”ეს არის ჩვენი მოსახლეობის გაწირვა სასიკვდილოდ” - კვირის პალიტრა

”ეს არის ჩვენი მოსახლეობის გაწირვა სასიკვდილოდ”

"როდემდე უნდა ვიყოთ სასწაულის იმედად?!"

"ეს ბზარი აქ იყო?!" - შეშფოთებით კითხულობს დაუვიწყარი პერსონაჟი ასევე დაუვიწყარი ფილმიდან "ცისფერი მთები, ანუ ტიან-შანი", მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. საბოლოოდ, შენობა ინგრევა და ყველანი გარბიან!..…

რა საჭირო იყო ყველასათვის ცნობილი ფილმის გახსენება ან ჩვენი შეშინება?! - გაიფიქრებს კრიტიკულად განწყობილი მკითხველი, მაგრამ ეს ყველაფერი რომ არ დაგვეწერა, პირველ რიგში საკუთარ თავთან არ ვიქნებოდით მართალნი: ბოლო ხანებში შენობების ნგრევა თბილისში ჩვეულებრივ ამბად იქცა და ეს პროცესი რატომღაც არავის აკვირვებს(!).

წინა კვირაში, მაგალითად, ერთმანეთის მიყოლებით ჩამოინგრა ორი საცხოვრებელი სახლი. ერთი ასკანის ქუჩაზე, სადაც სამსართულიანი სახლის კედელი მთლიანად ჩამოიშალა, ხოლო მეორე - მეტეხის ქუჩაზე. უბედური შემთხვევის გამო ღია ცის ქვეშ დარჩა გელაშვილების ათშვილიანი ოჯახი, ხოლო რამდენიმე კაცს სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. სასწაულის წყალობით, არც ერთ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ძალაუნებურად ჩნდება კითხვა, - როდემდე უნდა ვიყოთ სასწაულის იმედად?!

KvirisPalitra.Geტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ანზორ საკანდელიძე ფიქრობს, რომ სახლების ნგრევა თბილისში მომავალშიც გაგრძელდება:

- დედაქალაქში ბევრი ავარიული სახლია, მაგრამ დღეს მე სულ სხვა პრობლემაზე მინდა გესაუბროთ: უკვე ათი წელია ვიმეორებ, რომ თბილისში ახალი საცხოვრებელი სახლებიც უხარისხოდ შენდება, განსაკუთრებით - მრავალსართულიანი კორპუსები. შეიძლება ზოგიერთს უკვირს, როდესაც ვიმეორებ, რომ თბილისი გახდება ნანგრევების ქალაქი... ამის თქმის საფუძველს ჩემი გამოცდილება მაძლევს. რამდენიმე ათეული წელი მიმუშავია ამ სფეროში და კარგად ვიცი მისი სპეციფიკა.

- უფრო კონკრეტულად?

- 1991 წლიდან თბილისში შემოიღეს ე.წ. რვაბალიანი სამშენებლო ნორმა, მაგრამ ამ ცვლილებას  შესაბამისი კანონი არ მოაყოლეს (სხვათა შორის, ეს კანონი ძალაში მხოლოდ 2010 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა!). ამ გარემოებამ მშენებლებს ხელი გაუხსნა, რათა გადაებიჯებინათ სამშენებლო ნორმებისათვის, მით უმეტეს, კანონი არ იყო და რას დაარღვევდნენ?! ამიტომ, ჩემი აზრით, ბოლო 18 წლის განმავლობაში აშენებული მრავალსართულიანი კორპუსების ხარისხი საეჭვოა და ყველა მათგანი შემოწმებას საჭიროებს. პირველ რიგში უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს შენობები რვაბალიანი სეისმომედეგობის მქონე. რადგან დაკანონდა, რომ შენობებმა სერიოზულ მიწისძვრას უნდა გაუძლოს, საფრთხეც არსებობს და ეს ნორმა უნდა შესრულდეს. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რვაბალიანი მიწისძვრა რომ მოხდეს, თბილისისაგან რა დარჩება, ძნელი წარმოსადგენია, ჰაიტი ალბათ მონაგონი იქნება! როცა ბოლო წლებში აგებული ყველა მრავალსართულიანი შენობა სეისმომედეგობის მიხედვით შემოწმდება, ამას თავისთავად მოჰყვება კონსტრუქციული მდგრადობისა თუ სხვა კომპონენტების შესწავლაც. მომხმარებელმა, რომელიც ბინას ყიდულობს, უნდა იცოდეს, რამდენად მდგრად შენობაში შედის საცხოვრებლად.

