"არის შემთხვევები, როცა მოვლის ნაცვლად შვილები ავადმყოფ მშობლებზე ძალადობენ" - კვირის პალიტრა

"არის შემთხვევები, როცა მოვლის ნაცვლად შვილები ავადმყოფ მშობლებზე ძალადობენ"

ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე ფასდაუდებელი სიკეთეა

დღეს ბევრს საუბრობენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემებზე, მაგრამ ავიწყდებათ ადამიანების ის კატეგორია, რომლებიც საწოლს არიან მიჯაჭვული და ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ - ისინი საკუთარი უძლურების პირისპირ მარტო არიან დარჩენილი.

ხანგრძლივი პაციენტები - ადამიანები, რომლებსაც ფიზიკური ან გონებრივი პათოლოგიების გამო დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი შეზღუდული აქვთ; ავტოკატასტროფაში დაზარალებულები, ხანდაზმულები - ისინი, ვინც მუდმივად მოვლას საჭიროებენ, სახელმწიფოს ყურადღების მიღმა აღმოჩნდნენ. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სხვადასხვა კვლევით საქართველოს დიდ ქალაქებში ასეთი საჭიროების მქონე დაახლოებით 80 ათასი კაცი ცხოვრობს. მათ შორის უმეტესობა მარტოხელა მოხუცია.

20 წელია ასეთი ადამიანების მოვლაზე საქველმოქმედო ორგანიზაცია "საქართველოს კარიტასი" ზრუნავს, მაგრამ შეზღუდული ფინანსური რესურსის გამო ხანგრძლივი პაციენტების მხოლოდ მცირე ნაწილს ეხმარება. თუმცა, ყოველი გადარჩენილი სიცოცხლე ფასდაუდებელი სიკეთეა.

ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ადამიანები ჩვენი საზოგადოების ყველაზე უჩინარი ნაწილია. როგორც ელექტორატი, ნაკლებსაინტერესოა პოლიტიკოსებისთვის და ამის გამო, ფაქტობრივად, მივიწყებული არიან...

ვარკეთილში, აფხაზეთიდან დევნილთა დასახლებაში, ერთ-ერთ ოთახში შევდივარ. საწოლში 87 წლის ქალი წევს, მას ორივე ფეხი ამპუტირებული აქვს. ქალს წელიწად-ნახევარია ინვალიდი შვილი უვლის, რომელმაც ცალი ფეხი აფხაზეთში დაბომბვისას დაკარგა. ხანგრძლივი წოლისგან მოხუცს ორმხრივი პნევმონია განუვითარდა... ინვალიდი ქალი ხანგრძლივი ავადმყოფის მოსავლელად ყოველდღე ვერც სასწრაფო დახმარებას გამოიძახებს, არც იმის შესაძლებლობა აქვს, მომვლელი დაიქირაოს. სახელმწიფომ არც სოციალური დახმარება დაუნიშნა. მოხუცი, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ იყო განწირული, შემთხვევით "კარიტასის" შესახებ რომ არ გაეგო. ახლა ექთანი მათთან ყოველდღე დადის და ინვალიდ ქალს დედის მოვლაში ეხმარება.

ვარკეთილის შემდეგ, ვორონცოვზე, თოიძის ქუჩაზე მივდივართ.  ხანდაზმული ქალი ინსულტის შემდეგ წელიწადი და ცხრა თვეა პარალიზებულია. ქალს ორი შვილი ტრაგიკულად დაეღუპა და მძიმე ავადმყოფი მოხუც ინსულტგადატანილ დასთან ერთად ცხოვრობს.

მაია მიქაძე, საქველმოქმედო ორგანიზაცია "კარიტასის" შინმოვლის კოორდინატორი: "ბევრია ისეთი ოჯახი, სადაც ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს შვილებთან, შვილიშვილებთან, მაგრამ იყოს აბსოლუტურად იზოლირებული. ჩვენი ბენეფიციარი იყო გაფანტული სკლეროზით დაავადებული ახალგაზრდა ქალი. მეუღლესთან გაცილებული იყო და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა. ლოგინად მიჯაჭვულ დედას და 6 წლის ძმას 12 წლის ბიჭი უვლიდა. წარმოიდგინეთ, ბავშვი სკოლაშიც დადიოდა, ავადმყოფ დედასაც უვლიდა და მუშაობდა კიდეც - მუყაოს ყუთებს აწებებდა. 6 წლის განმავლობაში ვეხმარებოდით.  თანდათან მდგომარეობა დამძიმდა და ქალი გარდაიცვალა... არის შემთხვევები, როცა მოვლის ნაცვლად შვილები, პირიქით, ძალადობენ ავადმყოფ მშობლებზე.

როცა პაციენტთან მივდივართ, ვაფასებთ მის მდგომარეობას, ვადგენთ ინდივიდუალურ გეგმას იმის მიხედვით, თუ რა სჭირდება: - სამედიცინო მომსახურება, ჰიგიენური საშუალებები, მშრალი საკვები პროდუქტებით მომარაგება თუ მედიკამენტები ან შესახვევი საშუალებები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს მომვლელი ჰყავს, ჩვენი ექთანი კვირაში ერთხელ მაინც მიდის მათთან მონიტორინგზე. სულ 289 პაციენტს ვეხმარებით. ჩვენი თანამშრომლები დღეში დაახლოებით 8-10 პაციენტთან მიდიან. გვაქვს წარმომადგენლობა გორში, რუსთავში, ქუთაისსა და ოზურგეთში".

გაიოზ ყუბანეიშვილი, საქართველოს "კარიტასის" ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის მენეჯერი: "2011 წელს, როცა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა სამედიცინო დარგის განვითარების პრიორიტეტები, გრძელვადიანი მკურნალობა და ხანდაზმულთა პრობლემები პრიორიტეტებში არ იყო ნახსენები. პრიორიტეტები 2015 წლამდეა დამტკიცებული და მათი გადახედვა არც მას შემდეგ მომხდარა, რაც ახალი გუნდი მოვიდა მთავრობაში. დღეს შექმნილია სამუშაო ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციების და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით, რომელიც მუშაობს შინმოვლის სტანდარტის შექმნაზე. სამუშაო ვარიანტი შემუშავებულია და გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში.

ახლა ჯერი სახელმწიფოზეა, მან უნდა იზრუნოს საწოლს მიჯაჭვულ თითოეულ ადამიანზე, უამისოდ მათი სიცოცხლე საფრთხეშია".