"მე თავზეხელაღებული კაცი ვარ" - ექსკლუზიური ინტერვიუ რობერტ სტურუასთან
15-10-2014
"მე თავზეხელაღებული კაცი ვარ" - ექსკლუზიური ინტერვიუ რობერტ სტურუასთან
რობერტ სტურუა  მაყურებელს არა მარტო სპექტაკლით "იტაცებს", არამედ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილას ნათქვამი სიტყვითაც, სოციალურ ქსელში დაწერილი "სტატუსითაც"... კიდევ არსებობს ძალიან ჩუმი და უთქმელი რობერტ სტურუაც - ძალიან ნამდვილი და უტყუარი. იმ აბლაბუდასავით გაბმულ ამბებში, რეჟისორს რომ უკავშირდება, მწერივით არ უნდა გაება... მაშინ ვნებათაღელვაც ნაკლები იქნება და თეთრისა და შავის გარჩევაც - ადვილი.

პოლიტიკური კაბადონიდან - პოლიტიკურ ჰადესამდე  და ადამიანური გულუბრყვილებიდან - არაადამიანურ დაუნდობლობამდე. ეს გახლავთ არეალი, სადაც რობერტ სტურუას
ცოტა ხნის წინ დადგმული სპექტაკლით "ასულნით" მოხვდებით. თვალწინ გაირბენს საქართველოში დატრიალებული ბოლო ათწლეულის და ახლანდელი ამბებიც კი. ცაში გამოკიდებული ქართველი დედა კი ვერა და ვერ აწყნარებს ჩვილს... კაცმა არ იცის, როდემდე უნდა იღიღინოს ასე უსასოოდ. სცენიდან ისმის თამამი განაცხადიც: ვირის ტვინზე ნაკლები ყოფილა ადამიანების ტვინი
ერთად... ჰოდა, ნებისმიერი გუნდი, გამოდის, რომ სახედარზე უარესად მართავს...


- ჩემთვისაც უჩვეულო სპექტაკლია, - გვითხრა რობერტ სტურუამ, - ვერ ვიტყვი, რომ მთლად ახალია, მაგრამ რაღაც ახალი პატარა ნაპერწკალი მაინც არის და ეს მახარებს, მაგრამ სევდა, რომელიც ახლავს ფინალს... პირველად რომ ვნახე, მეც მომერია ცრემლი... გოგოებს ეშინიათ ხოლმე, როცა ფინალი ცუდია. იციან ჩემი "წინასწარმეტყველების" ამბავი, სპექტაკლს თუ პესიმისტურად ვამთავრებ, აუცილებლად ცხოვრებაშიც ცუდი ფინალი აქვს ხოლმე ამბავს.

- ე. ი., თქვენი ქვეცნობიერი ხვდება იმას, რის წინაშეც მერე საზოგადოება დგება...

-მართლა მაგი, თორემ წინასწარმეტყველი კი არ ვარ...

- "ასულნიც"  გულსაკლავად დასრულდა. გამოსავალი, ფაქტობრივად, არ ჩანდა...
-  მართალია, ზაზა ლებანიძის გმირი ამბობს: როდემდე ვიღიღინოთ ასეო... მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ოღონდ სხვანაირად უნდა ვიცხოვროთ...

- თქვენ რამდენიმე "ენა" გაქვთ სამყაროსთან ურთიერთობისთვის: მაყურებლისთვის - სპექტაკლი, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან - ახლო ურთიერთობა, ვირტუალურ სივრცეში - სოციალური ქსელი... და ყველა მათგანი საოცრად განსხვავდება ერთმანეთისგან...
- თავზეხელაღებული კაცი ვარ. თუმცა, მხიარულიც შეიძლება დამარქვა. ფეისბუქში რომ ვკითხულობ ჩემს დაწერილს, ჩემთვისაც მოულოდნელია ბევრი რამ... მოულოდნელ ენერგიას ვგრძნობ, თითქოს ძალაა, რაც მე არ ვიცი. ეტყობა, რაღაც ცნობიერების გარეშეც ხდება ხოლმე... გაუცნობიერებელია ისიც, თუ სხვადასხვა ადგილზე და სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ენით ვსაუბრობ. მაგრამ არის რაღაც ერთიანიც - ის, რასაც უდიდესი გავლენა აქვს შენზე: დედა, მამა, სვეტიცხოველში მონათვლა... გამახსენდა: ერთხელ მამამ ჯვრის მონასტრის დასახატად გამიშვა. კარგად ვხატავდი და ფიქრობდა, აკადემიაში ჩავაბარებდი. მეთერთმეტე კლასში ვიყავი, წავედით მე და ჩემი მეგობარი. მტკვარი ნავით გადავცურეთ. მერე ფეხით ავედით მაღლა. როცა ხატვა დავასრულე, ტაძარში შევედი. უცებ რაღაც დამემართა: შიგნიდან უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე გარედან ჩანდა. ამან გამაოცა... რაღაც იდუმალმა ძალამ ძლიერად შემაჯანჯღარა. ამან გავლენაც იქონია ჩემზე.

