ქართული ანომალია - საქონელი ავტობანზე - კვირის პალიტრა

ქართული ანომალია - საქონელი ავტობანზე

ვინ არის პატრონი?!

"კეთილი ინებონ და საქონელი სატვირთო ავტომობილებით გადაიყვანონ ან ალტერნატიული მარშრუტები მოძებნონ"

"თუ საქონელი მანქანას დაგილეწავს ან დაგაშავებს, 100-ლარიანი ჯარიმა რას გიშველის?!"

ცოტა ხნის წინ თბილისთან ახლოს, ცენტრალურ ავტობანზე ასეთ სურათს წავაწყდი - მეცხვარე ცხვრებს ტრასაზე მიერეკებოდა, რამაც გვარიანი საცობი შექმნა. იყო სიგნალი და ერთი ამბავი, თუმცა ყურს არც მეცხვარე იბერტყავდა და რა თქმა უნდა, არც ცხვარი. უცებ წარმოვიდგინე, რომ გერმანიის რომელიმე ავტობანზე ვინმემ ცხვრები ან ძროხები გადარეკოს. ალბათ, ეს თემა იქაურ ტელევიზიებს რამდენიმე დღე ეყოფოდათ განსახილველად. თუმცა, ხუმრობა იქით იყოს და, ტრასებსა და გზებზე პირუტყვის სეირნობა შესაძლოა, ძვირად დაგვიჯდეს - მატერიალურ ზარალზე რომ არაფერი ვთქვათ, არც ტრაგედიაა გამორიცხული.

მძღოლი ლევან სიხარულიძე ლამის ღორმა იმსხვერპლა:”- ავტობანზე, ზუსტად ჩემს ზოლზე იდგა, დამუხრუჭებაც ვერ მოვასწარი, დავეჯახე და ლამის ამოვტრიალდი. მანქანა ისე დაილეწა, არავის სჯეროდა, რომ ღორს დავეჯახე. ახლომახლო სოფლებში გავიკითხე, მაინტერესებდა, ვინ იყო ღორის პატრონი, თუმცა ამაოდ... პატრონი დაიმალა, მე კი ზარალი ზარალად შემრჩა.

უფრო ცუდად დასრულდა კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა. აAმჯერად მანქანა, რომელსაც მოქალაქე გია ნოზაძე მართავდა, ძროხას შეეჯახა:

-"ფოლკსვაგენ პასატი" მყავს. სენაკს  ვუახლოვდებოდი, საღამო იყო. მოსახვევში შევედი. გGზაზე ძროხა მისეირნობდა.

მოპირდაპირე ზოლში მომავალი მძღოლი დაიბნა, ძროხას გვერდი აუქცია და ჩემს ზოლში აღმოჩნდა. მე მანქანას ავარიდე და ძროხას დავეჯახე. პირუტყვის უკანა ტანი სალონში შემოვარდა. თავის მძიმე ტრავმა მივიღე და სიკვდილს ძლივს გადავურჩი.

კი დააჯარიმეს ძროხის პატრონი, მაგრამ მე რა?! მანქანა დაიმტვრა, მკურნალობა კი ძალიან ძვირი დამიჯდა. პირუტყვმა გზაზე არ უნდა იაროს. კეთილი ინებონ და სატვირთო ავტომობილებით გადაიყვანონ ან ალტერნატიული მარშრუტები მოძებნონ.”

ჩემს მეგობარს საგარეჯოში ძროხამ ახალთახალი "მერსედესი" დაუზიანა. საძოვრებმოვლილი ძროხები დღის ბოლოს უდრტვინველად მიაბიჯებდნენ გზის გამყოფი ზოლის ორივე მხარეს, მათ განცხრომას ავტოკოლონის სიგნალები ვერ არღვევდა. ჩემი მეგობრის ავტომობილი ათობით საქონლის შუაში აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ მოთმინებით უცდიდა ცურსავსე ძროხების გავლას, ზარალს მაინც ვერ ასცდა - სიგნალის ხმაზე დაფრთხალი საქონლის აქნეულმა ჩლიქმა უკანა ფარი ჩაულეწა. თუმცა, ჩემი მეგობრის ავტომობილი რა მოსატანია იმასთან, რაც რამდენიმე თვის წინ რუსთავი-თბილისის შემოვლით გზაზე მოხდა - ტრაილერი ცხვრის ფარას დაეჯახა და 80 ცხვარი იმსხვერპლა.

კანონის თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან  წესების დარღვევით აღმოჩნდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით თუ დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. ხოლო თუ ავარია პირუტყვის გამო მოხდა, მისი მეთვალყურე 100 ლარით ჯარიმდება. ამასთან, პირუტყვის გადაადგილებაზე პასუხისმგებელი შეიძლება იყოს როგორც მეხრე, ასევე პირუტყვის პატრონი.

თუ საქონელი მანქანას დაგილეწავს ან დაგაშავებს, 100-ლარიანი ჯარიმა რას გიშველის?! გამოსავალი ის არის, რომ პირუტყვს უადგილო ადგილას არ უნდა მიერეკებოდნენ.

