ვინ იცის, ჰერბერტ უელსის კიდევ რომელი წინასწარმეტყველება ახდება
06-10-2014
ვინ იცის, ჰერბერტ უელსის კიდევ რომელი წინასწარმეტყველება ახდება
მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში შესული ორივე რომანი  "დროის მანქანა" და "სამყაროთა ომი" ქართულად პირველად გამოდის, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჰერბერტ უელსს ქართველი მკითხველი არ იცნობს. ცხადია, ეს განსაკუთრებით იმ თაობის ადამიანებზე ითქმის, საბჭოთა დროსაც რომ მოვესწარით და უფრო ფართო არჩევანის, უკეთესი თარგმანისა და "სავალდებულო რუსულის" ცოდნის გამო, ამ ენაზე თავისუფლად რომ შეგვეძლო ლიტერატურის კითხვა.

თანაც ჰერბერტ უელსი ის მრავალთაგან იშვიათი მწერალი იყო, რომელსაც "გარანტირებული" ჰქონდა პოპულარობა საბჭოთა კავშირში
- მისი რომანების თავისთავადი ღირსების გარდა, საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანაც ხელს უწყობდა ამ პოპულარობას. მიზეზი კი მარტივად აიხსნება: უელსი ორჯერ ეწვია საბჭოთა კავშირს (უფრო ზუსტად, პირველად საბჭოთა რუსეთს, 1920 წელს სსრკ ჯერ არ არსებობდა), ლენინსაც იცნობდა, სტალინსაც, მათზე და მათ სახელმწიფოზე ორიოდე "ტკბილი სიტყვაც" დაწერა და
ეს საკმარისად ითვლებოდა, რომ საბჭოთა ხალხისთვის "სავალდებულო" გამხდარიყო მისი რომანების კითხვა. მით უმეტეს, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვით რომანების მაღალი დონეც ხელს უწყობდა ამას.

უდავოა, რომ საბჭოთა რუსეთიდან თუ საბჭოთა კავშირიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ გამოქვეყნებულ შთაბეჭდილებებში - ნარკვევებში, სტატიებსა და წიგნებში (მაგალითად, "რუსეთი წყვდიადში") უელსი მისთვის ჩვეული სარკაზმით უფრო მეტ ადგილს კრიტიკას უთმობდა, ვიდრე მუშურ-გლეხური სახელმწიფოს ქებას, მაგრამ "რკინის ფარდის" გამოღმა ეს ნაწილი არ ქვეყნდებოდა და ჰერბერტ უელსი ისევ "მგზნებარე სოციალისტად" და "ჩვენი დიადი ქვეყნის უანგარო მეგობრად" რჩებოდა.

პოპულარობა კი მას არც სამშობლოში აკლდა: ბრიტანეთსა და ამერიკაში წარმოუდგენელი ტირაჟებით იყიდებოდა მისი რომანები, რასაც პოპულარობის გარდა, ჯერ ფინანსური დამოუკიდებლობა, შემდეგ კი გვარიანი სიმდიდრე და ფუფუნებაში ცხოვრება მოჰყვა. ამის შემდეგ ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავდა, რომ გამდიდრებულ მწერალს "კალამი დაუჩლუნგდა" და იქნებ მართალიც იყო, რადგან მისი საუკეთესო ნაწარმოებები ახალგაზრდულ წლებზე მოდის, მაგრამ ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჰერბერტ უელსი, ჟიულ ვერნთან ერთად, სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ფუძემდებლად მივიჩნიოთ, თანაც, ჟიულ ვერნისგან განსხვავებით, ჰერბერტ უელსთან გაცილებით მეტია სოციალური თემები და "სერიოზული ლიტერატურისთვის" დამახასიათებელი სხვა მომენტები.
ისე, ერთი უცნაურობა კი უნდა აღინიშნოს:

იმ კაცის რომანებში, რომელზეც სამართლიანად ამბობდნენ, ინგლისის პირველი მწერალი და პირველი მექალთანეაო, საერთოდ არ არის სასიყვარულო ამბები
(თუ არ ჩავთვლით მის არაფანტასტიკურ, ანუ "ჩვეულებრივ" რომანებს, რომლებმაც წარმატება ვერ მოუტანეს ავტორს).

ჰერბერტ ჯორჯ უელსი 1866 წლის 21 სექტემბერს, შაბათს დაიბადა და ამით ძალიან გააბრაზა დედა, რომელსაც თავის დღიურში ჩაუწერია: "ეს უიკენდი ჩამშხამდა, ჩემს შვილს მაინცდამაინც შაბათს მოუნდა ამქვეყნად მოვლინება". ამბობენ, ეს თვითონ მწერალმა გამოიგონაო, მაგრამ ის, რომ ნაბოლარა ვაჟი ყველაზე მოუსვენარი, აბეზარი და ძნელად გასაზრდელი იყო, ნამდვილად წერია სარა უელსის დღიურში.

