"დიდი სიმშვიდე დაგვიტოვა იმ პატარა ადამიანმა..." - კვირის პალიტრა

"დიდი სიმშვიდე დაგვიტოვა იმ პატარა ადამიანმა..."

"ეს პატარები როდესაც სიცოცხლისთვის იბრძვიან, ჩვენ, ჯანმრთელი ადამიანები, სხვა მატერიებზე ვფიქრობთ..."

"მადლობა ყველას, ვინც დაგვხმარებია, ან ერთხელ მაინც გაუღიმია ბავშვებისთვის გულწრფელად"

საელჩოდან გახარებული გამოვედი, ევროპაში გასამგზავრებლად ნებართვა მივიღე. ავტობუსში მოვკალათდი და პასპორტში ჩარტყმულ მწვანე "ბეჭედს" დავხედე. ზოოპარკთან მოხუცი ქალბატონი და პაწია გოგონა ამოვიდნენ, გვერდით დამისხდნენ.

- ბები, მეც ხომ მალე ამომივა თმა?!.. პატარა ნანემსრებით ჩალურჯებულ მტევნებს დააჩერდა, - ხომ აღარ მეტკინება?

- არა, ბები, აღარ გეტკინება. თმაც ამოგივა და ლამაზ თმის სამაგრებსაც გაგიკეთებ...

ამ რამდენიმეწამიანმა დიალოგმა ყველაფერი დამავიწყა. ვიზაც კი... მოხუცისაგან ვიგებ, რომ სიმსივნის დიაგნოზი პატარას რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს. ნუცა ახლა ქიმიოთერაპიის პირველ კურსს იტარებს..

პატარა ნუცამ სიმსივნით დაავადებული 17 წლის ბერი ანდრია გამახსენა -  გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე რომ აღკვეცეს ბერად. მან მშობლებს უკანასკნელი სურვილი გაანდო - სიმსივნით დაავადებულ პატარა პაციენტებზე იზრუნეთო. ერთადერთი შვილის გარდაცვალების შემდეგ მილედი ჩხვიმიანმა და ნესტორ მილორავამ საკუთარი ცხოვრება სხვის შვილებს მიუძღვნეს. დღეს მათი ყოველდღიური საზრუნავი, სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის სამკურნალო თანხების მოძიება და ხელშეწყობაა.

დიდი დიღომი. მირიან მეფის ქუჩა, სამსართულიანი სახლი. მისაღებ ოთახში შევდივარ. კედელზე ფერადი საღებავებით მიწერილ სახელებსა და ფოტოებს ვათვალიერებ - ლიკა, თამაზი, ნინი, თამუნა, გიო, ანი... ისინი, ამ სახლის ბინადრები არიან, ზოგიერთი განიკურნა, რამდენიმე უკვე ამქვეყნად აღარ არის...

მილედი ჩხვიმიანი: - მამა ანდრიას თავის პალატაში ხშირად შემოჰყავდა ბავშვები. იმ ოთახს კელიას ეძახდნენ.  ბავშვებს ნუგეშს ჰგვრიდა მამა ანდრიას ნაქონი ნივთები, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი იმ ოთახ-კელიაში დავტოვე. ქიმიოთერაპიის დროს ვხედავდი, როგორ წვებოდნენ პატარები მამა ანდრიას საწოლზე და მას შეწევნას სთხოვდნენ. ბავშვთა ონკოცენტრში ბერი ანდრიას სახელობის ოთახია, სადაც კომპიუტერი, სათამაშოები, მისი ფოტო, ხატები და სამლოცველოა განთავსებული.

- ფონდის შექმნის იდეა როდის გაჩნდა?

-  მამა ანდრიამ გარდაცვალებამდე  მითხრა, - დედა, ამ ბავშვებს მერეც ხომ არ მიატოვებო? "მერეში" საკუთარი გარდაცვალება იგულისხმა. ჯერ მოდი ჩემთან - საფლავს გულისხმობდა - და შემდეგ წადი ბავშვებთანო. მისი გარდაცვალებიდან ერთი წელი ყოველ კვირადღეს ქუთაისიდან ჩამოვდიოდი, შვილის საფლავიდან ონკოცენტრში ბავშვების სანახავად მივდიოდი. საღამოს ისევ უკან ვბრუნდებოდი.

მამა ანდრიას გარდაცვალების შემდეგ, ახლობლების დახმარებით, მის ანგარიშზე  საკმაოდ სოლიდური თანხა დაგროვდა. ამ თანხით ვეხმარებოდი პატარა პაციენტებს. როდესაც ეს თანხა ამოიწურა, თანხების მოძიებაზე დავიწყე ფიქრი. მაგრამ ბავშვებისთვის მხოლოდ ფინანსური დახმარება არ კმაროდა.

რაიონებიდან ჩამოსული პატარა პაციენტები ნათესავებთან რჩებოდნენ, ზოგიერთს წასასვლელი არ ჰქონდა და ონკოლოგიურში ცხოვრობდნენ. მაშინ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად მომეძებნა სახლი, სადაც საჭიროების შემთხვევაში დარჩებოდნენ. ეს სახლი თვეში 1.875 დოლარად ვიქირავეთ. ჩვენმა კეთილმა დამფინანსებელმა აღგვითქვა, რომ ორი წლის განმავლობაში ქირას გადაგვიხდიდა, მაგრამ მის კომპანიას პრობლემები შეექმნა. იანვრის შემდეგ შესაძლოა, უბინაოდ დავრჩეთ.

ამ სახლში ექვსი საძინებელია და, შესაბამისად, მხოლოდ ექვსი პატარის მიღება შეგვიძლია...

ამ სახლის არსებობის საჭიროება მაშინ დადგა, როდესაც ბავშვები,  გარდაგვეცვალნენ არა  მძიმე სენის გამო, არამედ იმიტომ, რომ ვერ მოხერხდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება ქიმიოთერაპიის შემდგომ. არ ვიცი, განიკურნებოდნენ თუ არა, მაგრამ ვიცი, უფრო დიდხანს იცოცხლებდნენ. დედისთვის ყოველ წუთსაც კი მნიშვნელობა აქვს - რაც უფრო მეტხანს იქნება მისი შვილი ამ ქვეყანაზე...

ეს არის სასტუმროს ტიპის სახლი, რომელიც მასპინძლობას უწევს როგორც დაავადებულ ბავშვს, ასევე მის მშობლებს. აქ არ არის ვადა დათქმული, რამდენი ხანიც საჭიროა, იმდენი ხანი ვიზრუნებთ მათზე.

- მუდმივად რამდენი ბავშვი ცხოვრობს?

- მუდმივად  ერთი ბავშვი ცხოვრობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავაცილეთ თურქეთში საოპერაციოდ. ამჟამად სახლში ხუთი ბავშვია, რომლებიც  მშობლებთან ერთად ცხოვრობენ.

ჩვენი ფონდის მოვალეობაა, გვერდში დავუდგეთ ასეთ ოჯახებს, გავამხნევოთ. შედეგი როგორი იქნება, ეგ არავინ იცის. მე ყველა ბავშვის ყოველი წუთისთვის ვიბრძვი მათთან ერთად. უიმედობა ყველაზე დიდი საშინელებაა... ბევრი ბავშვი გამოჯანმრთელდა და მათზე დღემდე ვზრუნავ. დიდება უფალს და მადლობა ღვთისმშობელს. რაც დრო გადის, უფრო მიმძიმდება ეს ჯვარი, მაგრამ ღვთის შეწევნით მეხიდებიან ადამიანები.

- ყოველდღიურად რამდენი ადამიანი ზრუნავს ამ ბავშვებზე?

- თავიდან სამნი ვიყავით - მე, ჩემი მეუღლე და მამა ანდრიას ინგლისური ენის მასწავლებელი, ქალბატონი მარინე გიორგობიანი. დღეს ბევრი ვართ. ბერი ნაზარე ბასილაია ბავშვებს ძალიან ეხმარება.

ჩვენი ფონდი მხოლოდ მართლმადიდებელ ბავშვებზე არ ზრუნავს, ვეხმარებით მუსლიმებსაც.

- ყოფილა შემთხვევა, სხვა აღმსარებლობის ბავშვები ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ მართლმადიდებლად  მოენათლოთ?

- მუსლიმანებიც მონათლულან მართლმადიდებლად და გრიგორიანელებიც. ერთ პერიოდში სამი ბავშვი გარდამეცვალა. თან იმ დროს ერთ-ერთს საავადმყოფოში ვადექი თავს. აჭარელი პაციენტის დედამ დამირეკა - ზურა (სახელი შეცვლილია) აღარ არისო.

ოჯახში მხოლოდ ზურა იყო მართლმადიდებელი. ვკითხე, როგორ გავიდა ბავშვი ამ ქვეყნიდან-მეთქი. რაღაცას ბუტბუტებდა. ვეკითხებოდი, - ხომ არაფერი გინდა-მეთქი, ყველაფერზე უარს მეუბნებოდა. ბოლოს მივხვდი, რომ ლოცულობდა და - მოძღვარი ხომ არ მოგიყვანოთ-მეთქი. გაიღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დამიქნიაო. მოუყვანიათ მოძღვარი, რომლისთვისაც ზურას აღსარება ჩაუბარებია. მასთან საუბრის დროს გასულა ამ ქვეყნიდან. მეცხრე დღეს მთელი ოჯახი მართლმადიდებლად  მოინათლა. ვიცით, რომ ეს ზურას გაუხარდებოდაო...

არასდროს დამავიწყდება ექვსიოდე წლის ბიჭუნას სიტყვები. როდესაც ამ სახლიდან უკანასკნელად გადიოდა, გამომშვიდობებისას მითხრა, - მშვიდობა დამეტოვებინოსო... მე ვგრძნობ, რომ დიდი სიმშვიდე დაგვიტოვა იმ პატარა ადამიანმა...

- ალბათ როდესაც ბავშვები გადიან ამ ქვეყნიდან მათ გვერდით ხართ...

- თუ ისინი თბილისში არიან, მათ სარეცელთან მის მშობლებთან ერთად ვზივარ. მე გარდაცვლილი ბავშვების მშობლებთან დღემდე მაქვს ურთიერთობა. ისინიც მირეკავენ. გავდივარ საფლავებზე, მათი დაბადებისა და გარდაცვალების დღეებზე.

კვირაში ხუთი დღე ამქვეყნად მყოფი ბავშვებისთვის მაქვს გამოყოფილი, შაბათი ეკუთვნის იმ გარდაცვლილი პატარების ოჯახებსა და მათ საფლავებს, ხოლო კვირადღეს აუცილებლად ავდივარ მარტყოფში, ვესწრები წირვას და ანტონ მარტყოფელს ვავედრებ ამ ბავშვების შველას. შემდეგ ჩამოვდივარ მამა ანდრიას საფლავზე. ასე გრძელდება უკვე სამი წელიწადია.

როგორც მამა ანდრიას დედა, ბედნიერი ვარ, როგორც ნუგზარ მილორავას დედა - უბედური, რადგან ერთადერთი შვილი აღარ მყავს, არ მესმის მისი ხმა, ვერ ვგრძნობ მის შეხებას. მამა ანდრია რომ არ მაძლიერებდეს, ვერ ვიცოცხლებდი. სულ მეუბნებოდა, არ შეგეშინდეს, დედა, მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებიო და ამას ვგრძნობ კიდეც.

- ძნელია ასეთი ბავშვებისა და მათი მშობლების ნუგეში...

- ისინი არ არიან ჩვეულებრივი ბავშვები, რჩეულები არიან, რადგან ასეთი მძიმე დაავადება ნამდვილად რჩეულთა ხვედრია. გამოჯანმრთელებულებს კი დიდი მისია ეკისრებათ - თავიანთი გამოცდილება სხვებს უნდა გაუზიარონ.

- როგორ ხვდებიან ეს ბავშვები თქვენთან?

