"ბატონო პრეზიდენტო, საარჩევნოდ ჩემს ხმას ვცვლი სამკურნალო თანხაში..." - კვირის პალიტრა

"ბატონო პრეზიდენტო, საარჩევნოდ ჩემს ხმას ვცვლი სამკურნალო თანხაში..."

ცოტა ხნის წინ "კვირის პალიტრაში" ვწერდით შორენა მშვენიერაძისა და მირიან კოკაიას შესახებ. რომლებიც ოჯახის წევრების გარდა, ყველას მივიწყებული ჰყავს და, პირველ რიგში, სახელმწიფოს. წერილის გამოქვეყნების შემდეგ ლოგინად ჩავარდნილ მირიან კოკაიას კლასელებმა მიაკითხეს და ფულადი დახმარებაც გადასცეს. რაც შეეხება შორენა მშვენიერაძეს, მისი გაუსაძლისი ყოფა დღესაც გრძელდება.

"მიშველე, ეკა, დამეხმარე, მეტი აღარ შემიძლია ამ ტკივილის გაძლება, ყოველი ღამე კოშმარია. ვეღარ ვუძლებ ამდენ ცრემლს, გემუდარები, ხმა მიმაწვდენინე ვინმე ღვთისნიერთან, გთხოვ. ტკივილი სულამდე მწიწკნის, შემიბრალეთ, უფალი გაგახარებთ... შორენა მშვენიერაძე ფოთიდან".

ეს სატელეფონო მესიჯი ძველით ახალი წლის ღამეს მივიღე. შორენა თვე-ნახევრის წინ გავიცანი ფოთში. ის ახლა 30 წლისაა და უკვე 18 წელია დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს. წელს ქვემოთ მოწყდა ნერვული სტრესის გამო. ეს მაშინ მოხდა, როცა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება მძვინვარებდა და "მხედრიონისა" და აკაკი ელიავას შეიარაღებული დაჯგუფებები ერთმანეთს ებრძოდნენ ფოთის დასაკავებლად. ქალაქის ქუჩებში გაცხარებულმა ბრძოლებმა და გამუდმებული სროლის ხმამ გოგონა ძალიან შეაშინა და...

მშვენიერაძეებმა, თუ რამ ებადათ, სახლის გარდა, ყველაფერი შორენას სამკურნალოდ გაიღეს. გოგონას მოძრაობის უნარი ნაწილობრივ დაუბრუნდა და ოთახიდან ოთახში დაუხმარებლად გავლა შეძლო. შედეგი უკეთესი იქნებოდა, მკურნალობა რომ გაგრძელებულიყო, მაგრამ...

შორენა მშვენიერაძე: - სოციალური დახმარების აგენტებმა დაათვალიერეს ოთახები, სააბაზანო და თქვეს, გაჭირვებულებისა რა გეტყობათ, კბილის პასტა და ჯაგრისი გქონიათ, თურმე "ტაიდით" რეცხავთ სარეცხს და თავის დასაბანად შამპუნს ხმარობთო(?!). გაოცებული ვუყურებდი აგენტების ირონიულ სახეებს და მიკვირდა, ასეთ ხალხს როგორ გზავნიან უმწეოთა მდგომარეობის შესაფასებლად.  ოჯახში მხოლოდ ერთი, ჩემი ძმა მუშაობს და მისი ხელფასი ხუთ სულს როგორ უნდა გაგვწვდეს. მით უფრო მაშინ, როდესაც დავრდომილი ვარ და განუწყვეტლივ მკურნალობას ვსაჭიროებ-მეთქი.

იცით, რა მიპასუხა ერთ-ერთმა? - ხალხი ლოგინიდანაც ვერ დგება და იმათ რაღა უნდა თქვანო. გული მეტკინა, ნუთუ  უნდა ვხოხავდე და სიბინძურეში მძვრებოდეს სული, სახელმწიფო რომ დამეხმაროს? მიხაროდა, ახალი წლის ღამეს ბათუმში მიმდინარე კონცერტის სატელევიზიო ტრანსლაციას რომ ვუყურებდი, თვალს მჭრიდა ულამაზესი სანახაობა და  ფეიერვერკები. ვოცნებობ, მალე ასე გალამაზდეს მთელი საქართველო. თუმცა, ახალი წლის ღამეს სიხარულის ნაცვლად ტკივილი მდევდა: ნუთუ არ შეიძლება სახელმწიფომ მეტი ფული ჩემნაირი ადამიანების ფეხზე დასაყენებლად რომ გამოყოს და ნაკლები - ფეიერვერკებისთვის? "კვირის პალიტრაში" ისიც წავიკითხე, რამდენი ფული დაიხარჯა საახალწლო ფეიერვერკებისთვის. მე კი სიღარიბის დახმარება მომიხსნეს, 20-30 ლარი არ ემეტება ყოველთვიურად სახელმწიფოს ჩემთვის, ჰაერში კი გულუხვად ფანტავენ.

