"მე დავით მეოთხე ვარ" - ერთი დღე ფსიქიატრიული კლინიკის ექიმად
20-10-2014
"მე დავით მეოთხე ვარ" - ერთი დღე ფსიქიატრიული კლინიკის ექიმად
ჟურნალისტი პროფესიას იცვლის

ერთი დღე ფსიქიატრიული კლინიკის ექიმად


გრძელდება "კვირის პალიტრის" პროექტი "ჟურნალისტი პროფესიას იცვლის". გასულ კვირას ქავთარაძის ქუჩაზე ფსიქიატრიულ კლინიკას ვეწვიე და თეთრი ხალათი მოვირგე... კლინიკაში არსებობს დაუწერელი კანონი - არ შეიძლება სამსახურში დეკოლტეთი და გამომწვევი ტანსაცმლით სიარული, გრძელი საყურისა და ბრჭყვიალა ბროშის ტარება....
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის კლინიკის დირექტორმა, ჩემმა მასპინძელმა დავით ზურაბაშვილმა, კლინიკა შემომატარა და თანამშრომლები გამაცნო...


ფსიქიატრიულ კლინიკაში ადრეც ნამყოფი ვარ - ასათიანის ქუჩაზე.
მაშინ დაზაფრული წამოვედი... ყველაფერი დანგრეული იყო,  პალატებში წყალი ჩამოდიოდა... ჩემს გონებაში დღემდე ჩარჩენილია ფანჯრის გისოსებიდან გამოყოფილი პაციენტების ხელები, - სიგარეტი მომეციო, რომ მეხვეწებოდნენ. ქვეცნობიერში სწორედ ასეთად ჩამებეჭდა აქაურობა და მესიამოვნა, როცა თანამედროვე კლინიკაში მოვხვდი - ირგვლივ სისუფთავე, წესრიგი და სიმშვიდე სუფევდა...
ბატონმა დავითმა დამარიგა, რომ
პაციენტებს ისევე მოვქცეოდი, როგორც კლინიკის გარეთ მყოფ ადამიანებს...

როცა ჩემ წინ კარი გაიღო, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ უცხო სამყაროში უნდა შემედგა ფეხი... იქ, სადაც შესვლა აკრძალულია... სადაც დიდი ბავშვები ცხოვრობენ... სადაც არასოდეს იცი, რას მოიმოქმედებენ "ამ სახლის" ბინადარნი... როცა ღია კარს მიღმა კეთილი ღიმილით შემხვდნენ და თვალიერება დამიწყეს, მივხვდი, სულაც არ უნდა შემშინებოდა. მეც გავუღიმე და მათკენ ნაბიჯი გაბედულად გადავდგი.

- ახალი ექიმი ხართ? - მკითხა შუახნის მამაკაცმა.
- დიახ, - ვუპასუხე და ტყუილის გამო სინდისის ქენჯნა ვიგრძენი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
- ნება მიბოძეთ, წარმოგიდგეთ, - ხელი გამომიწოდა ჩამოსართმევად, - დავით მეოთხე, - მითხრა და თავი გალანტურად დამიკრა - ისე, როგორც ნამდვილ მეფეს შეეფერება.
- მარი, - ვუპასუხე მეც და მარჯვენა გავუწოდე ჩამოსართმევად.
რადგან პირველმა ურთიერთობამ ასე კარგად ჩაიარა, მივხვდი, არც მერე შემექმნებოდა პრობლემა.
პალატები დერეფნის ორივე მხარეს არის ჩამწკრივებული, ყველა კარს შუაში მინა აქვს დატანებული, რომ პერსონალმა პაციენტების გაკონტროლება შეძლოს. განყოფილებაში ქალები და მამაკაცები ერთად არიან მოთავსებული. რამდენიმე პალატის კარს დაზიანება ეტყობა.
- ეს პაციენტებმა დააზიანეს, თავს ან მუშტს ურტყამენ, - მიხსნის დამხმარე პერსონალი, რომლის ფუნქციაც პერსონალის დაცვა და პაციენტებთან ბრძოლაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. აგრესიული პაციენტები მათ ფიზიკურად უსწორდებიან, ხშირად თვალჩალურჯებული დადიან...
- ბევრი პაციენტი ძალიან აგრესიულია... ახლა რუსთავის ფსიქიატრიულში წევს  პაციენტი, რომელიც წონით 150 კილოგრამი იქნება და საოცარი ძალა აქვს. აზიანებდა მანქანებს, ოჯახის წევრებსაც ერჩოდა. კლინიკაში რომ მიიყვანეს, სანიტარს გაუკავებია და მამაკაცს მისთვის მუშტი ისეთი ძალით დაურტყამს, რომ რამდენიმე მეტრზე მოუსვრია. საწყალს ცხვირი აქვს გატეხილი, - მიყვება ექთანი.

