კამიკაძე აივნები და ლოჯიები
20-10-2014
კამიკაძე აივნები და ლოჯიები
არასაიმედო და უხარისხო მშენებლობები არაერთხელ გახდა ნგრევისა და ტრაგედიის მიზეზი

"ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკების ექსპლუატაციის ვადა 20 წელი იყო. ეს სახლები 50-იან წლებში აშენდა. მათზე მიშენება ყოვლად დაუშვებელია"


უკვე მეორე თვეა, ვარკეთილში მცხოვრებ ნათესავს ვერ გავაგებინე, რომ მეშვიდე სართულზე აივნის რამდენიმე მეტრით გაფართოება დაუშვებელია. სამშენებლო მასალა უკვე იყიდა, მალე რაიონში წასული მუშაც ჩამოვა და მშენებლობას გააჩაღებენ. მის აკვიატებულ იდეას ოჯახის დანარჩენმა წევრებმაც აუბეს მხარი და მალე მათ საცხოვრებელს რამდენიმე კვადრატული მეტრი
შეემატება.
მათ მოპირდაპირე კორპუსს, რომელსაც უკვე წლებია, რამდენიმე მეტრი მიაშენეს (ყველა ოჯახს კედლები არ აქვს ამოშენებული და სართულებს შორის რკინის ჟანგიანი კონსტრუქციები ჩანს), ლეგოს კუბიკებით აშენებულ სახლს ეძახიან. ამას წინათ იმ კორპუსში მცხოვრები ნაცნობი გოგონა მეუბნებოდა, შარშან მიწისძვრამ იმხელა ბზარი გააჩინა სახლსა და მიშენებას შორის,
რომ შეშინებული ვართ, იმ ოთახში იშვიათად შევდივართო.

მოკლედ, უკანონო მშენებლობების საკითხი ჯერ ისევ ჰაერშია გამოკიდებული და როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს ასე გაგრძელდება.


თვითნებური მიშენებების ასეთი ბუმი თბილისში მაშIინ დაიწყო, როდესაც ხალხმა "ხრუშჩოვკების" გაფართოება დაიწყო და აივნები მიაშენა. სამწუხაროდ, ასეთი მიშენებების 80% არაპროფესიონალების გაკეთებულია. არასაიმედო და უხარისხო მშენებლობები არაერთხელ გახდა ნგრევისა და ტრაგედიის მიზეზი. როგორც ურბანისტები და არქიტექტორები ამბობენ, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას სამსახური, რომელიც ქალაქში ყველა მიშენებას შეისწავლის და პასუხისმგებლობას აიღებს, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ დატრიალდეს...

თემურ ხელაშვილი, არქიტექტორი, ურბანისტი: - საზოგადოება მიშენებების ან დაშენებისას ერიდება არქიტექტორებთან მისვლას, ამის მიზეზი მათი ფინანსური მდგომარეობაა, ამიტომ თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას, რა მიაშენონ და - როგორ. გარდა იმისა, რომ ყველა ასეთი არაპროფესიონალური მიშენება არაესთეტიკურია, საშიშიც არის.

- მიშენების ხანა როდიდან იღებს სათავეს დედაქალაქში?

- "ხრუშჩოვკების" აშენებისთანავე... ეს ფართობი იმდენად პატარა იყო ერთი ოჯახისთვის, რომ მიშენებები მაშინვე დაიწყეს.

- ამ მიშენებების ექსპლუატაციის ვადა რამდენი წელია?

- "ხრუშჩოვკების" ექსპლუატაციის ვადა 20 წელი იყო. ეს სახლები 50-იან წლებში აშენდა. მათზე მიშენება ყოვლად დაუშვებელია. სამწუხაროდ, უპროექტოდ და არაპროფესიონალურად გაკეთებულ მიშენებებზე პასუხისმგებელი სამსახური არ არსებობს. მოსპეს "ქალაქპროექტი", რომელიც აკონტროლებდა ამას და პასუხიც მოეკითხებოდა. ვისაც თვითნებურად აქვს ფართობი მიშენებული, უნდა მიმართოს პროფესიონალებს და შეამოწმოს მათი მდგომარეობა.
თბილისის მერიაში უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის ქალაქში ყველა ასეთ მიშენებას. რაც დასანგრევია, უნდა დაინგრეს. თუ ეს სახელმწიფოს საქმედ არ გადაიქცევა, ტრაგედია გარდაუვალია.

- მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლებზე რამდენიმე მეტრით გამოწეული აივნები ხშირად ამოშენებულია და ოთახებად აქვთ გადაკეთებული...
- თუ ეს აივნები დამონტაჟებულია კონსტრუქტორების მიერ, არ ჩამოინგრევა, მაგრამ თუ არაპროფესიონალების გაკეთებულია, შესაძლოა, ჩამოინგრეს...

როგორც მერიაში გვითხრეს, მიშენებების დაკანონებაზე, საკრებულოში შექმნილი მიწის ლეგალიზების კომისია მუშაობს. საკრებულოში კი განგვიმარტეს, რომ ისინი მხოლოდ თვითნებურად დაკავებული მიწების დაკანონებაზე მუშაობენ და ნებისმიერ სხვა მშენებლობაზე ნებართვას, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს.

სანამ კიდევ არ დატრიალებულა ტრაგედია, მიხედეთ კამიკაძე აივნებსა და მიშენებულ ლოჯიებს!

თორნიკე ყაჯრიშვილი
eka
27 ოქტომბერი 2014 10:11
ცნობისათვის: მიშენებისათვის არქიტექორთან მისვლაზე უფრო მნიშვნელობანია კვალიფიციური ინჟინერი-კონსტრუქტორის აზრი და დასკვნა!!!!!!!!!!!!

რედაქტორის რჩევით