ნორმად ქცეული ძალადობა?! - კვირის პალიტრა

ნორმად ქცეული ძალადობა?!

გთავაზობთ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "კაცია-ადამიანის?!" მორიგ საგაზეთო ვერსიას. შეგახსენებთ, რომ თითოეული გადაცემის მთავარი თემა ფარული კამერით გადაღებული "პალიტრა TV"-ის ექსპერიმენტია, რომელსაც გადაცემის წამყვანი ლადო კახაძე სტუმრებთან ერთად განიხილავს.

მეორე სეზონის მესამე გადაცემაც სოციალურ თემას დაეთმო - დაეხმარებიან თუ არა გამვლელები ბიჭუნას, რომელსაც ხალხმრავალ ქუჩაში ორი, მასზე უფროსი მოზარდი ჩაგრავს (უჩხრეკენ ჩანთას, ჯიბეებს და ფულს სთხოვენ)? ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ 20-მდე გამვლელიდან მხოლოდ ოთხმა, ორმა გოგონამ და ორმა ბიჭმა, სცადა მისი დახმარება.

გადაცემის წამყვანმა ლადო კახაძემ, სტუმრებთან: მსახიობ ასმათ ტყაბლაძესთან, ექიმ გია ბეროშვილსა და "ამბები.გე"-ს რედაქტორ გიორგი გიორგაშვილთან ერთად  ეს თემა განიხილა.

ლადო კახაძე: - კვლევების მიხედვით, ბავშვებისა და მოზარდების მიმართ ძალადობის ფაქტების კლება არ შეიმჩნევა. აღმზრდელობით დაწესებულებებშიც კი ძალადობის კოეფიციენტი 18%-ია. საზოგადოების წევრები ხომ არ ვაშავებთ რამეს? ქალბატონო ასმათ, შესწრებიხართ მსგავს სიტუაციას?

ასმათ ტყაბლაძე: - კარგად მახსოვს, 2 იანვარი იყო. მანქანიდან დავინახე, ბიჭები ჩხუბობდნენ. გადმოვედი და მოჩხუბრებს შუაში ჩავუდექი. ბევრი ტყუილი მოვიგონე, ერთს ვუთხარი, დედაშენი ჩემი მეგობარია, ასე რატომ იქცევი-მეთქი. ყველა დავაშოშმინე...

ვერის პარკში, მოზარდების გაშველების დროს, მეც მომხვდა. მერე ორი ბიჭის ჩხუბს შევესწარი. რომ ვერაფრით დავაწყნარე, ერთ-ერთს თავად გავარტყი. გაშტერდა - რატომო? ან წახვალ, ან მეორედაც მოგხვდება-მეთქი.

დამიჯერა. დაახლოებით სამი წლის წინ შევესწარი - ტროტუარზე სამი ნასვამი ყმაწვილი საუბრობდა და, მგონი, იგინებოდნენ კიდეც. ჩემ წინ მიმავალმა პატრულმა გზა გადამიჭრა, გადახტნენ და მათი მანქანაში ჩატენა დაიწყეს. გაბრაზებული მივვარდი პოლიციელებს. ვერ გეტყვით, მიცნეს, თუ ქალს პატივი მცეს, მაგრამ თავი კი დაანებეს. ახალგაზრდები გადავარჩინე განყოფილებაში წაყვანას. ერთხელ შევესწარი, დაცვამ ხელი ჰკრა ქალბატონს და იმ დაცვას კისერში ჩავავლე ხელი. ყველა ამ შემთხვევის დროს წამითაც არ მიფიქრია, მე რამე არ დამემართოს-მეთქი.

გია ბეროშვილი: - ახალგაზრდების ჩხუბში ქალბატონი ასმათი თამამად ჩაერია.

ჩხუბში მამაკაცი რომ ჩარეულიყო, შესაძლოა, ყოველივე უფრო ტრაგიკულად დამთავრებულიყო.

ქუჩაში ერთ ახალგაზრდას რამდენიმე ბიჭი მისდევდა. ავტომობილით ვიყავი და რამდენჯერმე დავუსიგნალე. მდევარი დაიფანტა.

წამყვანი: - რა განაპირობებს მოზარდში აგრესიულობის დომინანტად ქცევას? იქნებ იმ ოჯახშია პრობლემა, სადაც ბავშვი იზრდება და შემდეგ ამ აგრესიას თანატოლებზე ავლენს? რა არის ამის მიზეზი?

ასმათ ტყაბლაძე: - ალბათ, მშობლებისა და სააღმზრდელო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომები. ეტყობა, სულში ელექებათ მათზე გამოვლენილი აგრესია და შემდეგ სხვების მიმართ გამოხატავენ. ერთ-ერთი ქვეყნის პოლიტიკოსზე ამბობენ, ბავშვობაში ჩაგრავდნენ და დიდკაცობისას ძალიან სასტიკი გახდაო.

გია ბეროშვილი: - აღზრდას და განათლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, მაწანწალა ბავშვები დაჩაგრულები არიან და, შესაბამისად, ეს იწვევს მათში აგრესიას.

წამყვანი: - რა ხდება ამ დროს აღზრდას, გენეტიკურ მემკვიდრეობასა და ბუნებას შორის?

გიორგი გიორგაშვილი: - გამიჭირდება პასუხის გაცემა გენეტიკურ მემკვიდრეობაზე, მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო  სოციუმზე. ერთია ნორმად ქცეული ძალადობა, რომელზეც უმეტესობას რეაქცია აღარ გვაქვს, მეორე - სოციუმი, სადაც ეს ყველაფერი ნორმად მიიღეს და მესამეა სახელმწიფო, რომელმაც უნდა შეცვალოს დამოკიდებულება პრობლემისადმი.

წამყვანი: - ჩვენი შვილიშვილების თაობა, რომლებიც კომპიუტერს ლამის დაბადებიდან ფლობენ, თვითონ ირჩევენ თამაშებს, რომელთა უმეტესობა ძალადობაზეა. რას ფიქრობთ, სად არის გამოსავალი?

ასმათ ტყაბლაძე: - მე შეგნებულად არ ვუყიდე შვილს კომპიუტერი, პატარაობიდანვე შევაყვარე წიგნი.

გია ბეროშვილი: - ხუთი შვილი მყავს, მათგან ერთია სასკოლო ასაკის. მას წიგნი ძალიან უყვარს, კომპიუტერსაც არ ვუშლი. თუ თამაშებს გავუკონტროლებ, ჩუმად მაინც ითამაშებს.

შემდეგი გადაცემა "პალიტრა ტვ"-ის ეთერში 8 ოქტომბერს გავა და მაყურებელს  ამჯერადაც ფარული კამერით გადაღებულ ექსპერიმენტს შესთავაზებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი