"თავიდან დღეს და ღამეს ვარჩევდი, მაგრამ ახლა მზესაც ვეღარ ვხედავ" - უსინათლო მხატვრის სულისშემძვრელი ისტორია
27-10-2014
"თავიდან დღეს და ღამეს ვარჩევდი, მაგრამ ახლა მზესაც ვეღარ ვხედავ" - უსინათლო მხატვრის სულისშემძვრელი ისტორია
"მუსიკოსისთვის ყველაზე დიდი სასჯელი სმენის დაკარგვაა, სპორტსმენისა თუ მოცეკვავისთვის - კიდურების, მხატვრისთვის - მხედველობის, ზოგისთვის - შეყვარებულისა თუ მილიონების... ყველაზე დიდი განაჩენი კი, რომელიც შეიძლება საკუთარ თავს გამოვუტანო,  იმედისა და რწმენის დაკარგვაა.  რა მნიშვნელობა აქვს, რას ვხედავთ ან რა გვესმის? მთავარი ხომ წარმოსახვის უნარია, რომელიც სამყაროს აღქმაში გვეხმარება... რა საინტერესოა ცხოვრება - ერთი ცის ქვეშ, ერთ მიწაზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და ჩვენ - ჩვენი, თქვენ კი თქვენი სამყარო გაქვთ..." -
ბრაილის შრიფტით გაკეთებული ეს ჩანაწერი ქართველი უსინათლო გოგონას დღიურიდანაა. ლილიანე ბალერინობაზე ოცნებობს და ჩანაწერს ამ სიტყვებით ამთავრებს: "მთავარი რწმენა, იმედი და მონდომებაა".
მთავარი რომ რწმენა, იმედი და მონდომებაა, ამის კარგი მაგალითი 43 წლის უსინათლო მხატვარი გიორგი ქობალაშვილია.  27 წლისამ მხედველობა დაკარგა და მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის
პირველი ეტაპიც დასრულდა. მიუხედავად ამისა, დღემდე ხატავს...


27 წლამდე...


მხედველობის დაკარგვამდე, ძირითადად, ძველი თბილისის ხედებსა და ბებერ მეზურნეებს ხატავდა. ტილოზე ხატვისას თეთრ საღებავს არასდროს იყენებდა - დაგრუნტვის თავისებური ტექნოლოგია თეთრ საღებავს აღარ მოითხოვდა. ნამუშევარიც  განსხვავებული გამოდიოდა...

გიორგი ქობალაშვილი:
- 7 წლისას შაქრიანი დიაბეტი დამიდგინეს... ხატვა საავადმყოფოში დავიწყე. პირველად ცხენებსა და მექსიკელებს ვხატავდი, ალბათ, ფილმების გავლენით. რამდენიმე წელი პიონერთა სასახლეში დავდიოდი, შემდეგ კერძოდ ვემზადებოდი... სამხატვრო აკადემიაში, მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. 40-მდე ფერწერული და გრაფიკული ტილო იმ პერიოდშია დახატული, სანამ მხედველობას დავკარგავდი. თანდათან ფერები უფერულდებოდა... 1998 წელს სულ დავკარგე თვალისჩინი, მაგრამ არა მომავლის იმედი. თავიდან დღეს და ღამეს ვარჩევდი, მაგრამ ახლა მზესაც ვეღარ ვხედავ".

27 წლის შემდეგ...

მოლბერტი, პალიტრა და საღებავები მხედველობის დაკარგვის შემდეგ  მეგობრებს აჩუქა. მაშინ ხატვაზე ვერც იოცნებებდა, მაგრამ ორ წელში საყვარელ საქმიანობას დაუბრუნდა. "მოხუცი", "იესო", "ცხენები" და "აყვავებული ბროწეულის ხეები" ცოტა ხნის წინ შექმნა.

გიორგი: -  ერთ დღეს ფურცელი და ფანქარი მოვითხოვე. მუხლებზე დავიდე და პირველი კონტურები გავავლე.  თანდათან ხატვის ჩემეული ტექნოლოგია შევიმუშავე. დამიმზადეს დაფა, რომელზეც ფურცელს ვამაგრებ. ასე სიმეტრიის დაცვას კარგად ვახერხებ. "მოხუცი" სულ სხვა ტექნოლოგიით დავხატე - თვალების, ცხვირისა და ნიკაპის ადგილას ჭიკარტები დავამაგრე და ასე გადავანაწილე სიმეტრია და ჩრდილები...

- ფერადი ფანქრებით როგორ ხატავთ?

- მშობლებს ვეუბნები, რა ფერი მომაწოდონ.