- ახლა რომ არ არიან აგრესიულები?
- მკურნალობის წყალობით მშვიდდებიან. მერე ახალ პაციენტებზე იცინიან, რა დღეშია, უყურე ერთიო! თავისი მდგომარეობა დავიწყებული აქვთ...

- წამლებს მორჩილად სვამენ?

- ზოგი კი, ზოგიერთს ვდარაჯობთ, რომ ტუალეტში არ ჩაყაროს, ან თუ ენის ქვეშ აბები აქვს დამალული, არ გადმოაფურთხოს...
დერეფანში სისუფთავეა, რასაც პალატებზე ვერ ვიტყვი - პაციენტების უმეტესობა ლოგინს არ ალაგებს, ტანისამოსი მიყრილ-მოყრილი აქვთ... ამ ხნის განმავლობაში ჩვენ თვალწინ გამუდმებით ტრიალებდა ასაკოვანი ქალი, რომელსაც მაგთიფიქსის ტელეფონი მკერდზე ჰქონდა მიხუტებული. ხმას არ გვცემდა, მხოლოდ შორიდან გვზვერავდა...

ერთ-ერთ პალატაში იდეალური სისუფთავე იყო. ყველა ნივთს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. ფანჯარასთან ქალი იდგა და ეზოში იყურებოდა. ხმაურზე არც შემობრუნებულა... მხარზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, თითქოს წასასვლელად ემზადებოდა... ფრთხილად მივუახლოვდი და ვკითხე:

- მიდიხართ სადმე?

- არა, ეს ჩანთა მიყვარს, სულ თან მაქვს.

- ჩანთაში რა გაქვთ?

- აუცილებელი ნივთები - სავარცხელი, პომადა...

- აქ როგორ მოხვდით?
- მეუღლემ მომიყვანა, რადგან გაბრაზებულმა თავი ვერ შევიკავე და ხმამაღლა ლაპარაკი დავიწყე. მომკიდა ხელი და მომიყვანა. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, მაგრამ ნერვებმა მიმტყუნა. 2 შვილი მყავს, გოგონები. უკვე 19 წლისები არიან... ადრე ვმუშაობდი, მაგრამ შვილების გამო სამსახურს თავი დავანებე. დედა ხომ იმისთვის არის, რომ შვილებისთვის იცხოვროს. მეც მათთვის ვცხოვრობდი, მაგრამ სანერვიულო შემხვდა და ამიტომ ავუწიე ხმას. სამაგიეროდ, საამაყო შვილები მყავს.

- აქ ვინმეს დაუმეგობრდით?

- არა, აქ გაცნობილ ადამიანებთან მეგობრობა არ შეიძლება - ვერ ვუგებ მათ. არიან ნორმალურებიც, ვისთანაც პოეზიასა და ხელოვნებაზე ვლაპარაკობ...

ქალბატონს დავემშვიდობე. კმაყოფილება ვერ დამალა, - ძალიან მესიამოვნა, ექიმო, თქვენთან ლაპარაკი, ხვალაც მოხვალთო? - მკითხა. არ მომიტყუებია, ვუთხარი, რომ ვეღარ მნახავდა...
ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს ველაპარაკებოდი. მის დაავადებაზე მხოლოდ ჩანთა მიუთითებდა, რომელიც მხარზე გადაეკიდა...
დერეფანში გამოსულს ისევ ის ტელეფონიანი ქალი გადაგვიდგა გზაზე.

- გამიშვით მეოთხე სართულზე, რა, ტელევიზორს უნდა ვუყურო, ამინდი მაინტერესებს.
- ფანჯარაში გაიხედე და ამინდს ნახავ, - უთხრა დამხმარე პერსონალმა, რომელიც სულ უკან დამყვებოდა.
- მარტო აქ კი არა, მსოფლიოში მაინტერესებს ამინდი.
- ტელეფონზე ვის ურეკავთ? - ვკითხე.
- არავის! აქ, ჩვენთან, ოჯახში ყველაფერი მოშლილია, რემონტი ძლივს დავამთავრეთ. აი, კარს შეხედეთ რა დღეშია? ეს გიჟები თავს ურტყამენ.

