"იქნებ ბავშვის აღზრდაში მომეხმაროთ" - კვირის პალიტრა

"იქნებ ბავშვის აღზრდაში მომეხმაროთ"

"ამ ოჯახს დიასახლისი აკლია... ხომ არიან უსახლკარო ქალბატონები, რომელიც პანსიონატის რიგებში დგანან. სიამოვნებით მივიღებდი, თუ თამუნას აღზრდაში მომეხმარება"

ეს ამბავი იმდენად სევდიანი, რომ დიდხანს არ დაგავიწყდებათ... ყველაფერი ხელაშვილების ორსულიან ოჯახს უკავშირდება...

რამდენიმე დღის წინ სამსახურში მისულს, დერეფანში ასაკოვანი მამაკაცი გამეცნო: - "ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომაში დაბადებულ-გაზრდილი 78 წლის თენგიზ ხელაშვილი გახლავართ. როგორც კაცი კაცს, ისე მინდა დაგელაპარაკოო".

ბევრი დრო არ ჰქონდა, შინ იმავე დღეს უნდა დაბრუნებულიყო და თავის გასაჭირზე უცებ მომიყვა. მისი ნაამბობი იმდენად დაუჯერებლად მომეჩვენა, რომ მეორე დღესვე სოფელში ჩავაკითხე... იქ კი უარესი მდგომარეობა დამხვდა...

"დედაც მე ვარ, მამაც და ყველაფერი..."

8 ოქტომბერი, სოფელი შრომა. ხეხილით სავსე ეზოში მოფუსფუსე მოხუცი სახლში გვეპატიჟება და... აქ ბაბუა-შვილიშვილის სევდიანი ამბავიც იწყება.

გზის პირას მდებარე სახლი, ოთხი დიდი ოთახი, მდიდარი ბიბლიოთეკა და საძინებელ ოთახში გაბნეული სათამაშოები... პატარა გოგონა  თოჯინებით თამაშობს.

უკვე წლებია, 78 წლის თენგიზ პაპა, მცირეწლოვან შვილიშვილს მარტოდმარტო ზრდის. თამუნა ახლა 5 წლის არის. დიდი სახლის ყველაზე პატარა დიასახლისმა კარგად იცის, რომ თანატოლებისგან განსხვავებით, მასზე დედიკოს ნაცვლად, პაპა ზრუნავს. ბატონი თენგიზი საუბარს წარსულის გახსენებით იწყებს:

- პროფესიით ფიზიკოსი ვარ. გეოფიზიკის ინსტიტუტში ვმუშაობდი. მერე პენსიაში გავედი. პირველი ქორწინებიდან ორი შვილი მყავს. 1982 წელს მეორედ დავქორწინდი. მე და ბაბილინას შვილი არ გაგვიჩნდა და 1985 წელს გოგონა ვიშვილეთ, ლიკა დავარქვით. ძალიან კარგი და მოსიყვარულე ბავშვი იყო... სკოლის დამთავრების შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა და თბილისში  ნათესავ გოგონასთან ცხოვრობდა... შევცდი, მეუღლე, რომ არ გავაყოლე. როცა სოფელში ჩამოდიოდა, შინ გვიან შემოდიოდა. მეუღლეს რომ ვეკითხებოდი, სად არის-მეთქი, მეუბნებოდა, ნათესავებთანო. რაღაცას ვეჭვობდი, მაგრამ არ მინდოდა ცუდზე მეფიქრა.

2006 წლის იმ ტრაგიკულ დღემდე ყველაფერი თითქოს კარგად იყო... ეზოში ვფუსფუსებდი, როდესაც ავტომობილის შეჯახების ხმა გავიგონე. გარეთ გავვარდი... მანქანები ერთმანეთში იყო აზელილი. ჩემი მეუღლე იმ ადგილას მდგარა, სადაც ავარია მოხდა... სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ. შუაღამისას ლიკა გამომეცხადა, გაბრუებული რაღაცას ბუტბუტებდა. არ ვიცი, ნარკოტიკი ჰქონდა მიღებული, თუ რა. მივხდი, რომ გზას იყო აცდენილი...