ცხადია, მომავალი მწერლის დედა ბავშვთმოძულე არ იქნებოდა, მაგრამ სიღარიბე და გაურკვეველი მომავალი აშინებდა და ამიტომ არ უნდოდა ბევრი შვილის გაჩენა. ასე იყო თუ ისე, მოგვიანებით თავის ბიოგრაფიაში ჰერბერტ უელსი გესლიანად წერდა, ამის შემდეგ ჩემმა მშობლებმა შობადობის საწინააღმდეგო ასპროცენტიანი მეთოდი გამოიმუშავეს, სხვადასხვა ოთახში იძინებდნენო. არადა, მშობლები მართლაც ბევრს შრომობდნენ, რომ შვილები გამოეკვებათ და ესწავლებინათ. 13 წლამდე შეძლეს მშობლებმა მისი სკოლის ფულის გადახდა და ჰერბერტს დამლაგებლადაც მოუხდა მუშაობა და დახლში დგომაც, მაგრამ ჯიუტად მეცადინეობდა და სტიპენდიის მიღებაც მოახერხა ლონდონის იმპერიალ-კოლეჯში, რომლის დასრულების შემდეგაც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების უფლება ეძლეოდა.

23 წლისამ სამეცნიერო ხარისხი მიიღო ბიოლოგიაში და მასწავლებლადაც მოეწყო ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში, თუმცა, ორი წლით ადრე, 1887-ში, მას ტუბერკულოზის ნიშნები აღმოაჩნდა და რამდენიმე თვით თითქმის მიეჯაჭვა საწოლს, ყოველ შემთხვევაში, სახლიდან ვერ გადიოდა და კითხვისთვისაც ნაყოფიერად გამოიყენა ეს პერიოდი: შელი, კიტსი, ჰაინე, უიტმენი, პლატონი, სპენსერი, უტოპისტთა ნაშრომები... ამ გენიოსების შედევრების გაცნობამ უბიძგა, ალბათ, და სწორედ მაშინ სცადა პირველად ბედი როგორც მწერალმა და გამოაქვეყნა კიდეც მოთხრობა "ქრონოსის არგონავტები", რომლის საფუძველზეც შვიდი წლის შემდეგ პირველი რომანი - "დროის მანქანა" შეიქმნა.
რომანის წარმატებამ მოლოდინს გადააჭარბა:

წარმოუდგენელი ტირაჟი, ახალი წიგნების შეკვეთები, ფანტასტიკური ჰონორარები! "დროის მანქანას" მოჰყვა "დოქტორ მოროს კუნძული", "უჩინარი კაცი", "სამყაროთა ომი" - სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ეს ნამდვილი რევოლუცია იყო ლიტერატურაში, მკითხველთა თვალწინ, ფაქტობრივად, ახალი ჟანრი იბადებოდა.

რატომ არის დღემდე საინტერესო ჰერბერტ უელსის ლიტერატურა? სინამდვილეში ხომ იმ ფანტასტიკის დიდი ნაწილი, რომელსაც აღწერდა, დღეს უკვე აღარ არის ფანტასტიკა? მეორე მხრივ, შესაძლოა, სწორედ მის მიერ ნაწინასწარმეტყველები დღევანდელი რეალობაც იყოს ერთ-ერთი მიზეზი ამ ინტერესისა. თავად განსაჯეთ: მან აინშტაინამდე 10 წლით ადრე დაწერა, რომ ჩვენი რეალობა ოთხგანზომილებიანი სივრცე-დროა (სწორედ "დროის მანქანაში"), 1898 წელს ივარაუდა ქიმიური იარაღის შექმნა, ლაზერის სხივი, ანტიგრავიტაცია მთვარეზე, ავიაციის გამოყენება ომში და თვით ატომური ბომბის შექმნაც კი (სწორედ ამ სახელწოდებით)...

ამიტომ წავიკითხოთ მეცნიერისა და მწერლის ეს უცნაური რომანები და იქნებ გამოვიცნოთ, უახლოეს მომავალში ჰერბერტ უელსის კიდევ რომელი წინასწარმეტყველება ახდება.
avtori
08 ოქტომბერი 2014 13:25
giga-ს

მეგონა, გასაგებად დავწერე, თუ ასე არ არის, ბოდიშს გიხდით, მაგრამ აქ წერია, რომ ფართო არჩევანი და უკეთესი თარგმანი იყო რუსულად, ვიდრე ქართულად-მეთქი. სხვა არაფერი.
შესაძლოა, ესეც საკამათო იყოს (ჩვენც გვყავდა კარგი მთარგმნელები, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა) - ეს უკვე სხვა საკითხია.
პატივისცემით
giga
07 ოქტომბერი 2014 23:12
მაგარი ფართო არჩევანი გქონდათ საბჭოთა კავშირში


თარგმანიც უკეთესი იყოო - გვეკაიფება ავტორი

რედაქტორის რჩევით