კრის ბოტი: "მე ძალიან, ძალიან მიყვარს საქართველო!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

კრის ბოტი: "მე ძალიან, ძალიან მიყვარს საქართველო!" (ექსკლუზივი)

"საქართველოში ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოვალ"

13 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასმა" ფონდ "იავნანას" მხარდასაჭერად წარმოადგინა მსოფლიოში აღიარებული მესაყვირის, "გრემის" მფლობელის - კრის ბოტის, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი. Georgian Journal-ს პატივი ჰქონდა, საპატიო სტუმარს ექსკლუზიურად გასაუბრებოდა.

კრის ბოტი: - დაბადების დღეს საქართველოში შევხვდი და ძალიან მესიამოვნა, როდესაც მუსიკოსებმა დაბადების დღე მუსიკით მომილოცეს. თბილისში რამდენიმე დღით ჩამოვედი, მაგრამ უკვე შევამჩნიე, რომ ძალიან გალამაზებულა თბილისი - შესანიშნავად ერწყმის ძველი ახალს, რაც ძალიან სასიამოვნო და კარგი შეგრძნებაა. საქართველოში ცხოვრობს შესანიშნავი ხალხი, აქ არის გამორჩეული სტუმართმოყვარეობა, გასაგიჟებელი სამზარეულო და ღვინო, ულამაზესი ქალები... ამ ყველაფერს მე ერთ სახელს ვუწოდებ - საოცრება! მე ძალიან მიყვარს საქართველო და როდესაც მომიწვევენ, ყოველთვის დიდი სიხარულით ჩამოვალ.

- ეს არ იყო თქვენი პირველი ვიზიტი საქართველოში...

- ჩემი და ნიკოლოზ რაჭველის მეგობრობა ათი წლის წინ დაიწყო. ჩვენ ერთად გავხსენით თბილისში ჯაზფესტივალი. ჩვენთან ერთად მღეროდა ნატო მეტონიძე. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, გავეცანი პროექტს "გია ყანჩელის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის". სურვილი გამიჩნდა, შემესრულებინა გია ყანჩელის რამდენიმე კომპოზიცია და ასეც მოხდა. შემდგომში გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლები" ჩემს ალბომში შევიტანე... როდესაც ორკესტრს დაარსებიდან 85 წელი შეუსრულდა, ნიკოლოზ რაჭველმა მომიწვია განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით. სულ მალე ნიკოლოზს შევატყობინე, რომ ჩემთან ერთად ამ კონცერტზე გამოსვლის სურვილი სტინგსაც ჰქონდა. ბათუმის ახალგახსნილ პიაცაზე გაიმართა ჯადოსნური კონცერტი. დაუჯერებლად ლამაზი იყო, დღემდე მახსოვს... ახლა კი ხუთი წელი გავიდა და ისევ მომიხდა ჩამოსვლა... 13 ოქტომბერს გამართული საქველმოქმედო საღამო იმდენად ემოციური იყო, ყველას დიდხანს გვემახსოვრება. ნანი ბრეგვაძესთან გამოსვლა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მიხარია, საშუალება რომ მომეცა გია ყანჩელისთვის სცენიდან მიმელოცა 80 წლის იუბილე, ჩემი უსაყვარლესი მუსიკით "ყვითელი ფოთლები"...

პაატა ბურჭულაძე: "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასს", რომელმაც ეს საღამო მოგვიძღვნა. კონცერტი საქველმოქმედო სახის იყო, ერთ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადავეცით და გავაბედნიერეთ. უზომოდ ბედნიერი ვართ ასეთი საოცარი კონცერტით ჩვენც და მაყურებელიც. კრის ბოტი საქართველოში თავის დაბადების დღეს აღმოჩნდა, თავად ძალიან კმაყოფილია ამით, მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემი და მთელი საქართველოს სახელით".

ნიკოლოზ რაჭველი: "დაბადების დღის აღსანიშნავად ფუნიკულიორზე გამართულ მიღებაზე კრის ბოტის მივართვით უზარმაზარი ტორტი, რომელზეც კრის ბოტი და მისი საყვირი იყო გამოსახული. იმდენად ბედნიერი იყო, ცრემლები მოსდიოდა სიხარულისგან... მანამდე "არტპალასის" გახსნაზე "ჯორჯიან ბრასმა" მუსიკით მიულოცა და იმდენად აღფრთოვანდა, რომ თავის ვებსაიტზეც კი ატვირთა ეს. ფუნიკულიორზე მთელი ქართული სახელოვნებო საზოგადოება იყო შეკრებილი და, რა თქმა უნდა, ყველამ მიულოცა დაბადების დღე. განსაკუთრებული აღმოჩნდა სცენაზე ნანი ბრეგვაძის გამოსვლა. მისმა შესრულებამ კრის ბოტიზე იმდენად წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ აცრემლებული მივიდა ქალბატონ ნანისთან და სთხოვა კონცერტში მონაწილეობა. ნანი ბრეგვაძეს ქართველი ბარბარა სტრაიზენდი უწოდა და თქვა, რომ ოცნებობს, მსგავს ხელოვანებთან ერთად იდგეს სცენაზე. კონცერტის ფინალი ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი იყო - ნანი ბრეგვაძე და კრის ბოტი ერთად გამოვიდნენ სცენაზე.

- კრის ბოტი ამბობს, რომ საქართველო ძალიან უყვარს...

- საქართველოს მიმართ ამ მსოფლიო ვარსკვლავს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვმეგობრობთ. ამერიკაში ერთხელ სრულიად მოულოდნელად თავის კონცერტზე გამოვეცხადე. კრის ბოტი სცენაზე იყო, როდესაც დარბაზში პირველ რიგში დამინახა (არაფრით ველოდი ასეთ რეაქციას), სასწრაფოდ სცენაზე გამომიძახეს, კრისმა ჩემი თავი მსმენელებს წარუდგინა და ჩვენ ერთად დავუკარით გია ყანჩელის "ყვითელი ფოთლები"... გადაწყვეტილი გვაქვს, დუეტი ჩავწეროთ.

წაიკითხეთ ინტერვიუს ვრცელი ვერსია ინგლისურად და გაიგეთ, რატომ თვლის ქრის ბოტი გია ყანჩელს თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად!

მანანა გაბრიჭიძე