უორდროპების ფასდაუდებელი სიყვარული - კვირის პალიტრა

უორდროპების ფასდაუდებელი სიყვარული

სევენოუქში, უორდროპების საგვარეულო მამულში,  ძველი, უკვე "ჩავარდნილი" სასაფლაოს ბოლოს,

კუთხეში განისვენებენ და-ძმა უორდროპები

10 ოქტომბერს ინგლისელი მოგზაურის, დიპლომატისა და საქართველოს უზომოდ მოყვარული ოლივერ უორდროპის დაბადებიდან 150 წელი შესრულდა. მისი საფლავი ნარ-ეკლით იყო დაფარული, სანამ მადლიერი ქართველების ხელი არ შეეხო.

ოლივერმა და მისმა დამ, მწერალმა მარჯორი უორდროპმა, ძალიან ბევრი გააკეთეს, რომ მათი დროის ინგლისს და ზოგადად ევროპას გაეცნო საქართველო. მარჯორიმ თარგმნა "ვეფხისტყაოსანი", რომელიც გენიალური პოემის საუკეთესო თარგმანადაა აღიარებული. მისი ხელნაწერი ვერსია დაცულია ინგლისში, ოქსფორდში, ბოდლიანის ბიბლიოთეკაში, "ვეფხისტყაოსნის"“ რამდენიმე ქართულ, ძველ ხელნაწერ ვერსიასთან ერთად, რომლებიც ოლივერს შეუგროვებია.

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი 14 ოქტომბერს აღნიშნავს ოლივერ უორდროპის იუბილეს. გამოიფინება  უორდროპებთან დაკავშირებული დღემდე უცნობი ფოტო და ტექსტური მასალები. მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ახლახან საგანგებოდ იმყოფებოდა ოქსფორდში, ბოდლიანის ბიბლიოთეკაში და უორდროპების საგვარეულო მამულში, სევენოუქში.

გიორგი კალანდია: - საშუალება მომეცა, გავცნობოდი საქართველოს შესახებ ძალიან საინტერესო და დღემდე უცნობ მასალებს. თუნდაც ერთ რამედ ღირს ფოტო-მასალა და ესკიზები, რომელიც დუგლას ფრეშფილდის საქართველოში მოგზაურობის ამსახველ წიგნში უნდა შესულიყო. მან სამი წიგნი უძღვნა ჩვენს სამშობლოს, უამრავი ფოტოც დაიბეჭდა, მაგრამ დარჩა ისეთი მასალა, რომელიც დღეს დიდ სამუშაოს აძლევს ეთნოგრაფებს. ეს არის ცნობილი ვიტორიო სელას მიერ გადაღებული ფოტოები და ესკიზები, რომელთა შორის განცვიფრებას იწვევს ჟიბიანის მცხოვრები მამაკაცი საოცარი ვარცხნილობითა და ქუდით.

- გიორგი, თქვენ თქვით, რომ უორდროპების საფლავის მიგნება გაგიჭირდათ.

- სევენოუქში სამი დღე ვეძებდით საფლავს. სასაფლაოზე გვითხრეს, რომ აქაური კლიმატი მალე შლის ქვებს და ალბათ  საფლავებიც უკვე განადგურდაო. ბოლოს, ინგლისში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელმა, მარინე თიგიშვილმა დაგვიხაზა მარშრუტი. ის ადგილი დღეს ნაგავსაყრელივით არის, ძველი, უკვე "ჩავარდნილი" სასაფლაოს ბოლოს, კუთხეში განისვენებს და-ძმა. ეკალბარდებით დაფარული ქვები გავწმინდეთ, რომ საფლავები გამოგვეჩინა.

ოლივერის ერთადერთი ქალიშვილის  ცოცხლად დარჩენილი ვაჟი ავსტრალიაში ცხოვრობს. მიმაჩნია, რომ თითოეული ქართველი ისეთსავე ვალდებულებას უნდა ვგრძნობდეთ მათი ხსოვნის წინაშე, როგორც მემკვიდრეები. სხვანაირ დამოკიდებულებას არ იმსახურებს ის ადამიანი, ვინც ქართველთა შესახებ  წიგნში, "საქართველოს სამეფო", ასე მოუთხრობს მკითხველს: "საქართველოს მთავარი ხიბლი მისი ხალხია. ქართველები შესახედავად მომხიბვლელნი არიან, აქვთ ძალიან მოსიყვარულე და თბილი გული. ამ საოცრად მხიარულ, გულღია, ხელგაშლილ, გულწრფელ, გაურყვნელ ხალხს შორის ცხოვრება საუკეთესო წამალია მელანქოლიისა და მიზანთროპიისაგან განსაკურნებლად...".