- საინტერესოა, რეალურად თუ არის თბილისში რვაბალიანი სეისმომედეგობის მქონე შენობა?

- ჩემი აზრით, თბილისში ასეთი შენობა ჯერ არ აშენებულა. ადრე საერთოდ არ აპროექტებდნენ შენობებს სეისმომედეგობის მიხედვით და ძირითადად შვიდბალიან მიწისძვრაზე გათვლილი სახლები შენდებოდა. 1990-იანი წლებიდან ყველაფერი თავის ნებაზე იყო მიშვებული, ახლა კი, კანონი შემოვიდა და თუ ვინმე არ ააგებს რვაბალიან შენობას, კანონს დაარღვევს და შესაბამისად უნდა დაისაჯოს. აქამდე სამშენებლო კომპანიას შვიდიანის ნაცვლად რვაბალიანი სეისმომედეგობის მქონე შენობა რომ აეგო, მისი ხარჯები დაახლოებით 50-60%-ით გაიზრდებოდა და სამშენებლო ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩნდებოდა, რადგან მისი პროდუქციის ფასიც 50-60%-ით მოიმატებდა. ამიტომ, აუცილებელია სამშენებლო კომპანიები თანაბარ მდგომარეობაში იყვნენ და პირველ რიგში მშენებარე სახლების ხარისხსა და გამძლეობაზე იფიქრონ.

- სად და როგორ უნდა შემოწმდეს უკვე აშენებული სახლების ხარისხი?

- საბედნიეროდ, ჯერ კიდევ გვაქვს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და ამ შენობების ხარისხი სპეციალურ ლაბორატორიებში უნდა შემოწმდეს. ეს არის გადაუდებელი ამოცანა: მყიდველმა უნდა იცოდეს, როგორი სეისმომედეგობის მქონე სახლში მოუწევს ცხოვრება მას, მის შვილებსა და შვილიშვილებს, ფასიც ამის მიხედვით უნდა გადაიხადოს: რადგან რვაბალიანი 50%-ით ძვირია, 50%-ით ძვირი უნდა გადაიხადოს. თუ შენობა შვიდბალიანია და გარისკავს, უფრო ნაკლებს გადაიხდის, 6-ბალიანში კი გაცილებით ნაკლებს. ახლა კი მოსახლეობას ევრორემონტებითა და კომფორტით თვალს სჭრიან და ატყუებენ. ხშირად ისეთ ბინებში ახდევინებენ ცეცხლის ფასს, რომლებიც ყოველგვარი სამშენებლო და ტექნოლოგიური ნორმების დარღვევითაა აგებული. ამ ობიექტებზე იგნორირებულია ყველა ნორმა, რომელიც მთელ მსოფლიოში აუცილებელია და მომხმარებელი ბედის ანაბარად არის მიტოვებული. ბოლო წლებში თვითონ სამშენებლო კომპანიები ამოწმებდნენ საკუთარ პროდუქციას, ძვირად აფასებდნენ და ასე შეაჩეჩეს შეუმოწმებელი, საეჭვო ხარისხის ბინები ხალხს. ხშირად გაყალბებულია მიღება-ჩაბარების აქტები, სამშენებლო პროექტები კი ექსპერტიზის გარეშეა დამტკიცებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თბილისში კარკასული შენობები 6 სართულზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო, ამიტომ, იღებდნენ ნებართვას 6 სართულზე და შემდეგ ზოგი 12-სართულიანს აშენებდა, ზოგი 14-იანს. ეს იყო სერიოზული დარღვევა, რადგან ასეთ დროს მთელი პროექტის ექსპერტიზა უნდა გაკეთდეს დაწყებული ფუნდამენტიდან, დამთავრებული ზედა სართულებამდე. რაც უფრო მაღალია შენობა, მისი სეისმომედეგობის მოთხოვნები უფრო იზრდება, შესაბამისად იზრდება ხარჯებიც.

- ბატონო ანზორ, თქვენ თუ ეცადეთ, რომ შეგემოწმებინათ?

- მე ვხელმძღვანელობ ასოციაციას, რომელსაც "მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" ჰქვია. მხოლოდ ერთხელ მივაღწიეთ შეთანხმებას და შევამოწმეთ 20-მდე მრავალსართულიანი კორპუსი ვაკე-საბურთალოს რაიონში. არც ერთი მათგანი არ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს. შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული შედეგები მივიღეთ. ამის შემდეგ მერიამ ყოველგვარი შემოწმება აგვიკრძალა და დღემდე არ გვაძლევენ ამის უფლებას.