მეუღლე რომ დავკრძალე, ვუთხარი, წესიერად მოიქეცი, თორემ აღარ გაგიშვებ თბილისში-მეთქი. რამდენიმე თვეში ნათესავებისგან ჩემი სახელით ვალები აუღია. თურმე მეოთხე კურსზე აღარც სასწავლებელში დადიოდა... ჩამოვიყვანე სოფელში. დაახლოებით ერთი წელი საეჭვოს ვერაფერს ვამჩნევდი.

აქვე, ჩვენი მეზობლის ბიჭმა ცოლი მოიყვანა. მათ ოჯახში ხშირად დადიოდა პატარძლის ძმა. ძალიან მალე ჩემი გოგო იმ ბიჭს ცოლად გაჰყვა. იმ ოჯახს ძალიან უჭირდა... ბავშვი რომ შეეძინათ, ცოტა ხანში ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ჩემს სიძეს სულ სასმლის ბოთლი ეჭირა ხელში. ძალიან რომ შევწუხდი, ორივეს ვუთხარი, - წადით და სხვაგან იცხოვრეთ-მეთქი. ნორმალურად რომ მოქცეულიყვნენ, სად გავუშვებდი?! ქირით ხან სად ცხოვრობდნენ და ხან - სად. მერე იმ ბიჭმა მიატოვა ცოლ-შვილი და ლიკაც შინ დაბრუნდა... ერთ დღეს მითხრა, თელავში გავივლი კურსებს, იქნებ ბანკში დავიწყო მუშაობაო. არ დამიშლია.

თელავში სიარულის დროს გაიცნო ლაგოდეხელი ნარკომანი. როცა ეს ამბავი გავიგე, სახლიდან გასვლა ავუკრძალე, მაგრამ უკვე აღარ მემორჩილებოდა.

ერთ დღესაც შეკრა თავისი ბარგი, ვთხოვდებიო. თუ წახვალ, აქ ვეღარასდროს შემოდგამ ფეხს-მეთქი. ბავშვი დამიტოვა და წავიდა...

თამუნას ერთი წლიდან ვზრდი. თავიდან ხშირად მიჰყავდა, მერე და მერე - იშვიათად... 5 წლის ბავშვის დედაც მე ვარ, მამაც და ყველაფერი.

ლიკას ვალები კი მოვიშორე, მაგრამ რა ვიცოდი, თუ "სიურპრიზი" მელოდა. ჩემი მეუღლე რომ დაიღუპა, მაშინ მითხრა ლიკამ, ამ სახლს ალბათ, შენს უფროს შვილებს დაუმტკიცებო. არადა, მასზე გავაკეთე ჩუქება.

მალულად ბანკში ჩაუდვია 8.000 დოლარად. პროცენტს რომ ვერ იხდიდა, ბანკმა გაყიდა სახლი. როცა გავიგე, კინაღამ გავგიჟდი.

როგორღაც სახლი და ნახევარი ეზო გამოვისყიდე...

"მინდა ადამიანი, რომელიც დამეხმარება..."

თენგიზ პაპა სოფელში განთქმული ხელოსანია. დაზიანებული ელექტროხელსაწყოები შესაკეთებლად ყოველთვის მასთან მიაქვთ. ხელოსნობით შემოსული ყოველდღიური პურის ფული და 120 ლარი პენსია ორსულიან ოჯახს მაინც არ ჰყოფნის. პატარას ერთი შეხედვით არაფერი აკლია, მშობლების სიყვარულის გარდა...

- დღეს სად არის ლიკა?

- ცოტა ხნის წინ მეორე ბავშვი შეეძინა, მეუღლესთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ის ბიჭი რემონტს აკეთებს, ახლაც ვიღაცის სახლს არემონტებს და ვიდრე მორჩება საქმეს, იმ სახლში იქნებიან. თამუნას ძალიან რომ მოენატრება დედა, თბილისში მიმყავს. რამდენიმე დღის წინ მყავდა - მთელი ზაფხული დედა არ ენახა ბავშვს.

