"რაც წაიღეს, ის ხალხის იყო, მაგრამ რაც ღვთისაა, ის რომ შეურაცხყვეს, ეს არის შემაძრწუნებელი" - კვირის პალიტრა

"რაც წაიღეს, ის ხალხის იყო, მაგრამ რაც ღვთისაა, ის რომ შეურაცხყვეს, ეს არის შემაძრწუნებელი"

"ეს ეკლესიაზე თავდასხმაა და არ შეიძლება მომხდარს ქურდობის კვალიფიკაცია მიეცეს"

სამართალდამცავებმა ოპერატიულად გახსნეს თბილისში, წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის გაძარცვის საქმე. დაკავებულია 17 წლის გიორგი ე. და 15 წლის დავით ლ. არასრულწლოვან დავითს ერთხელ უკვე მოუსწრია დანაშაულის ჩადენა - ის ქურდობისთვის არის ნასამართლევი.

მართალია, დაკავებულებს ეკლესიის ჯგუფურად გაძარცვა წაუყენეს ბრალად, მაგრამ ამ კვალიფიკაციას კატეგორიულად არ ეთანხმება ტაძრის მრევლი - ისინი, ვინც თავისი თვალით ნახა დარბეული ტაძარი. ყველა მათგანი ამბობს, რომ ეს დარბევა იყო და არა ძარცვა.

სამართალდამცველთა ცნობით, დამნაშავეებმა 14 ოქტომბერს, ღამით, ტაძრის კარი საფლავიდან აღებული მარმარილოს ქვით შეამტვრიეს. არც სიგნალიზაციის გამორთვა დავიწყებიათ. როგორც ჩანს, ტერიტორია კარგად ჰქონდათ შესწავლილი.

მეორე დილით ტაძარში მისული მღვდელმსახურები და მრევლი შემაძრწუნებელი სურათის თვითმხილველები გახდნენ: კედლებიდან ჩამოგლეჯილი ხატები, სიწმინდეები, საეკლესიო წიგნები, საგალობლები, ჯვრები და სხვა ნივთები ძირს ეყარა. მღვდლისა და სტიქაროსნის შესამოსლები ფეხით გაეთელათ.

არც საკურთხეველში შესვლის შეშინებიათ ბოროტმოქმედებს - იქაურობაც დაურბევიათ.

ჩაუმსხვრევიათ წმინდა ნიკოლოზის ხატის საფარი მინა, - ჩანს, ხატისთვის ოქროს ყელსაბამისა და ჯვრის ჩამოგლეჯისა არ შეშინებიათ.

სამართალდამცველებმა დავითის ბინიდან ამოიღეს პატარა ხატები, გიშრით გაწყობილი ოქროს ჯვარი, ფსალმუნები, ორი კრიალოსანი, ძეწკვები და ბეჭედი, ხოლო გიორგის ბინიდან - საეკლესიო სამაჯური და ოქროს ბეჭდები.

დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.

მამა ისე: "ტაძარი ვანდალურად არის დარბეული, რასაც შეიძლებოდა ხელით შეხებოდნენ, შეეხნენ. ხატები კედლიდან ჩამოუგლეჯიათ, არეულ-დარეული იყო საკურთხეველი. შესაწირი ყუთები ძირს ეყარა. ქართული ეკლესია შეგვიგინეს. ყველა გვეკითხება, რა წაიღესო. ეს არის მთავარი? ეკლესია გატეხეს, დაარბიეს და რა წაიღეს, ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი, თუ იმაზე, როგორ მოექცნენ დედაეკლესიას? რაც წაიღეს, ის ხალხის იყო, მაგრამ რაც ღვთისაა, ის რომ შეურაცხყვეს, ეს არის შემაძრწუნებელი.

შეგნებულად, მიზანმიმართულად დაარბიეს ტაძარი. ეს სხვა სარწმუნოების ან სექტის წარმომადგენლისთვის რომ გაეკეთებინათ, ყველა ფეხზე დადგებოდა და ათასი დამცველი გამოჩნდებოდა. ჩვენი ეკლესია გაიძარცვა და ვინმემ ამოიღო ხმა?

რაც მოხდა, ვანდალიზმია. არ უნდათ, ხალხს ეკლესია უყვარდეს და ამას შეგნებულად აკეთებენ. ამით ქართველი ერი ზარალდება. ვისურვებდი, მათ ღმერთმა გონება გაუნათოს. ამ ფაქტით ნამუსი აგვხადეს და დანა ჩაგვცეს გულში, მომკლეს".