- ეს თქვენი ოჯახია?

- კი, მე თბილისშიც მაქვს ბინა, ერთი შვილი მყავს, სულ მთვრალია, მასთან როცა მივდივარ და ბოთლებს ვხედავ, ნერვები მეშლება და ისევ აქ გამოვრბივარ. აქ მშვიდად ვარ. ტელეფონზე საათს ვამოწმებ ხოლმე, თორემ არსად ვრეკავ.
ამასობაში ისევ იმ ადგილს დავუბრუნდი, სადაც "დავით მეოთხე" გავიცანი. შუახნის მამაკაცი დაცვის მაგიდასთან მედიდური სახით იჯდა. რომ მივუახლოვდი, წამოდგა და ხელი ჩამომართვა.

- მეოთხე მოადგილე იქნები, - მახარა.
- ვისი?
- ჩემი. მე დირექტორი ვარ, შენ მეოთხე მოადგილე იქნები, 12 მძღოლი მყავს, შორს მაინც ვერ მივდივარ და ახლოს 11 მეყოფა. ერთს მოგცემ, აი, ეს იქნება შენი მძღოლი, - მითხრა და ერთ მამაკაცზე მიმითითა.
იმას არ მოეწონა შეთავაზება და ჩამჩურჩულა, მაგას არ მოუსმინო, ეგ ცოტა ვერ არის, განდიდების მანია სჭირსო.

მერე სხვებიც შემომეხვივნენ, ყველა რაღაცას მეკითხებოდა. ერთმა გოგონამ ისიც კი მკითხა, მისი ვარცხნილობა მომწონდა თუ არა...
მოვუწონე. საუბარში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაგვერთო:

- ქალს რატომ ეკითხები, "პრიჩოსკა" გიხდება თუ არა, კაცებს უნდა გვკითხო.
- კაცები მატყუარები ხართ!
- რას ამბობ, მეგრელი რომ სხვის მატყუარობაზე ილაპარაკებს! - აღშფოთდა მამაკაცი და გაგვეცალა. თან საქმეს დაეშურა - განყოფილებიდან პაციენტი გაეწერა და მის ადგილზე სურდა გადაბარგება.
- ხომ არ იცით, ვინ განკარგავს ადგილების განაწილებასო? - მეც მკითხა.

მერე ისევ "დირექტორმა" აიღო ინიციატივა, მომიახლოვდა და მაცნობა:
- წელიწადი და 8 თვე ქალთან არ მქონია ურთიერთობა და ამიტომ მოვხვდი აქ!
- ვაიმე, რას ამბობს! - წამოხტა სკამიდან ახალგაზრდა მამაკაცი და მოსაწევ ოთახში შევარდა.
- ჰოდა, ახლა 100-კაციან ნიშნობაზე გეპატიჟები, - გააგრძელა "დირექტორმა".
- ვისზე ქორწინდებით?
- შორენა ექიმზე! თქვენ რამდენი წლის ხართ? - საქმიანად დაინტერესდა, მაგრამ როცა წლოვანება ვუთხარი, ცოტა ცხვირი აიბზუა, - 30 წლის ქვევით ხომ არავინ გყავთ გასათხოვარი? შორენამ რომ გადაიფიქროს, უცოლოდ ხომ არ დავრჩები?

ამან საერთო მხიარულება გამოიწვია...
ცოტა ხანში დამავიწყდა კიდეც, სად ვიყავი და, ალბათ, შორიდან პაციენტებისგან ძნელად თუ გამარჩევდა ვინმე თეთრ ხალათში გამოწყობილ ჟურნალისტს... მხიარული საუბარი ახალგაზრდა, სიმპათიურმა მამაკაცმა გაგვაწყვეტინა:

- წარმოგიდგენიათ? 72 საათია, მკურნალი ექიმი არ მინახავს. ზოგი მეუბნება, რომ ყავას სვამს. 72 საათი ყავის სმა გამიგონია? მავნებელია, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, მე ხომ უნდა მომაქციოს ყურადღება?
გთხოვთ, იღონეთ რამე, მიიტანეთ ხელმძღვანელობასთან ჩემი საჩივარი!
დავპირდი, რომ თხოვნას შევუსრულებდი და კმაყოფილი გაბრუნდა, თუმცა, ბუზღუნს აგრძელებდა. დერეფანში ასაკოვანი ქალი შეხვდა, რომელიც სიმღერ-სიმღერით დადიოდა და მუჯლუგუნი გაჰკრა, - ნეტავ რას დადიხარ, რა გამღერებსო? - მაგრამ ქალმა ყურადღება არ მიაქცია, მხოლოდ სიმღერა შეცვალა - კი არ დავდივაააარ, დავეხეტეეეებიიიი...

