"თუ გოგონა ნაადრევად მომწიფებულია, მშობელი თავს იზღვევს და შვილს "პატრონს აბარებს", იძულებით "აბედნიერებს" - კვირის პალიტრა

"თუ გოგონა ნაადრევად მომწიფებულია, მშობელი თავს იზღვევს და შვილს "პატრონს აბარებს", იძულებით "აბედნიერებს"

"რეგიონებში ყველაზე მაღალია ნაადრევი ქორწინებებისა და აბორტების რიცხვი"

"თუ გოგონა ნაადრევად მომწიფებულია, მშობელი თავს იზღვევს და შვილს "პატრონს აბარებს", იძულებით "აბედნიერებს". გოგონების ნაადრევად გათხოვების მიზეზი ხდება მათი ორსულობაც"

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ინფორმაციით, ჩვენს ქვეყანაში ხშირია ნაადრევი ქორწინება. ამ მონაცემებით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% დაქორწინდა 18 წლის შესრულებამდე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (მოლდავეთს -19%, თურქეთს -14%). თუმცა, ეს მონაცემები სრული ვერ იქნება, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის.

ადრეული ქორწინება განსაკუთრებით ხშირია მაღალმთიან აჭარასა და ქვემო ქართლში. უახლესი კვლევის მონაცემებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ გათხოვილ ქალთა 32% 18 წლამდე დაქორწინდა. თვალში საცემია 13-14 წლის ასაკში დაქორწინებულთა პროცენტული წილი.

"კვირის პალიტრა" შეეცადა, გამოეკითხა მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი და დაედგინა, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ნაადრევი ქორწინების მიმართ.

ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგი კამილია მინდაძე მისი ყოფილი მოსწავლეების ადრეულ ასაკში დაქორწინების რამდენიმე ფაქტს იხსენებს.

- როდესაც 16 წლის ბიჭები თავისივე ტოლ ან უმცროს გოგონებზე ქორწინდებოდნენ, ვცდილობდი, დამედგინა, რა იყო ამის მიზეზი. ბავშვების ცნობიერება არ იყო საიმისოდ მომწიფებული, რომ სრულად გაეაზრებინათ ოჯახის არსი. მათ, უბრალოდ, ერთად ყოფნა სურდათ. ასეთ საქციელს განაპირობებდა მოჭარბებული სექსუალური ენერგია.

ეკა ებრალიძე, სოციოლოგი:

- თინეიჯერები ქმნიან ოჯახებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ეფუძნება არა გრძნობას, არამედ ინტერესის დაკმაყოფილების სურვილს, თუმცა, ეს არის ადრეულ ასაკში ქორწინების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი. ეს ხდება სხვა მიზეზებითაც. მაგალითად, თუ გოგონა ნაადრევად მომწიფებულია, მშობელი თავს იზღვევს და შვილს "პატრონს აბარებს", იძულებით "აბედნიერებს". გოგონების ნაადრევად გათხოვების მიზეზი ხდება მათი ორსულობაც. ამ დროს წყვილი მშობლების ძალდატანებით ქორწინდება.

ნაადრევი ქორწინება ძალიან ხშირია ბავშვთა ინსტიტუციებში (ბავშვთა სახლებში, თავშესაფრებში). იმის გამო, რომ ადრეული ასაკიდანვე მოწყვეტილი არიან მშობლებს, საკუთარი ოჯახების შექმნით თითქოს იმ სითბოს კომპენსაციას ახდენენ, რომელიც მათ ოდესღაც მოაკლდათ. სხვათა შორის, ასეთი ოჯახები შედარებით მყარია.

ნაადრევი ქორწინების მიზეზად ასევე სახელდება შვილისადმი რომელიმე მშობლის სასტიკი დამოკიდებულება, რასაც მოზარდი (ძირითადად, გოგონა) საკუთარი ოჯახის შექმნით გაურბის. ნაადრევი ქორწინების მიზეზი, შესაძლოა, იყოს ეკონომიკური მდგომარეობაც, როდესაც გაჭირვებული ოჯახიდან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება უფრო შეძლებულ ოჯახში მოხვედრაა. ცალკეული მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ ადრეული ქორწინება უამრავ პრობლემას ქმნის და ხშირად ადამიანებს ცხოვრებას უმახინჯებს.

