“ძალიან ბევრმა დარეკა, თამუნას ვიშვილებთო” - რა შეიცვალა ლაგოდეხელი პაპა-შვილიშვილისთვის - კვირის პალიტრა

“ძალიან ბევრმა დარეკა, თამუნას ვიშვილებთო” - რა შეიცვალა ლაგოდეხელი პაპა-შვილიშვილისთვის

”დიდი მადლობა "კვირის პალიტრას" ამ სიხარულისთვის... უნდა გენახათ ბაღიდან რა თვალებგაბრწყინებული დაბრუნდა თამუნა, - პაპა,  ბავშვებთან ვითამაშეო

"დიდი მადლობა "კვირის პალიტრას". თქვენი დახმარებით ძალიან ბევრი პრობლემა მომიგვარდა, - უამრავი ადამიანი გამომეხმაურა. დღემდე რეკავენ, ზოგმა დეტალურად გამომკითხა, რა სჭირდება ბავშვსო, მე მაინც მერიდება", - ამბობს თენგიზ ხელაშვილი ჩვენთან საუბარში. ლაგოდეხელი პაპა-შვილიშვილის საოცრად თბილმა და სევდიანმა ამბავმა, რომელიც “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა და “პალიტრა ტვ”-სთვის სიუჟეტიც მომზადდა,  საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ დავინტერესდით, რა შეიცვალა მისთვის პუბლიკაციის შემდეგ...

- უამრავი ადამიანი მირეკავს. მერიდება. ისედაც ამ მძიმე სოციალური ფონით შეწუხებულ, ღვთისნიერ ადამიანებს რამე ვთხოვო, ამისთვის ენა არ მიტრიალდება. არ ზის ეს ჩემს ხასიათში... ძალიან ბევრმა დარეკა, თამუნას ვიშვილებთო და  თქვენ როცა მოისურვებთ მაშინ გექნებათ ბავშვთან ურთიერთობის საშუალებაო. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. თამუნა ჩემთვის ყველაფერია. იმაზე მეტი, ვიდრე პაპისთვის შვილიშვილი... ამას წინათ გამგებელი იყო მოსული, საჩუქრები და ტკბილეული მოუტანა თამუნას. ძალიან გახარებული იყო ჩემი პატარა. დიდი მადლობა "კვირის პალიტრას" ამ სიხარულისთვის.

- ინტერვიუში გოგონას საბავშვო ბაღში მიყვანის პრობლემაზე საუბრობდით.

- დიახ, ეს პრობლემაც მოგვარდა, - მიიღეს საბავშვო ბაღში მივიყვანე და ძალიან კმაყოფილია თამუნა. სოფლის ცენტრში ვცხოვრობ, მაგრამ ბაშვის ჭაჭანება არ არის. ამიტომ ჩემი პატარა თანატოლებთან თამაშს სულ მონატრებული იყო და უნდა გენახათ ბაღიდან რა თვალებგაბრწყინებული დაბრუნდა, - პაპა,  ბავშვებთან ვითამაშეო, მითხრა... ასე მეგონა, თავიდან დავიბადე. არ ველოდი, თუ ამდენი რამე ასე ერთბაშად მოხდებოდა.  როგორც გითხარით, მირეკავენ და თანხით დახმარებასაც მპირდებიან. ჩემი შვილიშვილი მიხვდება, რომ  ადამიანური თანადგომა ყველანაირ პრობლემას ამარცხებს... რამდენიმე დღის წინ ვნახე, რომ სატელეფონო დეპოზიტზე თანხა ჩაურიცხავთ  ისე, რომ არც კი უთქვამთ... სოციალური დახმარების სააგენტოდანაც იყვნენ მოსული, თავიდან ყოველთვიურ შემწეობას შემპირდნენ, მაგრამ მერე ნახეს, რომ პატარა მანქანა მყავს, "სუძუკი" და არ გამოვაო, მითხრეს,.სამაგიეროდ ერთჯერადი ფულადი დახმარებას მიიღებთო, მითხრეს.

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე

ლალი პაპასკირი