- რამდენი ახალი შემთხვევაც ვლინდება, მაშინვე მიკავშირდებიან ექიმები. მივდივარ მათთან და ვიწყებთ ზრუნვას მათზე. ჩვენი განრიგი 24-საათიანია. ამ ეტაპისთვის 28 ბავშვზე ვზრუნავთ. აქედან 17 იტარებს აქტიურ ქიმიოთერაპიას, ხოლო 10 ბავშვი კონტროლზეა. როდესაც მძიმდებიან, მათ გვერდით ვართ. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც მე, მათთვის უცხო ადამიანს, დედას მეძახიან. სანამ ამ დედამიწაზე დავაბიჯებ, ამ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ვერ მივატოვებ. თუ იქნება მატერიალური თანადგომა და სახელმწიფოც ჩათვლის საჭიროდ, რომ ასეთი სახლი უნდა არსებობდეს,  მადლობელი დავრჩები. დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთხელ მაინც დაგვხმარებია, ან ერთხელ მაინც გაუღიმია ამ ბავშვებისთვის გულწრფელად.

ჩვენი მისვლის შემდეგ მოვიდა სახლის ყველაზე პატარა ბინადარი,  რომელიც საავადმყოფოში, სისხლის გადასასხმელად იყო.

მშობელი: - "2012 წელს გავუკეთეთ ოპერაცია, ხერხემალზე ნეიროპლასტომა აღმოაჩნდა. საავადმყოფოში გავიცანით ქალბატონი მილედი. მას შემდეგ სულ ჩვენ გვერდითაა და მხარში გვიდგას. რაიონიდან ვარ, აქამდე ქირით ვიყავი, მაგრამ ახლა ამის საშუალება აღარ გვაქვს. ეს არის სახლი, სადაც თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობთ მეც და ჩემი პატარაც..."

ბექა ბარამია ახლა 19 წლისაა. რამდენიმე წლის წინ ჰესტიოციტომა დაუდგინეს. ინტენსიური მკურნალობის შემდეგ სრულიად გამოჯანმრთელდა და კონტროლს გადის. ბერი ანდრიას სახელობის ფონდს ხშირად სტუმრობს და პატარა პაციენტების გართობაზე ზრუნავს.

ბექა ბარამია: - "როდესაც ჩემი დიაგნოზი გავიგე, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ამას არ ვიმჩნევდი. ქალბატონი მილედის გაცნობის შემდეგ სულიერი შვება ვიგრძენი. ეს არის  ოჯახი, რომლის წევრებსაც უთქმელად ესმით ერთმანეთის."

ბერი ნაზარე: "ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც ყველაზე დიდი განსაცდელი აქვთ.  ეს პატარები როდესაც სიცოცხლისთვის იბრძვიან, ჩვენ, ჯანმრთელი ადამიანები, სხვა მატერიებზე ვფიქრობთ და იმაზე ვნერვიულობთ, რომ რაღაც არ გამოგვდის. ამ სახლის საჭიროებაში ყოველდღიურად სულ უფრო ვრწმუნდებით. ჩვენ ძირითადად სოციალურად დაუცველ ფენასთან გვაქვს შეხება."

ბერი ანდრიას სახელობის ფონდში დაახლოებით 2 საათი გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში მძიმე თემაზე ვსაუბრობდით, იმედიანი წამოვედი...

"ჩემი სული უფალს ეკუთვნის და ხორცი ღვთაების მონასტერს..."

2011 წლის 28 ივნისს დედას კვირიკობა მიულოცა. 12 საათი იქნებოდა, რომ სუნთქვა შეეკრა და ძლივს წარმოთქვა: დედა, ვკვდებიო. მამა შალვა სულის გასვლის ლოცვებს უკითხავდა.  თავად არაფრის შიში ჰქონდა. ხელში ჯვარი ეჭირა და "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალენ მე ცოდვილი" - ამბობდა. 5-ს აკლდა 5 წუთი, რომ გარდაიცვალა. ღვთაების მონასტერში დაკრძალეს. მან წინასწარ იცოდა, სად უნდა დაეკრძალათ. "ჩემი სული უფალს ეკუთვნის და ხორცი ღვთაების მონასტერსო - ასე ამბობდა. დედისთვის უთქვამს: დედა, შენ წარმოგიდგენია, რისი ღირსი გავხდი მე ცოდვილი, რომ ანტონ მარტყოფელის გვერდით ვიქნები დასაფლავებულიო...

თორნიკე ყაჯრიშვილი