- "რა არის შიგნით" - ხელოვნებაში უმთავრესია...
- სხვანაირად ვერც ვმუშაობ, თუ არ ავხსენი პერსონაჟის დაფარული სიღრმე, მისი სახე, მიზეზი, რატომ მოქმედებს ასე...

თეატრის რეჟისორობა განაპირობებს ბევრს. შეიძლება 17 წლისა პოეტი იყოს, მხატვარი, კინორეჟისორიც კი, თეატრში კი გჭირდება გამოცდილება. ამ პროფესიას იწყებ 30 წლიდან, როცა იცი, როგორ იმუშაო მსახიობთან. როგორ გაანდო ჩანაფიქრი. ეს მუსიკასთანაც არის კავშირში... ამერიკელ კომპოზიტორს ჯონ ქეიჯს, აქვს ნაწარმოები "3:45". გამოდის პიანისტი, ჯდება როიალთან და არაფერს აკეთებს 3 წუთი და 45 წამი. უსმენს სიჩუმეს. ამ პიესისთვის საკონცერტო დარბაზში არ მომისმენია, მაგრამ ფირფიტაზეც იგივეა. იწყება სიჩუმე და შენი ფანტაზია, განწყობა, აზრები იწყებს თავისუფალ მოძრაობას... დაახლოებით ისეთს, ჯეჯილი რომ ამოდის.

მესამე კლასში მასწავლებელმა გვითხრა, ლობიოს მარცვალი დაალბეთ და დათესეთო. რომ ვნახე, მარცვლიდან როგორ ამოვიდა რაღაც, გაოგნებული დავრჩი...
უფრო ზუსტად რომ გიპასუხოთ: ჯობია არ ვაკეთო ანალიზი... ბედისწერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის ლამაზ ქალად წარმომიდგენია. ზვიად გამსახურდიას ფრაზა მომხვდა თვალში ამას წინათ: არ ღირს შეეწინააღმდეგო ბედისწერასო. ხომ ამბობენ, დინების საწინააღმდეგოდ უნდა იცურო, უნდა დაანგრიო სტერეოტიპებიო... მე ამას არ ვაკეთებ... მე თითქოს ლამაზ ქალს ვეუბნები: სადაც გინდა, წამიყვანე-მეთქი... ჯერჯერობით კარგად მივყავარ, ფინალური გზა დამრჩა გასავლელი...

- თუმცა მაგ "ლამაზ ქალს" დინების საწინააღმდეგოდაც მიყავდით მორჩილად და ბევრ სტერეოტიპსაც გამსხვრევინებდათ...
- ალბათ... მაგას არ მივაქციე ყურადღება. საითაც წამიყვანა, წავყევი...
ერთი ამბავი გამახსენდა ბედისწერასთან დაკავშირებით. გოეთეს ინსტიტუტმა გოეთეს იუბილესთვის მთხოვა, - იქნებ "ფაუსტი" დადგაო.  გადავწყვიტე, ამეღო ორი პროლოგი - ზეცაში და თეატარში. როცა ხელს მოაწერს მეფისტოფელთან, სპექტაკლს აქ ვწვეტდი. მოსკოვიდან უნდა გამომეგზავნა როლების განაწილება. უცებ გამახსენდა, რომ სადღაც მქონდა წაკითხული, როცა ეხები პიესას, სადაც ბოროტი ძალა მოქმედებს, უნდა მიიღო ნიშანი ზეციდან, დასაშვებია თუ არა ამის დადგმაო. რასაკვირველია, ცოტა იუმორით ვუყურებდი ამ ამბავს, თუმცა კი მახსოვდა. სწორედ ამ დროს დამირეკა სლავა პოლუნინმა (ვიაჩესლავ პოლუნინი, რუსი რეჟისორი და მსახიობი, - ლ.ჯ.): - იქნებ ერთად გავაკეთოთ რამე, პეტერბურგში ჩამოდიო. წავედით მე და ჩემი პროდიუსერი. იმ დღეს თურმე პუტინი მიდიოდა პეტერბურგს  და ყველაფერი გადაკეტილი იყო. არადა, ძალიან ცოტა დრო გვქონდა, შეიძლება თვითმფრინავზე დაგვეგვიანა. მძღოლმა: მე ვიცი შემოვლითი გზაო. წავედით. აღმოვჩნდი უცნობ მოსკოვში.  ტაქსი შეჩერდა. გავიხედე და წარწერაა: "200 მეტრში - რესტორანი "მეფისტოფელი". ეს რას ნიშნავს? დავდგა თუ არა? - გავივლე გულში. ჩავედით პეტერბურგში. ისევ გადაკეტილია გზები. სიგარეტი ამოვიღე. ასანთი არ მქონდა. არც პროდიუსერი ეწეოდა, არც მძღოლი. უცებ მძღოლმა - მგზავრს დარჩა ორი კვირის წინ ასანთიო და მომაწოდა: იმ რესტორნის ასანთია, "მეფისტოფელი" აწერია.  ასეთი დამთხვევა ბრძანებად აღვიქვი: არ დადგა! არც დავდგი...

