"შემხვდნენ პაციენტები, რომელთაც თოვლის ბაბუის ისტერიკული შიში აქვთ" - უცნაური ფობიები საქართველოში - კვირის პალიტრა

"შემხვდნენ პაციენტები, რომელთაც თოვლის ბაბუის ისტერიკული შიში აქვთ" - უცნაური ფობიები საქართველოში

"ქალი, ევფობიით, კარგი ამბის შიშით იტანჯება. როდესაც კარგი რაღაც ხდება, იმის მაგივრად, გამიხარდეს, ცუდად ვხდები, რადგან დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ცუდიც მოხდებაო"

არ ვიცი, როდიდან მაქვს მწერების შიში, მაგრამ დღემდე მახსოვს ჩემი ყველა ემოცია, როდესაც ბუნებაში ყოფნისას ობობა "უწყინრად" ჩამომაჯდებოდა მხარზე... მთელი ცხოვრება ვებრძოდი ამ "უცნაურობას", რასაც მედიცინის ენაზე თურმე ინსექტფობია ჰქვია, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ საყოველთაოდ გავრცელებული ფობიების გარდა, არსებობს ისეთი ფობიებიც, რომლებიც ფსიქოლოგების გაოცებასაც კი იწვევს.

რუსუდან მხეიძე, ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი: - უცნაური ფობიების 1000-ზე მეტი ჩამონათვალი არსებობს. ზოგი  ფობია თითქოს სახალისოა, მაგრამ, ეს "სახალისო აკვიატება" სულ თან დასდევს ადამიანს და ცხოვრებას უმწარებს... მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში შემხვდნენ პაციენტები, რომელთაც თოვლის ბაბუის ისტერიკული შიში აქვთ. მნიშვნელობა არა აქვს, თოვლისგან არის გაკეთებული, სათამაშოა, ხელოვნურწვერიანი ადამიანია თუ ნახატი. ზოგიერთი პაციენტი მიყვებოდა, ჩემთვის ტრაგედიაა ზამთარი, რადგან თოვლის ბაბუებს ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებიო.

ცუდ დღეში არიან იმ პატარების მშობლებიც, რომელთა შვილებსაც ზღაპრის პერსონაჟების დანახვაზე სპაზმი ეწყებათ. ამ დროს ბავშვმა შეიძლება ემოციური შოკი მიიღოს. ეს მოზარდებსაც ემართებათ, მაგრამ პატარებისგან განსხვავებით, მათთვის ემოციების გაკონტროლება ადვილია. ჩემს პაციენტებში აღმოვაჩინე ამერიკაში გავრცელებული ქოულროფობია - ეს ჯამბაზების შიშია. ამ დროს ადამიანს სპაზმი და კანკალი ეწყება, ცივი ოფლი ასხამს და იქაურობას თუ არ გაერიდა, შესაძლოა, შოკში ჩავარდეს.

ჩემს რამდენიმე პაციენტს თეატროფობია სჭირს - თეატრის შიში აქვთ.

თეატრის შენობასთან გავლის დროსაც კი დისკომფორტი აქვთ. ბევრი უჩივის დიკეფობიას, რაც სადილის შიშს ნიშნავს. ეშინიათ,  ლუკმა არ გადასცდეთ და არ დაიხრჩონ. გავრცელებულია კიბერეფობიაც - კომპიუტერის შიში; ასევე ნემოფობია - მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტკავშირის გარეშე დარჩენის შიში. ერთი პაციენტი მიყვებოდა, შესაძლოა, დღის განმავლობაში არც კი ვისარგებლო სოციალური ქსელით, მაგრამ შინ მისვლისთანავე ვრთავ კომპიუტერს, თუ ინტერნეტი გათიშულია, ვგიჟდებიო.

მყავს რამდენიმე პაციენტი, რომელთაც პლიტოფობია, ანუ სიმდიდრის შიში სტანჯავთ.

ამას ორი მიზეზით ხსნიან: ნაწილს ეშინია, რომ ფულის გამო მოკლავენ, მეორე კი მიიჩნევს, რომ მასთან მხოლოდ ფულის გამო აქვთ ურთიერთობა. ერთი პაციენტი მიწისძვრის შიშით იტანჯება და ა.შ..

ყველა ფობიას აქვს წინა პირობა, რომელიც უნდა გამოვიკვლიოთ. ერთ პაციენტს ხიდების ეშინია, გეფიროფობია აქვს.

- უცნაური ფობიები თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება, არა?