თქვენი გაზეთის საშუალებით ვკითხავ საქართველოს პრეზიდენტს: ბატონო მიხეილ, ნუთუ არ შეიძლებოდა იმ თანხის ნახევარი გაგეფანტათ ჰაერში და დანარჩენი ფულით დაგვხმარებოდით დავრდომილებს... მართალია, ტკივილგამაყუჩებელი წამლების შესაძენი ფულიც კი აღარ მომეძევება, მაგრამ ვაცხადებ, ძვირფასი განძი მაქვს, ბატონო პრეზიდენტო, ხმა, რომელსაც საარჩევნოდ გავცვლი ჩემს სამკურნალო თანხაში. ამბობენ, საარჩევნოდ ხმები იყიდებაო, ამიტომაც ახლავე ვაცხადებ, მინდა ფეხზე დავდგე და თავი სრულფასოვან ადამიანად ვიგრძნო, ამიტომაც ვყიდი ჩემს ხმას.

შორენა ძალიან ღელავდა, ცრემლს ვერ იკავებდა.

სოციალური დახმარების სააგენტოში დაგვპირდნენ, რომ უშუალოდ თბილისიდან გააკონტროლებდნენ მშვენიერაძეების საქმეს...

სახელმწიფოსგან დახმარების იმედი არც ფოთელ 72 წლის მაყვალა ბაქანიძე-კოკაიას აქვს. ახლახან ფოთში ამოვარდნილმა ქარიშხალმა მის დაფხავებულ ქოხსაც გადახადა სახურავი. - ძლივს გამოვტყავე მერიას სახურავის შესაკეთებელი ფული, - ამბობს ერთადერთი ავადმყოფი შვილის დედა, რომელიც თვითონაც ინვალიდია. მშვენიერაძეების მსგავსად მისი ოჯახის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა. მოხუცს იმდენი ფული არა აქვს, სახლს საყრდენი ბოძები გაუმაგროს, რომ ერთ დღეს მის ნანგრევებში არ მოყვეს.

ერთი თვის წინ "კვირის პალიტრაში" ბაქანიძე-კოკაიების შესახებ დაბეჭდილ სტატიას სახელმწიფოსგან არა, მაგრამ რიგითი მოქალაქეებისგან მოჰყვა გამოხმაურება. მირიან კოკაია დიდი ხნის წინ დაკარგულმა თანაკლასელებმა სწორედ ჩვენი გაზეთით იპოვეს. მასალის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში რედაქციაში ნინო დოლიძემ დარეკა, - ვერ წარმომიდგენია, რომ მირიანი ამ დღეშია. 11 წელი ჩვენ თბილისის რესპუბლიკურ, მუსიკალურ სკოლა-ინტერნატში ერთ კლასში ვსწავლობდით, ის საუკეთესო იყო ყველა საგანში, მთელი კლასი მისი დახმარებით ვამზადებდით საშინაო დავალებებს... ახლა კლასელები ერთმანეთთან სწორედ მირიანის ამბავმა დაგვაკავშირა, ფულს ვაგროვებთ, გვინდა ფოთში ჩავუტანოთ.

მართლაც, ახალი წლის დღეებში 47 წლის მირიანს კლასელებმა სიურპრიზი მოუწყვეს. მათი სახელით ბაქანიძე-კოკაიებს ლალი აფციაური ეწვია და ფულადი დახმარება გადასცა. ამის შემდეგ გახარებულმა ქალბატონმა მაყვალამ დამირეკა, მადლობას უხდიდა შვილის კლასელებს და "კვირის პალიტრას".

გახარებული მიყვებოდა ლალის სტუმრობის შესახებ: "გახსოვს, ჩემთან რომ იყავი, შეგეშინდა, ოთახში არ შემოდიოდი, რომ მორყეული კარი არ დაგცემოდა თავზე. ლალის მოტანილი ფულით ის კარი გამოვცვალე და სანოვაგე მოვიმარაგე, ღმერთმა გაახაროს ჩემი შვილის ამხანაგები და კლასის დამრიგებელი ქალბატონი ჯილდა. თურმე ახლაც ახსოვს მირიანი, საუკეთესო მოწაფე და პერსპექტიული ვიოლონჩელისტი, რომელსაც ცხოვრება ამ ქვეყნის წახდენამ დაუნგრია. მიხარია, რომ ჩემი შვილი ასე ჰყვარებიათ ამხანაგებს. ცრემლს ვერ ვიკავებ, შვილებო, ღმერთმა გაგახაროთ."

ესეც მადლის კიდევ ერთი მაგალითი...