მართალი აღმოჩნდა ბატონი დავითი - ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან... ოღონდ - ბავშვობაში დარჩენილი...  გულწრფელი, კეთილი, რომელთაც საკუთარი გრძნობების გადმოცემის არ ეშინიათ, ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და უბრალოდ, უნდათ, რომ მოუსმინონ...

- ბატონო დავით, ცოტა დავითრგუნე, მაგრამ მივხვდი, რომ ისინი საშიშნი არ არიან...
- შიზოფრენია არ არის სულის დაავადება, როგორც ამას ბევრი მიიჩნევს. ეს არის თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესების დარღვევის შედეგად გამოწვეული დაავადება. ეს ადამიანები ჩვენი ჩარევისა და მკურნალობის შემდეგ საწყის მდგომარეობას უბრუნდებიან. გვყავდა პაციენტი, პროფესიონალი პროგრამისტი, კომპიუტერთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მიგვარებდა, გვყავდა ინგლისური ენის სპეციალისტი, რომელსაც ინგლისურ ენაში ხშირად დახმარებას ვთხოვდი და შესანიშნავად ართმევდა თავს...

მინდა, საზოგადოებამ გაიგოს: შიზოფრენია არ არის სირცხვილი! მოვუწოდებ ყველას, ვისაც ხელეწიფება, რომ გამოჯანმრთელებულ ადამიანებს მისცენ მუშაობის, საზოგადოებაში რეინტეგრაციის საშუალება. ნუ შეგეშინდებათ მათი!   

ამასობაში "მწვავე" განყოფილებიდან "ნაკლებად მწვავეში" ერთი პაციენტი გადაიყვანეს... ის 50 წლამდე მამაკაცია, რომელიც თურმე ხმაურს ვერ იტანს და უძილობა აწუხებს. ის ძმასა და ძმისშვილებთან ცხოვრობდა...

- ოჯახში გამუდმებით ჩხუბია... მე კი აქ რაღაც მტკივა, - ხელს მკერდზე იდებს, - შიგნით რაღაც მაწუხებს. თითი რომ გაგეჭრება და გტკივა, ისე მტკივა, არ მიყვარს ჩხუბი და ხმაური, ბავშვები კი სულ ხმაურობენ. პროფტექნიკუმი დავამთავრე და ლესვა ვისწავლე. პირველად 19 წლის ვიყავი, როცა ფსიქიატრიულში ჩემი ფეხით მოვედი.
ცუდად ვიყავი და ვთხოვე, ემკურნალათ. ექიმმა მაშინ "ხმების" წამალიც დამინიშნა (გულისხმობდა ჰალუცინაციას, როცა ადამიანს ხმები ჩაესმის), მაგრამ ხმები კი არა, რაღაც შეგრძნება მტანჯავს. გარეთ გასვლას ვერ ვახერხებ, ხმაურს ვერ ვიტან. პატარა ბოსტანი გვაქვს და იქ ვმუშაობდი, მაგრამ მერე ძალა გამომეცალა და სულ ვიწექი. სულ იმის შიში მაქვს, რომ გავითიშები და წავიქცევი.

- რა გაინტერესებთ?

- სპორტული და ინტელექტუალური გადაცემები მომწონს... ძალიან მიყვარს კითხვა, მაგრამ ახლა ეგეც მაღიზიანებს. კითხვის დროსაც შიში მიპყრობს, რომ გავითიშები...
მამაკაცი ისე ლაპარაკობდა, რომ მისი ნუგეშისცემის, მოფერების სურვილი გამიჩნდა... სათქმელს ისე გადმოსცემდა, შენც იმავეს გრძნობდი, ისევე გტკიოდა გაჭრილი თითივით მკერდში რაღაც, როგორც მას...

დავღონდი...
ძალიან მომინდა, ფერია ვყოფილიყავი, ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით რომ გამეთავისუფლებინა იმ დღეს გაცნობილი ყველა ადამიანი ასეთი ტკივილისგან... სულის ტკივილისგან...