- ასეთი რამ სხვა დროსაც გიქნიათ?
- ასეთი ნიშნები არ ყოფილა, მაგრამ როცა სამი პიესა მაქვს და სამივე მომწონს, მაშინ ვწერ პატარა ქაღალდებზე მათ სახელებს და ვაგდებ ქუდში. ალალბედზე ვიღებ ერთს. გარდა ჩემი პირველი ორი სპექტაკლისა, ყველაფერი თეატრის თხოვნით დავდგი: "ხანუმაც", "სეილემის პროცესიც"... უფრო შეკვეთით ვმუშაობდი, ვიდრე სურვილით.

- შეკვეთილზეც გედავებოდნენ... "სეილემის პროცესი" რომ დაგიკვეთეს, ეს მართლა დაუჯერებელია!
- სერგო ზაქარიაძე იყო მაშინ სამხატვრო ხელმძღვანელი და რამდენიმე პიესა შემომთავაზა. ეს ავირჩიე.

- თქვენი სიმამრის, მიხეილ კვესელავას გამო ხომ არა, რომელიც სეილემის პროცესის მომსწრე იყო?
- ცხადია, მას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ბატონი მიხეილი ძალიან მორიდებული კაცი იყო, როცა პირველად დავდგი სოფიკო ჭიაურელთან ერთად "სეჩუანელი კეთილი ადამიანი". პრემიერის მერე რომ ვკითხე, როგორ მოგეწონა-მეთქი, მე ვერ გეტყვი, მაგრამ ნიშანს დავწერ და ნახეო. დაწერა და მომცა. მივედი შინ და ვნახე, სამიანი ეწერა.

- ხომ არ გეწყინათ დაბალი შეფასება?
- კარგი რეჟისორი საღად უნდა ხედავდე, რა სპექტაკლი გამოდის, ამიტომ ერთდროულად უნდა იყო რეჟისორიც და მომზადებული მაყურებელიც. ასე რომ, ნიშანი მოულოდნელი არ ყოფილა.

- ახალგაზრდობიდანვე ხვდებოდით კონფლიქტში, გაკრიტიკებდნენ. სპექტაკლების გამო იშვიათად, მაგრამ გიწუნებდნენ გადაწყვეტილებებს, მსახიობებთან ურთიერთობას, ნათქვამ სიტყვას... რატომ ხდებოდა ასე? თქვენზე ამბობენ, ეტყობა, ასაკმა მოალბოო... თითქოს ადრე ძალიან მკაცრი იყავით...

- გურამ საღარაძემ მიწოდა ადოლფ ბესარიონოვიჩ ბერია. რატომ დამარქვი-მეთქი. მსახიობებმა ვიცითო. მაინც ვერ მივხვდი. რეპეტიციაზე არ ვყვირი... "ასულნზე" გოგოებთან რომ ვმუშაობდი, ვხვდებოდი, ბედნიერები იყვნენ... თუ არ ხარ ბედნიერი, ასეთ სპექტაკლს ვერ ითამაშებ... იმის თქმა მინდა, რომ არავითარი ადლოფი არ ვარ მსახიობებისთვის, ჩემი აზრით... თუმცა... "ასულნის" დადგმისას, ერთი გოგო ამოვიჩემე. სულ ვაჩერებდი, ვუსწორებდი და ისიც სულ ტიროდა. ამ ტირილმა გარკევული როლი შეასრულა მის თამაშში.. ბოლოს ყველაფერი კარგად გამოუვიდა. მისთვის, არ ვიცი, "ადოლფი" თუ ვიყავი...

- ეს იმიტომ მიამბეთ, რომ ამას უკავშირებთ თავს დამტყდარ "ქარიშხლებს"?
- არა... ეს სხვაა! მინდა ცხოვრება სპექტაკლებით არ შემოიფარგლოს და იყოს სხვა ცხოვრებაც... მაგრამ ღმერთმა იცის, დავიწყე გულუბრყვილოდ და არც მიფიქრია სკანდალზე... 

- ფეისბუქი რაც გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში, სკანდალებმა იმატა...

