად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შემეცნებისთვის ვიზუალური ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, განგვეხორციელებინა დღევანდელ მსოფლიოში აპრობირებული პროექტი. ახალი თაობა ამა თუ იმ საგანს სწორედ ასეთი გზით სწავლობს. საქართველოში პირველად გამოვა "ილუსტრირებული საქართველოს ისტორია". ეს იქნება მრავალტომეული. განზრახულია 2 ათეულ ტომზე მეტის გამოცემა. ვიზუალური მასალით გაჯერებულ ისტორიაში წარმოდგენილი იქნება ისტორიული რეკონსტრუქციები, ფოტო და საარქივო, არქეოლოგიური მასალები, მხატვრული ნიმუშები...

აუცილებელია გათვალისწინებული იყოს  იმ ეპოქის სული. "საქართველოს ილუსტრირებულ ისტორიაზე" მუშაობა მესამე წელია, მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში იხვეწებოდა თითოეული დეტალი...

- რა არის პროექტის მთავარი მიზანი?

- ამ პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს შევაყვაროთ ისტორია. ეს რატომღაც გაჭირდა, ვერ ხერხდება... იქნებ ეს თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა ან ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით არასწორი მიდგომის ბრალია. ადამიანი სქელტანიანი წიგნების კითხვას გადაეჩვია. თანამედროვე საზოგადოება ლაკონური ინფორმაციის მიღებას არჩევს. ეს კარგია თუ ცუდი, არ განვსჯი. მე მაინც იმ თაობის ადამიანი ვარ, რომელიც სიამოვნებას წიგნის კითხვაში პოულობდა. არ მინდა, რომ ეს სიამოვნება მომავალი თაობისთვის უცხო დარჩეს. მაგრამ ვიდრე აქამდე მივალთ, გადავწყვიტეთ, გამოგვეცა წიგნების სერია, რომელიც მკითხველს ისტორიას გააცნობდა და შეაყვარებდა, მისცემდა მაქსიმალურ ინფორმაციას, ამის შემდგომ ააღებინებდა იმ წიგნებს ხელში, რომლითაც ვსწავლობდით საქართველოს ისტორიას, საქართველოს წარსულს...

ჩვენს პროექტში ვიზუალურ მასალასთან ერთად ბევრი ინფორმაციაა.

- რა მოლოდინი გაქვთ?

- ეს წიგნები სამშობლოს დიდი სიყვარულით იწერებოდა და იხატებოდა. მსგავსი განცდა გვინდა მკითხველსაც გადაედოს...

მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ სერიის შექმნაში. სერიისთვის სპეციალურად შედგა სამუზეუმო ექსპონატთა ნუსხა, რომელიც მოგვაწოდეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული არქივის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოს საპატრიარქოს, კერძო პირთა პირადი არქივებიდან.

წიგნების ამ სერიის შესაქმნელად მეცნიერების, მხატვრების, ფილოლოგების თუ ტექნიკური პერსონალის დიდი გუნდი 3 წელი დაუღალავად შრომობდა და შრომობს დღესაც...

- პირველი წიგნი რას შეეხება?

- სერია მოიცავს განსხვავებულ თემებს, რომლებიც ერთმანეთს ებმის და ქმნის საქართველოს მატიანეს. თითოეული ტომი ამ მატიანის განსხვავებული ფურცელია, სწორედ ამიტომ ყოველი ტომი ერთმანეთის შემავსებელია და ყოველი მათგანი თავისი უნიკალურობით არის მნიშვნელოვანი... ვიწყებთ თამარის ეპოქით. ამას მოჰყვება თბილისი... მერე სამხედრო ისტორია და ასე შემდეგ. მკითხველს დიდი სიურპრიზი და საჩუქარი ელის ამ სერიის წიგნების სახით.

ჩვენ დავუკავშირდით თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის ეროვნული მუზეუმის დირექტორს გიორგი კალანდიას:

- ჩვენმა მუზეუმმა ჩემი ხელმძღვანელობით მოამზადა ერთი ტომი - "ქართული კინოს და თეატრის ისტორია". მსგავსი შინაარსის წიგნები არსებობს, მაგრამ აქ მკითხველი იხილავს უნიკალურ მასალას, რომელიც პირველად იბეჭდება. ასე რომ, ამ წიგნს უკვე აქვს თავისი დიდი მნიშვნელობა, ისე როგორც ამ სერიის სხვა წიგნებს. საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ გვგონია, წიგნიერი ერი ვართ, სინამდვილეში წიგნის კითხვის დიდი დეფიციტია. ის, რასაც "პალიტრამედია" და "პალიტრა LL" აკეთებს წიგნების გამოცემის და გავრცელების თვალსაზრისით, სერიოზული საქმეა. მის მნიშვნელობას შეიძლება ახლა ვერ ვხვდებით, მაგრამ მომავალი თაობა რომ წამოიზრდება და ქვეყნის მართვის სადავეებს ჩაიბარებს, მივხვდებით, რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ მცდელობას.