"არანაირი დოკუმენტი არ არსებობ იმაზე, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო იყო" - კვირის პალიტრა

"არანაირი დოკუმენტი არ არსებობ იმაზე, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო იყო"

საყდრისის ოქროს საბადოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხი დღემდე საზოგადოებრივი განხილვის საგნად რჩება. ერთნი ფიქრობენ, რომ საბადოს სტატუსი უკანონოდ მოუხსნეს, მეორენი კი მიიჩნევენ, რომ საბადოსთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას არანაირი იურიდიული საფუძველი არ ჰქონდა. მითქმა-მოთქმას ყოველთვის სიღრმეებში ჩახედვა სჯობს, ამიტომ გადავწყვიტეთ დეტალურად შეგვესწავლა თუ როდის, როგორ და რის საფუძვლზე მოხდა საყდრისისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება.

თეა ონიანი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი: "საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წლის 30 მარტს, კულტურის მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიენიჭა. აღნიშნული ბრძანება ცნობილია, როგორც "საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის "ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ" მოქმედების პერიოდში ისტორიის და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსისი მინიჭების თაობაზე". შესაბამისად, ამ ბრძანებით ფაქტობრივად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგა იმ ობიექტებს, რომელსაც 1977 წლის კანონის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ ისტორიისა და კულტურის ძეგლის სტატუსი. ეს განპირობებული იყო იმით, რომ 1999 წელს ამოქმედდა ახალი კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ (2006 წელს ჯერ კიდევ 1999 წელს მიღებული კანონი მოქმედებდა), რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა საბჭოთა პერიოში მოქმედი, 1977 წელს მიღებული კანონი ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ. შესაბამისად, მოხდა ისე, რომ როცა ამოქმედდა 1999 წლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი, ძალადაკარგულად გამოცხადდა ყველა ის აქტი, რომელიც მიღებული იყო საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონის საფუძველზე. ანუ, რადგან საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა, ფაქტობრივად მოხდა ისე, რომ 1999 წლიდან 2006 წლამდე, არც ერთ ობიექტს, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამართლებრივი სტატუსი, ამ სტატუსის აღდგენა აღარ მოხდა. გამომდინარე აქედან, კულტურის სამინისტრომ შეკრიბა საბჭოთა პერიოდში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი: ეს იყო მინისტრთა საბჭოს დადგენილებები, თბილისის სახალხო დეპუტატთა საბჭოს გადაწყვეტილებები, ბათუმისა საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებები, რომლითაც საქართველოში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს ძეგლის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული, გააერთიანა ერთ მთლიან ნუსხაში და ფაქტობრივად კულტურის მინისტრის ბრძანებით, სტატუსი აღუდგათ საბჭოთა პერიოდში სტატუსმინიჭებულ ობიექტებს.

რატომღაც, ამ ბრძანებაში ასევე შეიტანეს საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი - საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო. აღსანიშნავია, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღაროს კვლევები და მისი ოქროს მაღაროდ გამოცხადება მოხდა მხოლოდ 2004 წელს დაწყებული კვლევების საფუძველზე. შესაბამისად, საბჭოთა პერიოდში, 1977 წლის კანონის საფუძველზე მას ვერანაიად ვერ ექნებოდა მინიჭებული ძეგლის სტატუსი, რადგან მხოლოდ 2004 წლიდან დაიწყო მისი კვლევა. გამომდინარე აქედან, ლოგიკურად და სამართლებრივად ეს ობიექტი არ უნდა ყოფილიყო ამ ბრძანების ჩამონათვალში მოქცეული.

- თუ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა ამისთვის, მაშინ რატომ მოხდა საყდრისი კულტურული ძეგლების ნუსხაში?

- ამ მიზეზის დადგენა მაშინ თავად სამინისტრომაც ვერ შეძლო. როგორ ჩანს, თავად არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელს შემოტანილი ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტაცია და მოითხოვა საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება. სამწუხაროდ, სამინისტროში იმ პერიოდში ვერ იქნა მოძიებული ვერც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე რამე მსჯელობა გაიმართა. 1999 წლის კანონი კი, რომელიც იმ დროისთვის მოქმედებდა, ცალსახად განმარტავდა, რომ ობიექტისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება უნდა მომხმადრიყო მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შემდეგ, როცა სამინისტრომ საყდრისისთვის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძვლები გამოიკვლია, ვერ იქნა მოძიებული საბჭოს სხდომის ერთი ოქმიც კი, სადაც ასახული იქნებოდა, რომ ვინმემ კონკრეტულად იმსჯელა საყდრისის ობიექტისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამის მიუხედავად, საყდრისი რატომღაც მოხდა იმ ჩამონათვალში, რომელშიც არ უნდა მოხვედრილიყო.

- ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყდრისისთვის ძეგლის მინიჭების სტატუსზე არანაირი საბჭო, კომისია არ შექმნილა, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებდა?

- კონკრეტულად, საყდრისის ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხზე არავის უმსჯელია და ასეთი დოკუმენტაცია მოძიებული ვერ იქნა. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ თავად ეს ობიექტი მოხდა იმ ნუსხაში, რომელშიც არ უნდა ყოფილიყო ეს იყო საბჭოთა პერიოდში გაძეგლებული ობიექტების ნუსხა. 2006 წლის ბრძანების შინაარსი ამბობს, რომ მოქმედება უნდა აღუდგეთ საბჭოთა პერიოდში არსებულ, კანონის შესაბამისად გამოცემულ ყველა ნორმატიულ აქტს, რომელიც ობიექტებს ანიჭებდა ძეგლის სტატუსს და ვერც 1982, ვერც 1987 წლის და ვერც 1999 წლის დადგენილებაში საყდრისი ობიექტი ვერ იქნებოდა შეტანილი, რადგან მისი კვლევები მხოლოდ 2004 წლიდან დაიწყო. არანაირი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ეს იყო უძველესი ოქროს მაღარო არ არსებობს. ქართულ-გერმანულმა ექსპედიაციამ საყდრისში რეალურად მუშაობა 2004 წლიდან დაიწყო და 2006 წლისთვის მათ ფაქტობრივად ჰქონდათ კვლევის პირველად მონაცემები, რომლის თნახმადაც ეს უნდა ყოფილიყო უძველესი ოქროს მაღარო. მანამადე კი არსებობდა მხოლოდ ცალკეული გეოლოგების მიერ გამოთქმული მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ამ ადგილას შესაძლოა არსებობდეს უძველესი ოქროს მაღარო, მაგრამ ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე ნათქვამი არსად არაფერი იყო".