- დიახ, ერთი ახალგაზრდა პაციენტი მყავდა, რომელსაც შიდსოფობია ჰქონდა. ერთხელ დილაუთენია დამირეკა - სასწრაფოდ უნდა გნახოთო და რამდენიმე წუთში ფერდაკარგული მოვიდა, თავი უნდა მოვიკლაო. რატომ-მეთქი, მეძავთან ვიყავი და ხომ შეიძლება შიდსი ჰქონოდაო. გამოვკითხე, რა სახის ურთერთობა გქონდათ-მეთქი, - ვაკოცეო. დავიწყე იმის ახსნა თუ რა გზებით ვრცელდება ეს ვირუსი, მან საუბარი შემაწყვეტინა და ამ დაავადების ისტორიაზე სრულფასოვანი ლექცია წამიკითხა. სისხლის ანალიზი გავაკეთებინე. იმავე დღეს დამირეკა, უარყოფითი პასუხი მოვიდა, მაგრამ ხომ შეიძლება, იქ გამოყენებული სამედიცინო ინსტრუმენტებიდან გადამდებოდა ვირუსიო და ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი...

ხშირია ქრომეტოფობიები, მაგალითად, ფულის შიში. ხელს ვერ ჰკიდებენ, ბინძურია და დაავადება შეგვეყრებაო. ეს უფრო ქალებს აქვთ, მამაკაცებს კი ფილემაფობია, ანუ კოცნის შიში უჩნდებათ. ძალიან მომწონს ერთი გოგო, მინდა ვაკოცო, მაგრამ უკან ვიხევ, - ვაითუ, მისგან მიკრობები გადმომედოსო, - მიყვებოდა ერთი ახალგაზრდა...

რაც უფრო "სტაჟიანია" ფობია, უფრო ძნელად იკურნება. ახალგაზრდებში ხშირია ფილოფობია, ანუ სიყვარულის შიში. ვაითუ, შემიყვარდეს და მერე დავკარგოო. ამიტომ თავიანთ გრძნობას "ბლოკავენ"... 24 წლის ბიჭმა მითხრა, უსიყვარულოდ ცხოვრება უაზრობაა, მაგრამ მაინც არ მინდა გავრისკო, რადგან მისი დაკარგვის მეშინიაო. ეს უფრო მამაკაცებშია ხშირი, ქალებს გამკლავების უფრო მეტი უნარი აქვთ... ახლახან კი მოვიდა ქალი, რომელიც ევფობიით, კარგი ამბის შიშით იტანჯება. როდესაც კარგი რაღაც ხდება, იმის მაგივრად, გამიხარდეს, ცუდად ვხდები, რადგან დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ცუდიც მოხდებაო.

- უცნაური ფობიების ჩამონათვალში პენტერაფობიაც ამოვიკითხე.

- დიახ, ეს არის სიდედრის ან დედამთილის შიში, მაგრამ ქართველი პაციენტების შემთხვევაში მას ფობია კი არა, "ვერატანა" ჰქვია, რაც ჩვენი მენტალიტეტისა და აღზრდის პრობლემად მიმაჩნია. ქართველი დედები მთელი ცხოვრება შვილზე ზრუნავენ და ნებისმიერ სიტუაციაში გააფთრებული იცავენ მათ. "დაზარალებული" სიძეები ან რძლები მიყვებიან, როგორ ვერ იტანენ სიდედრებს ან დედამთილებს, - მთელი დღე გუნებას მიწამლავს იმის გახსენება, რომ შინ დაბრუნებულს იქ დამხვდებაო.

ერთ პაციენტს აბაზანის მიღების შიში, ალბუტოფობია აქვს - აბაზანაში დახრჩობისა და ოჯახის წევრებისგან სოკოვანი დაავადების გადადების ეშინია, თუმცა, იცის, რომ არც დაიხრჩობა და არც მისი ოჯახის წევრებს აქვთ სოკოვანი დაავადება. ძალზე გავრცელებულია სიმსუქნის შიში, რომელსაც ხშირად ანორექსია მოსდევს.

P.S. ეს უცნაური ფობიების არასრული ჩამონათვალია, მათი რიცხვი იზრდება...

ფობოფობია

უცხოელმა სპეციალისტებმა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ფობიები გამოავლინეს. პირველ ადგილზე ფობოფობია გავიდა - შიში იმისა, რომ რაიმე ფობია დაგემართება; მეორეზეა ჰიპოპოტმონსტრსესკიპედალოფობია - გრძელი სიტყვების შიში; მესამე ადგილზე კი ანატიდაეფობია გავიდა - ამ ფობიით შეპყრობილი დარწმუნებულია, რომ მას იხვი უთვალთვალებს.

ლალი პაპასკირი