დაათვალიერეთ ნებისმიერი ობიექტი და თქვენი თვალით ნახავთ, რა არმატურითაც აშენებენ. ეს არის შენელებული მოქმედების ნაღმი, რა ძალით ამოხეთქავს და როდის დაატყდება თავს თბილისს, ამის პროგნოზირება საკმაოდ რთულია. სამარცხვინოა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში თუ სადმე რაიმე დაიჟანგა და გაფუჭდა, ჩალის ფასად იყიდეს და ყველაფერი აქ შემოიტანეს. ზღაპრებს გვიყვებიან: ბეტონს დავასხამთ და ყველაფერი კარგად იქნებაო.…როცა ლითონი იჟანგება, გინდა ბეტონი დაასხი ზემოდან და გინდ ხაჭაპურში ჩადე, მაინც აგრძელებს ჟანგვას. დაჟანგული არმატურა თანდათან ილევა, მერე ბეტონიც იბზარება და შენობა ინგრევა. ამიტომაც, გვესმის წამდაუწუმ, ერთი შენობა გადაიხარა, მეორე - დაიბზარა ან დასკდაო.

რა ვქნა, მე ვყვირი უკვე ათ წელიწადზე მეტია და ყურადღებას არავინ მაქცევს. მიპასუხეთ, რა ეკუთვნის მშენებელს, რომელიც სახლს ჟანგიანი არმატურით აშენებს და ამ სახლში თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა იცხოვრონ?! კარგი, ვთქვათ, 20-25 წელი გაძლო ამ შენობამ, ჩვენს შთამომავლობას რა დაემართება, ამაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ?!

- ბოლო ხანებში დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი ავარიული "ხრუშჩოვკების" გამო.

- რა "ხრუშჩოვკები", რის "ხრუშჩოვკები"?! სხვათა შორის, "ხრუშჩოვკები" ბევრად სჯობია ამ ახალ კორპუსებს. სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევით მაინც არ არის აშენებული.

- ბატონო ანზორ, ე.ი. ძველი შენობები უფრო გამძლეა?

- საერთოდ, რკინაბეტონის ნაგებობამ, თუ ნორმალურად არის ნაშენები, ას წელზე მეტხანს უნდა გაძლოს. ძველად სამშენებლო ნორმების დაცვით აშენებდნენ, მაშინ მასალებიც სტანდარტული იყო, დღეს კი ჩვენთან სტანდარტები საერთოდ არ არსებობს. პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ვერ მოაბა თავი, რომ საკუთარი, ეროვნული სტანდარტები ჰქონდეს, საქართველოა! არა გვაქვს იმიტომ, რომ ფული ვერ გაიმეტა ვერც ერთმა ხელისუფლებამ. ამიტომაც, რას ვაშენებთ და რას ვაკეთებთ, თვითონაც არ ვიცით. რომ გაიძახიან, "ხრუშჩოვკა", "ხრუშჩოვკაო", დაბალსართულიანი სახლი უფრო მტკიცე და მდგრადია სეისმომედეგობის თვალსაზრისით, ვიდრე 15-იანი. ამიტომაც, მრავალსართულიან კორპუსებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ჩვენ ვეცდებით, სისხლის სამართლის დანაშაულად აღიარონ მშენებლობის დროს დაშვებული დარღვევები, რადგან ეს არის ჩვენი მოსახლეობის გაწირვა სასიკვდილოდ!

P.S. ამავე საკითხის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ კომპანია "ცენტრ პოინტის" ხელმძღვანელ მაია რჩეულიშვილს, რომელმაც გვითხრა; "სიმართლე უნდა ვაღიაროთ - ამ ეტაპზე მისახედია "ხრუშჩოვკებიც" და ყველა ის სახლიც, რომელიც საცხოვრებლად საშიშია. ვარკეთილსა და სამგორში დაახლოებით ორასამდე ავარიული "ხრუშჩოვკაა".

ავარიულ უბნებს შორის გამოვყოფდი ძველი თბილისის ყველა უბანს, რადგან იქ მდებარე ზოგიერთი სახლი ორბალიან მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს. თბილისის ყველა უბანშია მიმოფანტული ასეთი სახლები. რაც შეეხება ახალაშენებული კორპუსების უხარისხობას, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. შეიძლება არის ხალხი, ვინც ნორმებს არღვევს, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს კომპანიას ეს არ ეხება".

ხათუნა ჩიგოგიძე