"ეს შენობა მეჩეთად ვერ გადაკეთდება - ადგილობრივი მართლმადიდებლები არ დავუშვებთ"
27-10-2014
"ეს შენობა მეჩეთად ვერ გადაკეთდება - ადგილობრივი მართლმადიდებლები არ დავუშვებთ"
მოხეს მახე?! - რეპორტაჟი ადიგენის რაიონიდან

"იმის გამო, რომ სოფელში მართლმადიდებლური ტაძრის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, მრევლი სალოცავად სხვა სოფელში დადიოდა. მადლიანი ადამიანის დახმარებით მოხეში დღეს მართლმადიდებლური ტაძარი შენდება"

"თუ არ შევთანხმდით და ეს გაუგებრობა დიდხანს გაგრძელდა, სიტუაცია უფრო დაიძაბება. დღეს 14 დააკავეს, ხვალ 24-ს დაიჭერენ, რაც ჩვენს რაიონსა და ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს"

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს მართლმადიდებელი და მუსლიმი მრევლის დაპირისპირების მიზეზად სოფლის ცენტრში მდგარი შენობა იქცა. წლების განმავლობაში
უპატრონოდ და უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ კულტურის ცენტრის განთავსება გადაწყვიტა. ამან მოხელი მუსლიმები აღაშფოთა - წლების წინ ეს ნაგებობა, როგორც მეჩეთი, ისე აშენ
დაო. მართლმადიდებლები აცხადებენ, შენობა დანგრეული მართლმადიდებლური ტაძრის ქვებით აიგოო. სასულიერო პირები ნაგებობის საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვენ. პრემიერ-მინისტრი კი ადგილობრივებს სიმშვიდესა და გონივრულად მოქცევას ურჩევს. რამდენიმე დღის წინ კონფლიქტს შეხლა-შემოხლა მოჰყვა და 14 კაცი დააკავეს.

რა ხდება ადიგენის რაიონში? რას ითხოვენ ადგილობრივი მართლმადიდებლები და რას აპირებენ მუსლიმები, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა? ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" სოფელ მოხეში ჩავიდა.


"კონფლიქტი არ გვინდა"


გასული საუკუნის 40-იან წლებში სტალინის ბრძანებით, ადიგენის რაიონის სოფლებიდან ერთ ღამეში გაასახლეს  მუსლიმი მესხები და მათ ადგილას იმერეთიდან, რაჭიდან და აჭარიდან ოჯახები იძულებით ჩამოასახლეს. სოფელ მოხეში 40-მდე მუსლიმი და 30-მდე მართლმადიდებელი ოჯახი ცხოვრობს...

ადიგენის ცენტრიდან სოფელ მოხემდე გზა ისეთი ქვაღორღიანია, მანქანა რომ დაგვეძრა, რამდენჯერმე ხელით მიწოლა დასჭირდა. სოფლის ცენტრში შეკრებილ რამდენიმე ქალბატონთან გავჩერდით.
მანანა რეხვიაშვილი, მოხეს მკვიდრი: - როდესაც ჩვენი წინაპრები რაჭიდან ჩამოასახლეს, ამ შენობაში საწყობი იყო, ხორბალს, ლობიოს და სიმინდს ინახავდნენ. შემდეგ კლუბად გადაკეთდა, ბოლოს კი მას არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა.

იმის გამო, რომ სოფელში მართლმადიდებლური ტაძრის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი, მრევლი სალოცავად ზარზმაში ფეხით დავდიოდით. მადლიანი ადამიანის დახმარებით მოხეში მართლმადიდებლური ტაძარი შენდება. სოფელში კი უკვე წლებია, არის მეჩეთი.

- როდის და რატომ დაიძაბა ადგილობრივ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობა?
- სოფელში არ არსებობს ახალგაზრდისთვის არანაირი გასართობი. ამიტომ გადაწყდა, მიტოვებულ შენობაში კლუბის გახსნა, რაც გააპროტესტეს მუსლიმებმა. ჩვენ არ ვართ კონფლიქტური ხალხი.
ჯერ კიდევ შარშან, სოფელ ჭელაში მინარეთის ხელახლა აშენებას დავთანხმდით, ახლაც დავთმეთ და ამ შენობაში კლუბის ნაცვლად ბიბლიოთეკის გახსნა შევთავაზეთ.
ისტორიკოსებს ვთხოვთ, შეისწავლონ ეს შენობა და დაადგინონ, მართლმადიდებლური ტაძრის ქვებით არის აგებული თუ არა.