კანონმდებლობა იმასაც არეგულირებს, თუ როგორ უნდა იმოძრაოს პირუტყვმა გზაზე. Kკანონის თანახმად, "პირუტყვს სავალ ნაწილზე არაორგანიზებულად გადაადგილება ეკრძალება. ქაოსური კოლონა მცირე ზომის მოწესრიგებულ ჯგუფად უნდა იქცეს, რომელშიც უნდა იყოს არა¬უმეტეს 10 პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა. პირუტყვმა უნდა იმოძრაოს გზის ნაპირზე ერთ რიგად, სატრანსპორტო მოძრაობის მიმართულებით.  ნახირს უნდა ჰყავდეს მეხრე, რომელიც მათ მეთვალყურეობას გაუწევს. ამასთან, გზებზე მეხრეობა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან. კანონის მიხედვით, პირუტყვის გზაზე გადარეკვა სასურველია დაღამებამდე მოხდეს".

სამწუხაროდ, საქართველოს გზებზე ვერ ვნახავთ, პირუტყვი მოწესრიგებულ ჯგუფად მოძრაობდეს. კანონი არსებობს, მაგრამ არ სრულდება და ალბათ, საპატრულო პოლიციამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

მოსაზრებას ეთანხმება ექსპერტი შალვა ოგბაიძე, რომლის აზრით, მეხრემაც ისევე უნდა დაიცვას წესრიგი, როგორც მძღოლმა.

- 1949 წელს დაიდო საერთაშორისო შეთანხმება - ჟენევის კონვენცია. საქართველო ამ კონვენციას 1993 წელს შეუერთდა... წესებში მკაფიოდ არის განმარტებული ის უფლება-მოვალეობები, რომელიც აქვს მძღოლს, ქვეითს და იმ ადამიანებს, რომლებსაც გზაზე ცხოველების გადარეკვა უწევთ. მეხრე და მეურმე, ამ კანონით, პრაქტიკულად, გათანაბრებულია ავტომობილის მძღოლთან. ეს ადამიანი ვალდებულია, დაემორჩილოს საგზაო მოძრაობის წესებს. ღამით გადაყვანისას უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება, ურმით სიარულისას აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური შუქამრეკლებით და ა.შ.

სავარაუდოდ,  მეხრეთა  უმრავლესობამ არც კი იცის, რომ საავტომობილო გზებზე პირუტყვის გადარეკვა გარკვეულ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა, დაჯარიმდნენ კიდეც...

საქართველოში დამკვიდრებული იყო წესი, რომ თუ მანქანა გზაზე უმეთვალყურეოდ გამოშვებულ საქონელს დაეჯახებოდა, მძღოლი უნაზღაურებდა ზარალს საქონლის პატრონს. არადა, უმეთვალყურეოდ საქონლის გზაზე გამოშვება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

საჭიროა განმარტებითი სამუშაოების ჩატარება, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც მოსახლეობა აქტიურად მისდევს მეცხოველეობას...

- უცხოეთში ეს როგორ რეგულირდება?

- ამ კონვენციას შეუერთდა მთელი მსოფლიო. თუმცა, ამა თუ იმ ქვეყანაში არსებობს დამატებითი შეზღუდვები, ეს აისახება საგზაო ნიშნებზეც, სადაც გამოსახულია ეგზოტიკური ცხოველები. მაგალითად, ავსტრალიაში, ზოგიერთ მონაკვეთზე საგზაო ნიშანი მძღოლს მიუთითებს, რომ შესაძლოა გზაზე გადაირბინოს კენგურუმ. მძღოლი გარეულ ცხოველს თუ დაეჯახება, \პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

ორგანიზაცია "მძღოლი, გზა, სამართლის" პრეზიდენტი რობერტ იანტბელიძე ამ სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს კანონის გამკაცრებაში ხედავს:

- სანამ კანონი არ "გამკაცრდება, ამ პრობლემას არაფერი ეშველება. მძღოლი შეიძლება მიდიოდეს თავის გზაზე, ამ დროს გზას ნახირი გადაუჭრის და რაღაც ხათაბალაში უნდა გაყოს თავი. ხობსა და სამტრედიაში კამეჩები ტრასაზე წვანან.

გამოსავალი ერთია - კანონმდებელმა უნდა გაამკაცროს საქონლის პატრონის ან გადამრეკის მიმართ სანქციები. ასევე, ავტობანის იმ მონაკვეთებზე, სადაც საქონლის გზაზე გადმოსვლის საფრთხეა, დამცავი ბადეები უნდა გაკეთდეს. დღეს არსებული ჯარიმები არ არის საკმარისი. 100 ლარს ნებისმიერი მენახირე გადაიხდის. უნდა მოხდეს პირუტყვის კონფისკაცია, რაც მათ საქონლის ავტობანზე გასეირნების სურვილს მოუსპობს.

შსს-ს ინფორმაციით:

მიმდინარე წლის 8 თვეში ძოვების წესის დარღვევისთვის (პირუტყვის გზებზე ქაოსური მოძრაობა)  დაჯარიმდა 11, ხოლო პირუტყვის მონაწილეობით ავარიისთვის -  260 მოქალაქე.  სამწუხაროდ, უცნობია, ამ 260 მოქალაქეს შორის რამდენი იყო მძღოლი და  რამდენი - მეხრე ან პირუტყვის პატრონი.

ვახო ბერიძე