"ევროპასა და ამერიკას აკლია ფიროსმანი, გუდიაშვილი, გამრეკელი, იშხნელი..." - აღმოაჩინე საქართველო პიტერ სკინერთან ერთად - კვირის პალიტრა

"ევროპასა და ამერიკას აკლია ფიროსმანი, გუდიაშვილი, გამრეკელი, იშხნელი..." - აღმოაჩინე საქართველო პიტერ სკინერთან ერთად

"ევროპასა და ამერიკას აკლია ფიროსმანი, გუდიაშვილი, გამრეკელი, იშხნელი..."

ამერიკელმა ისტორიკოსმა პიტერ სკინერმა ინგლისურ ენაზე გამოსცა საქართველოს ისტორიის შესახებ წიგნი. სქელტანიანი Georgia land Below The Caucasus  უკვე იყიდება ამერიკაში, ინგლისსა და საქართველოში.

პიტერ სკინერი მსოფლიო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია წიგნით "მსოფლიო სავაჭრო ცენტრი", რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან მოკლე ხანში გამოიცა და რვა ენაზე ითარგმნა.

სკინერი ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა.  საქართველოთი მისი დაინტერესება ილია ჭავჭავაძის "განდეგილით" დაწყებულა. რამდენიმე წლის წინ მან მარჯორი უორდროპის ნათარგმნი ქართული პოემა წაიკითხა და როგორც ამბობს, მონუსხა ნაწარმოებში აღწერილმა დარიალის მთებმა. ამიტომაც გადაწყვიტა, უფრო მეტი სცოდნოდა იმ ქვეყნის შესახებ, სადაც "განდეგილი" დაიწერა. ისტორიკოსი ბიბლიოთეკაში წავიდა და მომსახურე პერსონალთაგან ერთ-ერთს სთხოვა დახმარებოდა სასურველი ინფორმაციის მოძიებაში და რას წარმოიდგენდა, რომ ბიბლიოთეკის უამრავ თანამშრომელს შორის მაინცდამაინც ქართველი შეხვდებოდა.

პიტერ სკინერი: "ჩემ წინ მდგომ ბიჭს  პოემა ვაჩვენე და ვუთხარი, რაც მსურდა. გაეღიმა, ამ პოემის ავტორი ქართველია, ილია ჭავჭავაძე, ნაწარმოებში საქართველოა აღწერილი და მეც ქართველი ვარ, ვახტანგი მქვიაო. საქართველოში ვახტანგის ბიძაშვილმა, ბესო კიზირიამ მიმასპინძლა. სამჯერ ჩამოვედი, ბესომ მომატარა საქართველო. სწორედ ამ ჩემი მოგზაურობის ამსახველი რუკები ახლავს წიგნს".

პიტერს ხშირად ეკითხებიან, რა მისცა მას ხუთმა წელიწადმა, როდესაც საქართველოს ისტორიას სწავლობდა? ის ღიმილით პასუხობს, რომ მიიღო უდიდესი სიამოვნება და გაოცდა, რომ ამხელა ისტორიის მქონე ქვეყანას ჯერაც არ იცნობს მსოფლიო: "ინგლისურად მოლაპარაკე ადამიანი საქართველოს პირველად (და ხშირად უკანასკნელად) საკლასო ოთახში ხვდება, სადაც ეცნობიან მითს იაზონისა და არგონავტების მოგზაურობის შესახებ. ამით მათ ბუნდოვანი წარმოდგენა ექმნებათ კოლხეთსა და კავკასიაზე და საქართველოსთან ურთიერთობა მოსწავლეებისთვის ამითვე მთავრდება. ამით ამოიწურება ჩვენი უმნიშვნელო ცოდნა საქართველოს წარსულზე.

რატომ არ ვიცით ჩვენ, ვინ იყო დავით აღმაშენებელი, თამარი, თეიმურაზ  I, ვახტანგ VI და ერეკლე II... რატომ არის, რომ ასე ძალიან ცოტა რამ ვიცით "ვეფხისტყაოსანზე" და ჩვენთვის უცნობია წერეთლის, ჭავჭავაძის, ვაჟასა ან გალაკტიონის სახელები?

საქართველოს მდიდარი კულტურის ისტორია განუმეორებელია და არა მეზობელი ქვეყნებისგან შეთვისებული. მონასტრები და სამწერლო-საგანმანათლებლო კერები ათონის მთაზე, სინას მთაზე, სირიაში, ასევე იერუსალიმსა და ბულგარეთში ამის დასტურია. ურთიერთობანი ბიზანტიასთან, მონაწილეობა ჯვაროსნულ ომებში, ელჩობა ევროპის სამეფოებში, მეწინავე როლი სპარსეთსა და რუსეთში - ეს ქართული კულტურის უნიკალურობის ნაწილია, რაც ძალიან მცირედ არის ცნობილი.

სამწუხაროდ, ქართული ლიტერატურის ძალიან მცირე ნაწილი არის ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, მაგრამ ისიც, ისევე როგორც ისტორიული მასალები, მიუწვდომელია. ინგლისელები ვამაყობთ უძველესი პოეტით ჯეფრი ჩოსერით, მაგრამ გვახსენდება, რომ მასზე ადრე ცხოვრობდა დანტე. მაგრამ მასზე საუკუნით ადრე რუსთაველი არსებობდა საქართველოში. "ვეფხისტყაოსანი" ბრწყინვალე ლირიკული ნაწარმოებია, რომელიც XX  საუკუნის დასაწყისში თარგმნა მარჯორი უორდროპმა, მაგრამ რატომღაც თანამედროვე ევროპამ დაივიწყა... ჩვენ, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით ქართული მხატვრობის,  არქიტექტურისა და სამზარეულოს შესახებ... ევროპასა და ამერიკას აკლია ფიროსმანი, გუდიაშვილი, გამრეკელი, იშხნელი... ეს მცირედი ჩამონათვალია.

თბილისში, მართალია, უხვადაა წიგნები ეკლესია-მონასტრებსა და მათ არქიტექტურაზე, მაგრამ თითქმის არ იშოვება ნაშრომები ციხესიმაგრეებსა და ციხე-დარბაზებზე და თუ რამე იშოვება ინგლისურ ენაზე, მას საქართველოს გარეთ ვერსად ნახავთ, ვერ იყიდით.

ვფიქრობ, ჩემი ნაშრომი მოეწონებათ იმ ქართველებს, ვისაც სურთ მეგობარ უცხოელებს ბევრი რამ უთხრან თავიანთი სამშობლოს შესახებ.

დაგეგმილი მაქვს წინა საუკუნეებში საქართველოში მოგზაური ევროპელი ქალების ჩანაწერების თარგმნა. ზოგიერთი სამეგრელოს მთავრის, ეკატერინე დადიანის ოჯახში წლობით ცხოვრობდა და საქართველოს ეცნობოდა. მათ შესანიშნავი მასალა დატოვეს ფრანგულ და გერმანულ ენებზე. მინდა ეს ყველაფერი  ინგლისურად ვთარგმნო და გამოვცე".

პიტერ სკინერის წიგნი უკვე მოითხოვა აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ, ოქსფორდის, ჰარვარდის უნივერსიტეტებმა და მრავალმა სხვა ინსტიტუტმა. ავტორი მოხარულია, რომ  დასავლეთის ისტორიულ და სამეცნიერო წრეებში უკვე დაიწყო საქართველოს ისტორიის გაცნობა.