- ბავშვის წაყვანა არ უნდა?

- ბავშვი მეუბნება, - იქ მიყვირიან, მცემენ, ხანდახან მშიერი ვიძინებო. ბევრჯერ უტირია, თბილისში არ წამიყვანოო...

- არ გიჭირთ ასეთი პატარის მოვლა?

- როგორ არა, შვილო, მაგრამ იმდენად მიყვარს და მეცოდება ეს პაწაწინა გოგო, რომ ყველაფერს ვუკეთებ. ნახმარ ტანსაცმელს დედამისიც ყიდულობს ხოლმე, სხვებიც გვაძლევენ. ძველი სარეცხის მანქანა რომ არ მქონდეს, როგორ უნდა გამერეცხა ბავშვისთვის ტანსაცმელი...

- თამუნა საბავშვო ბაღში არ დაგყავთ?

- მივიყვანე, მაგრამ ადგილი არ გვაქვსო... სულ შინ არის და სათამაშოებით ერთობა. როცა სახელოსნოში ვარ, ჩემთან არის და იქ თამაშობს. ძალიან დამჯერი და გონიერი ბავშვია. ხანდახან ისეთ რაიმეს მეტყვის, ცრემლებს ვერ ვიკავებ...

- თქვენს შვილებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ერთი მოდის ხოლმე, მეორე ძალიან დაკავებულია და ვერ ახერხებს.

ჩემი დისშვილები ლაგოდეხში ცხოვრობენ. სამი წლის წინ ორივე მომადგა - სანამ ეს ბავშვი შენთან იქნება, აქ არ მოვალთო. რა დააშავა ამ პატარამ?!

დედაც ჰყავს და მამაც, მაგრამ ჩემ გარდა არავის ანაღვლებს...

ბავშვი რომ მეტყვის, პაპა ყველაზე მეტად შენი შემწვარი კარტოფილი მიყვარსო, გული მიკვდება... მას ხომ კარგი საჭმელი გასინჯული არც აქვს, თორემ ჩემი შემწვარი კარტოფილი როგორ უნდა უყვარდეს...

ამ ოჯახს დიასახლისი აკლია. ადამიანი, რომელიც ბავშვის აღზრდაში დამეხმარება. ხომ არიან უსახლკარო ქალბატონები, რომელიც პანსიონატის რიგებში დგანან. სიამოვნებით მივიღებდი, თუ თამუნას აღზრდაში მომეხმარება. ახლა იმაზე ვნერვიულობ, ჩემი სიკვდილის მერე ბავშვის ცხოვრება როგორ წავა... შეიძლება ისე მოვკვდე, ვერავინ გაიგოს და ამ პატარა ბავშვმა მარტომ რა უნდა ქნას?! დღესვე თანახმა ვარ სიკვდილზე, ოღონდ ვიცოდე, რომ მისი ცხოვრება კარგად წარიმართება... სიკეთის კეთებას ვუნერგავ და მჯერა, კარგი ადამიანი გაიზრდება. ერთი წუთი ვერ წარმომიდგენია თამუნას გარეშე ყოფნა...

მათ გარშემო ბევრი მიტოვებული სახლია. უბანში თამუნა ერთადერთი ბავშვია. თანატოლებთან სათამაშოდ სხვა უბანში უნდა წავიდეს. შორ გზაზე სიარულს ისევ შინ, საყვარელ პაპასთან თამაში ურჩევნია. პაპას დამსახურებაა, რომ პატარა გოგონამ უკვე უამრავი ლექსი და ზღაპარი იცის. მას თავისი ფერადი სამყარო აქვს. ბავშვურ ახირებებს პაპა ჯერჯერობით "გმირულად" იტანს...

ვინაიდან სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უამრავმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი, ვუთითებთ თენგის ხელაშვილის ტელეფონის ნომერს: 593 63 59 37

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე