"არ მოსწონს, როდესაც მის გამორჩეულ უნარზე ლაპარაკობენ" - კვირის პალიტრა

"არ მოსწონს, როდესაც მის გამორჩეულ უნარზე ლაპარაკობენ"

ირაკლი პაპიაშვილი ჯერ მხოლოდ რვა წლის არის

ინტერნეტსივრცეში ირაკლი პაპიაშვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ჩანს, რომ მან მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქი იცის, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გადავწყვიტეთ, მკითხველისთვის პატარა მოაზროვნე უკეთ გაგვეცნო, თუმცა ეს იოლი სულაც არ აღმოჩნდა. ირაკლიმ თავდაპირველად ინტერვიუზე სასტიკი უარი გვითხრა, თუმცა ბოლოს მაინც დაგვთანხმდა, რომ სკოლაში შეგვხვდებოდა და საყვარელ ნინო მასწავლებელთან ერთად დაგველაპარაკებოდა.

მასთან შეხვედრამდე ირაკლის დედას -  შორენა თამაზაშვილს გავესაუბრეთ: - ირაკლიმ ლაპარაკი  ოთხი წლისამ დაიწყო. როგორც კი ალაპარაკდა, მალევე ანბანით დაინტერესდა.

ჟურნალ "საბავშვო კარუსელს" 'მოჰყვა ე.წ. მაგნიტური ანბანი, რომლის დახმარებითაც ჯერ ქართული, მერე კი ინგლისური ანბანი ისწავლა. ხუთი წლისა უკვე კითხულობდა ქართულად, რუსულად, ინგლისურად და ქართული ასომთავრულით, რომელსაც შემთხვევით გადააწყდა და  ისწავლა.

ხუთი წლის იყო, როდესაც მსოფლიო ატლასის თვალიერება დაიწყო. ჯერ დროშებით იყო დაინტერესებული, შემდეგ კი ქვეყნებითა და მათი დედაქალაქებითაც დაინტერესდა. ექვსი წლისამ მსოფლიოს ყველა ქვეყანა და დედაქალაქი იცოდა. სკოლაშიც კარგად სწავლობს, თუმცა,  არ მოსწონს, როდესაც მის გამორჩეულ უნარზე ლაპარაკობენ.  განსაკუთრებული მეხსიერება აქვს და ჩვენც კი ხშირად გვაკვირვებს.

ირაკლი ახლა რვა წლის არის. მას სკოლაში შევხვდით. ჩვენთვის მოულოდნელად, ირაკლიმ საკლასო ოთახში "საბავშვო კარუსელისა" და "პალიტრა LL"-ის ერთობლივად გამოცემული სერიის - "დიდი ქართველების" სრული კომპლექტი დაგვახვედრა. ჩვენი ინტერვიუც სწორედ ამ წიგნებზე საუბრით დაიწყო.

- ირაკლი, ამ სერიის ყველა წიგნი გქონია... ნუთუ უკვე ყველა წაიკითხე?

- დიახ, წავიკითხე. ჩემი საყვარელი წიგნებია.

- გამორჩეულად თუ მოგეწონა რომელიმე ისტორია?

- ყველა საინტერესო იყო, თუმცა, გამორჩეულად მომეწონა იაკობ გოგებაშვილის, დავით სარაჯიშვილის, გენერალ მაზნიაშვილისა და მარო მაყაშვილის ბიოგრაფიები.

- მოდი, შენზე მომიყევი. რომელ სკოლაში სწავლობ?

- 139-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობ, მე-3 კლასში ვარ. მყავს მშობლები და ერთი და, რომელიც ჩემზე უფროსია.

- რომელი საგანი მოგწონს ყველაზე მეტად?

- მათემატიკა.

საუბარში ირაკლის მასწავლებელი ნინო ხოხობაშვილი ჩაერთო: - ირაკლი ძალიან რთულ მაგალითებს ხსნის, დიდ რიცხვებს ზეპირად უმატებს და აკლებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცი ირაკლის შესაძლებლობები, ზოგჯერ  მაინც მაოცებს. თუ შევაქე, უკვირს, განა ასეთი რა ვქენიო.

- ირაკლი, ვიდეოჩანაწერს, სადაც შენ ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქს ზეპირად ასახელებ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რატომ გადაწყვიტე ამ ყველაფრის სწავლა?

- მსოფლიოს ატლასი მქონდა, რომელმაც დამაინტერესა. ხშირად ვათვალიერებდი, ნელ-ნელა დამამახსოვრდა ქვეყნები და მათი დედაქალაქები. დღესაც ძალიან მიყვარს რუკების და ატლასების თვალიერება. მინდა ბევრი ვიმოგზაურო და ბევრი რამ ვნახო. პირველ რიგში, პარიზი. ინჟინერი მინდა გავხდე და ეიფელის მსგავსი კოშკი საქართველოშიც ავაგო. კიდევ  ლამაზი ხიდების, გვირაბებისა და საცხოვრებელი სახლების აგებას ვაპირებ.

- შენი მშობლები ჰერეთიდან არიან, შენც ხშირად გიწევს იქ ყოფნა?

- ჩემი სოფელი, კახისთავი ჰერეთში, კახის რაიონშია. იქ,  ბებო და ორი პაპა მყავს. ზაფხულობით  მდინარე ქურმუხზე,  ბიძაშვილებთან ერთად ვბანაობ ხოლმე. იქვეა ქურმუხის წმინდა გიორგის საყდარი, სადაც ყოველ გიორგობას სალოცავად ჩავდივართ.

- გავიგე, ყველა საგზაო ნიშანი და მოძრაობის წესი ზეპირად გცოდნია...

- დიახ. გზების ხატვა მიყვარს, საგზაო ნიშნებმაც დამაინტერესა და ვისწავლე.

- ანუ მართვის მოწმობის აღება რომ მოინდომო, გამოცდას იოლად ჩააბარებ?

-  ალბათ.

- ძველი ქართული დამწერლობით რატომ დაინტერესდი?

- ასომთავრულით ვწერ და ვკითხულობ. ძალიან ლამაზი მოხაზულობის ასოებია, პირველად რომ ვნახე, ისე მომეწონა, მომინდა მცოდნოდა და ვისწავლე.

ირაკლის კიდევ ერთი გამორჩეული უნარი აქვს - მრავალტომეულებს საკმარისია, თვალი გადაავლოს და დაუფიქრებლად გეტყვით, რომელ ტომში რომელი ავტორის ნაწარმოებია. პატარა თამაში იქვე გავმართეთ - სერია "დიდი ქართველების" ყველა წიგნი თანამიმდევრობით თუ არეულ-დარეულად ირაკლიმ სხაპასხუპით ჩამოგვითვალა. მან ასევე იცის "პალიტრა L"-ის გამოცემული სერია "50 წიგნის" ყველა ავტორის ვინაობა და ნაწარმოების სათაური.

"კვირის პალიტრა" წარმატებებს უსურვებს ნიჭიერ ბიჭს. ჩვენ მასზე მომავალშიც დიდი სიხარულით დავწერთ.

ნათია დოლიძე

იხილეთ ასევე