ვერიკო ტურაშვილი ბავშვს ქმრის გარეშე აჩენს - კვირის პალიტრა

ვერიკო ტურაშვილი ბავშვს ქმრის გარეშე აჩენს

"როგორც ჩანს, მე და ლაშამ ერთმანეთი დავღალეთ. შესაძლოა, მომავალში ყველაფერი შეიცვალოს... მე სხვა ოჯახში ვარ  გაზრდილი, ჩვენ ძალიან განსხვავებული ხასიათი გვაქვს - მე რაღაცებს მეტად  ვუღრმავდები, ის - ნაკლებად..."

ბოლო დროს მომღერალი ვერიკო ტურაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა - ის ბიჭის დედა ხდება ქორწინებისა და ტრადიციული ადათ-წესების გარეშე. ბავშვის მამა ლაშა ნაკაიძეა. ვერიკო მასზე ხუთი წლით უფროსია. წყვილმა ერთად სამი წელი გაატარა, დაშორების მიზეზი კი მათი განსხვავებული ხასიათი აღმოჩნდა.

ვერიკო ტურაშვილი: - ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ შვილს ველოდები. ბედნიერი ვარ, 11 წლის შემდეგ კვლავ ვხდები დედა... ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ნამდვილად არ მქონია, ასე მოხდა და ვერაფერს შევცვლი...

- რატომ ვერ შედგა თქვენი წყვილი?

- როგორც ჩანს, ერთმანეთი დავღალეთ. შესაძლოა, მომავალში ყველაფერი შეიცვალოს...

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მე და ლაშას არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.

- თქვით, რომ ის რაღაც საკითხებს ზედაპირულად უყურებდა...

- რადგან ასე ვთქვი, ასეც იყო. მე აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ, სხვა ოჯახში გაზრდილი. ჩვენ ძალიან განსხვავებული ხასიათი გვაქვს. მე რაღაცებს მეტად  ვუღრმავდები, ის - ნაკლებად...

- როგორი იყო საზოგადოების რეაქცია?

- რაც მთავარია, ოჯახი გვერდით დამიდგა და ეს ყველაზე მნიშვნელოვნია. რაც შეეხება საზოგადოებას, მგონი, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. რა თქმა უნდა, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ დღეს ასეთ საკითხებზე ისე აღარ ამახვილებენ ყურადღებას, როგორც ადრე... არა მგონია, რომ დღეს უქმროდ შვილის გაჩენა პრობლემა იყოს...

- ბავშვის სქესი უკვე ცნობილია?

- რამდენჯერმე ვიყავი ექიმთან. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი, ბიჭის დედა გავხდები.

- ბოლო დროს ქალებზე ძალადობის  ფაქტები გახშირდა, რას იტყვით ამაზე?

- ეს ადრეც ხდებოდა, რამდენიმე  წლის წინაც და ჩემს ბავშვობაშიც, უბრალოდ, ქალებმა ახლა ამოიღეს ხმა. ვფიქრობ, რა მიზეზიც უნდა არსებობდეს, ეჭვიანობა თუ სხვა, ქალზე ძალადობა დანაშაულია და დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს! ეს საზარელი ფაქტები ძირითადად, ეჭვიანობის გამო ხდება. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა და ამის შედეგია ის, რაც ქვეყანაში ხდება...

- თქვენს შემოქმედებაში თუ არის სიახლე?

- ახლა მხოლოდ მომავალ შვილზე ვარ გადართული, მაგრამ როცა ამის დრო მოვა, აუცილებლად განვაგრძობ ჩემს საქმეს.  სახლში ჩაჯდომას არ ვაპირებ...

ქეთი საგინაშვილი