- ამოკაწვრის მეთოდით ხატვის იდეა საიდან გაჩნდა?
- ჯერ პლასტმასის თხელ ფირფიტაზე ვკაწრავ, რომელსაც "ორგმინას" ეძახიან. ეს აადვილებს კონტურების ხელით აღქმას. შემდეგ საღებავს ვუსვამ და ქაღალდზე გადამაქვს.

- ზეთის საღებავებით არ გიცდიათ ხატვა?
- კი, მაგრამ საღებავები ძვირია. ახლა სახლში არც ტილოზე მუშაობისთვის საჭირო სივრცე მაქვს და არც - საღებავები. იმედია,  ჩემი სახელოსნო მექნება, სადაც ყოველთვის იქნება საღებავები და მასალები...

- ამბობენ, ფერად სიზმრებს მხოლოდ მხატვრები ხედავენო...

-  ხშირად ვხედავ ფერად სიზმრებს. ულამაზეს ცას ვხედავ ხოლმე, ზღვას, სანაპიროს და... ჩემს თავს.

- გამორჩეულად რომელიმე ნამუშევარი გიყვარს?

- სადიპლომო ნამუშევარი - "ძველი თბილისი". ერთხანს ხატების წერაც დავიწყე. სამლოცველოს კუთხეში ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი და იესო ჩემი დაწერილია. სამოქალაქო ომის შემდეგ ჩემი დაწერილი ღვთისმშობელი ქაშუეთის ტაძარში აკურთხეს და კლასიკური გიმნაზიის სამლოცველო კუთხეში დააბრძანეს...

- ნახატები გაგიყიდია?
- უსინათლოთა კავშირმა და სპორტის სამინისტრომ სიღნაღში ერთობლივი ღონისძიება გამართეს, სადაც ჩემი ნამუშევრებიც იყო გამოფენილი. აზერბაიჯანის ელჩის მოადგილემ შეიძინა ამოკაწრული ნამუშევარი, რომელზეც დოღში გამარჯვებული იყო გამოსახული. ეს ერთადერთია, რომელიც გავყიდე.
გიორგის პირველი პერსონალური გამოფენა 2000 წელს, "თი-ემ-ეს" გალერეაში მოეწყო. იმედი აქვს, მალე ისევ მოაწყობს გამოფენას, რომელსაც დაარქმევს "სინათლის დაკარგვამდე და სინათლის დაკარგვის შემდეგ". ახლა კი ყველაზე მეტად საღებავები და პატარა კუთხე სჭირდება...  


სმენადაკარგული, რომელმაც "ოსკარი" მიიღო


მარლი მეტლინი წლინახევრის იყო, როცა  სრული სიყრუე დაუდგინდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, ოცნება აესრულებინა და მსახიობი გამხდარიყო.  სამსახიობო კარიერა თეატრში დაიწყო, პიესაში "უმცროსი ღმერთის შვილები" ითამაშა. 1986 წელს პიესის ეკრანიზაცია მოხდა და მეტლინმა კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" მიიღო. 21 წლის მეტლინი ასევე იმ 4 მსახიობ ქალს შორის მოხვდა, რომლებმაც კინემატოგრაფის ისტორიაში "ოსკარი"” სადებიუტო როლისთვის მიიღეს! დღეისთვის მსახიობი 2 "ოქროს გლობუსისა" და 4 "ემის" მფლობელია, აქვს ვარსკვლავი ჰოლივუდის "დიდების ხეივანში". ამასთან, წიგნის ავტორია, სადაც საკუთარ მაგალითზე აღწერს, როგორ არ უნდა მოუხაროს ქედი ადამიანმა ცხოვრებისეულ პრობლემებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხ. "პალიტრა ტვ"-ზე
dato
29 ოქტომბერი 2014 00:06
რედაქციას ვთხოვ კოორდინატები დაწეროთ იქნებ ამ პიროვნების. საღებავებს მაინც ვაჩუქებდით...
cira
28 ოქტომბერი 2014 20:59
ძლიერი სულის ადამიანია.
პატარა, სულ პატარა თანადგომა სჭირდება.

ცრემლები მახრჩობს, რომ "თანამდგომად" თავს ვერ მოვიაზრებ............

ასეთივე განცდა მქონდა გიორგი მარჯანიძისადმი ვერთანადგომის გამო.........

ღმერთო, მიეცი ადამიანებს საშუალება, ეხმარებოდნენ ერთმანთს............
nia
27 ოქტომბერი 2014 14:57
ნუთუ არ შეიძლება ამ შაქრიანი დიაბეტის ნორმალური წამალი მოიგონონ???? საერთოდ რომ განიკურნოს ადამიანი??? ეს რა ჯანდაბაა...... კოსმოსში იკვლევენ რაღაცეებს და აქ ამდენი რამეა გასარკვევი..... ცოდო არ არის ახლა ეს მხატვარი???? გული მომიკვდა რა.....

რედაქტორის რჩევით