გამწარებული დედები იხვეწებიან, "გააშავონ" მათი შვილები(!) - კვირის პალიტრა

გამწარებული დედები იხვეწებიან, "გააშავონ" მათი შვილები(!)

ორიოდე დღის წინ, საღამო ხანს, მელიქიშვილის ქუჩაზე მივდიოდი და კაზინო "საქართველოს"  ფასადს ინტერესით შევავლე თვალი. "ალბათ, მოგწონს მოდილიანი (სასტუმროს პირველი სართულის ფასადს მოდილიანის უზარმაზარი რეპროდუქციები ამშვენებს)", - მომესმა უკნიდან. რომ მოვტრიალდი, ხელთ შემრჩა ჩემი ახლობელი, რომელიც დიდი ხანია არ მენახა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, მისი ამჟამინდელი ცხოვრებით დავინტერესდი, მან კი ნაღვლიანად მითხრა:

- გახსოვს, ალბათ, ნარკომანი რომ ვიყავი, მაგრამ ამ უბედურებამ (კაზინოზე მიმანიშნა) წამალი გადამაგდებინა, რადგან ის ფული, რომელსაც ყოველდღიურად ძლივს ვშოულობდი, წამლისთვის აღარ მემეტებოდა, მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა, მეთამაშა. ახლა, ალბათ, უფრო დიდი უბედურება უნდა დამემართოს, რომ ამას დავაღწიო თავი, - ეს მითხრა თუ არა, დამემშვიდობა და  იმ მაცდუნებელი სამყაროსკენ გაემართა, სადაც დაკარგული აქვთ დროის შეგრძნება, სადაც შეიძლება დაკარგო ყველაფერი, ღირსებაც კი. ამ სამყაროს კაზინო ჰქვია.

თბილისში ბოლო დროს იმატა კაზინოებმა, ზოგ ქვეყანაში კი ისინი აკრძალულია, მაგალითად, აზერბაიჯანსა და თურქეთში. კაზინოები ისეთ მეგაპოლისშიც დაიკეტა, როგორიც მოსკოვია, ამიტომაც თბილისსა და ბათუმში ერთიმეორის მიყოლებით კაზინოების გახსნა, სპეციალისტებს ცოტა უცნაურად ეჩვენებათ. ეჭვობენ, რომ საქართველოში ტრიალებს დიდი ოდენობით შავი ფული,  რომლის გათეთრებაც სწორედ კაზინოების მეშვეობით შეიძლება.

კაზინოში ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი დადის. დადიან ქალები, ფეხმძიმეებიც კი, მოხუცები... როგორც გამოცდილი მოთამაშეები ამბობენ, კაზინოში შესვლის წინ უნდა გაიხსენო, რომ ყოველთვის აგებს ის, ვინც მოსაგებად შედის, და იგებს ის, ვისთვისაც თამაში მხოლოდ გართობაა.

კაზინოებისთვის სასურველი კლიენტები ისინი არიან, ვინც კაზინოში  400-500 დოლარით შედიან, ე.წ. "სუფთა იგროკები", რომლებიც სულ მალე ხდებიან თამაშზე დამოკიდებული. სათამაშო ბიზნესის წესია, მოთამაშეს დროის შეგრძნება დაკარგული უნდა ჰქონდეს, ამიტომ კაზინოში მზის შუქი არსაიდან შედის, ვერსად ნახავთ საათსაც.

ლევანი, ერთ-ერთი კაზინოს თანამშრომელი: - კაზინო იმდენად ითრევს კაცს, რომ სრულიად ეკარგება დროის შეგრძნება.  ყოფილა შემთხვევა, როცა ერთი კლიენტი სამი დღე-ღამის განმავლობაში არ გასულა კაზინოდან. არიან ადამიანები, რომლებიც აქვე და ამით ცხოვრობენ. ისინი ან თამაშობენ, ან  გაყინული თვალებით აქეთ-იქით იცქირებიან და ფიქრობენ, ხანდახან საკუთარ თავსაც ელაპარაკებიან, ძირითადად, იმაზე, სად იშოვონ ფული, რომ ისევ მაგიდას მიუსხდნენ.

როგორც მოგებას, ისე წაგებას ისეთი ძლიერი რეაქცია ახლავს, რომ მოთამაშეები თავს ვეღარ აკონტროლებენ. გარდა ამისა, მოთამაშე ცრურწმენის ტყვეობაშიც ექცევა.

ლალი, კაზინოს მიმტანი: - კლიენტების ცრურწმენები ბევრჯერ უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებს. ერთმა მოთამაშემ მითხრა, შენ რომ მწვანე ვაშლის წვენი მომიტანე, იმ დღეს არ წამიგია, ამიტომ სულ შენ მომიტანე ხოლმეო, თან დაამატა, მხოლოდ მწვანე ვაშლის წვენიო. ერთმა გამლანძღა, თარსი ხარ და არ დაგინახო ჩემს მაგიდასთან წვიმიან ამინდშიო. (?!)