თინათინ ჭუმბაძე წმინდა ბარბარეს ეკლესიაში 21 წელია მსახურობს: "ბევრჯერ გაუტეხიათ ეს ტაძარი, მაგრამ ახლა რაც მოხდა, ეს მართლმადიდებლობის, ეკლესიისა და ქართველი ერის წაწყმედაა. 21 წელია აქ ვმსახურობ, ეს ჩემი სახლია. გული წამივიდა, როცა დედაღვთისმშობელი, რომელიც სათუთად მეკიდა კედელზე, გადახეთქილი, ძირს დაგდებული ვნახე.

წიგნები ფეხით გადაუთელავთ. წმინდანების ხატები დაჩეხილი ძირს ეყარა. ამ შემზარავი სურათის შემხედვარე მტერიც კი ატირდებოდა. რაც მოხდა, მთელი ერის სატირალია, მართლმადიდებელთა სატირალი. ეს მართლმადიდებლობაზე, ეკლესიაზე თავდასხმაა და არ შეიძლება მომხდარს ქურდობის კვალიფიკაცია მიეცეს. ამ მუხლით აღძრეს საქმე, მაგრამ მე ვაპროტესტებ. ალბათ, 20-ჯერ მაინც გაიძარცვა ეს ტაძარი, მაგრამ მხოლოდ შესაწირი მიჰქონდათ, ხატსა და სიწმინდეებს არავინ შეხებია. ახლა ყველაფერი მიწასთან გაასწორეს.

წარმოიდგინეთ, დედაღვთისმშობლისა და წმინდა ნინოს ხატი ძირს დაუყრიათ, რა გული უნდა გქონოდა ადამიანს, რომ არ გეტირა?!

ტაძარი სასაფლაოს შიგნით, სიღრმეში დგას. გზიდან 300-400 მეტრია აქამდე, უკაცრიელი ადგილია. რამდენჯერ ვუცემივართ აქ, ვინ იცის. ერთი მამათმავალი დადიოდა სასაფლაოზე, მას მაშინ მოძღვარმა მამა გიორგი ტაბაღუამ, რომელიც უკვე გარდაცვლილია, შენიშვნა მისცა. იცით, მან რა გააკეთა საპასუხოდ? ფეკალია შემოიტანა ტაძარში და ოთხ ადგილას დადო. რომ შევეწინააღმდეგე, დამიჭირა კართან და სულ ბეჭებში მირტყა... ბევრი ადამიანი შემოდის აქ, რომელიც ჩხუბის მიზეზს ეძებს. სანთელი რატომ მიქრებაო და ამის გამო შეიძლება გცემონ. ცოტა ხნის წინ მაცხოვრის ხატთან აანთო სანთელი ბიჭმა, იქვე აანთო მეორეც და როცა ღვთისმშობლის ხატისკენ მიჰქონდა, ჩაუქრა, ამის გამო მე გამლანძღა უშვერად. რაკი უკაცრიელი ადგილია, სასაფლაოს ბევრი აფარებს თავს და აქ ყოფნა საშიშია. ახლა ყველა ფეხზე უნდა დადგეს - ერიც და ბერიც, რომ მსგავსი რამ ვერავინ გაბედოს".

წმინდა ბარბარეს ტაძარში მრევლი იყო შეკრებილი და დარბეულ ტაძარს ალაგებდა. კედელზე ეკიდა წმინდა ნიკოლოზის ხატი, რომელსაც ბოროტმოქმედებმა გულიდან ჯვარი ააგლიჯეს და წაიღეს. "წმინდა ნიკოლოზის ხატი კიოტშია ჩასმული, შუშის გატეხა არ იყო საჭირო, შეეძლოთ კიოტი გაეხსნათ და ისე მოეხსნათ ოქროულობა - ძეწკვი და ჯვარი ეკეთა. ვერ წარმომიდგენია, ადამიანმა წმინდა ნიკოლოზს გულიდან ჯვარი ჩამოჰგლიჯოს. ნუთუ არც საკუთარ თავსა და არც შთამომავლობაზე არ ფიქრობდნენ ამის ჩამდენები?" - მითხრა მრევლმა.

ტაძრიდან გულდამძიმებული გამოვედი. სულ ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში: ნუთუ ასეთი უსულგულონი იყვნენ ისინი, ვინც ეს ვანდალიზმი ჩაიდინა?!

თეა ხურცილავა