სოფელში ერთი თვეა, რაც მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა დაიწყო. მუსლიმებს ამის შემდეგ მოუნდათ მეჩეთის ცენტრში წამომართვა. სალოცავი რომ არ ჰქონდეთ, ხმას არ ამოვიღებდით, მაგრამ მეორეს ითხოვენ. ამტკიცებენ, მეჩეთი ნაქირავებ სახლში გვაქვსო. ეს ტყუილია.

რამდენიმე დღის წინ შეხლა-შემოხლა მუსლიმმა ქალბატონებმა დაიწყეს. პოლიციას აფურთხეს, ჯოხები ურტყეს. მუფთის მეუღლეს მისივე ახლობლის მოქნეული ჯოხი მოხვდა და ცხვირი გაუტყდა. აკივლდა, პოლიციამ მცემაო. მას შემდეგ, რაც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუსლიმთა საზოგადოების ხელმძღვანელად მამუკა ვაშაყმაძე დაინიშნა, მართლმადიდებელთა და მუსლიმთა შორის სიტუაცია დაიძაბა.

იმ დღეს, როცა ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, ადგილობრივებს სხვა სოფლებიდან ავტობუსებით ჩამოსულმა მუსლიმებმა დაუჭირეს მხარი და ცემა-ტყეპაზე გადავიდნენ. დაკავებული14 კაცი არ უნდა გამოეშვათ ციხიდან.

ეს შენობა მეჩეთად ვერ გადაკეთდება - ადგილობრივი მართლმადიდებლები არ დავუშვებთ. ბავშვებს არანაირი გასართობი არ აქვთ, არც ბიბლიოთეკა გვაქვს. ისედაც მოწყვეტილები ვართ ცივილიზაციას და ამათ აქ მეორე მეჩეთის მშენებლობა მოინდომეს. ჩართავენ ხმის გამაძლიერებლებს და მთელ სოფელში ისმის მოლას კივილი. მაგათ ნუ ჰგონიათ, რომ ჩვენზე მეტნი არიან, მჯერა, მთელი საქართველოს მართლმადიდებელი მრევლი დაგვიდგება გვერდში.

"აქ ღვთისმშობლის ხატი იყო დაბრძანებული"


დაწყებითი კლასის პედაგოგი ეთერ თაკვაძე იხსენებს, რომ შენობაში, წლების წინ, მისი წინაპრები სანთელს ანთებდნენ და ლოცულობდნენ.

- ჩემს ბავშვობაში აქ ღვთისმშობლის ხატი იყო დაბრძანებული და მშობლებს მოვყავდით  სალოცავად.
არავინ მძულს, არავის მტრად გადაკიდება და იარაღის აღება არ გვინდა, ჩვენი უმორჩილესი თხოვნაა, დაშალონ შენობა, იკურთხოს ეს ადგილი ხელახლა და ავაშენოთ საბავშვო ბაღი. ეს მუსლიმებისთვისაც მისაღები უნდა იყოს და მართლმადიდებლებისთვისაც. აღარც კონფლიქტის მიზეზი იქნება.

ამალია რეხვიაშვილი: - თუ ჰგონიათ მუსლიმებს, რომ შეგვეშინდება, ცდებიან! დავიწყებთ მშვიდობიან აქციებს. მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ მართლმადიდებელ მრევლს, რომ მხარში ამოგვიდგნენ და არ მიგვატოვონ. სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
ერთმა ისიც მითხრა, თქვენ დაკარგეთ აფხაზეთი, ცხინვალი და მალე მესხეთსაც დაკარგავთ, რომელიც თურქეთს შეუერთდებაო. ცოცხალი თავით არ ვაპირებთ ერთი გოჯი მიწის დათმობას"

სოფელში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს ციალა რეხვიაშვილი:

"ამ სოფელში ჩვენი წინაპრები 1944 წელს ჩამოასახლეს, მუსლიმები კი 30 წლის შემდეგ ჩამოვიდნენ...

- როგორ ცხოვრობთ აქაურები?
- არ გვაქვს საბავშო ბაღი, ბუნებრივი აირი, სპორტული დარბაზი, გზა. ზოგ უბანში მოდის წყალი და ზოგან არა. მოწყვეტილი ვართ გარე სამყაროს. მთავრობას კი მხოლოდ არჩევნებისას ვახსოვვართ. ამ ზაფხულს ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ და უფასო გამოკვლევები ჩაგვიტარეს. ეს იყო ყველაზე დიდი შეღავათი ბოლო წლების განმავლობაში, რომელიც აქაურებს მიგვიღია. თავი ადამიანებად ვიგრძენით...

ქალბატონებთან გასაუბრების შემდეგ იქვე, მაღაზიასთან მდგარ რამდენიმე ასაკოვან მამაკაცს გავესაუბრე. თამაზ გობაძე ადგილობრივი მუსლიმია.

- 25 წელია, რაც სოფელ მოხეში ვცხოვრობ. აქამდე სოფელში ყველა ძმურად ვიყავით და არავინ არჩევდა, ვინ მუსლიმი იყო და ვინ მართლმადიდებელი. ჩვენ შორის დაძაბულობა მაშინ დაიწყო, როდესაც სოფლის ცენტრში მდგარი მუსლიმანური სალოცავის შენობის კლუბად გადაკეთება მოინდომეს.

- როგორც ამბობენ, ეს შენობა უკვე წლებია, უფუნქციოა, არ ჯობია, რამე დატვირთვა ჰქონდეს?
- ნაქირავებ სახლში გვაქვს განთავსებული მეჩეთი. დღეს იქნება თუ ხვალ, იქიდან გამოგვიშვებენ.

- მართლმადიდებელი მრევლი ამბობს, რომ თქვენი პროტესტი სოფელში მართლმადიდებლური ტაძრის შენებამ გამოიწვია.
- რამდენიც უნდათ, იმდენი ეკლესია ააშენონ, მაგრამ ჩვენი სალოცავიც უნდა იყოს სოფელში და ნაქირავებ სახლში არ უნდა ვლოცულობდეთ. ამ შენობას ვერც კლუბად აქცევენ და ვერც ბიბლიოთეკად. დავიხოცებით და ამის უფლებას არ მივცემთ... რა დათმობაზეა საუბარი, როდესაც მასწავლებლებს მუსლიმი ბავშვები სძულთ. ამას წინათ რამდენიმე მოსწავლესთან ერთად მიმავლებს ერთმა პედაგოგმა მოგვაძახა, - ეს უტვინოები სად მიგყავთო. იმ "უტვინო" ბავშვებმა თბილისში ჩატარებულ კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავეს.

- მართლმადიდებელი მრევლი ამბობს, რომ თქვენ სისხლის დაღვრით იმუქრებით...
- თუ ფეხი დამადგა და გამსრისა, მეც ხელს გამოვიღებ!

ივანე ჭელიძე, სოფელ დეცელის მკვიდრი:

"რომ ამბობენ, სხვა სოფლებიდან ჩამოჰყავთ მუსლიმებიო, ტყუილია. როგორც თვითონ არიან ურწმუნოები, უნდათ, ჩვენც მასე ვიყოთ."

სწორედ ამ სიტყვებმა გააღიზიანა იქვე მდგარი მართლმადიდებლები. ყვირილზე, სოფლის ცენტრში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. სანამ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდოდა, სიტუაცია პატრულმა განმუხტა.

22 ოქტომბერს 14 დაკავებულიდან  ერთი სოფელ მოხეს გამგებელი იყო. თემურ მიქელაძე პოლიციას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ ადგილობრივებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

თემურ მიქელაძე, სოფელ მოხეს გამგებელი:

- 14 დაკავებულიდან 3 ადგილობრივი ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. 24 საათის შემდეგ ყველანაირი საპროცესოსა და ჯარიმის გარეშე გაგვათავისუფლეს.

დაჭერისას პოლიციელებმა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხგვყვეს. ბორჯომის იზოლატორში გადაყვანის შემდეგ კარგად გვეპყრობოდნენ. ეს ჩალურჯებული თვალიც ჩვენი პოლიციელების "დამსახურებაა".

-  სად არის გამოსავალი?

- ამ საკითხს ვერც პრეზიდენტი, ვერც პრემიერი და ვერც ერთი სამინისტრო ვერ გადაწყვეტს, რადგან მათ არ იციან, აქ რა ხდება. ეს ყველაფერი უნდა მოვაგვაროთ ჩვენ და რაიონის გამგეობამ. ექვსი თვის წინ, როდესაც დაძაბულობა დაიწყო, ადგილობრივი გამგეობა საკითხის ასეთ გამწვავებას არ ელოდა. ეგონათ, ყველაფერი იოლად ჩაივლიდა. ახლა მაინც მაქვს იმედი, რომ ადგილობრივი ხელმძღვანელობა გონს მოეგება და ოქროს შუალედს გამონახავს.

- როგორ?

-  თუ არ შევთანხმდით და ეს გაუგებრობა დიდხანს გაგრძელდა, სიტუაცია უფრო დაიძაბება. დღეს 14 დააკავეს, ხვალ 24-ს დაიჭერენ, რაც ჩვენს რაიონსა და ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ვთხოვ ადგილობრივ ხელმძღვანელობას და მოსახლეობას, რომ ეს პრობლემა უმტკივნეულოდ მოვაგვაროთ.

აღსანიშნავია, რომ მოხეს საჯარო სკოლა ერთადერთია, სადაც რაიონის 12 სოფლის ბავშვებს, საშუალო განათლების მიღება შეუძლიათ.

ბოლო რამდენიმე დღეა, მუსლიმი ოჯახები პროტესტის ნიშნად ბავშვებს სკოლაში არ უშვებენ. სოფელში ჩვენი ყოფნისას სკოლაში, სადაც 200 მოსწავლე სწავლობს, მხოლოდ 24 ბავშვს ჩაუტარდა გაკვეთილი.
მუსლიმები და მართლმადიდებლები პოზიციების დათმობას არ აპირებენ. ტრაგედიის დატრიალებამდე კი ორივე მხარე დახმარებას ითხოვს.

პრობლემას დროულად სჭირდება მიხედვა, რათა მოხეს ამბავი ჩვენთვის დიდ მახედ არ გადაიქცეს.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე
დათო#
03 ნოემბერი 2014 00:39
ADMIN, გაუშვი კომენტარი, პასუხისმგებელი ვარ!
xuseina-ს დათო#-გან
03 ნოემბერი 2014 00:26
ეგ როგორ, ხუსეინ აღა? მაინც რამდენჯერა გრთავთ ალაჰი სარწმუნოების შეცვლის უფლებას? არ მოგეწონა და გამოცვალე, რა პონჩიკია?! აზირ, ისა თქვა, რომ საიდანაც ქარი შემოუბერავს, იქითკენ იჩოქები? ხვალ რომ ებრაელის ოქრომ შეცვალოს თურქული ფეშქაშები, შენისთანა "მამაპაპურ რელიგიაზე" მოტირალი "ქართველები" იუდაიზმს ისე აღიარებთ, არც მამა-პაპა გაგახსენდებათ და არც რჯული, შენ გგონია თურქს შენი დარდი ჰკლავს და იმიტომა გრთამავს? შენ ქართველის სიძულვილს გინერგავენ, იმიტომ, რომ კარგად იცის, მარტო თვითონ ვერასოდეს მოგვერევა! რასაც საუკუნეები განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, დღეს თქვენი ხელით უნდათ, რომ გააკეთონ! აბა, კარგად დაფიქრდი, "ნორმალურად მოაზროვნე კაცო" (მაგას ქრისტიანობაში ხიბლში ჩავარდნას ეძახიან) თავდგირიძის გვარის კაცი ქართველებს გურჯებად მოგვიხსენიებ და ყელების გამოჭრით გვემუქრები (რა იცი, ალესვაში რასა ვგულისხმობდი?) ალბათ გგონია, რომ თურქი მაგას დაგიფასებს და შენს წილ საქართველოს გიფეშქაშებს? არ დაიჯერო, ხუსეინ აღა, თურქი საკუნეებია, რაც პანთურქიზმის იდეით არის შეპყრობილი და ათიანზე იცის, რომ ვინც საკუთარ თვისტომთ უღალატებს, პირველ რიგში იმას არ უნდა ენდოს! ფერეიდნელი ქართველები 400 წელია, რაც სპარსეთში ცხოვრობენ და დღესაც საქართველოსა და ქართველების მზესა ჰფიცულობენ და არ მარტო იმიტომ, რომ შიიტები თქვენზე მეტი ვაჟკაცები არიან, უპირველესად იმიტომ, რომ ჯიშითაც, მოდგმითაც და გულითაც ისევ ქართველებად რჩებიან!
ვერ დაგიფიცავ, რომ იმის იმედითა გწერ, არიქა, თავდგირიძე თურქულის ალესვას თავს დაანებებს და მამაპაპისეული სისხლი უყივლებს მეთქი, მაგრამ, იცოდე, თუ ღვთის მადლი მაინც გადმოვიდა შენზე, ქართველებს ხმალზე ნაკლებად არც კალამი გვიჭრის და შენზეც და ჩემზეც ჭკვიან ქართველს უთქვამს: საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი?!"
gela
01 ნოემბერი 2014 14:08
ეს "ლიბერალები" ხართ საქართველოს მტრები!
მეჩეთი იყო მარა აშენდა დანგრეული ტაძრის ქვებით რომლებიც ოკუპანტმა თურქებმა დაანგრიეს და ააშენეს და ძალით გაამუსულმანეს მოსახლეობა! აი ესაა სიმართლე!

რედაქტორის რჩევით