- ჯერ ერთი, არ აქვთ უფლება, გაზეთში ბეჭდონ ის, რასაც ფეისბუქში ვწერ. ინტერვიუში სხვაგვარად ვიტყვი. ფეისბუქი სხვა რამ არის... ეს არის ურთიერთობა მეგობრებთან, რომლებსაც არ იცნობ. ეს მომეწონა... ახლა ვფიქრობ, გამოვიდე სოციალური ქსელიდან...
ხშირად ცოტათი მთვრალი მივუჯდები კომპიუტერს. ჩემმა ცოლმა - მეგობრის მტრად გადაქცევის ოსტატი ხარო. მართლა ბევრი მეგობარი გამიდგა, რადგან ხშირად ისეთ რამეს ვამბობ, რაც არ უნდა ვთქვა...

- ამას მხოლოდ ნაბახუსევი ამბობთ?
- არა, ფხიზელიც... თითქოს ვთამაშობ ვიღაცას, რომელიც არის რობერტი და არც არის...

- კიდევ გამოგონილ ხაზარაძეს თამაშობთ...
- ახლა ხაზარაძე იაპონიაშია! მომბეზრდა და აღარ მინდა გავაგრძელო...

- "ასულნს" დავუბრუნდეთ, პიესაში არცერთი მამაკაცი არ თამაშობს და შთაბეჭდილებაც გრჩება, რომ ხაზგასმაა იმისი, კაცები რომ აღარ არიან ცხოვრებაში... მამაკაცის სრულიად გაქრობა... ეს რა არის?

- შეიძლება ეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ... არ არიან კაცები, რომლებიც უშველიან გოგოებს, ქალებს... საქართველოს. სპექტაკლში არის ფრაზა, რომელსაც მარინა კახიანი ამბობს: "ახლა ყველა გმირი სოროსშია შემძვრალი, თავად უნდა იმოქმედოთო".

- სპექტაკლში ის ფრაზაც არის, "ერთი კაცის ტვინი ვერ გადაგარჩენთ, ორი და სამი კაცის ტვინი ერთად კი ვირის ტვინზე უარესიაო"... კიდევ კარგი, ძლიერნი ამა ქვეყნისანი ან არ ნახულობენ, ან არადა არ ტყდებიან რომ მიხვდნენ, რას ამბობთ, თორემ ვინ დაგრჩებოდათ გულშემატკივარი.. ალბათ არავინ.

- ალბათ! მოსკოვში რომ სპექტაკლს ვდგამდი, მსახიობები მეუბნებოდნენ, ამას ვერ გაიგებს მაყურებელიო... საქართველოში ყველაფერი ესმით, შეიძლება იმდენად არა, რამდენადაც ვდებ, მაგრამ მაინც...
jaba
21 ოქტომბერი 2014 12:45
თბილა "ბატონი" ბიძინას(ბიო-ბარონის) ჯიბეში რობერტ? ძველებს რომ ამხელდით კაი იყო, მარა არც ამათ აწყენდათ სილა. კაცობა და მეობა არ უნდა იყიდებოდეს, მიტომ მძულხართ ეს 29 ვერცხლიან-ცენტიანი თბილისური "ელიტა", რომ ყველა ფანტანზე იკუზებით, სადაც ბრჭყვიალა ნივთს დაინახავთ(არადა წყალი კი არა, კიკუობა გწყურიათ)... ახლა მაგ ებრაელმა ნაბიჭვარმა მევახშემ და ფსიქოთროპულთა ბარონმა დაგითრიათ და გაგამართინებთ მის საამებელ სპექტაკლებს სოლოლაკის პენტჰაუზში. რამე კაზანტიპური დაუდგით მარიამობის მარხვაში, ესიამოვნება.
MAVERICK
18 ოქტომბერი 2014 06:27
საოცრად საინტერესო რაკურსით წარმოგვიდგა დიდი მაესტრო. თუმცა მისი შემოქმედებიდან გამომდინარე არც მიკვირს, იდუმალების შარავანდედით არის მოცული.

დაბოღმილებს აბა რა გითხრათ? უბედურება "შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს" გაბრმავებთ, საცოდავები ხართ...
lika
18 ოქტომბერი 2014 04:41
ფუ,რა დავარქვა ამ იდიოტებს? ამება,უტვინო,გაუნათლებელი....უზრდელები კი ნამდვილად ხართ...ვის ლანღავთ,ვინ გეკითხებათ, რა ჯიშის ხალხი ხართ.ვინღა დაგრჩათ გასალანძღი,ღმერთი? გეშინიათ? მე ნამდვილად ვეტყვი საყვედურს,თავცარიელ ხალხს რატომ აძლევს კომპიუტერს

რედაქტორის რჩევით