ცვატა ბერძენიშვილი, ფსიქოლოგი: - აშშ-ში ე.წ. სექსუალური რევოლუციის შემდეგ ადრეულ ასაკში ქორწინებების რაოდენობამ ძალიან იკლო. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ სქესობრივი ურთიერთობისთვის არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ქორწინება. ამასთან, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, ნაადრევი ქორწინებებიც ნაკლებია. თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში, როგორი განვითარებულიც უნდა იყოს, არსებობს კონსერვატორული შეხედულებების საზოგადოება, სადაც უფრო ხშირია ადრეულ ასაკში ქორწინება, ვიდრე ლიბერალური ფასეულობების მქონე ოჯახებში. ეს თემა აქტუალურია აღმოსავლეთის ქვეყნებში. მუსლიმანურ სამყაროში ის განსაკუთრებით აქტუალურია, თუმცა არა, როგორც პრობლემა. იქ რელიგიურ ფაქტორებს სხვა ტრადიციებიც ემატება. განსაკუთრებით  თვალში საცემია ქალის უაღრესად დაკნინებული მდგომარეობა. ისინი უუფლებონი არიან და მხოლოდ ერთადერთი მოვალეობა აქვთ - გააჩინონ და გაზარდონ შვილები. 13-14 წლის გოგონებს 40-45 წლის მამაკაცებზე ათხოვებენ. მათ არ აქვთ განათლების უფლება. ასეთი მოვლენები ჩვენი საზოგადოების ნაწილშიც ხდება, თუმცა, საბედნიეროდ, არცთუ ხშირად. პრობლემას ვერ ეშველება, თუ საზოგადოების ცნობიერება არ შეიცვალა. განათლების დონის ამაღლებამ უნდა შეაძლებინოს საზოგადოებას სტერეოტიპების მსხვრევა.

ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი: - საჭიროა ქვეყნის მასშტაბით ჩატარდეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები ადრეული ქორწინებისა და მისი უარყოფითი შედეგების შესახებ. ამ კამპანიების განსაკუთრებული სამიზნე უნდა იყოს რეგიონები, სადაც ყველაზე მაღალია 18 წლამდე ასაკის გოგონების ნაადრევი ქორწინებისა და აბორტების რიცხვი.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს ადეკვატური "რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების" საგანმანათლებლო პროგრამა და დანერგოს სკოლებში.

ადრეული ქორწინება არ შეიძლება განყენებულ სოციალურ თემად განვიხილოთ. თუ გვინდა, მისი პრევენცია მოხდეს, საზოგადოებამ უნდა შეცვალოს გენდერული თანასწორობისადმი დამოკიდებულება, უნდა მიხვდეს, რა ზიანი ადგება გოგონას, რომელიც ნაადრევად და გაუცნობიერებლად, ნებით, ან სხვების ზეწოლით ებმება ოჯახურ უღელში. ხალხის ინფორმირებულობაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს მედიამ, რომელმაც ამ ტიპის საკითხები სენსიტიურად უნდა გააშუქოს.

სიყვარულს რას გაუგებ...

*37 წლის ერიკა ლა ტოერ ეიფელი სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. ეიფელი მისი ქმრის გვარია. ქალმა, რომელიც ყოფილი სამხედრო პირია და ადრეც არაერთხელ ჰყვარებია უსულო საგნები, ბოლოს ეიფელის კოშკზე იქორწინა.

მისი პირველი გატაცება იყო მშვილდი, რამაც ის მსოფლიო კლასის მშვილდოსნად აქცია. მოგვიანებით ქალს შეუყვარდა ბერლინის კედელი და ამტკიცებს, რომ ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა ღობის ნაჭერთან, რომელსაც საკუთარ საძინებელში ინახავს.

*ჩინეთში, მამაკაცმა თავისივე გამოსახულებაზე იქორწინა! ოღონდ, გამოსახულება ქალის ტანისამოსში იყო გამოწყობილი!

*აფრიკელმა ემილი მაბოუმ საკუთარ ძაღლზე იქორწინა. ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი სასულიერო პირი და თანასოფლელები.

*ლიი ჯინ-გიუ საკუთარ ბალიშს გაუმიჯნურდა, მას არასდროს იშორებს და ყველგან ბალიშით დადის.

*ერთი გერმანელი ფოსტალიონი თავის შავ-თეთრ კატაზე დაქორწინდა, პატარძალს სადედოფლო კაბაც კი შეუძინა ცერემონიალისთვის.

*ქალბატონმა ბიმბალა დასიმ, რომელსაც რეპტილია შეუყვარდა, ინდური ტრადიციისამებრ, კობრაზე იქორწინა.

*შერონ ტენდლრემმა იქორწინა დელფინზე, სახელად სინდი!