კაზინოებში ყველაზე პოპულარული ცრურწმენა ე.წ. არიფი ხელის მოგებაა, რომელიც ხშირად ამართლებს, სამაგიეროდ, უბედურების სათავეც ხდება.

დათო, მოთამაშე: - როცა პირველად თამაშობ, თითქმის ყოველთვის გიმართლებს და იგებ, სწორედ ეს არის სატყუარა. ხომ იცით ადამიანის ბუნება? იმის იმედით, რადგან ერთხელ მოვიგე, ესე იგი, იღბლიანი ვყოფილვარო, იწყებს თამაშს, რომელიც აღარ დამთავრდება, სანამ ყველაფერს არ წაგართმევს, სანამ ოჯახსა და ახლობლებს არ დაგაკარგვინებს. შენ კი მაინც ფიქრობ, რომ რადგან ერთხელ მოიგე, კიდევ გაგიმართლებს, ის კი აღარ გახსოვს, რომ ასჯერ  წააგე. ერთხელ ჩემს მაგიდასთან ცოლ-ქმარი იჯდა. ბინა გაყიდეს და ფული სულ კაზინოში წააგეს. უამრავი ვალი აქვთ, მაგრამ თამაშს მაინც ვერ ანებებენ თავს. ერთმა ახალგაზრდამ კი, რომელმაც 70.000 წააგო, ორ საათში 10.000-ით დაბრუნდა უკან და ისიც წააგო. ასეთია ცხოვრება კაზინოში.

კაზინოებს ვიპკლიენტებიც ჰყავთ.

ლევანი: - ეს მოთამაშეთა ის კატეგორიაა, რომელიც დიდი ფსონით (დიდი ფულით) თამაშობს და კაზინოში უფრო გასართობად მოდის. ასეთ კლიენტებს სხვადასხვა პრივილეგია აქვთ, მაგალითად, მათთვის უფასოა სასმელი, რომელიც კაზინოს ბარებში ძალიან ძვირი ღირს; ზოგჯერ აქვთ კრედიტიც და ა.შ. პოლიტიკოსებს აქ იშვიათად შეხვდებით, ისინი სახალხოდ გამოჩენას ერიდებიან; ერთი ძალიან მდიდარი კაცი დადიოდა, ოღონდ წელიწადში ერთხელ და მხოლოდ ბედობის დღეს. ერთხელ რულეტში 200.000 მოიგო. როდესაც მილიარდები გაქვს, 200.000 რა ფულია?

კაზინოში მუდმივი ვიპკლიენტი არ არსებობს. გავა დრო და ის, ვინც თავიდან დიდი ფსონებით თამაშობდა, რიგით კლიენტად გადაიქცევა.

არის ისეთი კატეგორიის ხალხი, რომლებსაც კაზინოში შესვლა ეკრძალება, მაგალითად, ილუზიონისტები, სახელგანთქმული მოთამაშეები. რამდენიმე თვის წინ დააკავეს პროფესიონალი შულერები, რომელმაც ორი დღის განმავლობაში კაზინოს 60.000 დოლარი მოუგეს. როდესაც "იღბლიანი ჯენტლმენები" კაზინოს მესამე დღესაც ესტუმრნენ, ეჭვი გაჩნდა. როგორც გაირკვა, ისინი მოსკოვის კაზინოებში "მუშაობდნენ", მათი დახურვის შემდეგ კი საქართველოს მოაშურეს.

კაზინოების ხშირი სტუმრები მეძავებიც არიან, თანაც ყველა კატეგორიის. ე.წ. ელიტური მეძავები მდიდარი კლიენტების შორიახლოს ტრიალებენ, უფრო "დაბალფასიანები" კი სათამაშო აპარატებთან სხედან.

ლევანი: - ბოლო დროს კაზინოში აზერბაიჯანელებთან ერთად ჩინელებიც გამოჩნდნენ, ძირითადად, მაღაზიების მფლობელები. ერთ ჩინელს ცოლი მოუვარდა ჩუსტებით და ჩინურად წყევლა-კრულვით აიკლო. როგორც იქნა, წაიყვანა, მაგრამ 2.000 დოლარის წაგება მაინც მოასწრო.

ყველა მოთამაშე რატომღაც იმ ადამიანს წყევლის, რომელმაც პირველად კაზინოში შეიყვანა. როგორც წესი, ეს მეგობარს ჰბრალდება. მოთამაშეს საკუთარი თავი ეზიზღება. ერთმა კლიენტმა მითხრა, თავი მაშინ შემზიზღდა, როდესაც სათამაშოდ აღდგომას დავჯექიო.

ღამით კაზინოების შესასვლელთან ხშირად დაინახავთ გამწარებულ დედებს, მეუღლეებს, რომლებიც კაზინოს ხელმძღვანელებს ეხვეწებიან, "გააშავონ" (ე.წ. შავ სიაში შეიყვანონ და კაზინოში აღარ შეუშვან) მათი შვილები თუ მეუღლეები. მათი მუდარა მაცდურად გაკაშკაშებული ფასადების მიღმა არავის ესმის, რადგან ასეთია ცხოვრება კაზინოში!