არაჰუმანური ევროპა


ისტორიკოსთა მტკიცებით, პირველი ფსიქიატრიული საავადმყოფოები XIII-XIV საუკუნეებში გერმანიასა და ესპანეთში გაჩნდა, თუმცა ფსიქიატრთა 2005 წლის მსოფლიო კონგრესზე გამოთქვეს მოსაზრება, რომ პირველი ასეთი დაწესებულება ბაღდადში ჯერ კიდევ VIII საუკუნეში არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ფსიქიკურად დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებები არსებობდა კონსტანტინოპოლშიც. ერთ-ერთი ასეთი საავადმყოფო იყო  წმინდა ანასტასიას ეკლესიასთან, რომელიც სულიერად დაავადებულთა მფარველად ითვლება. XV-XVI საუკუნეებში ესპანეთში ფსიქიატრიულ დაწესებულებათა ქსელი შეიქმნა. საავადმყოფოებისთვის ხშირად ყოფილ ლეპროზორიუმების შენობებს იყენებდნენ. როგორც წესი, იმ დროს მსგავს დაწესებულებებში არ მკურნალობდნენ, დაავადებულები, უბრალოდ, იზოლირებული ჰყავდათ.  იყენებდნენ ჯაჭვებს, ხელბორკილებს.

XV საუკუნეში გაიხსნა ლონდონის ცნობილი ფსიქიატრიული საავადმყოფო ბედლამი. სწორედ ინგლისში შეიმუშავეს პირველად შეშლილთათვის ციხის ტიპის შენობები, სადაც თითქმის ვერ აღწევდა დღის შუქი  და ავადმყოფებს ერთადგილიან კამერებში  კედლებზე ჯაჭვებით აბამდნენ. ხშირად სცემდნენ კიდეც.

საშინელ პირობებში იყვნენ პაციენტები პარიზის სახელმწიფო საავადმყოფოებშიც. მაგალითად, 1760 წლის 16 სექტემბრის დეკრეტით, პარიზში ყველა სულით ავადმყოფი ჯერ ოტელ-დიოს საავადმყოფოში უნდა მიეყვანათ, სადაც საშინელი ანტისანიტარია და სივიწროვე იყო. მათ მკურნალობდნენ” საფაღარათო საშუალებებით, ოპიუმით, სისხლის გამოშვებით, ცივი წყლის აბაზანებით. თუმცა შეძლებულთათვის ინგლისსა და საფრანგეთში უფრო ჰუმანური დაწესებულებებიც არსებობდა.  
XIII საუკუნეში პარიზის ერთ-ერთი ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ფილიპ პანელიმ მანამდე სავალდებულო ე.წ. ციხის რეჟიმი გააუქმა - ტყვე-პაციენტები ბნელი ჯურღმულებიდან ჩვეულებრივ ოთახებში გადაიყვანა, ჯაჭვები მოხსნა და ბორკილების სანაცვლოდ გაცილებით ჰუმანური ე.წ. გიჟის პერანგი გამოიყენა. 

ევროპაში ყველაზე ცნობილი ფსიქიატრიული დაწესებულება გახდა ვენის ნარრენტურმ-ი. ის იყო პირველი შენობა, რომელიც სპეციალურად სულით ავადმყოფებისთვის ააგეს. 139 პალატაში 200-250 პაციენტი ჰყავდათ. ამ სფეროში ძველი მეთოდები ძალიან დიდხანს იყო პოპულარული. მისი ჰუმანიზაცია და ლიბერალიზაცია მხოლოდ XX საუკუნეში დაიწყო.

მარი ჯაფარიძე

ლოთი ქობალია
25 ოქტომბერი 2014 11:09
თითიდან გამოწოვილი უსახური სტატიაა,ალბათ მოგონილი და არნაირი საერთო არ აქვს რეალობასთან.
Minichan
24 ოქტომბერი 2014 16:04
ბატონი დავითი, მისი ბაბუა,მამა,ბიძა ნამდვილი ,პროფესიონალი ექიმები არიან,ნამდვილი მეცნიერები სისხლით და ხორცით.
data afrasidze
24 ოქტომბერი 2014 11:56
Salo-ს. სააკას დროს პატიმრების ხოცვა ჟლეტვის მჯეროდა რადგან უამრავი ფაქტი იყო. შეიძლება ფსიქიატრიულებში დღეს არ არის საუკეთესო პირობები მაგრამ, ჟურნალისტი რომელიც ამ საკითხებზე მუშაობდა აღნიშნა თუ რა მდგომარეობა იყო ადრე და რა მდგომარეობა დღეს.

რედაქტორის რჩევით