-  მიუხედავად იმისა, რომ ოლივერის იუბილეს აღვნიშნავთ, ალბათ წარმოუდგენელია მის შესახებ საუბარი მარჯორის გარეშე.

- არსად ისეთი მოწიწება არ მიგრძნია რუსთაველის საოცარი პოემის მიმართ, როგორიც ოქსფორდში დაცული ხელნაწერების გაცნობისას. ქალბატონი, რომელიც გვემსახურებოდა, აღფრთოვანებული ამბობდა, - საოცარია მარჯორის თარგმანი და ორიგინალი რა დიდებული იქნებაო.

"ვეფხისტყაოსნის" თარგმნას მარჯორი უორდროპი 1891 წელს შეუდგა. 1894 წლის დასაწყისისათვის უკვე თარგმნილი ჰქონდა პოემის თითქმის ერთი მესამედი. 1895 წელს კი წერდა: "ესაა სიყვარულისა და თავგადასავლის დიდებული პოემა, სავსე აღმაფრთოვანებელი ადგილებით და მით უფრო გასაოცარია, როცა ვიხსენებთ, თუ რა ადრეა ის დაწერილი, დანტეს დაბადებამდე".

მიუხედავად იმისა, რომ მისი თარგმანი საუკეთესოდ ითვლება, მარჯორი მუდმივად უკმაყოფილო ყოფილა. ეშინოდა, რომ თარგმანში დაიკარგებოდა ქართული ენისა და მით უფრო რუსთაველის პოეტური ენის თავისებურებები. “თუმცა, მისი შიში ამაო იყო.

სამწუხაროდ, ის ვერ მოესწრო თარგმანის გამოცემას. პოემის ინგლისური ვერსიის გამოცემის შემდეგ კი ცნობილი ქართველი მოღვაწე ვარლამ ჩერქეზიშვილი აღფრთოვანებული წერდა, თითქმის ზედმიწევნით, ზუსტად არის თარგმნილი თითოეული სტრიქონიო.

ოლივერ უორდროპი

ოლივერ უორდროპმა საქართველოში პირველად 1887 წელს იმოგზაურა და მალევე დაწერა წიგნი "საქართველოს სამეფო" („The Kingdom of Georgia“), შეისწავლა ქართული ენა და კიდევ რამდენიმე წიგნი უძღვნა საქართველოს. ინგლისურად თარგმნა სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე-სიცრუისა."“1919 წლის ივლისში თბილისს ეწვია, როგორც ბრიტანეთის უმაღლესი წარმომადგენელი. ის  ევროპაში საქართველოს ყველაზე გავლენიან ქომაგად მიიჩნეოდა. ამას მოწმობს 1918 წლის 18 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის წერილი ოლივერ უორდროპის მიმართ. ჩხენკელი იმედოვნებს, რომ მისი ძალისხმევით ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ახალ, დამოუკიდებელ ქვეყანას მხარს დაუჭერენ. 1920 წლის 12 იანვარს ოლივერი თბილისიდან მეუღლეს სწერს: "ეს დღე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა. ეს წუთია, დავბრუნდი პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებიდან. მე მათ ვამცნე, რომ ჩვენმა მოკავშირეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები დე ფაქტოდ აღიარეს. ასრულდა ის, რაზეც ოცდაათი წელი ვოცნებობდი. ვუგზავნით ამ მოვლენებთან დაკავშირებული ბანკეტის მოსაწვევებს მთავრობის წევრებსა და მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლებს. ბანკეტი გაიმართება 14 იანვარს, წმინდა ნინოს დღეს. ჩემი დროშა პირველად ფრიალებს აივნიდან. რეკავენ ეკლესიის ზარები. მთელი ქალაქი სადღესასწაულოდ ემზადება"... საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ოლივერ უორდროპმა, ქართულ ემიგრაციასთან ერთად, დააარსა ქართული კომიტეტი, საქართველოს ისტორიული საზოგადოება, გამოსცემდა ჟურნალს "გეორგიკა". ის ქართველოოგიის დამფუძნებლადაა მიჩნეული.